„მიყვარს ორნამენტების გაცოცხლება“
ჟურნალისტია. ერთხანს ამ პროფესიითაც მუშაობდა, მაგრამ ტრადიციული ხელსაქმე ბავშვობიდან იტაცებდა და მისი საფუძვლიანი შესწავლა გადაწყვიტა. ხევსურული ნაქარგებისადმი ინტერესი რომ გაუჩნდა, წმინდა სამების სამრევლო სკოლაში ისწავლა და მას შემდეგ 10 წელზე მეტია, რაც ქარგვით არის დაკავებული. გულისა წიკლაური თბილისში ცხოვრობს და საქმიანობს, მაგრამ მისი ფესვები მთიულეთშია და ალბათ გარკვეულწილად ამანაც განაპირობა ქარგვისადმი განსაკუთრებული სიყვარული. სხვადასხვა კონკურსისა და გამოფენის მონაწილეა და მის ნამუშევრებს საზღვარგარეთაც „შეხვდებით“.
- ტრადიციული ორნამენტებით ქარგვას 2012 წლიდან მივდევ. ორნამენტების გაცოცხლება ძალიან მიყვარს. ეს საქმე ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა, ჰობიზე მეტია და სულის ნაწილად ვთვლი. ტრადიციული ორნამენტებით, ტრადიციულ ფერებში ვქარგავ, რომელსაც „ჩამქრალ“ ფერებად მოიხსენიებენ, მაგრამ ამავდროულად, ხალხის სურვილის გათვალისწინებით ვცდილობ, ნამუშევრებში „თანამედროვე“, „ცოცხალი“ ფერებიც შევიტანო. არ მინდა, ისე გაიგოთ, რომ ამით ჩვენს ტრადიციებს პატივს არ ვცემ, უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, აქსესუარში ჰქონდეთ მაგალითად - ცისფერი. მე ეს ფერი არ მიყვარდა, მაგრამ რაც მისი გამოყენება დავიწყე, გაამართლა. ეს ფერი რომელ აქსესუარშიც შემაქვს, იმ ნამუშევრებით უცხოელები განსაკუთრებით ინტერესდებიან. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, აქ მაინც ტრადიციულ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას. მოკლედ, ვცდილობ, ძველი ორნამენტები დღევანდელობაში გავაცოცხლო. უმთავრესად ვმუშაობ ისეთ გამოყენებით აქსესუარებზე, როგორებიცაა: ჩანთა, ქუდი, სამაჯური, საფულე, ქისა, თავსაბურავი, ბეჭედი, საყურე. ერთ-ერთი ქისა პატრიარქს გავუგზავნეთ საჩუქრად და, როგორც მითხრეს, ძალიან მოსწონებია. რაც შეეხება მამაკაცებს, მათთვის უმთავრესად ვქმნი ქუდებს, სამაჯურებს, ფანდურისა და სხვადასხვა ინსტრუმენტის საკიდებს. მთელი ჩემი თავისუფალი დრო ამ საქმეს ეთმობა, რადგან ყველა დეტალი ხელით მუშავდება, საკერავ მანქანას არ ვიყენებ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით სამოსსა და სხვა დიდ ნამუშევრებს ვერ ვქმნი. რეგიონული მასშტაბით გამართული გამოფენების აქტიური მონაწილე ვარ, ყოველწლიურად ვმონაწილეობ „არტ-გენის“ ფესტივალშიც. ჩემს საქმიანობას, როგორც ხელოვნებას, ისე ვუყურებ და ვერ აღვიქვამ როგორც ბიზნესს. ვცდილობ მონაწილეობა მივიღო საერთაშორისო კონკურსებშიც და რამდენიმე წლის წინ კავკასიის ქვეყნებს შორის ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო კონკურსზე ჩემი ჩანთა მეორე ადგილზე მოხვდა. ვარ ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრიც.
- რომელ აქსესუარებზეა უმთავრესი მოთხოვნა?
- დიდი მოთხოვნაა მამაკაცების ქუდებზე, ხოლო ქალბატონებისთვის - ჩანთებსა და საფულეებზე. ალბათ უკვე მაქვს ჩემი ხელწერა, რადგან ბევრი უკვე „ცნობს“ ჩემს ქუდებს. თავის ქებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ ხშირად მეუბნებიან, რომ ფერების განსხვავებული ხედვა მაქვს. საერთოდ, დიდ დროს ვუთმობ ფერების ერთმანეთთან შეხამებას. სამუშაოდ რომ ვჯდები, მიახლოებით უკვე ვიცი, რა ფერებს გამოვიყენებ, მაგრამ პროცესში რამე თუ არ მომეწონა, იმ ფერს ვარღვევ და ხელახლა სხვა ფერით ვქარგავ. შესაბამისად, დიზაინის აწყობაში დიდი დრო მიდის. თვითკრიტიკული ვარ და თავად თუ არ მომეწონა ნამუშევარი, მას სხვას ვერ შევთავაზებ.
- თქვენი ნახელავიდან თავად ხშირად რას ატარებთ?
- მხოლოდ სამაჯურს, რადგან აქსესუარები დიდად არ მიყვარს. სამაგიეროდ, ჩემი ოჯახის წევრებისთვის ბევრ რამეს ვქმნი. ჩემს ნამუშევრებს ატარებენ: მამა, დედა, და, დისშვილები. ახლახან მამაჩემს უკვე მესამე ქუდი დავუმზადე.
ანა კალანდაძე