გიორგი მღებრიშვილის ამერიკული ოცნება და ქართველი შეფის ხინკალი ამერიკაში - გზაპრესი

გიორგი მღებრიშვილის ამერიკული ოცნება და ქართველი შეფის ხინკალი ამერიკაში

ცნობილია, რომ ჩვენი წინაპრები ხინკალს უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ამზადებდნენ. მისი გამოგონება მიეწერება როგორც მოხევეებს, ასევე ფშაველებს, მთiულებსა და ხევსურებს. წინათ ხინკალი უმთავრესად მსხვილად დაკეპილი ან გატარებული ხორცით მზადდებოდა, თუმცა, ჩვენს თანამედროვეობაში არა მხოლოდ „უფერო“, არამედ სხვადასხვა შეფერილობის „ცომის ტომარა“ მრავალფეროვანი შიგთავსით შეივსო და მოხარშული თუ გაფიცხებული ხინკალი ბევრისთვის საყვარელ კერძთა ნუსხაშია.

გიორგი მღებრიშვილი ამერიკაში ახლახან ჩავიდა, როგორც ამბობს, ოცნების ასასრულებლად. საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის რესტორნებში მზარეულად მუშაობის 7-წლიანი გამოცდილების შემდეგ, გადაწყვიტა, მისთვის საყვარელი საქმე ნიუ-იორკში ბიზნესად ექცია და ყველაფერი ნულიდან დაეწყო. ამ ეტაპზე გიორგი ყველა მსურველს რამდენიმე სახეობის ხინკალს სთავაზობს და თითოეულს ხელით ახვევს. აღნიშნული კერძის რამდენიმე ვარიაციამ მოკლე ხანში მიიქცია ყურადღება (იმ დღეს, როცა ვსაუბრობდით, 160 ცალი ხინკლის შეკვეთა უკვე ჰქონდა და სავარაუდოდ, კიდევ ექნებოდა). როგორ გაიტაცა კულინარიამ, რა საფეხურების გავლამ მოუწია დღემდე, როგორია ამერიკაში მისი დღევანდელობა? - ამ და მეტ დეტალს, ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ...

2-copy-1662365707.jpg

გიორგი მღებრიშვილი:

- ახმეტის რაიონის სოფელ მატანში დავიბადე. იქ ახლა ჩემი მშობლები და დები ცხოვრობენ. სკოლის დამთავრებამდე მეც მატანში ვიყავი, შემდეგ სამუშაოდ საზღვარგარეთ გავემგზავრე და 2 წლისა და 7 თვის შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდი. ვერ გეტყვით, რომ 10-12 წლის ასაკში ვფიქრობდი, მზარეული გავმხდარიყავი. კულინარიით დაახლოებით 2015 წელს დავინტერესდი, მას შემდეგ, რაც რაღაც კერძების მომზადების ვიდეოს ვუყურე. მაშინ სერიოზულად დავფიქრდი, რომ შეიძლებოდა ეს საქმე მეცადა. მერე კულინარიის აკადემიაში დავიწყე სწავლა. დამთავრებისთანავე საქართველოში ორ რესტორანში მზარეულის დამხმარედ ვიმუშავე. როგორც ხდება ხოლმე, ძალიან დაბალი საფეხურიდან დავიწყე, მეტიც, ერთგან 3 თვე უხელფასოდ ვიმუშავე, შემდეგ კი ნელ-ნელა, საფეხურ-საფეხურ მაღლა ავედი და დღეს უკვე თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ქართული სამზარეულო იდეალურად ვიცი და ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს.

- მუშაობის რამდენწლიანი გამოცდილება გაქვთ?

- ამერიკაში გამგზავრებამდე, 7 წლის განმავლობაში რამდენიმე რესტორნის სამზარეულოში ვიმუშავე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ბოლო 3 წელი პოლონეთში ვცხოვრობდი და პროფესიით ვმუშაობდი. ამერიკაში წასვლაზე ყოველთვის ვოცნებობდი. როგორც ბევრისთვის ცნობილია, აქ ყველა ადამიანი, ვინც მონდომებულია, ახერხებს სურვილების რეალიზებას, დასახული მიზნებისა და წარმატების მიღწევას. ამჟამად ვცხოვრობ ბრუკლინში. მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ რესტორანში, მაგრამ პირობები არ მომეწონა და წამოვედი. შემდეგ რამდენიმე რესტორანში დავრეკე, მაგრამ რაც შემომთავაზეს, იმ ხელფასზე მუშაობა არ მიღირდა, ამიტომ გადავწყვიტე საქმე დამოუკიდებლად გამეკეთებინა.

- მხოლოდ თქვენ უძღვებით ყველაფერს? როგორ აუდიხართ შეკვეთებსა და მზადების პროცესს?

- ბრუკლინში თავდაპირველად ბინაში ვცხოვრობდი, მაგრამ მალევე, ჩემ გვერდით გათავისუფლდა სახლი, რომელიც ვიქირავე. შევიძინე ცომის გასაბრტყელებელი, მაცივარი და ყველა საჭირო ნივთი, რომელიც ხინკლის მომზადების დროს დამჭირდებოდა. მეც ამ ფართobში ვცხოვრობ, მაგრამ სამზარეულო მაქვს ცალკე და მოვაწყვე ჰიგიენური პირობების მაქსიმალური დაცვით. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ჩემ გვერდზე დავდე პოსტი ჩემი საქმიანობის შესახებ და მსურველებს ვთავაზობდი ჩემი რეცეპტებით მომზადებულ რამდენიმე სახეობის ხინკალს. პირველივე დღეს უამრავი შეკვეთა მივიღე. არ მეგონა, თუ პოსტს ასეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა, ამიტომ მაშინ შესაბამისი რაოდენობის არც ფარში მქონდა მზად და არც ცომი. ყველაფერი რომ მოვამზადე, უკვე შუაღამე იყო (იღიმის). მას შემდეგ ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო. დილით ძალიან ადრე ვდგები, მივდივარ ჰიპერმარკეტში, სადაც ახალ-ახალ პროდუქტს ვყიდულობ...

3-copy-1662365719.jpg

- რამდენი სახეობის ხინკალს წარმოადგენთ? მსურველებს გაყინული სახით სთავაზობთ თუ მიწოდება როგორ ხდება?

- არა, ხინკალს არ ვყინავ, ცხელ-ცხელს, კონტეინერით ვატან. კურიერი არ მყავს, თუმცა სამომავლოდ ვაპირებ მიწოდების სერვისის დამატებას. ბრაიტონზე ვცხოვრობ, სადაც ბევრი ქართველია, უმთავრესად შეკვეთები ამ და გარშემო რაიონებიდანაა. ახლახან ნიუ-ჯერსიდანაც ჩამოვიდნენ, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხება სახეობას, ვამზადებ ქალაქურს (ღორისა და საქონლის შერეული ხორცით), მწვანე ისპანახი ყველით, რომლის ცომსაც ასეთივე ფერი აქვს. სხვათა შორის, არ მეგონა, თუ ასეთ ყურადღებას მიიქცევდა, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოდის. ასევე ვამზადებ ხინკალს ყველით, სოკოთი და კარტოფილით. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი ბევრ ადამიანს უყვარს, რადგან კარტოფილის ხინკალმა ბევრის ინტერესი გამოიწვია.

- დღის განმავლობაში დაახლოებით რამდენი ხინკლის მოხვევაა შესაძლებელი?

- ასე თქმა რთულია, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით დღეში 400-500 ხინკალს ვამზადებ.

- სამომავლოდ, თქვენი ცნობადობა რომ გაიზრდება, ალბათ ფიზიკურად ვერ აუხვალთ შეკვეთებს, აპირებთ დამხმარე აიყვანოთ? მხოლოდ ამ კერძით აპირებთ საქმიანობა განაგრძოთ?

- დამხმარეს აუცილებლად ავიყვან და ამაზე უკვე ვფიქრობ. პარალელურად ვეძებ ფართobს, სადაც ჯერ ადგილიდან წაღების სერვისი მექნება და შემდეგ უკვე მიწოდებაც დაემატება. ნელ-ნელა განვვითარდები და გავფართოვდები, რადგან ვფიქრობ, ჩემs საქმეს დიდი მომავალი აქვს. ასე იმიტომ მგონია, რომ ვინც ჩემგან შეიძინა პროდუქტი, ყველა კმაყოფილია. ამბობენ, რომ ნიუ-იორკში ასეთი გემრიელი ხინკალი ჯერ არ გაუსინჯავთ. გაჩნდნენ სტაბილური კლიენტებიც. ეს ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემია. საერთოდ, რამდენი ფულიც უნდა ჩადო საქმეში, მთავარია ცოდნა და თუ როგორი სახელი გაქვს. ბიზნესი ბევრს დაუწყია, რომელსაც წარმატება ვერ მოუტანია და დახურულა. სტაბილური კლიენტები რომ მომრავლდება, სახელიც მექნება და ფინანსურადაც მოვმაგრდები, მინდა რესტორანი გავხსნა, სადაც ბუნებრივია, სტუმრებს შევთავაზებთ არა მხოლოდ ხინკალს, არამედ გემრიელ და იდეალურად მომზადებულ ქართული კერძებს.

- სხვადასხვა რესტორანში მუშაობისას, რას გეუბნებოდნენ, ყველაზე გემრიელი რომელი კერძი გამოგდით?

- ოჯახური (იღიმის). ეს კერძი მეც ძალიან მიყვარს.

- დესერტებთან და ტკბილეულთან რა დამოკიდებულება გაქვთ?

- ნორმალური, თუმცა კონდიტერიისგან ცოტა შორს ვარ, უფრო მეტად ტრადიციული ქართული კერძების მომზადება მიყვარს, როგორც ცხელისა და ცივის, ისე ცომეულის.

- წარმატებას გiსურვებთ და ბოლოს გკითხავთ, რამდენი წლის ბრძანებით? და როგორ უნდა გიწოდოთ, მზარეული თუ შეფი?

- ნოემბერში 30 წლის ვხდები და ეს ჩემი პირველი დაბადების დღე იქნება ამერიკაში. რაც შეეხება წოდებას, დიდი გამოცდილება მაქვს, ქართული სამზარეულოს ყველა პოზიცია იდეალურად ვიცი. მიმუშავია მზარეულად და შეფადაც, აქედან გამომდინარე, დღესდღეობით ჩემს თავს შემიძლია შეფი ვუწოდო (იღიმის). აქვე მინდა დავამატო, რომ სექტემბერში პენსილვანიაში ტარდება საქველმოქმედო ღონისძიება „რთველი“, სადაც უკრაინელი და ქართველი სტუმრებისთვის ხინკალს მოვამზადებ. ველოდები „თბილისობის“ დღესასწაულსაც, რომელიც რამდენიმე წელია ბრუკლინშიც აღiნიშნება. სასიამოვნოა, რომ შესაძლებლობა მომეცემა ჩემი კუთხე, საქართვeლო და ჩემი ნამუშევარი წარვუდგინო საზოგადოებას. დიდი სურვილი მაქვს რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯო ხინკალი - ეს გემრიელი კერძი. დიდი სიხარულია, როცა ადამიანი იმ საქმეს აკეთებს, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს და ჩემს შემთხვევაშიც ეს ზუსტად ასეა.

ანა კალანდაძე