ბიჭი, რომელიც დაუმადლებელ ლუკმაზე ოცნებობს - გზაპრესი

ბიჭი, რომელიც დაუმადლებელ ლუკმაზე ოცნებობს

გიორგი შემოდგომაზე ხდება 18 წლის. ეს ასაკი მისთვის სასიგნალოა - სახელმწიფო მოუხსნის იმ სოციალურ „ქოლგას“, რომლითაც 10 წელია, სარგებლობს. გარდა იმისა, რომ ცხოვრების ულმობლობას უნდა გაუმკლავდეს, მას კიდევ ბევრი სადარდელი აქვს. მისი მონათხრობი, რამდენიმე მაიდენტიფიცირებლის ცვლილებით, რეალობაა და ამავე დროს, დაუჯერებელიც.

„ჩვენი ოჯახი, რომელიც ოჯახს არასდროს ჰგავდა, ქართლის ერთ დიდ სოფელში ცხოვრობს. ჩემს მშობლებს ერთი გოგონა და ერთი ვაჟი წლამდე ასაკისანი გარდაეცვალა. მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ახალშობილებს ვერ მოუარეს. თავად ეს ფაქტები არ მინახავს, მაგრამ მჯერა, რომ გარდაცვალების მიზეზი მხოლოდ დაუდევრობა და ბედის ანაბარა ბავშვების მიყრა იქნებოდა. ჩემზე უფროსია ერთი და, გათხოვდა, მალევე დასცილდა ქმარს და ახლა შვილთან ერთად ცხოვრობს ვაზიანში. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ გათხოვილი არც ყოფილა... სახლში მშობლებთან არიან ორი და და ორი ძმა, სხვა და-ძმა გაუშვილებიათ კიდეც.

ათი წლის წინ ფეხისა და ხელის ძვლები დამემტვრა, მაშინ 8 წლისაც არ ვიყავი. სკოლაში თითქმის არ დავდიოდი, მიზეზი ხან უტანსაცმლობა იყო, ხანაც - ფეხსაცმლის უქონლობა. მასწავლებლები კი მეხმარებოდნენ, ზოგი შვილების გამონაცვალ სამოსს მაძლევდა, ზოგიც - ახალს ყიდულობდა ჩემთვის, მაგრამ სხვა როდემდე მოგხედავს ან რამდენჯერ?

ძვლების ჩამტვრევა მამაჩემის სიბრაზეს მოჰყვა. ერთ საღამოს, რატომღაც, საჭმელი დამატებით მოვითხოვე, - ვერ დავიძინებ, თუ კიდევ არ ვჭამე-მეთქი და მოზრდილი კეტით მცემა. ჩემი წივილი ცას სწვდებოდა, მეზობლები გამოცვივდნენ საშველად და გამომგლიჯეს გამხეცებულ მამაჩემს ხელიდან. “სასწრაფოს” მოსვლამდე ერთმა მეზობელმა, კარგად მახსოვს, ჩემი ცემის მიზეზი რომ გაიგო, საჭმელი დამიდო მაგიდაზე, მაგრამ ვერ ვჭამე - ტკივილით გაცოფებულს აღარაფერი მინდოდა, თან ხელის განძრევაც არ შემეძლო. საავადმყოფოში მიყვანილს ექიმები თავს მევლებოდნენ, ნუ გეშინია, მორჩები და ყველაფერი დაგავიწყდებაო. აი, ეს როგორ დამავიწყდება? ნეტავ კი შეიძლებოდეს ჩემი გონებიდან იმ მწარე საღამოს ამორეცხვა!

საავადმყოფოში ერთი ექთანი იყო, ნაირა დეიდა. მე უფრო ბებოდ მეკუთვნოდა. შვილიშვილი ჰყოლია გარდაცვლილი და სულ მეფერებოდა. უჰ, როგორ მიყვარდა მისი ფაფუკი ხელის შუბლზე გადასმა, ღიმილიან-ნაღვლიანი თვალებით მოალერსება, ჯიბიდან ამოცოცებული კანფეტი და დაიმედება. როცა საქმეს მოილევდა, ჩამომიჯდებოდა და ხან მოთხრობას მიკითხავდა, ხან ზღაპარს მიყვებოდა, ზოგჯერ ლექსებს ჩამოარაკრაკებდა. თავიდან მარტივად დასამახსოვრებელ, საბავშვო ლექსებს მაზეპირებინებდა. ახლაც მახსოვს ერთი: „ბებო ართავს, დედა აცხობს,/ პურსა ასდის ოხშივარი,/ უჰ, რა კარგი საღამოა,/ გარეთ წვიმს და ხბოც შინ არის“. მერე მითხრა, შენ ახლა დიდი ბიჭი ხარო და ანა კალანდაძის ლექსების კრებული მოიტანა. როცა ღამის მორიგე იყო, მიკითხავდა „თქვი, არჯაკელო ხვიარა“ და ასეთ ლამაზ ლექსებს. ანას სიტყვები „ბედი ჰქონდეს, - უთქვამს ანგელოზსა, სატანამ თქვა: ხა, ხა, ხა, ხა! არასოდეს!“ ზუსტად ჩემს ცხოვრებას შეეფერება. მერე, როცა თაბაშირები შემხსნეს, ივიშვიშეს ექიმებმა, ექთანებმა და სანიტრებმა, როგორ გაუგრძელდება ცხოვრება ნეტავო? მეგონა, შინ დამაბრუნებდნენ, მაგრამ სოციალური მუშაკი მოვიდა, ხელი ჩამკიდა და ტკბილი ხმით ამიხსნა, რომ სხვა ოჯახში ვიცხოვრებდი, სადაც არც მომაშიებდნენ, არც მცემდნენ, სკოლაშიც მატარებდნენ და როცა „დავკაცდებოდი“, მერე სადაც მინდოდა, იქ წავიდოდი. ვერც გავერკვიე, რა უნდოდათ ჩემგან და როცა თეთრ, ფუმფულა საწოლში აღმოვჩნდი ლეილა დეიდასთან, მივხვდი, იცვლებოდა ჩემი ცხოვრება.

1620755338-35-oir-mobi-p-petukh-kuritsa-tsiplenok-zhivotnie-krasivo-38-copy-1660548750.jpg

დილას საუზმე, მერე სკოლა, ნასკოლევს სადილი, წიგნების კითხვა და დავალებების დაწერა, საღამოს ისევ ჭამა... ორიოდე დღეში მომეწყინა. სახლშიც მინდოდა წასვლა, მაგრამ არა დასარჩენად! მინდოდა მენახა, როგორ ცხოვრობდნენ უჩემოდ...

საავადმყოფოდან გამოწერის მერე ნაირა ექთანმა მომაკითხა რამდენჯერმე. ტკბილეული მომიტანა და ის კრებულიც მაჩუქა, რომლიდანაც კალანდაძის ლექსებს მიკითხავდა. ვიცი, თავადაც ბევრი არაფერი ჰქონდა, მაგრამ ემეტებოდა. მისი მოტანილი ტკბილეული დიდხანს მყოფნიდა. შესაძლოა, ვიზოგავდი კიდეც ან იმის გამოც ხდებოდა ასე, რომ შინ ლეილა დეიდას მუდამ ჰქონდა მურაბა, ნამცხვარი, ტორტის გამოცხობაც ეხერხება.

სკოლაში მუდამ ალმაცერ გამოხედვას ვგრძნობდი. რატომღაც, მასწავლებლები თითქმის არ აპირებდნენ ჩემს გაკვეთილში ჩართვას, მაგრამ სიტყვას მაინც ვაჩრიდი პირში. მეტიჩარას მეძახდნენ, ეს ვიცი. ამის მეტიჩრობას როგორ უნდა გავუძლოთო, ის მასწავლებელი გარკვევით ამბობდა, რომლის შვილიც სკოლაში ისეთივე ყოყლოჩინაა, როგორც დედამისი. გამორჩეულად ხმამაღლა საუბარი უყვართ ორივეს და თავის გამოჩენა, მაგრამ მაინც მე ვიყავი მეტიჩარა... რაღაც დროის გასვლის მერე მომბეზრდა ეს ძალად გაკვეთილში ჩართვა და ისე ვამთავრებ მე-12 კლასს, ბოლო სამ წელში სამჯერ არ მექნება ხელი აწეული გაკვეთილზე. თუ ავიწევდი, მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გავსულიყავი...

უკვე 10 წელია, ჩემი ოჯახის არაფერი ვიცი. რაც წამოსვლამდე ვიცოდი, ეგაა და ეგ. ჩემი და რომ დაფეხმძიმებულა და შეყვარებულს სახლშიც არ წაუყვანია, რადგან მისი მშობლები გაგიჟებულან კინაღამ, მაგათი ჯიშის რძალი რად გვინდაო... წარმოშობით ქართველები არ ვართ. მართალია, ქართულის გარდა, არც ერთი ენა არ ვიცი, მაგრამ მაინც „ამოსაწყვეტები“ ვართ თურმე... ჩემი და 22 წლისაა და გონიერი გოგოა. მომძებნა “ფეისბუკით” და დამეკითხა, მართლა „მე“ ვიყავი თუ არა. გავიხსენეთ ის ძველი, გაპარტახებული სახლი და მცირე შემთხვევები, რომლებიც იმ დროში მოვასწარით, თანაცხოვრების დროს რომ გადაგვხდა თავს... მეუბნება, 18 წლის როცა გავხდები, მასთან წავიდე ვაზიანში და ერთად ვიცხოვრებთ. ლეილა დეიდა მეუბნება, - იქნებ, სხვა გზა მოგეძებნა, ის მცირე დანაზოგი, რაც გაქვს, შენს დასთან ერთად მალე დაგეხარჯებაო. დაიხარჯოს, თუ დაიხარჯება, ოღონდ ვიღაც ისეთთან ვიცხოვრო, ვინც ჩემი ოჯახია და არა დამმადლებელ-შემფარებელი. ვერ წარმოიდგენ, რა რთულია, როცა სხვა გაჭმევს, გასმევს და თან მხოლოდ ვალდებულების გამო. მინდა, ვინმემ ერთხელ მაინც არა ვალდებულებით, არამედ სიყვარულით მომიმზადოს ვახშამი. ლეილამ ბევრი რამე მასწავლა, ჩემითაც შემიძლია რაღაცების მომზადება, მაგრამ მინდა, ვინმემ სიხარულით გამიწყოს სუფრა. ახლა თითქოს არაფერი მაკლია, მაგრამ მაკლია უანგარობა... ლეილა დეიდა შემიფარებდა იმ ფულის გარეშე, რომელიც მას ერიცხება? არა! ან რა ვალდებულია?..

18 წლის რომ გავხდები, შემწეობა მომეხსნება და ლეილას სახლიც უნდა დავტოვო. აღარ მექნება მერე თუნდაც ვალდებულებით მომზადებული საჭმელ-სასმელი, აღარც სოცმუშაკი იკითხავს ჩემს ამბავს და უნდა გავიკვლიო გზა ცხოვრებაში. მეუბნებიან, რომ ყველაზე კარგი დრო წინ მაქვს და ყველაფერს შევიძლებ, მაგრამ როგორ? დღიურად თუ ვიმუშავებ, ალბათ თავის რჩენას შევძლებ და მეტს ვერაფერს! არც ცოლის შერთვას ვაპირებ. არაერთხელ გამიგონია, რომ გენეტიკა მათემატიკაზე ზუსტიაო და ჩემი მშობლების გენების გაგრძელება არ შეიძლება!.. სულ მიკვირს, რომ არ გავბოროტდი და სამყარო არ შემძულდა. მგონია, რომ ეს ნაირა დეიდას წაკითხული ლექსების დამსახურებაა. რა იქნებოდა, მისი შვილიშვილი ვყოფილიყავი. რამდენ კარგს მასწავლიდა, როგორ გამაკაფვინებდა გზას და გამიძღვებოდა ცხოვრებაში.

მთელი ცხოვრება გამყვება მინდობით აღზრდილის იარლიყი და არც არავის მოუნდება ასეთ ადამიანთან მეგობრობა. უანგარო ამ ქვეყანაზე არაფერია. მოჰბეზრდება ყველას ერთ დღესაც გაცემა და მიღებას დაელოდება, მე კი დასაბრუნებლად არაფერი მაქვს... ხანდახან თავის მოკვლა მინდება ხოლმე. ლეილა დეიდა მეუბნება, რომ იცოდე, ჩვენ გასული საუკუნის ბოლოს რამდენი ტანჯვა გვაქვს გადატანილი, მასთან შედარებით შენ სამოთხეში ხარო. მაგან არ იცის, რა ტრავმაა უოჯახობა, დედისა და მამის უყურადღებობა! ერთხელ ეზოში დავინახე, კრუხი როგორი გააფთრებით ქექავდა მიწას და წიწილებს უნაწევრებდა ჭიაყელას! დედაჩემზე უფრო უკეთესი ის კრუხი იყო. მამალი კი გარშემო დასტრიალებდა მზრუნველობით - ეგ კიდევ მამაჩემზე უკეთესი იყო. შევებრძოლები სიდუხჭირეს...

მჯერა, რომ თავს არ მოვიშივებ, ჩავიცვამ და დავიხურავ, მაგრამ...“

როლანდ ხოჯანაშვილი