რომელი მწერლის მეუღლე იყო პირველი ქართველი პედიატრი ქალი მარიამ ბაქრაძე-დედაბრიშვილი - გზაპრესი

რომელი მწერლის მეუღლე იყო პირველი ქართველი პედიატრი ქალი მარიამ ბაქრაძე-დედაბრიშვილი

ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული განყოფილების კოლექციაში ასე წავაწყდი ფოტოს, რომელზეც შიო არაგვისპირელი მეუღლე მარიამ ბაქრაძესთან და პირველ ორ შვილთან: ბიძინასა და ნათელასთან ერთად არის ასახული (მოგვიანებით მათ კიდევ ერთი შვილი შეეძინათ - ნუნუ). შიო არაგვისპირელის ბიოგრაფია, მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია, მის მეუღლეზე ინფორმაცია კი მცირეა, თუმცა აღნიშვნად ნამდვილად ღირს.

პირველი ქართველი პედიატრი ქალი - ასე მოიხსენიებენ ქალბატონს, რომელიც არა მხოლოდ ექიმი, ლიტერატორიც გახლდათ და ლიტერატურულ წრეებში იცნობდნენ ფსევდონიმით „დედაბერი“. მარიამ ბაქრაძის საბავშვო მოთხრობები ქართულ პერიოდულ პრესაში ქვეყნდებოდა. მან 1897 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, იქვე მედიცინის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე „საბავშვო დამბლების შედეგად განვითარებული მრუდე ტერფის ქირურგიული მკურნალობა“ და 1900 წელს სამშობლოში დაბრუნდა.

ახალგაზრდა ექიმი თავდაპირველად პროფესიულ საქმიანობას თბილისში, მიხეილ გედევანიშვილის სამკურნალოში იწყებს, რომელიც იმ დროს ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედ საგინაშვილის სახლში, ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარეობდა და სადაც დღეს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმია (ივანე ჯავახიშვილის ქ. 7).

ამ ორსართულიან სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები, აქ იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. ჭავჭავაძეების გარდა, ოთახები მომსახურე პერსონალს, სარედაქციო სამუშაოებში ჩართულ თანამშრომლებს ეთმობოდა. სარდაფში იყო მოთავსებული აფთიაქი, ავეჯის სახელოსნო და სტამბა.

სახლის ერთი ნაწილი საცხოვრებლად გამოიყენებოდა, ხოლო მეორე - სარედაქციო სამუშაოებისა და საქველმოქმედო საქმისთვის. ცნობილია, რომ აღნიშნული შენობის რამდენიმე ოთახი ილიამ უფასოდ დაუთმო ექიმ მიხეილ გედევანიშვილს, სადაც უფასო სამკურნალოში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ პაციენტებს და ამაზე მაშინდელი გაზეთი „ივერიაც“ წერდა.

მარიამ ბაქრაძე და სხვა ექიმები, აქ არა მხოლოდ პედიატრიულ კონსულტაციასა და პირველად დახმარებას უწევდნენ პაციენტებს, არამედ გედევანიშვილის სამკურნალოში სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციაც ტარდებოდა. გედევანიშვილს ჭავჭავაძისეულ სახლში ჰქონდა საქართველოსა და მთელ კავკასიაში პირველი რენტგენის აპარატი და ელექტროთერაპიული კაბინეტიც.

შიო არაგვისპირელისა და მარიამ ბაქრაძის წყვილი თბილისში, გიორგი ჩუბინაშვილის ქ. #13-ში ცხოვრობდა. ამჟამად იქ შიო-არაგვისპირელის მემორიალური სახლ-მუზეუმია განთავსებული.

მოგეხსენებათ, შიო არაგვისპირელის ნამდვილი გვარი დედაბრიშვილი გახლდათ. როგორც უკვე აღვნიშნე, სწორედ მისი მეუღლის გვარის შემოკლებული ვერსიით, ანუ ფსევდონიმით წერდა მოთხრობებს ექიმი ქალი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ლიტერატურული თვალსაზრისით რაიმე ღირებული შექმნა. ის ცნობილი სამედიცინო სფეროში მოღვაწეობით გახდა - მარიამ ბაქრაძე საქართველოს დამსახურებული ექიმი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ერთ-ერთი პირველი ქართველი ექიმი ქალი იყო, რომელიც ორი საუკუნის გასაყარზე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბევრ ადამიანს დაეხმარა და უმკურნალა.

რაც შეეხება შიო არაგვისპირელს, მართალია, მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა დიდი არ არის, დაახლოებით 30 წლის მანძილზე მან ოთხმოცამდე ნაწარმოები შექმნა, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, ვინც შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები: ფსიქოლოგიური ნოველა, ესკიზი, ეტიუდი, სურათი და ამიტომ ჩვენი ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება.

ანა კალანდაძე