“ნეტავ, დაგვარეპორტონ, რომ ჩვენს სახლში წავიდეთო” - გზაპრესი

“ნეტავ, დაგვარეპორტონ, რომ ჩვენს სახლში წავიდეთო”

საბა ჯავახიშვილის წარმატებამ მხოლოდ მისი ოჯახი და ახლობლები კი არა, საფრანგეთში მცხოვრები ქართველებიც ძალიან გაახარა. მისი წარმატებების შესახებ თავად საბა და მისი დედა, შორენა ლომაშვილი გვესაუბრა.

შორენა ლომაშვილი:

- 6 წელია საფრანგეთში ვცხოვრობთ. უფროსი გოგო 11 წლის იყო, რომ ჩამოვედით, საბა - 8-ის, ნაბოლარა გოგონა კი წლისა და 9 თვის. მანამდე კახეთში, სოფელ ვაზისუბანში ვცხოვრობდით. გადავწყვიტეთ, რომ ბავშვების მომავლისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ემიგრაციაში წამოვიდოდით. ჯერ კიდევ არალეგალები ვართ, თუმცა ეს პრობლემაც მალე მოგვარდება - როდესაც 6 წლის განმავლობაში ტერიტორია არ დაგიტოვებია, არ გაქვს არანაირი დარღვევა, ბავშვები მუდმივად დადიან სკოლაში, პრეფექტურაში გზავნი დოსიეს და დადებითი პასუხის შემთხვევაში გაძლევენ საბუთს, ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება ლეგალურად ცხოვრებაც და მუშაობაც.

თავიდან, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდა უცხო გარემოსთან და ხალხთან შეგუება, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიეთ. ახლა რომ ვფიქრობ, რამხელა სტრესი იყო ეს ბავშვებისთვის, არ იცოდნენ ენა, არ იცოდნენ გზა, არავის იცნობდნენ, მაგრამ ადაპტაციის პროცესი აქაურებმა გაგვიადვილეს, ძალიან კარგი და თბილი ადამიანები არიან ფრანგები. ბავშვები ერთ წელიწადში უკვე კარგად საუბრობდნენ ფრანგულად. უფროსი შვილი 18 წლის ხდება, ლიცეუმში სწავლობს, შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარებს, დიზაინი აინტერესებს. საბა კოლეჯს დაამთავრებს და მერე ლიცეუმში გადავა. აქ არ მაქვს იმის შიში, რომ უნივერსიტეტს დაამთავრებენ და სამსახურს ვერ იშოვიან, მაგრამ რაც უნდა იყოს, ჩვენს სამშობლოს მაინც არაფერი სჯობს.

აქ ყველაზე მეტად გამიკვირდა და მომეწონა, როდესაც დავინახე, 80 წლის მოხუცები ხელჩაკიდებულები რომ დადიოდნენ. ფრანგები ზრუნავენ მშობლებზე, ოჯახის წევრებზე, ღიმილიანი ხალხია. ქუჩაში, გიცნობენ თუ არა, ისე გესალმებიან, სიცოცხლის ხალისი გემატება. დაუზარელი ხალხია. სიამოვნებთ, ვინმე მათ მშობლიურ ენას რომ სწავლობს და ყველანაირად გეხმარებიან. ერთი წყვილი ჩემთან ყოველ კვირა დღეს მოდის და მასწავლის ფრანგულს, რა თქმა უნდა, უფასოდ.

- ახლა საბას შესახებ მომიყევით. როდის დაინტერესდა ჭიდაობით და რა წარმატებები აქვს?

- 6 წლის იყო, ჭიდაობაზე რომ მივიყვანეთ. აქ როგორც კი ჩამოვედით, მაშინვე შევიყვანეთ და უკვე 45 მედალი აქვს. ჩვენ ვეკუთვნით ნორმანდიის რეგიონს, ქალაქს ჰქვია კონი და მხოლოდ ამ რეგიონის გამარჯვებული შვიდჯერ გახდა, საფრანგეთის ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს დიდი წარმატება იყო საბასთვის 14 წლის ასაკში. ახლა სპორტულ კოლეჯში სწავლობს.

281255494-1397922467299457-1999569926717529535-n-copy-1662365249.jpg

საბა ჯავახიშვილი:

- მეზობლის ბიჭი დადიოდა ჭიდაობაზე, ჩემზე უფროსი იყო. მეც მომინდა და აქტიურად დავიწყე ვარჯიში. მინდა, ლაშა ბექაურის მსგავსად შევძლო ჭიდაობა და მისნაირად წარმატებული ვიყო. ახლა არდადეგები გვაქვს, მაგრამ მაინც, ყოველ დილას ადრე ვდგები და სავარჯიშოდ მივდივარ. საღამოობითაც ვვარჯიშობ. სკოლის პერიოდში დილის 8-ის ნახევრიდან საღამოს 9-ის ნახევრამდე დაკავებული ვარ, 4-ზე მიმთავრდება სწავლა და მერე სპორტულ დარბაზში ვარ. დიდი შრომა სჭირდება წარმატებას, ფიზიკური ძალაც აუცილებელია, მოხერხებაც, ტექნიკაც - ყველაფერი ერთად. სამომავლოდ პოლიციის აკადემიაში მინდა ჩაბარება, მომწონს პოლიციელობა.

შორენა ლომაშვილი:

- უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ საბას წარმატებების გამო. შეჯიბრებებიდან სულ გამარჯვებული ბრუნდება და მივეჩვიეთ მის პირველობას. ვიდრე ჩემი მამამთილი ცოცხალი იყო, პირველ რიგში, მას მიახარებდა ხოლმე, - პაპა, პირველი ადგილი ავიღეო. მან კი ერთხელ სიცილით უთხრა: ასე ძალიანაც ნუ გვანებივრებ, ერთხელ მაინც მოდი და თქვი, მეორე ან მესამე ადგილი ავიღეო.

საფრანგეთის ჩემპიონატი სხვა ქალაქში ჩატარდა, ყველას არ ჰქონდა ამ ჩემპიონატზე გასვლის უფლება, რაღაც ეტაპები უნდა გქონდეს გავლილი. დამირეკა და მახარა: დედა, ბრინჯაო ავიღეო. კი ვუთხარი, რატომ ოქრო არა-მეთქი? მაგრამ დავფიქრდი, რამხელა წარმატებას მიაღწია ასეთმა პატარამ და გამიხარდა. მართლაც, უსაზღვროა შვილის წინსვლითა და წარმატებით გამოწვეული სიხარული. ამაზე დიდი ბედნიერება დედისთვის რა უნდა იყოს? ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ, როდესაც მის გამოსვლას ვესწრები. ტრენერს უთქვამს, ეს გამარჯვება ძალიან დაგეხმარება საბუთის აღებაში, რადგან ჩვენ გვინდა, სექტემბრიდან სხვა ქვეყნებშიც გაგიყვანოთო. პასპორტი რომ არ აქვს, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.

- საბა, საქართველო თუ გახსოვს და გენატრება?

- როგორ არ მახსოვს, მეზობლები, მეგობრები, რა ვიცი, ყველა მენატრება. საბუთების აღებას ველოდებით და მერე წავალთ საქართველოში, სადაც აუცილებლად უნდა დავბრუნდე. იქნებ მომავალ ზაფხულს მაინც ჩამოვიდეთ.

შორენა ლომაშვილი:

- ჩვენი სამივე შვილი ლაპარაკობს ქართულად, უმცროსი გოგონაც კი, რომელიც აქ ჩამოსვლისას ძალიან პატარა იყო. წერა-კითხვა აქ ვასწავლეთ. ბევრი ქართველი ამაყობს, მათმა შვილმა მშობლიური ენა რომ არ იცის და სამაგიეროდ, უცხო ენაზე საუბრობს კარგად. ჩემი მული საქართველოში რომ მიდის, წიგნებს ვაბარებთ. მინდა, ბევრი იკითხონ და საქართველოში რომ დაბრუნდებიან, ქართული იცოდნენ. როდესაც და-ძმები ერთმანეთში ფრანგულად ლაპარაკობენ, ჩემი მეუღლე ჩხუბობს, - სახლში მხოლოდ ქართულად ისაუბრეთო. ვფიქრობ, ეს არის პატრიოტობა და საკუთარი სამშობლოს სიყვარული, არასდროს დაგავიწყდეს შენი ენა. აი, ნახეთ, ერთ მთლიან კედელზე საქართველოს დროშა გააკრეს, ესეც მამიდამ ჩამოუტანა ბავშვებს, საბამ დააბარა. ხშირად ნატრობს: ნეტავ, დაგვარეპორტონ, რომ ჩვენს სახლში წავიდეთო. ოცნებობს, რომ ასახელოს საქართველო და ქართველები, ამისი დიდი სურვილიც აქვს და მონდომებაც.

ნინო ჯავახიშვილი