დღემდე უცნობი ფაქტებიცნობილი შაირების ავტორზე - გზაპრესი

დღემდე უცნობი ფაქტებიცნობილი შაირების ავტორზე

“ნალიაზე მე ვერ ავალ”; “წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა”; “გოგოვ, გოგოვ კისკისა”; “მაღლა-მაღლა ქორი ფრინავს”; “მკლავზე ღილი, მერჯანიო”; “წუხელი სიზმარში გნახე”; “მე რომ გოგო მინდოდა”; “გოგოვ, შენი წელი წმინდა”; “წვიმა წვიმს და ნამი არა”; “ეგერ მაღლა წყარო მოდის”; “გაღმა ქათამი გავდენე”; “შევარდენი გადმოფრინდა აბრეშუმის ბუდიდანა”; “ყველა ხე რომ აყვავილდა”; “ერთი ცალი ვაშლი მქონდა”; “ნიგაზევლის სერებო, იბრეთი გჭირთ, ბერებო”; “შენი სული, ჩემი სული”... ავტორი - ყაჭო - შაქირ ზოსიძე (1893-1968).

“მე თუ მკითხავთ, ეს კაცი საქართველოში უპირველესი მოშაირე, მთქმელი და მოლექსეა... კაცი, რომელიც ლექს-შაირით ცხოვრობდა და შაირობისას მოკვდა, ანუ, აჭარულ დიალექტზე რომ ვთქვათ, დაიხარჯა...

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სტრიქონი და კიდევ ასეულობით ამისთანა, ან მისია, ან თვითონაა უპირველესი შემნახავ-გადამრჩენი...

შაირობით ირჩენდა თავს ყაჭო. მსმენელს რომ მიეტოვებინა, ლექსს სიტყვას არ მოაკლებდა, ალალი ლუკმა არ იქნებაო... ლექსობდა და რიტმულად უტოკავდა ფეხები, მუხლები, ხელები, მხრები, მთელი სხეული...

გახარებული ვარ, გუშინ ყაჭოს საფლავს მივაკვლიე. ამ ეტაპზე როგორც შევძელი, მიმოვასუფთავე იქაურობა, გამოვაჩინე, უფრო შესამჩნევი გავხადე...

ვისაც საფლავის კეთილმოწყობის სურვილი გაგიჩნდებათ, შემეხმიანეთ, ყაჭოს სული გაიხარებს... მოვალენიც ვართ!..” - სოციალურ ქსელში ამ პოსტის ავტორი ფილოლოგი, პროფესორი, მწერალი ნიაზ ზოსიძე გახლავთ. ბატონ ნიაზს დავუკავშირდი და ვთხოვე, შაქირ ზოსიძის შესახებ უფრო მეტი მოეთხრო.

- ბატონო ნიაზ, ბევრმა ადამიანმა ამ სიმღერებზე იცის, რომ ხალხურია, ნამდვილი ავტორის ვინაობა ცნობილი არ იყო...

- პირველ რიგში - მადლობა, ამ თემით პირველი რომ დაინტერესდით. თქვენ შემდეგ ბევრი ჟურნალისტი და ტელევიზია დამიკავშირდა და ყველას ვუთხარი, რომ დაგპირდი, ყაჭოს შესახებ პირველად თქვენთან უნდა მესაუბრა.

- მადლობა თქვენ! რა შეგიძლიათ შაქირ ზოსიძის შესახებ მიამბოთ?

- შაქირ ზოსიძე დაიბადა 1893 წელს და გარდაიცვალა 1968 წელს. ის შუახევში, სოფელ ჯაბნიძეებში ცხოვრობდა. მეტსახელი “ყაჭო” აბრეშუმის ჭიასთან იყო დაკავშირებული. მოგეხსენებათ, წლების წინ სოფლებში აბრეშუმის ჭია გამოჰყავდათ, ჭიის კვერცხების გამოჩეკას, რასაც თან დიდი სიხარული ახლდა, “აყაჭებას” ეძახდნენ. “ყაჭოს” უწოდებდნენ იმიტომ, რომ მისი გამოჩენაც ყველგან დიდ სიხარულს იწვევდა. ეს ადამიანი ბავშვობიდან დიდ სიღარიბეში ცხოვრობდა. პატარა შაქირი ჯერ მუსლიმურ მედრესეში სწავლობდა, შემდეგ აითვალწუნა ეს ყველაფერი და მწყემსად წავიდა. სწორედ ამ დროს, მწყემსობაში გამოავლინა შაირობის ნიჭი. ცნობილი სიმღერების უმრავლესობა მისი შეთხზულია, ნაწილი კი - მისი შემონახული და დავიწყებას გადარჩენილი. ის დადიოდა ხულოს, შუახევისა და ქედის ყველა სოფელში, ხალხი ელოდებოდა, რაღაც ახალ ლექსს მიიტანდა და ამ ადამიანის ყოველი გამოჩენისას, ძალიან მხიარულობდნენ. მისი შაირები ძირითადად სატრფიალო ჟანრისაა. ამბობენ, ძალიან სიტყვამოსწრებული კაცი იყოო. ჯოხით ხელში დადიოდა სოფელ-სოფელ და თავს ლექსების თქმით ირჩენდა.

- ეს როგორი ფორმით ხდებოდა?

- როდესაც სოფელში მიდიოდა, ბუნებრივია, მოსახლეობამ უკვე იცოდა, ვინ იყო ეს ადამიანი. შაქირს თავისი ლექსებისთვის ფასი ჰქონდა დადებული. სკოლის ეზოში გამოაცხადებდა, - დღეს ახალი ლექსები მოვიტანეო, - და მის ფასსაც ასახელებდა.

- ცნობილია თუ არა, ეს “ფასი” რამდენი იყო?

- სხვადასხვა შაირს სხვადასხვა ფასი ჰქონდა: 1, 2, 3 მანეთი. ზოგიერთს ეცოდებოდა და ზედმეტს შეაძლევდა, მაგრამ ამას უკვე შეურაცხყოფად იღებდა: ჩემთვის ალალი არ იქნებაო... თურმე, როცა სკოლის ეზოში ლექსს ამბობდა, ზარი დაირეკებოდა და ბავშვები საკლასო ოთახებისკენ გარბოდნენ, ის დაწყებულ სტრიქონს მაინც ამთავრებდა: ისე ეს ლუკმა არ შემერგება, ჩემთვის ალალი არ იქნებაო... მისი გამოჩენა ყველგან ზეიმი იყო. ბავშვებს ძალიან უყვარდათ, მის შაირებს იწერდნენ, იზეპირებდნენ. დღესაც ცხოვრობენ ადამიანები, ყაჭო რომ ახსოვთ და ამ ყველაფერს ადასტურებენ. ლექსის თქმის დროს ისეთ აზარტში შედიოდა, ფეხებს, ხელებს, მხრებს რიტმულად ააყოლებდაო.

- გამოდის, რომ ერთი მსახიობის თეატრი ჰქონდა.

- დიახ, ასე გამოდის. ამიტომ ენათმეცნიერებაში, იმ წრეებში, ვინც ხალხური ფოლკლორი კარგად იცის, არ დაობენ, რომ ცალფა შაირებში შაქირ ზოსიძეს ბადალი არ ჰყავდა. “მე რომ გოგო მინდოდა, მინდორ-მინდორ მივიდოდა” ყაჭოსია, შემდეგ ეს სიტყვები ზურაბ გორგილაძემ თავის ლექსში გამოიყენა.

- ეს ყველაფერი გადმოცემით და ზეპირსიტყვიერებით დასტურდება თუ ბეჭდური ვერსიაც არსებობს?

- ანთოლოგიაში მისი ბიოგრაფია და ყველა მისი სტრიქონია შესული. ყაჭოს ერთი ძველი ფოტო იყო შემორჩენილი, შემდეგ იმ ფოტოს მიხედვით მე დავახატვინე.

- თქვენ ამ პიროვნების შესახებ პირველად როდის გაიგეთ?

- თბილისში ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლა რომ დავიწყე, ლექციებს აკაკი გაწერელია მიკითხავდა. ეს ადამიანი საზღვარგარეთის ლიტერატურის ყველაზე კარგი მცოდნე, მსოფლიო დონის მეცნიერი, ზვიად გამსახურდიას ნათლია იყო. კითხვა ყოველთვის მიყვარდა, საზღვარგარეთის ლიტერატურა თითქმის წაკითხული მქონდა. ერთ დღეს ბატონმა აკაკიმ მითხრა, ამდენ რამეს რომ კითხულობ, ყაჭო იცი, ვინ არისო? - არ ვიცი-მეთქი. - ეს ადამიანი იყო საოცრება, მისი მსგავსი ლექსები არავის არა აქვსო. რა თქმა უნდა, დავინტერესდი, მით უმეტეს, ერთი გვარი გვქონდა. მის შესახებ ინფორმაციის მოძიება დავიწყე და იმდენი შევძელი, რომ მის საფლავსაც კი მივაკვლიე.

- ოჯახი არ ჰყავდა?

- არა. ჩემი სოფელი არის ჯაბნიძეები, უბანს ქაშუეთი ჰქვია. ყაჭოს საფლავის სავარაუდო ადგილი იქ მცხოვრები ხანდაზმულებისგან გავიგე. იქაურობა ტყედ იყო ქცეული. შევედით, გავასუფთავეთ და გაწმენდის შემდეგ ვიპოვეთ ქვა. უხუცესებმა დამიდასტურეს, რომ მისი საფლავი იყო. ერთმა კაცმა გაიხსენა, ზუსტად ამ ადგილზე ვიდექი, როცა ყაჭოს საფლავს თხრიდნენო. სხვათა შორის, ამ საფლავს პირველი მნახველები უკვე ჰყავდა.

- საფლავის აღდგენასა და ამ ადამიანის სათანადოდ წარმოჩენაზე პირველ რიგში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. ვინმე გამოგეხმაურათ?

- გამოხმაურება ძალიან დიდია, ყველა ამბობს, რომ ეს საქმე გასაკეთებელია. არქეოლოგიური გათხრებიც ჩატარდა, ნაეკლესიარიც აღმოაჩინეს. სწორედ ამ ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრშია ყაჭოს საფლავი. ძალიან ბევრი კერძო პირი, ბიზნესის წარმომადგენელი შემომეხმიანა და გამოთქვეს სურვილი, აღდგენის პროცესში ჩაერთონ. ამ საქმეს თავად ჩავუდგები სათავეში და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.

- მისი რომელიმე შაირის ისტორია თუ იცით, რა ედო საფუძვლად, როგორ თხზავდა ამ შაირებს, სოფლის უხუცესებისგან გადმოცემით რა არის ცნობილი?

- მის შესახებ საინტერესო ამბები სხვადასხვა სოფელშია გაბნეული. მაგალითად, “წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია” როგორ “დაიბადა”: ერთ-ერთ სოფელში ყაჭო ხალხთან შეხვედრაზე ყოფილა და ძლიერი წვიმა წამოსულა, მაშინ უთქვამს “წვიმა წვიმს, ნამი არაო”. შეეკითხნენ, - წვიმა თუ არის, ნამი როგორ არ გეცემაო? - ისე ვარ შეყვარებული, ჩემი სიცხისგან წვიმა ჰაერში შრებაო. “წვიმა წვიმს და ნამი არა, თეთრ კაბაში გამიარა,/ შენი სევდა, სიყვარული/ კაკალ გულში გამიარა”. სოფელ ნიგაზეულში რომ გასულა, იქ უთქვამს შაირი - “ახალგაზრდებს რა უნდა უთხრა, ბებრებია ატეხილი”. “ნიგაზეულის სერებო, იბრეთი გჭირთ ბერებო”.

- იბრეთი რა არის?

- ახუნტრუცებული ხართ, ახალგაზრდულად ტოკავთ და არ გიხდებათო.

- “ნალიაზე მე ვერ ავალ” და სხვა ცნობილი შაირები როგორ შეიქმნა, ან ცნობილი თუ არის, ამ სატრფიალო შაირებს ვის უწერდა?

- კონკრეტულად პიროვნება არ არის ცნობილი. რადგან ყაჭოს სულ სატრფიალო ლირიკა ჰქონდა, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქალების მიმართ მწყრალად არ იქნებოდა. სხვათა შორის, ამბობდნენ, ძალიან მორიდებული იყოო. ქალს ვინმე უხეშად თუ დაელაპარაკებოდა, ბრაზობდა; ქმარს ცოლზე ხმა რომ აემაღლებინა, იმ კაცს ჯოხით ემუქრებოდაო.

qacho-copy-1661761302.jpg

- მის აღსასრულზე რა არის ცნობილი?

- ჩვენი სოფლიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული სოფელი ცინარეთი. ყაჭო სწორედ ამ სოფელში, შაირების თქმის დროს გარდაცვლილა.

- რას ამბობთ?!

- საოცრებაა. ცოტა ხნით იქვე, იმავე სოფელში დაუსვენებიათ, შემდეგ ჯაბნიძეებიდან ხალხი გასულა და გადმოუსვენებიათ... სოფლის ცენტრში იდგა, მხრებს აყოლებდა და მღეროდა. “წუხელი სიზმარში გნახე, წარბი მაღლა აგეყარა, ფანჯარაზე მომდგარიყავ, ნამწნები გადმოგეყარა”... ამ შაირის დაბოლოება ვეღარ მოასწრო, სული განუტევაო.

- აჭარაში, თქვენს სოფელში მოშაირეები კიდევ არიან შემორჩენილნი?

- ნაკლებად, მაგრამ ჩემი სოფლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იქ ცხოვრობს როლანდ ივანაძე, რომელიც 80 წელს უახლოვდება. “განდაგანას” სხვადასხვა ვარიანტი არსებობს და ყველა მათგანი სწორედ ამ ადამიანის დამუშავებულია. შარშან ქორეოგრაფიულმა საზოგადოებამ მიიწვია თბილისში, შეხვედრას ყველა ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი ესწრებოდა. მათ 7 სახეობის “განდაგანას” შექმნის ისტორია უამბო. როლანდ ივანაძესთან ილიკო სუხიშვილიც თანამშრომლობდა.

თამუნა კვინიკაძე