გარეჯის სატორგეს გუმბათიანი ეკლესია და მისი ბედი - გზაპრესი

გარეჯის სატორგეს გუმბათიანი ეკლესია და მისი ბედი

ისტორიული ძეგლებისა და ადგილების გადაღება მისი გატაცებაა. 29 წლის გურამ ხარშილაძის ფოტოებზე ასახულია საქართველოს არაერთი კუთხის ლანდშაფტი, ეკლესია-მონასტერი და მათი ცალკეული დეტალები. სოციალურ სივრცეში გვერდებზე: „საქართველოს ისტორია", „მატიანე“ და Guram Ghrapy, ათავსებს როგორც თავის გადაღებულ ფოტოებს, ისე სხვებისას და ცდილობს, საქართველოს ისტორიისთვის კუთვნილ ადგილებზე, რამდენიმე წინადადებით, აუდიტორიას ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.

ჩვენი საუბრის მთავარი თემა კი სატორგეს გუმბათიანი ეკლესია გახლდათ. დავითგარეჯის ერთ-ერთი ნამონასტრალის სატორგედ ცნობილი კომპლექსი, კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მის შესახებ დღემდე საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა და იმედია, ეს მომავალში მაინც მოხდება, რადგან დრო ულმობელია და შეიძლება მალე ეს ადგილი უბრალოდ „გაქრეს“.

გურამ ხარშილაძე:

- ჩემს ცხოვრებას ორად ვყოფ: ფოტოაპარატის შეძენამდე და მას შემდეგ. 2019 წლის ზაფხულში ციფრული ფოტოაპარატი ვიყიდე. მას შემდეგ ისტორიულ ადგილებში უფრო აქტიური სიარული დავიწყე, ვიდრე მანამდე. ისტორიით ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული. ისტორიკოსობაც მინდოდა, მაგრამ შემდეგ რატომღაც იურიდიულზე ჩაბარება გადავწყვიტე. იურისტი ვარ, მაგრამ პროფესიით არ ვმუშაობ. სამსახურიდან გამომდინარე, თავისუფალი გრაფიკი მაქვს და დაახლოებით 2015 წლიდან ხშირად დავდივარ ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად. თავდაპირველად, ისტორიკოსსა და არქეოლოგთან, დღეს უკვე ცნობილ გიდ გიორგი მაღრაძესთან ერთად დავდიოდი და ფოტოებს ტელეფონით ვიღებდი. რადგან თითქმის ყველა მეგობარი თბილისში ვცხოვრობთ, დროის მხრივ, უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში მოგზაურობით შემოვიფარგლებით, დროდადრო დასავლეთშიც დავდივართ. მოგვიანებით გავიცანი ნოვატორები - მათ აქვთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მონიტორინგს უწევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. დღემდე უამრავი ფოტომასალა აქვთ შეგროვილი, რომელსაც ათავსებენ საიტზე ნოვატორს.გე. ხშირად ვეძებთ მონაცემებს ინტერნეტსა თუ წიგნებში, თუ რისი ნახვა შეიძლება და შემდეგ ვგეგმავთ ვიზიტებს. ასე გადავწყვიტეთ გვენახა სატორგეს უცნობი ეკლესია, რომელიც ისტორიკოსმა, მეცნიერმა და მთამსვლელმა შალვა ლეჟავამ გასული საუკუნის 80-იან წლებში აღმოაჩინა. სახელი პირობითია, რადგან მთას ასე ჰქვია - სატორგე. ის დედოფლისწყაროსა და სიღნაღს შორის მდებარეობს. ნეიტრალურ ზონაშია, სადაც შესვლა მხოლოდ საშვით არის შესაძლებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ავიღეთ ნებართვა და წავედით სატორგეში. პირველად ანზორ მჭედლიშვილმა დაინახა კლდის ქარაფებში შავი ხვრელი. გადავუღეთ ფოტოები და გზა გავაგრძელეთ. მივედით მონიშნულ მეორე წერტილთან, სადაც აღმოვაჩინეთ სახიზარი, მის ზემოთ - კოშკის ნანგრევები და დაახლოებით მილიონ 800 ათასი წლის წინანდელი ცხოველის ძვალი. შინ რომ დავბრუნდით, ანზორმა კომპიუტერში გაადიდა ფოტო და „გაყვითლებულ“ კლდის შავ ხვრელზე აღმოაჩინა თაღები - ეს იყო კლდეში ნაკვეთი გუმბათიანი ეკლესია. მალევე წავედით იმავე ადგილას და ვცადეთ მისვლა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ეს იყო 2020 წელს, ხოლო 2021-ში მეგობრებისგან ნათხოვარი სპეციალური აღჭურვილობით სატორგეზე ასვლა უკვე შესაძლებელი გახდა... საუკუნეების შემდეგ, ვინც პირველად ფეხი დადგა სატორგეს ახალაღმოჩენილი ეკლესიის ტერიტორიაზე, ვასილ ჭიჭაღუა იყო და ეს მოხდა 2021 წლის აპრილში. იმ დღეს, პანდემიის გამო, კომენდანტის საათს რომ არ მოესწრო, იძულებული ვიყავით, იქაურობა დაგვეტოვებინა. რამდენიმე კვირაში ერთ-ერთ ტელევიზიას მივმართეთ და მის გადამღებ ჯგუფთან ერთად, ეკლესიაში ისინიც და ჩვენი ექსპედიციის დანარჩენი წევრებიც შევედით. სიუჟეტს მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოხმაურება თითქმის არ ყოფილა.

- რა მდგომარეობა დაგხვდათ ადგილზე?

- გუმბათიანი ეკლესიის ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. კლდეში ნაკვეთი ეკლესია უნიკალურია მისი მოყვანილობით და არის განსხვავებული დავითგარეჯის სხვა ეკლესიებისგან. გუმბათსა და ეკლესიის ჭერზე ბზარებია. კლდე, რომელშიც ნაკვეთია ეკლესია, საკმაოდ ადვილად იშლება. თუ ქვის კონსერვაცია არ მოხდა, არსებული გეოლოგიული მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი რისკია, რომ ეკლესია ჩამოიშალოს. ქვის კონსერვაცია კი საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა...

ფოტოები შალვა ლეჟავას ვაჩვენეთ და მან თქვა, რომ ეს ის ეკლესია არ იყო, რომელიც 80-იან წლებში აღმოაჩინა. შემდეგ ბიჭები კიდევ წავიდნენ სატორგეში, მე მაშინ ვერ მოვახერხე წასვლა და ამჯერად უკვე ის ეკლესიაც ნახეს, რომელიც მანამდე შალვა ლეჟავამ აღმოაჩინა. ასე რომ, იქ ორი ეკლესიაა, რომელიც არ ვიცით, ვისი სახელობის იყო. 80-იან წლებში შალვა ლეჟავამ ვერ აღმოაჩინა წარწერები პირველ ტაძარზე. ჩვენს ბიჭებსაც განათება რომ არ ჰქონოდათ, სავარაუდოდ, ვერც ისინი ნახავდნენ კედელზე წარწერებს. მეცნიერმა ნიკოლოზ ჟღენტმა, სხვა მეცნიერებთან ერთად, დაადგინა, რომ ერთ-ერთ ტექსტში მოხსენიებულია კახეთის უძლიერესი მეფე, კვირიკე დიდი. სამწუხაროდ, ტექსტი სრულად ვერ გავშიფრეთ. რადგან კვირიკე დიდია ნახსენები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტაძარი მე-9-დან მე-11 საუკუნემდე პერიოდისაა. მეორე, ჩვენ მიერ აღმოჩენილი ტაძარი მეცნიერებმა IX-X საუკუნით დაათარიღეს. ჩვენი ვარაუდით, თავის დროზე შალვა ლეჟავა ამ ადგილსაც იპოვიდა, მაგრამ მაშინ გარედან მისასვლელი ჩამონგრეული არ ყოფილა. ახლა საკურთხევლის მხრიდან შევედით, სადაც ჩამოვარდნილია უზარმაზარი ქვის ლოდი. ამან შექმნა ღიობი, შესასვლელი ხილული გახადა და ჩვენი აზრით, ეს 90-იან წლებში მოხდა.

- სატორგეს ეკლესიის აღმომჩენად რამდენი ადამიანი ითვლებით?

- აღმომჩენად ანზორ მჭედლიშვილი ითვლება, რადგან მან დაინახა გადაღებულ ფოტოზე ნაპრალი, რომლის მიხედვითაც შემდეგ ჩვენი გამგზავრება დაიგეგმა, ხოლო პირველად ტაძარში ვასილ ჭიჭაღუა შევიდა. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა დროს სატორგეს ეკლესიაში დაახლოებით 10-15-მდე ადამიანი ვართ ნამყოფი.

3satorges-kldeshi-nakveti-gumbatiani-tazari-dedopliscqaro-kaxeti-sakartvelo-6-copy-1660650320.jpg

- მიზეზი, რის გამოც ისტორიულ ძეგლებს სათანადო ყურადღება ვერ ექცევა, რა არის თქვენი აზრით?

- აქ რამდენიმე ძირითადი მიზეზია და ერთ-ერთი - პანდემია იყო. მანამდე ისტორიული ძეგლების რესტავრაციას ძირითადად ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა. შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი შეიცვალა და ასე ვთქვათ, ისტორიული ძეგლების რესტავრაცია ერთ ადგილას გაიყინა. უბრალოდ, ახლა დასასრულისკენ მიჰყავთ ის სამუშაოები, რომელიც მანამდე დაწყებული იყო. ვთვლი, რომ უნდა მოხდეს რიგი ტაძრების კონსერვაცია და არა - რესტავრაცია. მე და ჩემი სამეგობრო ამ ადგილებს ვუყურებთ, როგორც ისტორიას და მიუღებლად მიგვაჩნია მათზე რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენება. ხშირად ძეგლის რესტავრაცია ისტორიულ ძეგლს „კლავს“. ერთ მაგალითს მოვიყვან: ერეკლე მეორეს დროს საგარეჯოში ნინოწმინდის ეკლესია აღადგინეს. ტაძარს თვალში საცემად დიდი გუმბათი დაადგეს. ერეკლე მეფეს აღდგენილი ნინოწმინდა რომ უნახავს, დაახლოებით ასეთი სიტყვებით შეუფასებია ოსტატის ნამუშევარი: აღდგენა კარგია, მაგრამ ტაძარი მოგიკლავსო. ახალმა, აღდგენილმა გუმბათმა „ვერ იმუშავა“ და მე-19 საუკუნეში მომხდარი 2 მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა.

- საინტერესოსთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გატაცება გაქვთ. უახლოეს მომავალში რომელი ადგილის გაცნობა გსურთ?

- ბევრი ტაძრის მონახულება მინდა. სამწუხაროდ, არ მაქვს ნანახი ნიკორწმინდა და გელათი. სამაგიეროდ, გაცილებით ძველ ტაძრებში უკვე ნამყოფი ვარ, რომლებიც თავიანთი სტილითა და არქიტექტურით ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ბევრი ტაძარი ჯერ კიდევ არ იცის ფართო საზოგადოებამ, მაგრამ ყველაფერი წინ არის, ნიკორწმინდასაც ვნახავ, გელათსაც და ტყეში გაბნეულ იმ ათასობით ეკლესიასაც, რომლებიც ელოდება მომლოცველს, მნახველს, ფოტოსა თუ ვიდეოს გადამღებს. ვფიქრობ, მე და ჩემი მეგობრები კარგ საქმეს ვაკეთებთ. ვცდილობთ, ისტორიული ძეგლებით სხვებიც დავაინტერესოთ. ფოტოების გადაღებაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან მათზე ეკლესია-მონასტრების პირვანდელი სახე იქნება აღბეჭდილი. დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ძეგლი უკვე აღარ არსებობს და ისინი მხოლოდ ერმაკოვის მიერ გადაღებულ ფოტოებზეა შემორჩენილი. ჩვენ მიერ გადაღებულ ტაძრებს იმედია, იგივე ბედი არ ეწევა, დიდხანს იდგება, მაგრამ რესტავრაცია ცვლის მათ იერს.

ანა კალანდაძე