ახალგაზრდა ქალი - ხერხით და “ბარგალკით” - გზაპრესი

ახალგაზრდა ქალი - ხერხით და “ბარგალკით”

პატარა სახლი, წარწერით - „ამ სახლში სიყვარულია“, სამზარეულოს დაფები, ყავის ლამბაქები, სხვადასხვა სუვენირი - ამ ყველაფერს სოფო გრიშიკაშვილი საკუთარი ხელით ქმნის. ალბათ გაგიჭირდებათ “დრუჟბითა” და ხერხით შეიარაღებული სიფრიფანა, ნაზი გოგონას წარმოდგენა, თუმცა, მის ნამუშევრებს რომ ნახავთ, მაშინვე მიხვდებით, ის ქალმა, დედამ, სიცოცხლეზე შეყვარებულმა ადამიანმა შექმნა. პროფესიით ბიოლოგმა ერთ მშვენიერ დღე აღმოაჩინა, რომ ხეზე მუშაობა გამოსდის და ამით სიამოვნებასაც იღებს. გამოუვალ მდგომარეობაში, მეგობრისთვის, თხილის ტოტებისგან დამზადებული პატარა სახლი მისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა. ახლა ორი პატარა ქალიშვილის ახალგაზრდა დედა შინ მუშაობს, შვილებსაც უვლის და საკუთარ კარ-მიდამოსაც ალამაზებს.

სოფო გრიშიკაშვილი:

- პანდემიის დროს, ახალ წელს მეგობარმა მთხოვა, რომ მისი ოჯახის სანტა ვყოფილიყავი. “კოვიდის” გამო დაწესებული რეგულაციების და კიდევ იმის გამო, რომ პატარა შვილი მყავდა, საჩუქრების შესარჩევად მაღაზიებში ვერ ვივლიდი. ვიფიქრე და გადავწყვიტე, ჩემი ხელით გამეკეთებინა რაიმე. შინ ბევრი გირჩი მქონდა, ბავშვებისთვის მომქონდა ხოლმე. თხილის ხეს ტოტები დავამტვრიე და პატარა სახლი ავაწყვე. იმდენად ლამაზი გამოვიდა, სხვებმაც მთხოვეს მსგავსი სუვენირების გაკეთება. ჰოდა, ერთხელაც ვიფიქრე, რომ ეს საქმე შეიძლება შემოსავლის წყაროდ მექცია. თანაც, პანდემიის გამო შინ გამოკეტილს გასართობიც გამიჩნდებოდა. მერე თანდათანობით მოვიდა იდეები, გამოცდილება და დღეს ჩემი პატარა ბიზნესიც მაქვს.

- მანამდე რაიმე გამოცდილება გქონდათ?

- ხატვა მიყვარს, ამასთან, შინ სულ ვფუსფუსებდი, თუ რამე გაფუჭდებოდა, ვცდილობდი შემეკეთებინა, განმეახლებინა. ეს ალბათ გენეტიკურია - დედის მხრიდან ბიძები, ძმა, პაპიდა ხეზე მუშაობენ. ჩემი პაპიდა მარო კარ-ფანჯარას და ავეჯს ამზადებს. სახლიც კი აქვს აშენებული საკუთარი ხელით. როგორც ჩანს, მათ დავემსგავსე. ბავშვი ვიყავი, ბიძაჩემის სახელოსნოში რომ შევედი და პატარა-პატარა კოვზები, გიტარები, ჩონგურები და სხვადასხვა ნივთი ვნახე. მომინდა, მეც გამეკეთებინა მსგავსი საგნები.

sopos-saxli-1-copy-1660549189.jpg

- ეს საქმე ახლა რუტინად იქცა თუ მხოლოდ მაშინ მუშაობთ, როდესაც განწყობა გაქვთ?

- განწყობისა და შთაგონების გარეშე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. თითოეულ ნამუშევარში იმდენ ენერგიას და ემოციას ვდებ, რომ ამას რუტინად ვერ ვაქცევ.

- პატარა დეკორატიულ სახლებში თითქოს ქვაც გაქვთ გამოყენებული.

- არა, ეს ქვა არ არის, კვერცხის ჩასაწყობი ყუთები დავჭერი და შევღებე. მართლაც ძალიან დაემსგავსა ქვას. საღებავი ეკოლოგიურად სუფთაა. ზოგადად, ყველაფერს ბუნებრივს და ეკოლოგიურად სუფთას ვიყენებ. ჯერ ერთი, სამყარო ისედაც დაბინძურებულია და ახლა ის დროა, ყველამ ეკოლოგიაზე ვიზრუნოთ, მით უფრო, სახლში, პატარა ბავშვების გარემოცვაში ვმუშაობ. გარდა ამისა, ხის დაფებს და ლამბაქებს ადამიანები სამზარეულოში იყენებენ. შესაბამისად, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალაა საჭირო. ახლახან საინტერესო შემოთავაზება მქონდა, რამდენიმე ადამიანმა საკუთარი სახლის მინივერსია შემიკვეთა. საინტერესო გამოწვევაა, ვნახოთ, რა გამოვა. ისე, შვილებისთვის უკვე გაკეთებული მაქვს პატარა ხის სახლი. ხე დავამუშავე, მეუღლემ განათება გაიყვანა, მე და ბავშვებმა ერთობლივად შევღებეთ, მოწყობა პატარებმა დამოუკიდებლად აიღეს თავიანთ თავზე. სათამაშო სკამებით, მაგიდებით, ჭურჭელით გაავსეს სახლი. ბედნიერები არიან, იმ განცდით, რომ საკუთარი სახლი აქვთ...

- სოფელში მიმდევრები არ გამოგიჩნდათ?

- სოფელში არა, მაგრამ საიტი გავაკეთე და ვცდილობ ჩემი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო. ცუდი გამოცდილება მაქვს და არ მინდა, სხვა ახალბედებსაც მსგავსი დაბრკოლება შეხვდეთ.

- რას გულისხმობთ?

- როდესაც საქმიანობა ახალი დაწყებული მქონდა, რაღაც-რაღაცებს თავს ვერ ვართმევდი და რჩევები მჭირდებოდა. როდესაც საქმე ხეს ეხებოდა, რჩევას ჩემებს ვეკითხებოდი, მაგრამ საღებავებსა და სხვა მასალასთან დაკავშირებითაც მჭირდებოდა ინფორმაცია. რჩევას რომ ვთხოვდი კერძო პირს ან რომელიმე კომპანიის წარმომადგენელს, მიკიბ-მოკიბვით უარს მეუბნებოდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი უცხოური საიტებიდან ვისწავლე. ამიტომ ახლა მე მაქვს საიტი და ვინც რჩევას მეკითხება, არ ვზარდები. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა წამოიწყებს საქმეს, მით უკეთესია ქვეყნისთვის. ჯერ ერთი, ჩვენს ქვეყანაშივე შეიქმნება დოვლათი, ახალგაზრდებს ინტერესი ექნებათ, საქმით დაკავდებიან, მერე კიდევ, რაც ნაკლებად შემოვიტანთ უცხოეთიდან, თანაც გაურკვეველი წარმომავლობისა და შემადგენლობის ნივთებს, მით უკეთესი იქნება.

sopos-shvilebi-1-copy-1660549207.jpg

- მიჩნეულია, რომ ხეზე მუშაობა მამაკაცური საქმეა, ოჯახის წევრებმა როგორ აღიქვეს თქვენი საქმიანობა?

- ჩემმა მეუღლემ, პირველი, რაც მითხრა, ის იყო, - შენ აღარ ხუმრობო. ეშინოდა, ხერხით, ხელები არ დამეჭრა. მე კიდევ, სწორედ ამაში ვიღებ სიამოვნებას. ხესთან მუშაობა, შეხება ძალიან მომწონს. მეუღლე არა, მაგრამ მამამთილი ლამის გავაგიჟე (იცინის). ერთხელ ეზოსა და ბაღის გამყოფი რკინის ღობე მოვშალე, დრელით და “ბარგალკით” გადავჭერი. მამამთილმა რომ დამინახა, გამოიქცა, თან ყვიროდა: რას შვრები, შვილო, რამე არ მოიჭრა, არ დაგვღუპოო. შეშინდე, მაგრამ გადაჭრილი რომ ნახა, მოეწონა: მართლა რა ლამაზად გამოჩნდაო. - ეს ჯერ არ არის ლამაზი-მეთქი და ახლა საძირკველში დარჩენილ ბეტონს მივადექი. მამამთილმა ერთი კი თქვა, ვაიმეო და გაჩუმდა... საბოლოოდ, დედამთილი დამეხმარა და ორმა ქალმა მოვანგრიეთ მთელი საძირკველი. ახლა კიდევ ერთი გეგმა მაქვს, სასიმინდე ატრაქციონად უნდა გადავაკეთო, საქანელებსაც დავამზადებ და ჩემს შვილებთან ერთად, მეზობლის ბავშვებიც გაიხარებენ. წინანდალში, ჩვენს უბანში ბავშვებს გასართობი სკვერი არ აქვთ, ამიტომ მე გავაკეთებ ჩემს ეზოში.

ხათუნა ბახტურიძე