„მყისვე იშიშვლა ხმალი და ორად გააპო რუსი პოლკოვნიკიო, - იხსენებდა ექვთიმე თაყაიშვილი“ - გზაპრესი

„მყისვე იშიშვლა ხმალი და ორად გააპო რუსი პოლკოვნიკიო, - იხსენებდა ექვთიმე თაყაიშვილი“

წელს, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, რუსებმა უკრაინაში არაერთი ეკლესია დაბომბეს. როგორც კინორეჟისორი, მკვლევარი ირაკლი მახარაძე ამბობს, რუსეთის დამოკიდებულება ყოველთვის ასეთი გახლდათ... "საქართველოს ცხოვრებაში იყო შემთხვევები, როდესაც მტრები თვით ეპისკოპოსებსაც ყრიდნენ მტკვარში, მაგრამ ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც გამწვავებული ბრძოლა სწარმოებდა ისლამსა და ქრისტიანობას შორის... განა აქ ისლამი ებრძვის ქრისტიანობის წარმომადგენელთ?.." - ეს სიტყვები საქართველოში მეცხრამეტე საუკუნეში ითქვა... ირაკლი მახარაძე გვიამბობს პოლკოვნიკ პუზირევსკის მიერ საქართველოში ჩადენილი სისასტიკეების შესახებ, რომლის შესახებაც წიგნში „ტერორისტები“ ვრცლად გვიყვებიან მისი ავტორები, - ჩვენი რესპონდენტი და მისი თანაავტორი ლაშა ხეცურიანი...

- 1815 წელს თბილისში სინოდის კანტორა დაარსდა... იმერეთის სამღვდელოება, მიტროპოლიტების მეთაურობით, კანტორის განკარგულებას ყურადღებას არ აქცევდა და დამოუკიდებლად მოქმედებდა. ამის გამო უწმინდესმა სინოდმა ეგზარქოსი ვარლამი გადააყენა და მის მაგივრად 1817 წელს ეგზარქოსად თეოფილაკტე რუსანოვი დანიშნა. დანიშვნისთანავე თეოფილაკტე იმერეთში გაემგზავრა, გურია-სამეგრელოში კი კანტორის მოხელეები დაგზავნა და საეკლესიო მამულების აღწერა-ჩაბარება დაავალა. მთავარმართებელი ერმოლოვი ეგზარქოსს მხარს უჭერდა, თუმცა ეს ნაბიჯები ნაადრევად მიაჩნდა, რადგან აჯანყების ეშინოდა. ეგზარქოსი კი დაწყებულ საქმეს აგრძელებდა: მან საქართველოში საეპისკოპოსო კათედრები 12-დან 4-მდე შეამცირა და ბევრი ეკლესია დაკეტა, რამაც ხალხის გაღიზიანება გამოიწვია: ჩვენი ეკლესიები ოსმალებს არ დაუკეტავთ და ამას რა მოვესწარითო! ამ ამბავს აჯანყება მოჰყვა.

იმერეთის გამგებელმა, გენერალმა კურნატოვსკიმ ეს ამბავი ალექსეი ერმოლოვს (საქართველოს მთავარმართებელი 1816-1827 წლებში) აუწყა და ჯარი სთხოვა, მაგრამ მაშინ დაღესტანში ომი მიმდინარეობდა და მთელი ყურადღება იქითკენ იყო გადატანილი. შტაბის უფროსმა ველიამინოვმა თეოფილაკტეს სთხოვა, დროებით შეეჩერებინა თავისი საქმიანობა და ქართლში დაბრუნებულიყო, მაგრამ ის კი ჯიუტად აგრძელებდა ქუთაისში ყოფნას, სანამ ხალხმა არ გააგდო. ამით შეურაცხყოფილმა ეგზარქოსმა გადაწყვიტა, იმერეთიდან განედევნა ცნობილი იქაური მიტროპოლიტები და რუსეთში გადაესახლებინა. ეს აზრი მოიწონეს და საქმის სისრულეში მოსაყვანად, ქუთაისში ჯარი გაგზავნეს.

ამ დროს ხანში შესული გენერალი კურნატოვსკი სამსახურიდან დაითხოვეს და მის მაგივრად ახალგაზრდა პოლკოვნიკი პუზირევსკი დანიშნეს, მასვე მიანდეს მიტროპოლიტებისა და მათი თანაშემწეების დაპატიმრება. შტაბის უფროსმა ველიამინოვმა პუზირევსკის ასეთი წერილი გაუგზავნა: "მიტროპოლიტების დახოცვას გაუფრთხილდით, ვინაიდან ეს ხალხს უფრო აღაშფოთებს. თუ ვინიცობაა, ეს ზომა საჭირო გახდეს, მაშინ დახოცილთა გვამები იმერეთში არ დატოვოთ, არც სადმე მდინარეში გადაყაროთ, რომ არ გამოირიყოს - მოზდოკამდე მიიტანეთ და იქ დამარხეთ".

1820 წლის 4 მარტს, ლოცვის დროს პუზირევსკი და ხიშტებმომარჯვებული რამდენიმე ჯარისკაცი მიტროპოლიტ დოსითეოს ქუთათელის ოთახში შეიჭრნენ. პოლკოვნიკმა ლოცვის შეწყვეტა მოსთხოვა და უბრძანა, უკან გამომყევიო, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. მაშინ ჯარისკაცებმა მიტროპოლიტს ხელი სტაცეს, მაგრამ ის რკინის სარკმელს მოეჭიდა და არ ნებდებოდა. მას მესენაკე ყიფიანიც მიეშველა, რომელსაც თავში კონდახი ჩაარტყეს და უგრძნობლად დასცეს იატაკზე. მოხუცი მიტროპოლიტი კიდევ დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ ბოლოს გაკოჭეს და კონდახის ცემით გარეთ გამოათრიეს.

იმავე ღამეს შეიპყრეს გელათის მიტროპოლიტი ევთიმე, მასთან ერთად - სოლომონ პირველის ასული დარეჯანი, სეხნია წულუკიძე, მდივანბეგი დავით მიქელაძე და ბევრი მისი თანამოაზრე, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. ტყვეებს თავზე გაფისული ტილოები ჩამოაცვეს, რომ არავის ეცნო, მხოლოდ სულის მოსათქმელი დაუტოვეს, ხელფეხშეკრულნი ურემზე დაყარეს და რუსეთისკენ გაგზავნეს. ნაცემ-ნაწამები ქუთათელი გზაში გარდაიცვალა და ის ანანურის საყდარში დაკრძალეს. პუზირევსკი ამის თაობაზე ერთ წერილში წერდა, მიტროპოლიტი ტიფისგან გარდაიცვალაო. ყველა დაპატიმრებული რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში გადაასახლეს, სადაც უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალნენ.

იმერეთის ახალდანიშნული გამგებელი, პოლკოვნიკი პუზირევსკი გურიაში ქაიხოსრო გურიელის შესაპყრობად გადავიდა. შემოქმედის ციხეს რომ მიუახლოვდა, მას წინ შემოხვდა სამი გურული, მათ შორის იოთამ ბოლქვაძე (სხვა ცნობებით, ბოლქვაძე მარტო იყო).

როგორც ექვთიმე თაყაიშვილი წერს, - პუზირევსკის მოკვლას სწორედ გურიელის ძიძიშვილს, იოთამ ბოლქვაძეს მიაწერენ. ამ თარიღიდან გურულები წელს ითვლიდნენ, "კუზურინსკი" (პუზირევსკი) რომ მოკლეს, მას აქეთ ამდენი წელიაო. ამის შესახებ ლექსიც კი არის გამოთქმული:

"არშიყობას ვერ გიბედავ,/ დადიანის ქალი ხარო,/ კუდირინსკი რომ მოუკვლენ,/ მაშინ დაბადებულხარო./ ძლიერ მიკვირს ქალბატონო/ უჯოხოთ რომ დადიხარო!"

როდესაც პუზირევსკიმ იკითხა, სად არის ის მამაძაღლი ქაიხოსრო გურიელიო? ბოლქვაძემ წამოიძახა: "ჰუიმე, ღმერთო მომკალი, ქაიხოსრო გურიელი და მამაძაღლიო!" მყისვე იშიშვლა ხმალი და ორად გააპო იგი. ასე მსმენია მოხუცი გურულებისაგან", – ამბობდა ექვთიმე თაყაიშვილი... გურულებმა კიდევ ერთი კაზაკი მოკლეს, დანარჩენი რუსები კი შეიპყრეს და თან წაიყვანეს. ბოლქვაძე სულ მალე დააპატიმრეს რუსებმა, ჯარისკაცების ორ რიგში გაატარეს და შპიცრუტენებით ანუ ლითონის წკეპლებით ცემაში ამოხადეს სული.

- ქართული ეკლესიის დევნა ისევ გაგრძელდა?

- რუსებმა ქართულ ეკლესიას ესეც არ აკმარეს - მათ რუსეთში გაჰქონდათ განძეულობა, ხატები, ფრესკებს კი ანადგურებდნენ, კირით ლესავდნენ და მის ადგილას რუსული მხატვრობის ნიმუშებს სახავდნენ ან განადგურებულს ტოვებდნენ.

ქართული ეკლესიის დევნა რუსეთის ბატონობის მთელ პერიოდში გრძელდებოდა. "ეს ის დრო იყო (XIX საუკუნის მეორე ნახევარი. - ავტ.), როდესაც ტფილისის არც ერთ ქართულ ეკლესიაში ქართულ ლოცვა-წირვას ვეღარ გაიგონებდით. ეს ის დრო იყო, როდესაც შავრაზმელ მღვდელს ვოსტორგოვს და მის დამქაშებს შედგენილი ჰქონდათ გეგმა, მთელ საქართველოს სოფლებში გადაეგდოთ ქართულ ენაზე ღვთისმსახურება და ქართული საეკლესიო ენის მაგიერ შემოეღოთ სლავური ენა".

ქართველი სამღვდელოება აქტიურად ჩაება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. ამ მოძრაობის წევრები იყვნენ მომავალი კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონი, ლეონიდი, ამბროსი და სხვები. რასაკვირველია, ქართველი "ავტოკეფალისტების" ამ მოძრაობას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დიდი უკმაყოფილებითა და აღშფოთებით შეხვდა. 1905 წლის ივნისში სასულიერო სემინარიაში გამართული ქართველი სამღვდელოების ყრილობა საქართველოს ეგზარქოსის, ნიკონის ბრძანებით კაზაკებმა სასტიკად დაარბიეს. სასულიერო წოდება ხელშეუხებლობას გულისხმობდა, მაგრამ კაზაკებმა მღვდლებს უმოწყალოდ სცემეს შენობაში, პუშკინის სკვერში; სასულიერო პირებმა ტრამვაის ვაგონებს შეაფარეს თავი, მაგრამ კაზაკების მათრახი და კონდახი მათ იქაც დაეწია. ფიზიკური დაზიანება მიიღო სამღვდელოების 60-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ამ ველური აქტის გამო ქალაქის თვითმმართველობამ პროტესტის ნიშნად სხდომა დახურა. დეპუტატმა ხრამელოვმა კი შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "საქართველოს ცხოვრებაში იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მტრები თვით ეპისკოპოსებსაც ყრიდნენ მტკვარში, მაგრამ ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც გამწვავებული ბრძოლა სწარმოებდა ისლამსა და ქრისტიანობას შორის... განა აქ ისლამი ებრძვის ქრისტიანობის წარმომადგენელთ? განა აქ ადგილი აქვს ორი რელიგიის ბრძოლას? არა, აქ სულ სხვა პირობებია... აქ თავიდან ფეხამდე შეიარაღებული ხალხი მუხანათურად ესხმის თავს ქართველ სამღვდელოებას... ენა გიდუმდება და ვერ პოულობ შესაფერ სიტყვებს, რომ გამოსთქვა ის აღშფოთება, რომელსაც გრძნობს მთელი მხარე ამ ბარბაროსული სიმხეცის გამო".

მანანა გაბრიჭიძე