ავკარგიანი ურთიერთობა ქართული თეატრის კორიფეებთან - გზაპრესი

ავკარგიანი ურთიერთობა ქართული თეატრის კორიფეებთან

მისი ოჯახის წევრები მელომანები იყვნენ და უკვე სამი წლიდან ოპერის თეატრს ეზიარა. მალე ამას დაემატა დრამატული თეატრების სპექტაკლებზე სიარული. ახალგაზრდა გოგონას თეატრის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოედგინა და პროფესიული არჩევანიც მასზე შეაჩერა. დედამისი, გვარად ახმეტელი, თეატრს უფრთხოდა სანდრო ახმეტელის შემდეგ, რომელიც მისი ნათესავი იყო...

ნათელა არველაძის გზა თეატრალურ ხელოვნებაში ძალზე საინტერესოდ დაიწყო და ასევე საინტერესოდ გაგრძელდა, რადგან მის გვერდით იყვნენ ამ დარგის გამორჩეული და შესანიშნავი პიროვნებები. მიხეილ თუმანიშვილმა ქალბატონ ნათელაზე ბრძანა: ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ქართულ თეატრს კარგი თეატრმცოდნე შევმატეო.

- ერთადერთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ბატონი მიშა თუმანიშვილის გამოჩენამდე, იყო ბიძაჩემი შალვა შალამბერიძე - ჩემთვის ხელშეუხები ავტორიტეტი. დედამ მას შველა სთხოვა: უნდოდა, გადამეფიქრებინა. ძია შალვამ თავის “ტყუპისცალივით” მეგობარ სანდრო ანდრონიკაშვილთან წამიყვანა, ხოლო სანდროს მეუღლემ თეატრალურ ინსტიტუტში მიმიყვანა და მიხეილ თუმანიშვილი გამაცნო. მეცხრე კლასის მოსწავლე პატარა ტანისა და ძალიან გამხდარი ვიყავი. ბატონმა მიშამ შემომხედა, ინსტიტუტის კორიდორში დავსხედით და ჩვეულებრივად ვსაუბრობდით. მერე მიუბრუნდა დეიდა კატიუშას და უთხრა: იქნებ, თეატრმცოდნეობაზე ჩააბაროსო... ქვეტექსტი გასაგები იყო - მისგან მსახიობი და რეჟისორი არ გამოვაო. სახლში დავბრუნდით, ბიძაჩემი ძალიან ღელავდა... პირდაპირ ასე გითხრაო? - მკითხა და, ჰო-მეთქი, რომ ვუპასუხე, - ჭკვიანი ყოფილაო... თეატრმცოდნეობაზე რაც წიგნები არსებობდა, გადმოვალაგეთ და გამოცდებისთვის მომზადება დავიწყე.

მას შემდეგ ბატონი მიშა ორჯერ ვნახე. ერთხელ ოპერის თეატრში დამინახა, ხელი დამიქნია, სახე გაებადრა და ჩემკენ წამოვიდა. ხელი გადამხვია. ვფიქრობ, რომ ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა მაშინ დამყარდა და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა. ოპერაში ჭაბუკიანი ცეკვავდა. გიყვართო? - მკითხა. - ძალიან-მეთქი! - კარგი გემოვნება გქონიათო. რაღაცები მიამბო ჭაბუკიანზე და ერთმანეთს დავცილდით. მერე მობრუნდა და მეუბნება: ხვალ რუსთაველის თეატრში მოდით, სამსახიობო შესასვლელთან დაგხვდებით; ვნახოთ, რა შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე თეატრიო. ერთდროულად მივედით 11 საათზე და მან დამათვალიერებინა რუსთაველის თეატრი. შემდეგ ხომ ვმუშაობდი ამ თეატრში და თითქმის ყველაფერი ვიცოდი მის შესახებ, მაგრამ როგორც ბატონმა მიშამ გამაცნო ის გარემო, ასე არავის გაუკეთებია, - ჩამიყვანა საამქროებში და ყველა კუთხე-კუნჭული მომატარა. ბოლოს მითხრა, - მაპატიეთ, ახლა რეპეტიციაზე გავრბივარ და თუ “მოიწამლეთ” თეატრით, მაშინ შემდეგ შეხვედრაზე პირდაპირ რეპეტიციაზე აგიყვანთო.

გავიდა ალბათ, ერთი წელი მაინც, ბატონი მიშა ძალიან დაკავებული იყო და ერთმანეთს ხშირად ვერ ვხვდებოდით. უკვე სტუდენტი ვარ. ერთ დღეს გაგვიცდა ლექცია და მივდივართ ფილმ “ფანფან-ტულპანის” სანახავად, ჟერარ ფილიპის მონაწილეობით. ფილმი ზეპირად ვიცოდი, მაგრამ ვერ ველეოდი მის ნახვას. უეცრად ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. მოვიხედე და - ბატონი მიშაა! მეუბნება - რეპეტიციაზე გეპატიჟებითო. არც დავფიქრებულვარ, მეგობრებს მივუბრუნდი და ვუთხარი, რომ თეატრში მივდიოდი. ბიჭები დამცინოდნენ - ჟერარ ფილიპი თუმანიშვილზე გაცვალაო!.. ეს იყო სპექტაკლი “როცა ასეთი სიყვარულია”, და რუსთაველის თეატრში რეპეტიციაზე პირველად შევედი.

sergo-1661759192.jpg

- ამ თეატრიდან თქვენი სურვილით წამოხვედით. მიზეზი რა იყო?

- მიშამ მაწყენინა... სხვათა შორის, სერგო ზაქარიაძემ უფრო მაწყენინა, ის მაშინ დირექტორი იყო, და იმ დროს წამოვედი თეატრიდან. გავიდა დრო, მე და ბატონი სერგო ერთმანეთს ტროლეიბუსის გაჩერებასთან შევხვდით. ვიგრძენი, უცებ როგორ გაიპო ჰაერი, მოვიხედე და - ბატონი სერგო ჩემკენ მოდის. გადამეხვია და, რაც მითხრა, ამას საჯაროდ პირველად ვამბობ: მაპატიე, ნათელა, შენს განცხადებას თეატრიდან წასვლის შესახებ ჩემი ხელმოწერა რომ აქვსო!.. თეატრში როცა ვმუშაობდი, დავდიოდი მოსკოვში სპექტაკლების სანახავად. ჩამოვიდოდი, ბატონი სერგო დამიბარებდა, ვისხედით და მოსკოვის თეატრების სპექტაკლებზე ვესაუბრებოდი. ასეთი ურთიერთობა გვქონდა. ერთხელ ახალი ჩამოსული ვარ მოსკოვიდან, ბატონი სერგოს კაბინეტში ვზივარ და მოვუყევი, იქ რაც ვნახე. მერე მითხრა: ნათელა, თუ მეტყვი, რა განსხვავებაა ჩემ მიერ ნათამაშებ როლებსა და კრეონს შორის? - “ანტიგონეში” გემჩნევათ, რომ გააზრებული გაქვთ ყველა მომენტი, და ეს მარტო მიშა თუმანიშვილის კარნახი არ არის... ახლაც მახსოვს, უცებ წამოვდექი და გავაგრძელე: რეჟისორი ამბობს, რა უნდა გააკეთო, მაგრამ მსახიობის გადასაწყვეტია, როგორ უნდა გააკეთოს. აი, ამ განსაკუთრებული “როგორისთვის” მე თქვენ პატივს გცემთ-მეთქი!.. მერე ბატონ სერგოს თუმანიშვილისთვის უთქვამს - ნათელა არველაძეს ვერ ვათქმევინე, რომ ვუყვარვარო.

- ყველაზე მეტად ვისი წვლილია თქვენს პროფესიულ ჩამოყალიბებაში?

- მიშა თუმანიშვილის! მადლობელი ვარ ნათელა ურუშაძის - პირველად მან გაგვაცნო თეატრმცოდნის პროფესიის არსი. მან დამაახლოვა თუმანიშვილთან პროფესიულად. ურუშაძე მიშვებდა თავისი ლექციებიდან, რომ ბატონ მიშას რეპეტიციებს დავსწრებოდი. უდიდესი პატივისცემით ვარ გამსჭვალული ქალბატონი ნათელას მიმართ, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილიც მომაყენა. დისერტაციას ვიცავდი და მან უარი თქვა ჩემს ოპონენტობაზე. არადა, ერთ-ერთი ოპონენტი აუცილებლად ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი უნდა ყოფილიყო. ქალბატონი ნათელა საბჭოს წევრი იყო. მიზეზზე რა გითხრათ?.. მთელი ცხოვრება მადლიერი ვარ ნოდარ ტაბიძის, ჩემს ოპონენტად მოიწვიეს. საბჭოს წევრმა ნოდარ გურაბანიძემ შემომთავაზა - პირველი ოპონენტი მე ვიქნებიო, და ასე გადავრჩი.

- როცა ვინმეზე ბრაზდებოდით, იმასთან აღარ თანამშრომლობდით? რეჟისორებთან ურთიერთობის ტკბილ-მწარე მომენტები გაიხსენეთ და როგორ იღებდნენ ისინი თქვენს კრიტიკას?

- მიშა თუმანიშვილზე გავბრაზებულვარ, მაგრამ ის გამონაკლისი იყო იმ მხრივ, რომ უაღრესად პატივს ვცემდი და მიყვარდა როგორც ჩემი პედაგოგი. ბატონ მიშას რეპეტიციის დროს ვეუბნებოდი 1-2 რეპლიკას და ჩვენი დიალოგიც იწყებოდა. მერე, რაღა უნდა გამეკრიტიკებინა?!. რა თქმა უნდა, კრიტიკას მტკივნეულად აღიქვამენ რეჟისორები, მაგრამ რომ დავფიქრებულვარ, არც მე ვარ ზოგჯერ აბსოლუტურად მართალი. ასეთ შემთხვევაში მივსულვარ და ბოდიშიც მომიხდია. რობიკო უფრო ადვილად იტანდა კრიტიკას, ის მართლა საინტერესო პიროვნებაა და ამიტომ. ავად ვიყავი და თემურ ჩხეიძემ დამირეკა: შენი ავადმყოფობა არ შეიძლება, ჯერ კიდევ ბევრი გაქვს გასაკეთებელიო. მკაცრად გავაკრიტიკე ერთი რეჟისორის სპექტაკლი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დაიცვა. დასის თანდასწრებით აღარ გავიმეტე ის რეჟისორი და არ ვთქვი, რომ ელემენტარული რამ არ იცოდა. დიდი უსიამოვნებები მქონია დავით დოიაშვილთან, ოთარ ეგაძესთან, გოგი ქავთარაძესთან.

- პიესების კითხვა გიყვართ?

- პიესებს განსაკუთრებით მაშინ ვკითხულობ, როცა ვიცი, რომ ამ პიესას დადგამს ან თუმანიშვილი, ან რობიკო... პიესა არის მკვდარი, ვიდრე მას სცენაზე არ გააცოცხლებენ. ჩემთვის საკუთრივ პიესა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ როგორ კითხულობს მას რეჟისორი, მსახიობი, - ამის მიხედვით ვაანალიზებ. არ შეიძლება პიესას ერთი ახსნა ჰქონდეს. პიესას რომ წავიკითხავ, შემიძლია ვთქვა, არის თუ არა იქ საინტერესო მომენტი რობიკოსთვის, ბატონი მიშასთვის.

mikhail-iv-tumanishviliaaaaaaaaaaa-1661759203.jpg

- სოხუმის თეატრთან განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ, არა?

- როგორც სხვაგან, ასევე ჩავდიოდი სოხუმში, სპექტაკლებს ვაანალიზებდი ადგილზე, და მაშინაც, როცა თბილისში გასტროლზე ჩამოდიოდნენ. თეატრი ძალიან რთულ და საგანგებო სიტუაციაში იმყოფებოდა პოლიტიკური ამბებიდან გამომდინარე, და სხვანაირად ვერაფერს გამოვხატავდი. სხვათა შორის, ამისკენ მიბიძგა ბატონმა მიშამ, - ყველაზე მეტად ახლა სოხუმს უჭირსო, - მითხრა. ზუგდიდშიც თუმანიშვილმა მირჩია წასვლა, როცა იქ თემურ ჩხეიძე დგამდა სპექტაკლებს, - იმათ თეატრმცოდნე სჭირდებათო. სოხუმში კიდევ იმიტომ ჩავდიოდი, რომ იქ რეჟისორი იყო ჩემი მეგობარი დათო ცისკარიშვილი. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ქართული დასი ცალკე გასულიყო, მათი ერთად ყოფნა უკვე შეუძლებელი იყო. სოხუმის თეატრის დასი ორად გაიყო და მთავარ რეჟისორად დათო აღარ დანიშნეს.

ერთხელ მინსკიდან მოვფრინავდი თბილისში და რატომღაც დავფრინდით, მგონი - როსტოვში, თბილისთან შეფერხება იყო. ვხედავ, რომ თვითმფრინავში სოხუმის აფხაზური დასის ორი მსახიობი რაღაც უცნაურად იქცევა, აქეთ-იქით დარბიან. თვეების შემდეგ მივხვდი, რომ მათ იარაღი მოჰქონდათ. იმწუთას როგორ ვერ მივხვდი, ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია...

- ქალბატონო ნათელა, სპექტაკლისგან სიამოვნებას იღებთ თუ მხოლოდ პროფესიული ნიშნით უყურებთ?

- როცა სცენაზე ვხედავ პროფესიულ გადაწყვეტას, ისეთ სიამოვნებას ვიღებ, ჩემზე ბედნიერი იმწუთას არავინაა. იცით, როგორი შეგრძნება მაქვს?.. თითქოს, სპექტაკლში მეც ვმონაწილეობ. მარჯანიშვილის თეატრში “ჯაყოს ხიზნების” გასინჯვაზე ვიყავით ბატონი მიშა და მე. უდიდესი შთაბეჭდილება დამრჩა. ეს არის სპექტაკლი, სადაც ჩანს წარსული, თანამედროვეობა და მომავლის პერსპექტივა. თემურ ჩხეიძეს უზომოდ ვაფასებ ამის გამო. ერთ ეპიზოდში, ხევისთავი რომ ამბობს, - მასწავლებლად არ წავალ, კოოპერატივი მირჩევნიაო, - პირველად როცა ვნახე, მთელი სხეულით ავკანკალდი... იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს პერსპექტივა, თუ გონს არ მოვეგეთ. ჩვენი მომავალი ხელისგულზე გადაგვიშალა თემურმა. “ჯაყოს ხიზნებს” ყველა უყურებს როგორც თეატრალურ მოვლენას, ჩემთვის კი ეს სპექტაკლი არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის გაერთიანება.

- ახალ წიგნზე არ მუშაობთ?

- ერთი სტატია გამოვაქვეყნე გაზეთში. საერთოდ, ქვეყნის მდგომარეობამ ძალიან შემაწუხა, პრობლემებს ვეხები. ბევრმა დამირეკა და მითხრა, - კარგი სტატიაა, მაგრამ გაზეთს ხომ ყველა არ კითხულობსო!.. თან, იქ მხოლოდ ნაწილი დამიბეჭდეს. მაშინ გადავწყვიტე, რომ სტატია გავაფართოო და ბროშურად გამოვცე. მაგრამ მოხდა ასეთი რამ: თემურ ჩხეიძის გარდაცვალებამ ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ მასზე ვერაფერი დავწერე, ვერ გამოვემშვიდობე. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. ეს ძალიან მაწუხებდა, იქამდე, რომ ერთხელ ნათესავს დავურეკე და ვთხოვე, თემურის საფლავზე წავეყვანე. მეორე დღეს სასაფლაოზე მივედით და თემურს ვუთხარი: არ ინერვიულო, მაინც დავწერ-მეთქი. მოვედი სახლში და იმ ღამეს დავწერე სტატია, რომელიც არ დამიბეჭდეს... ამიტომ წიგნში ორი თემა იქნება: პირველი, რაც უკვე გითხარით, და მეორე - გამომშვიდობება თემურ ჩხეიძესთან.

- გული რაზე გწყდებათ?

- შემინიშნავს - ჩემი გამოსვლა შეუფასებიათ რეჟისორსა და მსახიობებსაც მხოლოდ პირად ურთიერთობაში და არაფერი უთქვამთ ტრიბუნიდან. რასაც ვამბობ, იმათთვის ვამბობ, ჩემთვის ხომ არა!.. სპექტაკლის ანალიზის შემდეგ, რობიკოსაც პირადად უსაუბრია ჩემთან, მაგრამ - არა საჯაროდ. ეს მნიშვნელოვანია, ეს სჭირდება ქართულ თეატრმცოდნეობას - ჩემს სახელსა და გვარს საერთოდ ნუ ახსენებენ. თეატრალურ ინსტიტუტში არსებობდა თუმანიშვილის სკოლა, რომელიც განსხვავებულად ასწავლიდა და პროფესიონალებს ზრდიდა. თუმანიშვილის სამსახიობო სკოლა, ბატონი მიშას მონაპოვარი, ახლებურად გააგრძელა თემურ ჩხეიძემ. მან ძალიან დიდი საქმე გააკეთა. ამის გამო კიდევ უფრო დიდი პატივისცემით ვეპყრობი მას. ასევე სჭირდება მიხედვა თეატრმცოდნეობას. ძალზე მნიშვნელოვანია სპექტაკლის წაკითხვა და თუ ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა არ იცის, როგორ უნდა წაიკითხოს სპექტაკლი, მაშინ ის ვერასოდეს იქნება სათეატრო კრიტიკოსი. ამის სწავლა შეიძლება, სხვა საქმეა, როგორ შეგიძლია ეს ყველაფერი შემოქმედებით მომენტად აქციო.

ნანული ზოტიკიშვილი