ციური სხეულების სადარაჯოზე ოთარ თაგვიაშვილის ვინტაჟური სტილის ფოტოები - გზაპრესი

ციური სხეულების სადარაჯოზე ოთარ თაგვიაშვილის ვინტაჟური სტილის ფოტოები

რეალისტური ფოტოების „ხელოვნურად დაძველების ეფექტს“ სულ მცირე, მინიმალური ჩარევით აღწევს. ზოდიაქოს ნიშნით თევზებია და სწორედ ამას მივაწერე მის მიერ გადაღებული ფოტოების ვინტაჟური ელფერი, რადგან როგორც წესი, „თევზებს“ წარსულისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. აღნიშნული სტილისათვის უპირატესობის მინიჭება, ავტორის არა მხოლოდ გასული ეპოქებისადმი სიმპათიის გამოხატულებაა, არამედ თანამედროვეობისთვის იმ სითბოსა და ერთგვარი ნოსტალგიის განცდის მინიჭების მცდელობაც, რომელიც ვინტაჟს ახასიათებს და ალბათ სწორედ ამიტომ, ოთარ თაგვიაშვილის ფოტოებს დამთვალიერებელში სიმყუდროვისა და სითბოს განცდა მოაქვს...

- ინფორმატიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, პროფესიით საინფორმაციო ტექნოლოგიების ინჟინერი ვარ - „აიტიშნიკი“. კომპიუტერები ბავშვობიდან მიყვარდა. მართალია, ჩემს დროს სკოლაში ძველი, „არქაული“ ტექნიკა გვქონდა, მაგრამ ვაკეთებდი ყველაფერს, რის საშუალებასაც იძლეოდა. ამავდროულად, ავტომატიკის სპეციალისტიც ვარ და დღესდღეობით ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც ჩემს ორივე პროფესიას ვიყენებ.

- ფოტოგრაფიამ როდის და როგორ გაგიტაცა?

- დავიბადე და გავიზარდე ქალაქ კასპში. ახლაც იქ ვცხოვრობ და ვმუშაობ. 2013-2014 წლებში დამატებითი სამსახური მქონდა, რომლის ფარლებშიც კასპის რაიონის სოფლების მიმართულებით მოგზაურობა მიწევდა. ლანდშაფტისა და ბუნების გადაღება მიყვარს: ღრუბლები, დაისი, მთის პეიზაჟები. წელიწადის მანძილზე ყველა ადგილი სხვადასხვაგვარი მხვდებოდა, რომელსაც ტელეფონით აღვბეჭდავდი. როცა ფოტოების გადაღების სურვილი გაძლიერდა და მობილური ჩემს სურვილებს ვეღარ აკმაყოფილებდა, ციფრულ ფოტოაპარატზე გადავინაცვლე. დროთა განმავლობაში, ის პროფესიონალური აპარატით ჩავანაცვლე. საქართველოში როგორც ავტომობილების ფირმებს შორის „მერსედესი“ და „ბეემვეა“ მეტად გავრცელებული, ისეა ფოტოაპარატებში „ქენონისა“ და „ნიკონის“ ბრენდი. მე თავიდანვე „ნიკონი“ მქონდა და დღემდე არ ვღალატობ.

- ფირის ფოტოკამერით გადაღება არ გიცდია?

- სამწუხაროდ, ფირის აპარატით არ მიმუშავია, თუმცა ამის სურვილი ყოველთვის მქონდა. ასე გადაღებულ ფოტოებს განსხვავებული ეფექტი აქვს, მაგრამ ფირის შეძენა, გამჟღავნება ჩემთვის ცოტა პრობლემატურია, ვინაიდან კასპში ვცხოვრობ. ზოგადად, ფოტოებს რომ ვიღებ, ვინტაჟურ ეფექტს ვაძლევ, რადგან ეს სტილი მომწონს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ რომელიმე ძეგლის რეალური ფერები მინდა დავაფიქსირო. მიმდინარეობებიდან ასტროფოტოგაფია მიყვარს, თუმცა სპეციფიკურია, რომელი ობიექტი როგორ და რა დროს უნდა გადაიღო, ცოდნა სჭირდება. პირველად ჩვენი მეზობელი, ანდრომედეს გალაქტიკა რომ გადავიღე, მეგონა, ამერიკა აღმოვაჩინე (იღიმის). ცაზე შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია მისი დანახვა. სპეციალური აპლიკაციისა და კომპასის გამოყენებით, წინასწარ მიახლოებით განსაზღვრავ ციური ობიექტის მდებარეობას და შესაბამის დროს ელოდები. ასეთი კადრების გადაღება სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით ხდება და ამ პროცესში დიდი დახმარება გამიწია ასტროფოტოგრაფმა დავით დვალმა.

- „თევზების“ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, არა მხოლოდ ვინტაჟის სტილი მოსწონთ, არამედ მიდრეკილება აქვთ ხელოვნებისადმი და მის სხვადასხვა დარგში წარმატებას აღწევენ...

- დედაჩემი სკოლაში ხელოვნების პედაგოგია და ალბათ ამანაც იქონია ჩემზე გარკვეული გავლენა - ეს სფერო მეც მიყვარს. ბავშვობაში და შემდეგ სტუდენტობის დროს, კლასელებისა და ჯგუფელების კარიკატურებს ვხატავდი. კომპიუტერში ხატვა აღარ მიცდია, თუმცა 3D ნამუშევრებს ვაკეთებ. ფოტოგრაფიასთან ერთად, კონცეპტუალური არტიც ჩემი ჰობია. კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე, როცა ფოტოების გადასაღებად ვერ დავდიოდი, ვცდილობდი დანაკლისი შემევსო და რასაც ვერ ვიღებდი, ჩემით ვქმნიდი.

- „კადრზე ნადირობა“, „ჩასაფრება“ - ალბათ შენთვის უცხო არ არის ეს ტერმინები. წლების განმავლობაში სხვადასხვა ადგილის გადასაღებად სპეციალური ვიზიტებიც გექნებოდა...

- დიახ, ასეთი ფოტოების გადაღება უმთავრესად ციურ სხეულებს უკავშირდება. კასპში წმინდა გიორგის ტაძარია და ვცდილობდი, ისეთი რაკურსი დამეჭირა, რომ მთვარე ფონად მომექცია. ამის საშუალება წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე მეძლევა. პირველად მთვარე ტაძრის თავზე დავინახე და ვიფიქრე, რომ შესაბამის დროს თუ შევარჩევდი და ტაძრის უკან მოქცეულს გადავუღებდი, საინტერესო კადრი გამოვიდოდა. სპეციალური აპლიკაცია გადმოვწერე, რომელიც მზისა და მთვარის ჩასვლა-ამოსვლის პერიოდს მიჩვენებს. ჩავინიშნე დრო, როცა მთვარე ტაძრის უკან უნდა მოქცეულიყო და მართლაც, პირველ ჯერზე 3-4 ჩემთვის საინტერესო კადრი გადავიღე.

2-cminda-giorgis-eklesia-copy-1661152402.jpg

- შენი ნამუშევრებიდან გამორჩეულად რომელი კადრია ყველაზე ძვირფასი?

- ჩვენკენ არის გიორგი სააკაძის სოფელი ნოსტე. ფეხი მქონდა მოტეხილი და არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, თუმცა იმდენს მაინც ვახერხებდი, რომ მანქანით მევლო. ნოსტეში ჩავედი და გადავიღე ფოტო, რომელიც ძალიან მომეწონა. მზის წრეწირი ოდნავ ეხება ფერდობს და გარემო ოქროსფრად მოჩანს. რით არის ტოსკანაზე ნაკლები ბუნება-მეთქი და საჯარო ჯგუფში დავდე, სადაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი კადრია. აქვე აღვნიშნავ, რომ ჯიპის მოყვარულთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. მისი ეგიდით, რამდენიმედღიან ტურებს ვაწყობთ და საქართველოს რეგიონებს ოჯახებთან ერთად ვსტუმრობთ. ეს ტურები ჩემს ჰობს ძალიან ადგება. ასე ვიმოგზაურეთ თუშეთში, სადაც სასწაული ადგილები ვნახეთ. ასეთივე ღირსშესანიშნავი იყო მთიანი აჭარა, ლამაზი ფოტოები გადავიღეთ გომის მთაზეც. თუშეთში მხოლოდ 2 დღით ვიყავი და ბევრი რამის ნახვა ფიზიკურად ვერ მოვასწარი. რადგან ვერანაირად დავიკმაყოფილე ჩემი ინტერესი, უახლოეს მომავალში მინდა იქ კიდევ ერთხელ გავემგზავრო.

- შენი პირველადი პროფესიით და გატაცების გამოც, ალბათ ერთი შეხედვით ძალიან მალე ხვდები, რომელი ფოტოა დამუშავებული, კადრში ჩასმული ან გამქრალი ესა თუ ის ობიექტი...

- კი, თვალი მიჩვეული მაქვს და ასეთ „ჩარევებს“ მარტივად ვხვდები. ზოგჯერ ასე მოქცევა მეც მიწევს, თუმცა იშვიათად. ფოტოს მაშინ „ვაყალბებ“, როცა რამე ესთეტიკურად შეუსაბამოა გარემოსთან. სამწუხაროდ, საქართველოში ნაგავი ყველგან ყრია და ბუნებაში ცელოფანის პარკი რომ გდია, „მოშორება“ გიწევს.

- ოჯახის წევრები თუ გყავს განებივრებული შენი ფოტოებით?

- ჩემი შვილები - ანა და ინა. ხშირად დამყავს ფოტოების გადასაღებად. რაც შეეხება მეუღლეს, ლელას უყვარს, როცა ფოტოებს ვუღებ და ჩემი შეხსენება არ სჭირდება (იღიმის).

3-noste-copy-1661152391.jpg

- კასპში თუ არიან ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადამიანები და თუ გაქვს მათთან კომუნიკაცია?

- კასპში ცხოვრობს ლაშა ზუბიაშვილი, რომელიც ფოტოგრაფიით არის გატაცებული და უკვე რამდენიმე წელია, ერთობლივად, სოციალურ სივრცეში არსებულ ჯგუფში - „აღმოაჩინე კასპი“ ჩვენი ფოტოებით ვცდილობთ რაიონის პოპულარიზაციას. სულ ვცდილობ, ხალხს გავაცნო მათთვის უცნობი ადგილები და „ვუთხრა“, რომ გარშემო უამრავი ლამაზი სანახაობაა და სანამ სხვა ქვეყნებს ვნახავთ, ჯერ ჩვენი მოვინახულოთ.

- ზაფხულის სეზონია და ამ დროს განსაკუთრებით აქტუალური ხდება დაისის ფოტოები. ზღვაში მზის ჩასვლის კადრები თუ გხიბლავს?

- დაისის რამდენიმე ფოტო მაქვს, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ზღვა ძალიან მიყვარს. მართალია ზოდიაქოთი თევზები ვარ, მაგრამ ზღვაზე მაქსიმუმ 3-4 დღე შემიძლია გავჩერდე, მერე იქიდან გამოქცევა მინდება. ზღვას მთა მირჩევნია. შარშან ბავშვებთან ერთად ციხისძირში, მეგობრის ოჯახში ვისვენებდი. ზღვაზე სიხალვათე იყო, ალბათ ისევ და ისევ პანდემიის გამო. აი, მაშინ გადავიღე რამდენიმე დაისი, ერთგან ალისფერ მზეს ნაწილობრივ ღრუბლები ფარავს და ჩამოღვენთილი სანთლის იერი აქვს.

ანა კალანდაძე