მადლიერების ხელი და მარიამის ცინცი ბებო - გზაპრესი

მადლიერების ხელი და მარიამის ცინცი ბებო

რამდენიმე დღის წინ მოსწავლეს ვთხოვე, ჩემი ხედვის კუთხიდან დაეწერა სტატია (ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა მქონდა: მოსწავლის წერის კულტურის შეფასება, მერე გასაუმჯობესებელი სტრატეგიების შერჩევა და საჟურნალედ „ნედლი მასალის“ მოპოვება, რომელიც შეეხება იმერული სოფლის სკოლის მასწავლებელს). გოგონამ მალევე მომაწოდა მასალა, რომელმაც სოციალურ ქსელში უავტოროდ გავრცელებული ინფორმაცია გამახსენა. ამ ორი ნარატივის ბმას მკითხველი იოლად შეძლებს. აქვე დავამატებ, რომ მოსწავლემ ხედვის კუთხე არ შეცვალა და თავისი პოზიციიდან დაწერა ქალზე, რომელიც იმდენად გამორჩეული ადამიანია, რომლის დასახატად ფერთა პალიტრაც არ კმარა, არც ის სიტყვები, ასე უხვად რომ გაგვაჩნია მადლიან ქართულში...

ნარატივი სოციალური ქსელიდან: „მადლიერების დღეს, ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში მოთხრობილი იყო მასწავლებელ ქალზე, რომელმაც ბავშვებს სთხოვა, დაეხატათ ფურცელზე ის, ვინც ან რაც მათში იწვევდა მადლიერების გრძნობას. ვიდრე ბავშვები ხატავდნენ, მასწავლებელი დამწუხრებული ფიქრობდა იმაზე, თუ რა ცოტა მიზეზი გააჩნიათ ამ ბავშვებს უღარიბესი ოჯახებიდან იმისთვის, რომ იყვნენ მადლიერები. მან იცოდა, რომ ბავშვების უმრავლესობა დახატავდა რაიმე საკვებს და ცოტა არ იყოს, შეცბუნდა, როცა დუგლასმა მიაწოდა ფურცელი, რომელზეც ხელის მტევანი იყო გამოსახული.

- „ეს რა ხელია?“ - კლასი საგონებელში ჩააგდო ამ აბსტრაქტულმა ნახატმა.

– ეს ალბათ ღვთის ხელია, რომელიც საჭმელს გვაძლევს, – თქვა ერთმა.

– არა, ეს ფერმერის ხელია, – თქვა მეორემ. – იმიტომ რომ მას მოჰყავს მოსავალი.

და ასე ყველა ასახელებდა თავის ვერსიას.

ბოლოს, როცა კლასი დაწყნარდა, მასწავლებელმა ჰკითხა ბიჭს, თუ რა იყო ეს.

– ეს თქვენი ხელია, მასწავლებელო, – თქვა ჩუმად დუგლასმა.

და მასწავლებელს გაახსენდა, თუ როგორ ჩასჭიდებდა ხოლმე ხანდახან, შესვენებების დროს ხელს ამ პატარა, მუდამ მოწყენილ ბიჭუნას და მზრუნველად მიაცილებდა მას კლასამდე. ის ასე ექცეოდა ყველას, მაგრამ დუგლასისთვის ეს აღმოჩნდა ძალზე მნიშვნელოვანი.

მასწავლებელი სულით ხორცამდე შეძრა მადლიერების ამ ჟესტმა. შეიძლება ეს იყო საერთო მადლიერების გამოხატვა არა იმ მატერიალური სიკეთისთვის, რომელიც ჩვენ გვეძლევა, არამედ შესაძლებლობისთვის, გავცეთ თუნდაც მცირედი ნაწილი ჩვენი ადამიანური სითბოსი და სიყვარულისა“.

მარიამ ჩაჩანიძის ტექსტი:

“ვფიქრობ, რომ ამქვეყნად ყველა ადამიანის მოვლინებას მიზეზი გააჩნია. ადამიანი, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, ჩემი ცხოვრების გასალამაზებლად დაიბადა, უფალმა მისი თავი გამომიგზავნა, რომ ყველა ის ტკივილი გამქარვებოდა, რაც ცხოვრებისგან მიმიღია. მე ვარ მარიამ ჩაჩანიძე, ერთი უბრალო გოგონა იმერეთის რაიონიდან, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება და სითბო სჭირდება საზოგადოებისგან. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ხშირად ხდებიან დამცირების, დაცინვის, ცუდი დამოკიდებულების და მარტოობის მსხვერპლნი. ისინი ყოველთვის ეძებენ ვინმეს, ვისაც მათი გაგება შეუძლია. საბედნიეროდ, მე ასე მძიმე სიტუაცია არასოდეს მქონია ჩემი შესანიშნავი ოჯახისა და გარშემო მყოფი კეთილი ადამიანების წყალობით. ოჯახი ყოველთვის ზურგს მიმაგრებდა და ძალას მაძლევდა, დღესაც ასეა.

მინდა მოგიყვეთ ცოტა რამ ჩემს არაბიოლოგიურ ბებოზე; ადამიანზე, რომელმაც ჩემს შავ-თეთრ ცხოვრებას ნათელი ფერები შემატა. ჩვენ ერთმანეთი ჩემი დაბადების დღეს გავიცანით. ის ჩემი მეზობელი და ოჯახის უახლოესი ნათესავია, პროფესიით მასწავლებელი. ჰყავს ერთი ძმა. იმის გამო, რომ არც ერთი არაა დაოჯახებული და არ ჰყავთ ბიოლოგიური შვილები, მე განსაკუთრებით შემიყვარეს და მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნავენ.

სკოლაში რომ შევედი, ბებიაჩემმი ჩემი მასწავლებელიც გახდა. პრობლემების გამო ხელის დამორჩილება მიჭირდა, ვერ ვწერდი. ჩვენ ერთად ვათენებდით ღამეებს, რომ წერა მესწავლა. მახსოვს მისი ხელის სითბო, ჩემს ხელს რომ მოჰკიდებდა და ასო-ბგერებს მახაზინებდა. უამრავი დაბრკოლება გადავლახეთ ერთად. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ. ბებო მიყვება თავის ცხოვრებასა და გამოცდილებაზე, მაძლევს რჩევებს.

ახლა კი მინდა მოგითხროთ ამ ადამიანის საოცარი ამბავი - გზა ღარიბი გლეხის შვილობიდან რესპუბლიკის დამსახურებულ პედაგოგობამდე: ცისნარი შველიძე დაიბადა 1956 წლის 7 აგვისტოს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხიდარში, გლეხის ოჯახში. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის განხრით. ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი მუშაობდა სოფელ ხიდრის მაშინდელ დაწყებით სკოლაში. იმ დროისათვის სკოლა იყო პატარა, ორთვალიანი ხის შენობა. მუშაობის დაწყებიდან იმდენად შეაყვარა თავი მოსწავლეებს და მათ მშობლებს, რომ ამ პატარა სკოლას „ცისნარის სკოლა“ დაარქვეს და დღესაც ამ სახელს ატარებს. ბებო მიყვებოდა, რომ მისი მთავარი ოცნება, 5 წლის ასაკიდან, მასწავლებლობა იყო. თამაშობდა თავის ასაკოვან ბაბუასთან ერთად, თითქოს თავად მასწავლებელი იყო, ბაბუა კი მისი მოსწავლე.

მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა დასჭირდა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გახდა უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი, მასწავლებელ-მეთოდისტი - ეს დიდი წარმატება და ბედნიერება იყო მისთვის. გასულ წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის ჯილდო. დაახლოებით 45 წელია, რაც სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ამ წლების მანძილზე ყოველ წელს ჰყავდა ერთი შშმ მოსწავლე მაინც და ბევრი აუმეტყველებია. ისე შეაყვარა ბავშვებს თავი, რომ 35-40 წლის წინ სკოლადამთავრებული ადამიანები დღესაც დიდი სიფაქიზითა და სიყვარულით მოიხსენიებენ მის სახელს.

297745994-778180546755244-725621289250594541-n-copy-1661151810.jpg

რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, თავიდანვე ვიყავით „პატარა მარიამი და ცინცი ბებო“, სკოლაში - ყოველთვის მოსწავლე და მასწავლებელი. ურთულესი პერიოდი გავიარეთ. მაშინ, როცა ჩემი თანატოლები თამაშობდნენ, მე ეს არ შემეძლო და ვტიროდი. ბებო ჩემთან მოვიდოდა და მომიყვებოდა თავისი ცხოვრების სირთულეებზე. მეუბნებოდა, რომ ცხოვრებაში უამრავი დაბრკოლება შემხვდებოდა და ვალდებული ვიყავი გადამელახა ეს ყველაფერი. ერთად დავდიოდით სკოლაში. ბევრჯერ წავქცეულვარ, ტალახში ჩავვარდნილვარ, ბებოს კი ყოველთვის ჩემი ხელი ეჭირა და ტკივილებს მიამებდა.

გაოცებული ვიყავი, განა შეუძლია ბევრს, არ ჰყავდეს თავისი შვილები და სხვისი ასე უყვარდეს?! ის არა მარტო ჩემ მიმართ გამოხატავდა დიდ სითბოს, არამედ ყველა იმ ბავშვის მიმართ, ვინც იმ სკოლაში სწავლობდა.

დეკემბრის ცივი დილა იყო. იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა. სკოლაში ძლივს მივედით, გზად ორჯერ წავიქეცი, ფეხი ვერ დავაბიჯე კარგად. ბებო მეხმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც უჭირს გადაადგილება ჯანმრთელობის პრობლემების გამო. სკოლაში თოვლიანი ფეხსაცმელები პატარა ცოცხით გავიწმინდეთ, იქვე შესასვლელთან კიბის კუთხეში რომ იდო, იმით. საკლასო ოთახში შევედით, შეშის პატარა მოცუცქნული ღუმელი უკვე გუგუნებდა, თან ისე, რომ ალისფერი ედო. წინდები გავიხადე და გასაშრობათ ღუმელთან მივაფინე, ფეხები შეშის ნაჭერზე შემოვაწყე და გასათბობად დავჯექი. ჩემი კლასელები სულ მთლად დასველებულები მოვიდნენ, თურმე გზაში უგუნდავიათ. ერთ გოგონას, რომელიც ჩვენზე პატარა იყო, თმა აჩეჩილი ჰქონდა, ალბათ ისიც წაიქცა ჩემსავით. მასწავლებელმა თავისი ხის მაგიდის ქვედა უჯრა გამოაღო, სავარცხელი ამოიღო და გოგონას ანიშნა, ჩემთან მოდიო. წინ დაისვა, თმა დავარცხნა და ლამაზად ჩაუწნა, მერე თავზე ხელი გადაუსვა და თბილად გაუღიმა. მაშინ ისეთი ამაყი ვიყავი, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მივხვდი, რა საოცარი ადამიანი იყო ბებიაჩემი.

ყოველ დილით, გაკვეთილების დაწყებამდე, გვირიგებდა თითო-თითო კანფეტს და გვეუბნებოდა, დღე ტკბილად დავიწყოთო. ამით ის სიყვარულსა და პატივისცემას, მეგობრობას, ადამიანობასა და ადამიანობის ფასს გვასწავლიდა.

ჩემს ცხოვრებაში არც ერთ მნიშვნელოვან მომენტს მის გარეშე არ ჩაუვლია. ახლა სტუდენტობისთვის მამზადებს, ჩემს წარმატებულ ექიმობაზე ფიქრობს. უკვე ისიც კი იცის, თეთრ ხალათში როგორი ვიქნები - ამას წარმოიდგენს ხოლმე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემით იამაყოს ისე, როგორც წლების წინ მე ვიამაყე მისი ადამიანური საქციელით.

7 აგვისტოს ამ შესანიშნავ ადამიანს 66 წელი შეუსრულდა. მისი ცხოვრების ნახევარზე ბევრად მეტი სკოლაში მომავალი თაობის სამსახურში გაატარა. მე, როგორც მისი რიგითი მოსწავლე, ვფიქრობ, რომ ის არის სიკეთის, ზნეობის, ადამიანობის, სითბოსა და სიყვარულის მასწავლებელი. ძალიან ბევრს იმსახურებს. დამიჯერეთ, ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება ერთი ასეთი ვინმე. უბრალოდ, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ადამიანების აღმოჩენა, დაფასება და მათ მიმართ შესაბამისი სითბოსა და ყურადღების გამოხატვა...”

P.S. რატომ არის საჭირო მადლიერების აღნიშვნა? ეს კითხვა არაერთგვაროვან პასუხებს ბადებს. დეილ კარნეგს აქვს მოთხრობილი ერთ ქალზე, რომელმაც მინდვრიდან დაბრუნებულ ქმარ-შვილს თივა მიუტანა. კაცები აღშფოთდნენ დიასახლისის საქციელის გამო. ქალმა მათ უთხრა, რომ წლებია, ყოველთვის გემრიელ და მრავალფეროვან სუფრას ახვედრებს, მაგრამ ერთხელაც არ გამოუხატავთ მადლიერება, ამ ჟესტით კი აჩვენა, თუ რამდენად ესაჭიროებათ კარგი საქმის მკეთებლებს აღიარება და მეტი არაფერი... მარიამ ჩაჩანიძე ის გოგონაა, რომელიც არა მარტო სიტყვით, საქმითაც დაუმტკიცებს ცინცი ბებოს, რომ მადლიერია!

როლანდ ხოჯანაშვილი