მსახიობობიდან ტელეფონის ხელოსნობამდე - გზაპრესი

მსახიობობიდან ტელეფონის ხელოსნობამდე

30 წლის თამუნა მამუჩიშვილს სოციალურ სივრცეში კარგად იცნობენ - დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო სახალისო ვიდეოების გადაღება და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, საჯაროდაც დაედო ეს ვიდეოები. ვერ წარმოიდგენდა, თუ ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა და ხალხის სიყვარულს მოიხვეჭდა. პროფესიით მსახიობია, მაგრამ ამჟამად მობილური ტელეფონების ტექნიკოსად მუშაობს. ცხოვრობს თბილისში ოჯახთან ერთად, დანარჩენს თავად მოგვიყვება.

- ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე. ინსპირაცია ქართული ფილმები და სპექტაკლები იყო, უზომოდ მიყვარდა და ჩემს თავს ყოველთვის მსახიობების ადგილას წარმოვიდგენდი ხოლმე. ბევრ სხვა პროფესიაზე მიფიქრია, მაგრამ მაინც ბავშვობის ოცნების ახდენა ვამჯობინე. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დავანებე თავი, ბევრმა მიზეზმა მოიყარა თავი და საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ შევეშვი ამ სფეროს, რაზეც ძალიან მწყდება გული. ალბათ ასე იყო საჭირო. არ ვნანობ, რომ ეს პროფესია ავირჩიე, რადგან ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება და ემოცია დამიტოვა იმ წლებმა.

- ვიდეოების გადაღება რატომ დაიწყეთ?

- ვიდეოების გადაღება დავიწყე მაშინ, როცა პირველად გამოცხადდა კარანტინი “კოვიდის” გამო. შინ ვიჯექი, როგორც ყველა და სწორედ მაშინ გავიგე “ტიკტოკის” შესახებ. თავდაპირველად მხოლოდ ჩემთვის ვიღებდი ვიდეოებს, ახლო მეგობრებს თუ გავუგზავნიდი, ერთად ვხუმრობდით. მაშინ არც მიფიქრია, თუ ოდესმე სოციალურ ქსელში დავდებდი. ვფიქრობდი, არავის დააინტერესებდა ჩემი „ცანცარობა“, რადგან იმ პერიოდში ბევრი იღებდა მსგავს ვიდეოს. ოჯახის წევრები და მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ, დადე შენც, ხალხი გაერთობაო. საბოლოოდ, „შეძახილმა ხე გაახმოო“, მეც ასე დამემართა და დავდე. არც მიფიქრია, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა.

- გასახმოვანებელი ვიდეოების თემატიკას რის მიხედვით არჩევთ?

- თემატიკას ვარჩევ იმის მიხედვით, თუ რამდენად სახალისო იქნება პერსონაჟი, რომელსაც ვქმნი, მთავარია, ცენზურა იყოს დაცული. გამიხარდა, რომ ვიდეოებს თავიდანვე დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. ახალ-ახალ ვიდეოს მთხოვდნენ, საოცარ სითბოს გამოხატავდნენ და მეც მეტი ხალისი მომეცა, რომ გამეგრძელებინა. ვიფიქრე, ამდენი ნეგატიური ინფორმაციით დაღლილი ხალხის ცოტათი გამხიარულებას მაინც თუ შევძლებ, რატომაც არა-მეთქი და აქტიურად გავაგრძელე ვიდეოების ატვირთვა. გამომწერებში მგონი, ყველა კატეგორიის ხალხი მყავს. რა თქმა უნდა, მათი სითბო და დადებითი ემოციები დიდი სტიმული და უზომოდ სასიამოვნოა.

- რაც შეეხება თქვენს ახალ საქმიანობას - ტელეფონების ხელოსანი ხართ, ალბათ ერთადერთი ხელოსანი ქალიც საქართველოში.

- ჩემმა ახლობელმა გახსნა სერვისი და იქ დროებით სამუშაოდ მივედი. რა თქმა უნდა, მიზნად არ მქონდა, ტელეფონის ხელოსანი გავმხდარიყავი. ადმინისტრატორად ვმუშაობდი, მაგრამ ხელოსნებს ხშირად ვუყურებდი და რატომღაც ძალიან მომეწონა, დამაინტერესა. ვხუმრობდით, რომ მეც უნდა დამეწყო ხელოსნობა. ამ ხუმრობა-ხუმრობაში ნელ-ნელა ვისწავლე და მომეწონა ეს საქმე. საბაზისო ცოდნა საკმაოდ მალე მივიღე, დაახლოებით ერთ თვეში და მერე პრაქტიკაში ვისწავლე. ჩემმა ბიძაშვილმა, ირაკლიმ მასწავლა ბევრი რამ. ის საკმაოდ ცნობილია ამ სფეროში. ითვლება, რომ მამაკაცებს უფრო ეხერხებათ მსგავსი საქმეები. ეს სტერეოტიპი იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ მხოლოდ ისინი მუშაობენ ამ სფეროში, თორემ ქალებსაც გვეხერხება და კარგადაც გამოგვდის ნებისმიერი საქმის კეთება, რა თქმა უნდა - თუ მოვინდომებთ.

301300249-643551356935842-5336567935191795905-n-1662365077.jpg

- კლიენტებს ალბათ უკვირდათ თქვენი იქ დანახვა...

- თავიდან უკვირდათ და სანამ არ დავიწყებდი ტელეფონის დაშლას, არ სჯეროდათ, რომ ნამდვილად მე ვაკეთებდი... უკვე სამი წელია, ხელოსანი ვარ და ნელ-ნელა მიეჩვია ხალხიც, თუმცა მაინც არიან ისეთები, ვისაც უკვირს. ჩემი ოჯახისგან ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას და არც ეს გადაწყვეტილება ყოფილა გამონაკლისი, პირიქით - გაუხარდათ.

- კიდევ რამე გატაცება თუ გაქვთ, განსხვავებული და უჩვეულო?

- სიმართლე გითხრათ, ერთი ამოჩემებული გატაცება არ მაქვს, ბევრი რამის კეთება მომწონს. მაგალითად, ძალიან მიყვარს ახალი ადგილების დათვალიერება. როდესაც დრო მაქვს, ვცდილობ, გავიდე ქალაქგარეთ და მოვინახულო ჩემთვის უცნობი ადგილები. მეგობრებთან ყოფნა მიყვარს, ცურვა, კითხვა, ფილმების ყურება, თეატრში სიარული და ა.შ. მსახიობობას რაც შეეხება, ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ არ გავაგრძელებ.

ნინო ჯავახიშვილი