რატომ დატოვა “მთავარი არხი” მიშა ცინცაძემ? - გზაპრესი

რატომ დატოვა “მთავარი არხი” მიშა ცინცაძემ?

ახლახან მიშა ცინცაძემ “მთავარი არხის” იუმორისტული ჯგუფი - “ახალი შოუ ფროდაქშენი” დატოვა. ამჟამად ის ბათუმში ოჯახთან ერთად იმყოფება, თუმცა პარალელურად, სოციალურ ქსელში, ჩვეულ ამპლუაში აქტიურობს. ტელევიზიის დატოვების მიზეზსა და სამომავლო გეგმებზე მიშა ცინცაძე გულახდილად გვესაუბრა.

- მიშა, როგორც ვიცი, “ახალი შოუ ფროდაქშენი” დატოვეთ. რატომ?

- ამ ჯგუფში 10 წელი ვიმუშავე. ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ. უბრალოდ, მივიჩნიე, რომ ახლა რაღაც ახალი უნდა დამეწყო, რაღაც შემეცვალა... ვიფიქრე, რომ ამისთვის ჯგუფიდან წამოსვლა საჭირო იყო.

- ჯგუფს, ცოტა არ იყოს, რთული პერიოდი უდგას. გადაცემების დახურვაზე იყო საუბარი... ასეთ დროს კოლეგებმა თქვენი გადაწყვეტილება როგორ მიიღეს?

- რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებას პატივისცემით შეხვდნენ. ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი ჩემთვისაც არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ, მოსასმენად ადვილი მათთვისაც არ იყო, მაგრამ ერთმანეთის აზრებს პატივს ვცემთ. 10 წელია, ერთად მოვდივართ და ყველაფერი ცივილიზებულად, ადამიანურად მიიღეს - ისე, როგორც საჭირო იყო.

- შენი გადაწყვეტილება ჯგუფისთვის რთულ პერიოდს უბრალოდ დაემთხვა თუ გარკვეულწილად, ტელევიზიის დატოვება ამ ფაქტმაც განაპირობა?

- არა. ტელევიზიის დატოვება სიახლისკენ ლტოლვის გამო გადავწყვიტე.

- ახლა რა გეგმები გაქვს? შენი შესაძლებლობების რეალიზებას სად აპირებ?

- “იუთუბ”-გადაცემის გაკეთება მინდა, რაზეც უკვე ვმუშაობ. მსურს, მუსიკალური “იუთუბ”-კონტენტი შევქმნა, რადგან ჯერჯერობით, ბაზარზე ამ ტიპის კონტენტი არაა. მექნება “ტუტორიალებიც” - გიტარის, ახალი ინსტრუმენტების შესასწავლი “იუთუბ”-გაკვეთილები... ჯერჯერობით, სპონსორების მოძიებით ვარ დაკავებული, რადგან მოგეხსენება, ყველაფერს ფული სჭირდება. ასევე, სიმღერებს ვწერ (დაკვეთით ვმუშაობ, როგორც სონგწრიტერ-ი). კიდევ, მე და თემუკა პატარიძემ დუეტი - Oვერლოვერ - გავაკეთეთ, 70-იანი წლების დისკო-ფანკის სტილის სიმღერებს ვწერთ... ჯერჯერობით, 1 კლიპი გვაქვს გადაღებული. 3 სიმღერა მზად გვაქვს. სპონსორებს ვეძებთ, რომ მეორე კლიპის გადაღება დავიწყოთ. დუეტი - “მაიკერუ” (ჩემს ძმასთან კოლაბორაცია) ჩემი ყველაზე საყვარელი და სერიოზული საქმეა, რადგან საინტერესო კონტენტს ვქმნით: რეტრო სიმღერებს თავად ვწერთ და ცოტათი თანამედროვე ჟანრში “ვაკეთებთ”. ძალიან საინტერესო მოსასმენი გამოდის. ცოტა ხანში, მსმენელებს ახალ სიმღერებსაც შევთავაზებთ.

- მიშა, პირველად როდის, რა მიზნით და რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდი?

- მგონი, პირველად “ოდნოკლასნიკებზე” დავრეგისტრირდი, ახლობლების მოძიების, ურთიერთობების, მიწერ-მოწერის მიზნით. შემდეგ, 2009 წელს “ფეისბუკზე” გადავედი. “ფეისბუკის” პირადი გვერდი დღემდე მაქვს. მერე “ინსტაგრამზე” დავრეგისტრირდი. ახლახან “ტიკტოკის” გვერდი გავაკეთე, რომელზეც პატარა “ცინკვესებს” (ეს აბრევიატურაა და “მიშა ცინცაძის იუმორისტულ ნაკვესებს” ნიშნავს - მოკლე, სასაცილო, გადაკეთებული სიმღერებია) ვდებ. მოკლე ხანში უკვე ბლომად (20 ათასამდე) გამომწერი დამიგროვდა. ასევე შევქმენი არხი “იუთუბზე”, რომლის აქტიურად ამუშავებასაც სექტემბრიდან ვაპირებ.

- ადვილად აუღე ალღო, რომ სოციალური ქსელები შენთვის სასარგებლოდ გამოგეყენებინა?

- ამწამს სოციალური ქსელები უკვე ჩემი შემოქმედების გამომზეურების ერთ-ერთი პლატფორმაა, რადგან, რასაც ვაკეთებ, რისი პოტენციალიც მაქვს, “ტელეჩარჩოს” არ სჭირდება. მინდა, ეს პოტენციალი “იუთუბის” საშუალებით გამოვამზეურო და მსმენელს, მაყურებელს გავაცნო. წინათ, სოციალური ქსელები ჩემთვის მხოლოდ კონტაქტის საშუალება იყო, რადგან მოგეხსენება, ყველაფერს დრო სჭირდება - იმასაც, რა საქმესაც ვაკეთებდი და ასევე, რასაც ახლა ვაკეთებ. ამიტომ ორივეს ერთად ვეღარ შევერკინე და როცა არჩევანის საშუალება მომეცა, ჩემთვის შემოქმედებითად უფრო ფართო სპექტრი ავირჩიე.

- თავდაპირველად, “ტიკტოკს” ბევრი არასერიოზულად აღიქვამდა, მაგრამ ახლა “ფეისბუკი” და “ინსტაგრამიც” ამ ფორმატის მორგებას აპირებს. “ტიკტოკის” პლატფორმა შენთვის თავიდანვე საინტერესო იყო და უბრალოდ, მოუცლელობის გამო არ აქტიურობდი თუ ახლა ჩასწვდი, რა ძალა აქვს ამ ქსელს?

- თავდაპირველად, ლოკდაუნის პერიოდში, როცა “ტიკტოკი” უკვე საქართველოშიც გააქტიურდა, ჩემი კონტენტის წარმოება მაშინვე დავიწყე. დაახლოებით 20 ათასამდე “ფოლოვერი” მყავდა. უბრალოდ, შემდეგ გვერდი “დამებლოკა” და წამეშალა. ხელახლა დავრეგისტრირდი, თორემ ამ პლატფორმაზე მაშინაც კარგად ვიყავი.

- “დაბლოკვის” მიზეზი რა იყო?

- ტელეფონი ჩემმა შვილმა ჩაიგდო ხელში, დღეში 50 ვიდეო გადაიღო და “ტიკტოკზე” გამოაქვეყნა. ამის გამო “დამიბლოკეს”. ვეღარ აღვადგინე. გვერდის თავიდან გაკეთება იყო საჭირო. თან, პარალელურად, ტელევიზიაში ვმუშაობდი. გული ვეღარ დავუდე, მაგრამ ახლა უკვე აქტიურობა დავიწყე...

- შენი ერთ-ერთი პოპულარული “ცინკვესის” ტექსტის მიხედვით, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მხოლოდ 27 “ფოლოვერის” შეგროვება “შეძელი”. რეალურად, დიდი ძალისხმევა დაგჭირდა, რომ 20 ათასზე მეტი ადამიანი შემოგეკრიბა?

- არა. ძირითადად, ჩემი სიამოვნებისთვის ვმუშაობ. “ტიკტოკზე” უკვე კონკრეტულად, “ცინკვესების” კონტენტი გავაკეთე, რადგან ხალხს უყვარს, მოსწონს, “ალაიქებს”, ხშირად “ადუეტებს”... ამიტომ გადავწყვიტე, ამ ეტაპზე, “ტიკტოკი” ძირითადად “ცინკვესებით” დავტვირო, შესაბამისად, რთული არ ყოფილა. პლუს, ადამიანს ცნობადობა გეხმარება: როცა ცნობილი სახე ხარ, ზოგჯერ “ფოლოვერები” უფრო სწრაფად გემატება.

- ჯერ კიდევ “ვანოს შოუში” მონაწილეობისას ხუმრობდი, რომ მილიარდამდე “ცინკვესი” გქონდა შექმნილი. რეალურად, რამდენი გაქვს და რა ინტერვალებით ქმნი?

- 8 წელი მაინცაა, რაც “ცინკვესებს” ვაკეთებ. რაოდენობა მართლა არ დამითვლია. თუ პოლიტიკურებსაც ჩავთვლით, ძალიან ბევრი გამოდის. უბრალოდ, ვცდილობ, ძველი “ცინკვესები” არ ჩავწერო, ახლებზე ვიმუშაო, რადგან ახალი ყოველთვის უფრო საინტერესოა. შეიძლება 1-2 ძველი “ცინკვესი” შევურიო ხოლმე, რომელიც ხალხს ყველაზე მეტად მოსწონს.

- გეგმავ, როდის რამდენი ვიდეო გადაიღო, გამოაქვეყნო?..

- არა, არა, როგორც “მოვა”, ისე ვაკეთებ. 2-3 დღეში ერთ “ცინკვესს” ვქმნი, მაგრამ იყო პერიოდი, როცა გადაცემისთვის 10-15-ს ვაკეთებდით, ხანდახან 20-საც ვწერდით. მათგან 10 ისეთს ვარჩევდით, რომელიც გადაცემაში უნდა გასულიყო, მაგრამ ამაზე 4 კაცი ვმუშაობდით...

- უარყოფით კომენტარებს როგორ ხვდები?

- ეს ძალიან იშვიათია. შეიძლება, 1-2 გამოერიოს და ეგეც იცი, როგორი? კომენტარის ავტორის გვერდს რომ ნახავ, 0 გამომწერი ჰყავს და არც ერთი ვიდეო არ უდევს. ცხადია, ქსელში იმისთვის დაძვრება, რომ ვიღაცები ლანძღოს.

- “ტიკტოკი” პოპულარობისთვის გჭირდება თუ ფინანსური სარგებლისთვისაც?

- ამ ეტაპზე, “ტიკტოკი” ჩემთვის “ცინკვესების” მაყურებლამდე მიტანის საშუალებაა, რადგან “ცინკვესი” ისეთი სპეციფიკურია (რამდენიმეწამიანია), რომ “იუთუბზე” ვერ განათავსებ.

- ყველა ქსელის მობილიზებაში, მართვაში ვინმე გეხმარება?

- რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე - ნათია მეხმარება. სოციალური ქსელების მართვა ძალიან კარგად იცის - ამ განხრით მუშაობს, წინათაც უმუშავია და ბევრი რამ ესმის, რჩევებს მაძლევს... მოკლედ, ერთად ვმართვათ. ეს ორივესთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ვცდილობთ, ჩვენი პირადი საქმე შემოსავლის წყაროდ გადავაქციოთ.

- სოციალური ქსელების მომხმარებლებთან, ვინც შენი მაყურებელი და მსმენელია, როგორი დამოკიდებულება გაქვს, მათ შეტყობინებებს პასუხობ?

- მათ მიმართ ძალიან გულთბილი დამოკიდებულება მაქვს. ისინი მიყვარს და პატივს ვცემ. წლების განმავლობაში შევიძინე ეს მაყურებლები და მსმენელები, რომლებსაც ჩემი შემოქმედება ძალიან უყვართ. ამიტომ როგორ პატივსაც მცემენ, ვცდილობ, მათ ორმაგი პატივისცემით მოვეპყრო, რადგან ყველაფერს მათთვის ვაკეთებ. ისინი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანები არიან. მაქსიმალურად ვცდილობ, უყურადღებოდ არავინ დამრჩეს. რა თქმა უნდა, ხანდახან არის შემთხვევები, როცა ადამიანს რამდენიმე კომენტარი ან პირადი შეტყობინება გამოეპარება, მაგრამ ვცდილობ, უპასუხოდ არავინ დამრჩეს.

b2a0852-1661760503.jpg

- რომელიმე ქსელში ვინმე “დაგიბლოკავს”?

- “ლაივში” უცენზურო კომენტარები რთულად იფილტრება. ამიტომ როდესაც “ლაივში” გავდივარ, როგორც კი რამე უცენზურო კომენტარს შევამჩნევ, ყველანაირი პასუხის გარეშე, ავტორს ურეაქციოდ “ვბლოკავ”.

- მიშა, ვიდრე შენი საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელებას გადაწყვეტდი, ცოტათი ხომ არ შეგეშინდა - რა იქნებოდა მომავალში?

- რა თქმა უნდა, ამ შიშის გარეშე ეს ამბავი არ იქნებოდა. ყველაფერი ახალი და ჯერ შეუცნობელი ცოტაოდენ შიშს ბადებს, მაგრამ ერთგვარ აზარტსაც მაძლევს - მსიამოვნებს კიდეც, რადგან დიდი ხანია, ერთი და იმავეს ვაკეთებდი და ეს შეგრძნება ცოტათი მიმავიწყდა კიდეც. ყველაზე დიდხანს იუმორისტულ სფეროში ვიმუშავე, რადგან ყველაზე კომფორტულად აქ ვიგრძენი თავი: 10 წელი ერთი და იმავე სამსახურში წინათ არასოდეს მიმუშავია. 2-3-წლიანი მუშაობის შემდეგ, ყოველთვის ახალ საქმეს ვიწყებდი. კი, იუმორის სფერო ძალიან მიყვარს, დღემდე ჩემი უსაყვარლესი საქმიანობაა. უბრალოდ, მართლა რაღაც ცოტა სიახლე მომინდა...

ეთო ყორღანაშვილი