„სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“ - გზაპრესი

„სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“

დიდი ტრაგედია დატრიალდა ქვეყანაში. გუდაურში პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, საგანგებო სამსახურის რვა თანამშრომელი დაიღუპა. იმის მაგივრად, რომ უბედურების რეალური მიზეზები და გამოსწორების გზები ვეძიოთ, ადამიანები ისევ ურთიერთბრალდებებსა და „გაპრავების“ მორევში ჩაინთქნენ...

ამ თემაზე თავის შეხედულებას ერთი აღშფოთებული მოქალაქე, მერაბი გვიზიარებს:

- დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, ქვეყანაში წმინდა და ხელშეუხებელი აღარაფერი დარჩა. არ არსებობს საკითხი, რომელშიც საზოგადოება რაიმე კონსენსუსს მიაღწევდა. ყველაფრის განხილვა-შეფასება პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის სამრეკლოდან ხდება. ისე ღრმად გვაქვს შეტოპილი ამ ბინძურ ჭაობში, ადვილად თავის დაღწევა გაჭირდება... მორიგი ტრაგედიის მომსწრე ვართ, გუდაურში სამაშველო ოპერაციას რვა ადამიანი შეეწირა. ერთი-ორი სამძიმრის შემდეგ ყველა “ჩამწკრივდა” და... სამარცხვინოა სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულთა (ყველაზე არ ვამბობ, რასაკვირველია) ზღვარგადასული აქტივობა, როდესაც სამაშველოს აუცილებელი ტექნიკით უზრუნველყოფის საქმეში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ! გადახედეთ სოციალურ ქსელებს, ეს ე.წ. ხელფასიანები, „ბოტები“ თუ რეალური მოქალაქეები, ხმალამოღებით ებრძვიან ყველას, ვინც უბრალოდ კითხვას სვამს - რატომ უწევს მთავრობას ურთულეს ადგილებში სამაშველო ოპერაციებში ისეთი ვერტმფრენის გაგზავნა, რომლის პირდაპირი დანიშნულება სამაშველოს არ წარმოადგენს? გეკითხებით, რა არის ამ კითხვაში წარმოუდგენელი და მიუღებელი?

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ვერტმფრენები უკვე 60 წლისაა (როგორც გაირკვა) და ექსპლუატაციის ვადები ამოწურული აქვს. მხოლოდ კონკრეტულ ტექნიკოსებს ეცოდინებათ, აქამდე რამდენჯერ ექნება გავლილი „კაპიტალური რემონტი“, მაგრამ რკინასაც ხომ გაძლების ვადები აქვს, თქვე დალოცვილებო!..

ჰოდა, ისევ გეკითხებით - რა არის ამ კითხვებში მიუღებელი? ასე რა შიშმა დაგაბრმავათ, რომ ჩვენს მწუხარე რეალობას ანგაჟირებულ-გამონაგონისგან ვეღარ არჩევთ? ან რად გიღირთ ეგ დასაქმება და ხელფასი, თუკი უმწვავეს პრობლემაზე ხმის ამოღების ნებაც აღარ შეგრჩებათ?! ხომ ხედავთ, მაინც ვერ „აპრავებთ“ და ტრაგედიასთან დაკავშირებული უამრავი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.

შეიძლება იმაზე ვიდაოთ, რომ ტრაგედიიდან მეორე, გლოვის დღესვე, აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ და ოჯახის წევრებს და ახლობლებს გლოვა დავაცადოთ, მაგრამ ჩვენ ხომ დიდი ხანია, ესეც აღარ გამოგვდის - „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“, ეს ხომ ჩვენი გამოგონილია. თანაც, ყველა ჩასაფრებულია, ტრაგედიაც კონკრეტული პოლიტიკური ჭრილიდან განიხილოს და შეაფასოს, განსხვავებულად მოაზროვნეს, მწვავე კითხვების დამსმელს „პასუხი მოსთხოვოს“.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ უზარმაზარი ვერტმფრენი გუდაურის უფსკრულში ფიზიკურად ვერ ეტევა, ფრენის მცდელობისას, ტრიალისას კუდს იზიანებს და მალევე ვარდება. ნუთუ აქედანაც გარკვეული დასკვნების გაკეთებას დიდი ექსპერტ-სპეციალისტობა სჭირდება?!. ამ დროს, სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული „ექსპერტები“ “მწკრივდებიან” და ღაღადებენ „ხეობაში თბილი და ცივი ჰაერის მასების შეჯახებაზე“, „ძლიერ ქარზე“ და ასე შემდეგ; ხმას ვერ იღებენ, მთავრობას თუნდაც მოსთხოვონ, ეს ტრაგედია მაინც გაითვალისწინოს და სასწრაფოდ შეიძინოს რეალურად სამაშველო ვერტმფრენები, ხვალ-ზეგ მორიგი უბედურების წინაშე რომ არ აღმოვჩნდეთ.

სამწუხაროა, რომ არა მარტო მსგავს სიტუაციაში, არამედ ყველა მიმართულებით დაკნინებული გვაქვს ობიექტურად შეფასების უნარი.

- რას გულისხმობთ?

- დააკვირდით, ყველა საჭირბოროტო საკითხზე როგორ რადიკალურად იყოფა ოპოზიციურად განწყობილთა და მთავრობის წარმომადგენელთა, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა პოზიციები. პირველები დარწმუნებული არიან, რომ აშშ და ევროკავშირი გვიცავენ რუსეთის მთლიანი ოკუპაციისგან; ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო რაიმე პროვოკაციაზე არ წამოეგოს და მორიგ უთანასწორო ომში არ ჩაერთოს; მეორეთა აზრით, დასავლეთი ცდილობს, საქართველოში რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას, რასაც „წინ უნდა აღვუდგეთ“... ოპოზიციის (და ევროკავშირის წარმომადგენლების) აზრით, ქვეყანაში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია და რეალური დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს; „მოპასუხეთა“ პოზიციით, ჩვენს ქვეყანაში ოლიგარქები არიან კეზერაშვილი, სააკაშვილი და ასე შემდეგ... თუ სადმე დასაქმებული ხარ, ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენელთა ღია განცხადებებიც არ გყოფნის საიმისოდ, რომ აღიარო რეალობა. ეშმაკსაც წაუღია დეოლიგარქიზაცია და ევროკავშირის წევრობა, „ჩემს ჯიბეს რა“?..

ქვეყანა, თუ გნებავთ - სამშობლო და მისი ინტერესები ჩირადაც არ გვიღირს. “მე და ჩემი ნაბადი” ანუ - ხელფასი: მაჭამე, მაცვი, მახურე... ეშმაკსაც წაუღია ყველა დანარჩენი. ჯერ კიდევ დიდი ილია გვიხსნიდა: საერთო ნიადაგით თუ არ ვიმოქმედებთ, ყველას დედა გვეტირებაო. მასაც ხომ წიწამურთან „გავეცით პასუხი“. ას წელზე მეტი გავიდა, რიგითი ქართველისთვის „საერთო ნიადაგზე“ საუბარი ისევ შეუძლებელია.

გიორგი მეფარიძე