როდის ჩაუვარდა გულში ჯანო ბაგრატიონს მომავალი მეუღლე - გზაპრესი

როდის ჩაუვარდა გულში ჯანო ბაგრატიონს მომავალი მეუღლე

მათი ოჯახური ცხოვრება 56 წელს გრძელდებოდა... 50 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნეს ყველა ახლობელ-ნათესავთან და მეგობართან ერთად, 55 კი - ვეღარ, რადგან ჯანო ბაგრატიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ბატონი ჯანო წელს, იანვარში გარდაიცვალა. მისი მეუღლე მანანა მგალობლიშვილი მათი სიყვარულის ისტორიას და სხვა არაერთ ამბავს გაიხსენებს.

- ჯანოს შორიდან ვიცნობდი, ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა. ჩემი მეგობრის, ნინა ქარცივაძის დეიდაშვილის უახლოესი მეგობარი იყო და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთ დღეს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში „ცისფერი ტრიოს“ კონცერტზე წავედით მეგობრები, დაპატიჟებული ვიყავით. ამ ინსტიტუტში ჩემი უახლოესი მეგობარი გოგონა სწავლობდა (ახალგაზრდა გარდაიცვალა). მასთან და სხვა მეგობრებთან იმდენად ხშირად მივდიოდი და ზოგჯერ ლექციებსაც ვესწრებოდი, ყველას ეგონა, რომ მეც პოლიტექნიკურში ვსწავლობდი. ისინიც მოდიოდნენ ჩემთან, უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი. კონცერტზე დასასწრებად გეპეის მეორე კორპუსში შევედით, იქ განიერი კიბეა. სანამ კიბეს ავუყვებოდით, ავიხედე ზევით და დაჟინებული მზერა ვიგრძენი, ჯანო იყურებოდა... ეტყობა, მაშინ ჩავუვარდი გულში. მერე ნელ-ნელა, ჩემი ახლობელი გოგონები გაიცნო, თავის თამაშებზე გვეპატიჟებოდა ხოლმე (ხელბურთელი იყო), შეხვედრებიც გვქონდა. 7 მეგობარი ვიყავით და ყველას ბილეთს გვიგზავნიდა, ჩვენც ვესწრებოდით თამაშებს... ერთი წლის მერე შევუღლდით.

- რა მომენტში გადაწყვიტეთ, რომ ცოლად გაჰყვებოდით?

- ადრე ბიჭს ასე ადვილად არ ხვდებოდა გოგო. თუკი შეხვედრები იყო, ეს ნიშნავდა, რომ ურთიერთობას უკვე სერიოზული სახე ჰქონდა. რახან ჯანოს ვხვდებოდი, ე.ი. გადაწყვეტილი მქონდა. საერთოდ, ისეთი პიროვნება იყო, ალბათ, ერთი ნახვაც საკმარისი გახლდათ მისი ყველანაირი სიკეთის აღსაქმელად. ჯერ ნიშნობა გვქონდა, სახლში მოვიდა ხელის სათხოვნელად. ჯანოს დედა იყო ქეთევან მგალობლიშვილი და მამაჩემს ფრთხილად ვკითხე, ვიფიქრე, ნათესავი არ აღმოჩნდეს-მეთქი. არ არის ნათესავი, უბრალოდ მოგვარეაო, რომ მითხრა, დავწყნარდი. საქორწინო მოგზაურობაში რიგაში წავედით. წლების მერე ჯვარიც დავიწერეთ.

- თქვენ რომელი კუთხიდან ხართ?

- წარმოშობით ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთიდან ვართ. ჩვენი ბაბუა ილარიონ მგალობლიშვილი მღვდელი იყო. იქ აღარაფერი გვაქვს, მხოლოდ ნასახლარი არსებობს, გურიასთან ნათესავები გვაკავშირებდა.

uprosi-jano-shvilebtan-copy-1660038457.jpg

- დედამთილ-მამამთილს როგორ გაიხსენებთ?

- ძალიან კარგები და უზომოდ თბილი ადამიანები იყვნენ. გათხოვებიდან ნახევარ წელიწადში მამა გარდამეცვალა. წარმოუდგენელ განცდებში ვიყავი, რადგან ეს იყო ჩემთვის პირველი უბედურება. ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, ცდილობდნენ, არ მეფიქრა ამაზე... უფროსი ჯანო ძალიან გულღია და ალალი იყო. მახსოვს, ჩემმა მაზლმა გიორგიმ ცოლი მოიყვანა და ახალმოყვანილ რძალს ძალიან მოკლე კაბა ეცვა ხოლმე. ერთხელ უფროსმა ჯანომ დიდი მორიდებით შებედა: შვილო, კაბას ცოტა ხომ არ დააგრძელებო. გამოუვარდა ქეთო დეიდა: შენ ვინ გეკითხება, ქმარი ჰყავს მაგას და როგორც უნდა, ისე ჩაიცვამსო! - კი მაგრამ, მთელი ღამე ამაზე მელაპარაკებოდი და ახლა რატომ მაჩუმებო? - ესეც კი ხმამაღლა თქვა გაკვირვებულმა ჯანომ. ძალიან უყვარდა სტუმრების მოწვევა და სუფრის გაძღოლა. ჩემს ჯანოსაც, სტუმრები და საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა ძალიან უყვარდა. რაც მისი მეუღლე გავხდი, ერთი წელი არ ჩაუგდია, ამით ხარობდა. ფორიაქი იცოდა, სუფრას რომ გავაწყობდი: ვაიმე, ეს ცოტა არ იყოსო... მამაკაცებს ხომ ყველაფერი ეცოტავებათ, განსაკუთრებით ფხალი და დაამატებდა, ახლა წავალ ბაზარში და ვიყიდიო. ვეუბნებოდი: ჯანო, რას მოიტან? რა დროს ეს არის-მეთქი?

- ვინ იყვნენ თქვენი მეუღლის უახლოესი მეგობრები?

- მეგობრებით ამაყობდა და სულ ამას იმეორებდა: მე ვარ მდიდარი იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები მყავსო. ისინი ერთად მოდიოდნენ სკოლიდან, საბავშვო ბაღიდანაც კი, ზოგი უბნიდან. განუყრელი მეგობრები იყვნენ 6-7 ბიჭი, მათ შორის თენგიზ სუხიშვილი, შურიკა მღებრიშვილი. ბაგრატიონები ზემელზე ცხოვრობდნენ, პარალელურ ქუჩაზე - გია კერესელიძე. პირდაპირ სახლში ცხოვრობდა დათო ღვამიჩავა. მეგობრების სუფრას არაჩვეულებრივად თამადობდა ასევე მათი მეგობარი გოია ცაბაძე. ეს იყო დღესასწაული სიტყვა-პასუხის, სიმღერის, ცეკვის.

- თქვენი დაბადების დღეებსაც ყოველთვის აღნიშნავდით?

- კი, მაგრამ ზოგჯერ მეზარებოდა დიდი დაბადების დღის აღნიშვნა. მეგობრები ყოველთვის მოდიოდნენ და ვთქვათ ტორტით, ჩაით და სხვა მცირედით ვუმასპინძლდებოდი. ამ დროს ჯანო ნერვიულობდა, - რატომ არ გინდა გადაიხადო? აუცილებლად დავპატიჟოთ ხალხიო და ნახევარ ტაბახმელას დამიპატიჟებდა ხოლმე. იქ აგარაკი გვაქვს. სხვათა შორის, დაბადების დღის საჩუქარზე ასე იქცეოდა. უცხოეთში ხშირად დადიოდა და ყოველთვის საჩუქრები ჩამოჰქონდა. ვეუბნებოდი: ჯანო, ერთი რამე შეინახე და დაბადების დღეზე მაჩუქე-მეთქი. რა მნიშვნელობა აქვს, უფრო არ გაგიხარდება, ამდენ საჩუქარს წინასწარ რომ მიიღებო? აუცილებლად მომართმევდა ყვავილებს. ძალიან უყვარდა გრძელი, მუქი ფერის ვარდები. არ მახსოვს მისგან რაიმე თხოვნაზე უარი. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო.

- სიურპრიზებს არ გიწყობდათ?

- როცა გავთხოვდი, სპორტსმენებს მეუღლეებთან ერთად საზღვარგარეთ არ უშვებდნენ. ამის საშუალება მაშინ გაჩნდა, როდესაც ჯანო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახდა და ხშირად, ეტიკეტის თანახმად, მეუღლესთან ერთად პატიჟებდნენ. მახსოვს, ერთ-ერთ საჭადრაკო ტურნირში ნანა იოსელიანი მონაწილეობდა და წავიდნენ მონაკოში. ჯანო მოიხიბლა მონაკოთი და გული დასწყდა, რომ მეც არ ვიყავი მასთან ერთად. მერე იმდენი შეძლო, რომ ვიზა გააკეთა საფრანგეთიდან, ბილეთებზეც იზრუნა და ყველა საკითხი მოაგვარა. ამაში დაეხმარა ჩვენი ახლობელი, ჯანოს მამიდის ქმრის დეიდაშვილი მიშელ გედევანიშვილი, საქართველოზე შეყვარებული კაცი. ერთხელ რომ ჩამოვიდა აქ მიშელი, მერე ხშირად ჩამოდიოდა და ვურთიერთობდით. ასე ჩამიყვანა ჯანომ მონაკოში.

- იუმორით გამოირჩეოდა?

- ვერა, ქართლელი იყო... ხანდახან ისე პირდაპირ იტყოდა რამეს, რომ იმ ადამიანს შეიძლებოდა სწყენოდა, თავად კი იუმორი ეგონა. ამაზე ჯანოს ეცინებოდა.

- ცეკვა უფრო უყვარდა თუ სიმღერა?

- უფრო სიმღერა იყო მისი ჰობი. მამამისს არ უნდოდა, რომ ცეკვას გაჰყოლოდა, მაგრამ ჯანოს შინაგანი სურვილი ყოველთვის ჰქონდა და არაჩვეულებრივად ცეკვავდა. შესანიშნავი ტანდემი ჰქონდა თავის მამიდაშვილ თამრიკო დოლიძესთან (ფეხბურთელი არველაძეების დედა ძალიან კარგად ცეკვავს), მათ ყურებას არაფერი სჯობდა. ბევრ პროფესიონალზე ლამაზად ცეკვავდნენ. სანამ უფროსი ჯანო ცოცხალი იყო, „ყვავილების ქვეყანას“ ჩემი ჯანო არ მღეროდა. ფიქრობდა, რომ მამამისივით კარგად ვერ შეასრულებდა. მამის გარდაცვალების მერე, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრის 50 წლის იუბილეზე პირველად იმღერა ეს სიმღერა, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი გახდა.

- ხელბურთის გარდა, რომელი სახეობები მოსწონდა და აზარტული იყო?

- სპორტში იყო საოცრად აზარტული, მაგრამ ისე - არა. როცა ხანდახან მეგობრები თამაშობდნენ ნარდს ან კარტს, არ მახსოვს, თამაშში ჩართულიყოს. მისი ცხოვრების აზრი იყო სპორტი. ჩართული იყო ყველანაირ სახეობაში, აინტერესებდა ყველაფერი, ეხმარებოდა სპორტსმენებს. თავად თუ არ შეეძლო დახმარება, აუცილებლად სხვას შეაწუხებდა. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იყო პერიოდი, როცა სპორტსმენებისთვის მისაღები გამოცდები ცალკე ტარდებოდა. ერთ-ერთი სპორტსმენი მოიაზრებოდა, როგორც კარგი მომავლის მქონე, მაგრამ ბავშვმა ვერ დაწერა სათანადოდ - თავად ასე ჩათვალა და შემდეგ გამოცდაზე აღარ გამოცხადდა. აღმოჩნდა, რომ სამიანი მაინც მიუღია. წავიდა ჯანო და სოფელ-სოფელ ეძებდა იმ მისამართით, რაც მისცეს. ჩამოიყვანა ის ბიჭი, რომ გამოცდები გაეგრძელებინა. უზომოდ მზრუნველი გახლდათ.

ჩვენ ხშირად დავდიოდით ჩაქვში, არველაძეების სახლში. ჯანოს გაგიჟებით მოსწონდა ის ადგილი. თვითონ ვერც ზღვაში შედიოდა და ვერც პლაჟზე ჩადიოდა, მოძრაობა უჭირდა, მაგრამ აივანზე იჯდა და ყველა მას ეფერებოდა. თამრიკოს მეგობრები ჩამოუსხდებოდნენ და უსმენდნენ, ესაუბრებოდნენ. ეს იყო ჯანოს სიხარული. არველაძეების ოჯახში ხშირად მოდიოდა მეზობელი ქალბატონი, რომლის ქალიშვილი ბათუმის ოპერის თეატრში მღეროდა, საკმაოდ კარგი ვოკალი ჰქონდა. მას უნდოდა, თბილისის ოპერის გუნდში ემღერა. ჯანო რასაკვირველია, დაეხმარა, შეაწუხა უამრავი ხალხი. გოგონას აღმოაჩნდა ძლიერი ხმა და ჯანომ იმდენი გააკეთა, რომ ცნობილი, არაჩვეულებრივი პედაგოგი გულიკო კარიაული ამეცადინებდა. როცა კონკურსზე იტალიაში წავიდა, დამფინანსებელიც უპოვა. მოკლედ, ნინო გოგიჩაიშვილი დღესაც იტალიაშია და იქ მღერის. ნინო ანრი ჯოხაძის ძმის ცოლია.

janos-deda-da-ojaxi-copy-1660038444.jpg

- ორი ქალიშვილისგან (ნინო და ეკა) რამდენი შვილიშვილი და შვილთაშვილი გყავთ?

- ოთხი შვილიშვილი გვყავს. სხვათა შორის, ჯანო შვილებს არასოდეს აქებდა, მაგრამ შვილიშვილებზე გიჟდებოდა და არც ქებას იშურებდა. ერთ-ერთს ჯანო რომ დაარქვეს, იმდენად გახარებული იყო, ლამის დაფრინავდა. მიკვირდა, როგორი აღფრთოვანებული საუბრობდა, როცა შვილიშვილმა ნიკუშამ ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა და 100%-იანი დაფინანსება მიიღო. შვილთაშვილებზეც გიჟდებოდა (ოთხნი არიან, მეხუთეს ველოდებით), პატარები ხელზე კოცნიდნენ და, ბაბუ, ბაბუს გაიძახოდნენ. ძალიან ხარობდა მათი დანახვით.

- ბატონი ჯანო ავადმყოფობამ ვერ გატეხა და არც დათრგუნვილი ყოფილა.

- ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, ინსულტი 21 წლის წინ დაემართა და ისეთი უმძიმესი ფორმით, რომ არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. ახლობლების დახმარებით გამოვიდა მდგომარეობიდან, მკურნალობის კურსი შვეიცარიაში გაიარა. როდესაც ეს ამბავი გაიგო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ხუან ანტონიო სამარანჩმა, ბოლომდე და მთლიანად დააფინანსა. მოკლედ, დიდი პატივი სცეს. ჯანო მძიმედ გადაადგილდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, კონცერტზე ან თამაშზე დასწრების სურვილი სულ ჰქონდა. ყველაფერი აინტერესებდა, ტელევიზორში ყველა არხს უყურებდა, რათა ინფორმაცია შეეჯამებინა. ბოლო პერიოდში მაცაცო სებისკვერაძემ სიმღერა დაუწერა. - მინდა, რომ შენ იმღეროო, - უთხრა. ასევე, ნანა კალანდაძემ დაწერა მისთვის სიმღერა. არაჩვეულებრივი სიმღერებია, ორივე ჩაწერა. ჯანოს შემართება არასოდეს დაუკარგავს...

ნანული ზოტიკიშვილი