"ანა მანიანის არ იყოს, ჩემი ნაოჭების არ მრცხვენია..." - გზაპრესი

"ანა მანიანის არ იყოს, ჩემი ნაოჭების არ მრცხვენია..."

პირველი თეატრალური შთაბეჭდილება თამარ სხირტლაძისთვის მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი - "ურიელ აკოსტა" იყო, მაგრამ საკმაოდ პატარამ ბევრი ვერაფერი გაიგო და გადაწყვიტა, ამ თეატრში აღარ მოვალო. სამაგიეროდ, ოპერაში დადიოდა ხშირად, ბალეტზე კი იმდენად იყო შეყვარებული, რომ სახლში განუწყვეტლივ ცეკვავდა. ერთ ახლობელ მსახიობს - თამარ ერისთავს მისთვის უსაყვედურია: "ურიელ აკოსტა" როგორ არ მოგეწონაო? ისევ წავიდა თეატრში და ახლა "მკაცრი ქალიშვილები" ნახა - ეს სპექტაკლი მოეწონა. "ურიელ აკოსტა" მეორედ რომ ნახა, უკვე დიდი იყო და გაოცებული დარჩა. ისეთი ემოციები ჰქონდა, მთელი ღამე არ ეძინა, თან, საკუთარ თავზე ბრაზობდა, - პირველად რატომ ვერ გავიგეო?

ქერა გოგო

GzaPress- ჩვენს ეზოში, გორკის ქუჩაზე ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით. ქურთები მეზობელ ეზოში იყვნენ. სამზარეულო არ გვქონდა და ქალები სადილს აივანზე ამზადებდნენ, ამიტომ ვიცოდით - ვის ტოლმა, სოუზი თუ რა ჰქონდა. საღამოობით, სამსახურიდან დაბრუნებული მამაკაცები ეზოში სხდებოდნენ, ყველას თავისი სადილი მოჰქონდა და ერთად მიირთმევდნენ, მერე ქალები აალაგებდნენ, კაცები დომინოს თამაშობდნენ, ბავშვები კი სპექტაკლებს ვდგამდით. მე ამ საქმეში ძალიან ვაქტიურობდი. მამას თეატრში ხშირად დავყავდი, მაგრამ ჩემი მსახიობობა არ უნდოდა. ნანა მჭედლიძის ფილმში - "იმერულ ესკიზები" რომ არის, ისე ხდებოდა. ეზოს წარმოდგენებში სომეხი სომხურად ლაპარაკობდა, რუსი - რუსულად და საოცრება იყო, ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმოდა. ბილეთი ხუთი კაპიკი ღირდა. იმ ფულით ნაყინს ვყიდულობდით. ე.წ. სცენის მოსაწყობად სახლიდან ფარდები გამოგვქონდა. ერთხელ დედამ გამლახა, რადგან ზეწარი დავჭერი და შლეიფიანი კაბა "შევიკერე" - ფილმში ვნახე და მომეწონა. ქაღალდი "გარმოშკასავით" დავკეცე და მარაო გავაკეთე. მაღალი მინდოდა ვყოფილიყავი და "ქუსლები"-კოჭები ფეხსაცმელს, მგონი, გუდრონით (შავი იყო) მივაკარი. ასეთი რაღაცები მიყვარდა. შემდეგ მარჯანიშვილის თეატრთან არსებული სტუდია დავამთავრე, სადაც მომავალი მეუღლე - კოტე თოლორაია გავიცანი და რომელიც დღესაც ჩემ გვერდითაა...

გამოცდები უშანგი ჩხეიძესთან გავიარეთ. მასთან სახლში ოთხი მოსწავლე გაგვგზავნეს. მერე გავიგე, ჩემზე უთქვამს, - ის ქერა გოგო ძალიან ნიჭიერიაო. სტუდიაში ჩემთვის პირველი სპექტაკლი "ურიელ აკოსტა" გახდა, სადაც ვცეკვავდი. აი, ასე დაემთხვა. სტუდიის დამთავრების შემდეგ თეატრში ოთხი მსახიობი დაგვტოვეს, მათ შორის, ჩემი მეუღლეც. სპექტაკლებში პირველივე დღიდან დაკავებული ვიყავით. მე ცეკვა მეხერხებოდა და ყველა წარმოდგენაში ვცეკვავდი. ხშირად მეკითხებოდნენ, ცეკვას ვისთან სწავლობდიო?

ცოცხალი ენციკლოპედია

- მოვესწარი ნიკო გოცირიძეს, ელისაბედ ჩერქეზიშვილს... ცოცხალი ენციკლოპედია ვარ. ერთხელ სპექტაკლი - "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" მიდიოდა და ელისაბედმა თავში ჩამარტყა - შუბლი არ უნდა გიჩანდეს, "კასინკა" ჩამოიწიეო. პირველი როლი "ქრისტინეში" - ქრისტინე ვითამაშე. სესილია თაყაიშვილის დუბლიორად დამნიშნეს. მან თქვა, რაღა დროს ჩემი გაუპატიურებაა, აგერ ახალგაზრდა, მერცხალივით გოგოა და ამან ითამაშოსო. პარტნიორი ჟორა შავგულიძე - იასონი მყავდა. სწორედ გაუპატიურების ეპიზოდში, სცენაზე ისე შემეშინდა, კულისებისკენ გავიქეცი. ჟორამ მომკიდა ხელი და მითხრა: ნუ გეშინია, გენაცვალე, მართლა კი არაფერს გიპირებო... პიესაში - "დაჭრილი არწივი" ჟორას ცოლი ვიყავი. ამ ქალთან ჟანდარმები მოდიან, ხეზე აკრავენ და აიძულებენ თქვას, სად არის მისი ქმარი. ქალი ყვირის, კივის, თან, ამბობს - ვაიმე, ჩემო ქმარ-შვილო. ჟორამ ერთი ათჯერ მაინც გამიმეორა: იცოდე, "ცოლ-შვილო" არ თქვაო. მეც ვეთანხმებოდი, - კი, ბატონო ჟორა-მეთქი, მაგრამ სცენაზე "ცოლ-შვილო" ვიყვირე. ჟორა ჩაბჟირდა...

თამაზ ჭილაძის პიესაში - "სურათები საოჯახო ალბომიდან" აკაკი ვასაძე და მე ცოლ-ქმარს ვთამაშობდით. ვასაძეს ცოტა მანერული სტილი ჰქონდა, რეპეტიციაზე პათეტიკურად მომმართა, - "ფატი". მსახიობებმა ერთმანეთს ჩუმად გადავხედეთ და ჩავიღიმეთ. ეს როგორ გამოეპარებოდა? მიხვდა, რომ ანსამბლში არ იჯდა. მეორე დღეს მოვიდა და ყველას "გადაგვიჯოკრა", პირდაფჩენილები ვუყურებდით. აი, რას ნიშნავს ნიჭიერი არტისტი და საოცარი პიროვნება. უგანათლებულესი კაცი იყო. რუსთავიდან თბილისამდე (რუსთავის თეატრში ვმუშაობდით) მთელი გზა მხოლოდ ის საუბრობდა. ისეთი მეხსიერება ჰქონდა, რომელ დღეს და რომელ საათზე რა მოხდა, ყველაფერი ახსოვდა. ასეთი მსახიობები არ მეორდებიან.

გიგა ლორთქიფანიძემ დადგა "სასტუმროს დიასახლისი", სადაც სერგო და ვერიკო თამაშობდნენ. ჩემს გმირს სერგოსთვის უნდა ეთქვა, - ვირო, მხეცო. ვერ ვუბედავდი, სერგოზე შეყვარებული ვიყავი. ის მამხნევებდა: ეს მე კი არ ვარ, პერსონაჟია და იმას უნდა უთხრაო. ჯერ მარტო რეპეტიციებზე ამ ხალხის ცქერა რად ღირდა! ვასო გოძიაშვილისა და ჟორა შავგულიძის რეპეტიცია კონცერტს ჰგავდა, ამის გადმოცემა შეუძლებელია.

ლილი იოსელიანისგან ვისწავლე ყველაფერი ის, რაც არის სათამაშო. მთავარია, ტექსტის მიღმა რა დევს. "უცნობი" ერქვა ბეგიაშვილის პიესას, რომელსაც ლილი დგამდა. მერი დავითაშვილის დუბლიორი ვიყავი. რეპეტიციებს მერი გადიოდა, დუბლიორისთვის რეპეტიცია წარმოუდგენელი იყო, თავად მსახიობიც არ მოგცემდა ამის საშუალებას. არც ერთ რეპეტიციას არ ვაცდენდი და ლილის დიდი ინტერესით ვუსმენდი. როცა რეჟისორი რამეს პირადად შენ გიხსნის, შეიძლება, ტვინი გაგეყინოს, მაგრამ როცა სხვას უხსნის, უფრო იგებ. ერთ დღეს მერი ვერ მოვიდა. - თამარ, რეპლიკები მოგვაწოდე, - მითხრა ლილიმ. - ქალბატონო ლილი, ტექსტი ზეპირად ვიცი-მეთქი. დავიწყეთ რეპეტიცია. ლილი ხომ ყოველ ათ წუთში აჩერებს მსახიობს, მაგრამ პირველი მოქმედება ისე გავიდა, რეჟისორმა არ გაგვაჩერა. ცოტა ტრაბახი გამომდის, მაგრამ ლილიმ თქვა: თქვენ მოწმე ხართ, რომ თამარს არც ერთი რეპეტიცია არ გაუვლია. ის იჯდა, გვისმენდა, მუშაობდა და აი, შედეგი. რა თქმა უნდა, ის როლი ვითამაშე.

ვერიკო და მე

GzaPress- ვერიკოსთან ძალიან ვახლობლობდი. უნდა ნახოთ, რამდენი სურათი მაქვს მასთან ერთად გადაღებული. ეს დაახლოება იმან განაპირობა, რომ ზაფხულში, როდესაც სპექტაკლები გასტროლზე მიგვქონდა, ვერიკო და მე ყოველთვის ერთ ოთახში ვცხოვრობდით. თავის ნომერში იმიტომ შევყავდი, რომ ძალიან ენერგიული, სიცოცხლით სავსე ქალი იყო. შეეძლო დილაუთენია ამდგარიყო ან ძალიან გვიან დაწოლილიყო. ღამის სამ საათზე ადგებოდა, შუქს აანთებდა და სიგარეტს მოსწევდა, ზოგჯერ მეტყოდა: "დავაი, კარტი ბუდემ იგრატ". სხვა მსახიობებს ასე ვერ შეაწუხებდა, ჩემს შეწუხებას კი არაფრად აგდებდა, მაგრამ ჩემთვის ეს ბედნიერება იყო. იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა, სულ თვალებში შევციცინებდი. მთავარი ის იყო, რომ მას მხარი ავუბი. ისიც პატივს მცემდა. ხანდახან სიგარეტს ვპარავდი: ჯერ ერთი, მისი ყიდვის შესაძლებლობა არ მქონდა და თანაც, ახალგაზრდა გოგოს პაპიროსი რომ მეყიდა, მრცხვენოდა. ვერიკო კოლოფს მაგიდაზე ტოვებდა, მეც ამოვიღებდი და ჩუმად ვეწეოდი. ერთხელაც ამ მოპარული სიგარეტით გარეთ გავდივარ და უცებ, მეუბნება: სად მიდიხარ? მოდი, ერთად მოვწიოთო. ე.ი. იცოდა, რასაც ვაკეთებდი. ერთმანეთს ჩვენს ამბებს ხშირად ვუყვებოდით. ზოგჯერ ისეთი რამ უთქვამს, ჩემი ასაკის გოგონასთვის არც უნდა ეთქვა. ჩემთან ნათქვამი წინ ცუდად არასდროს დახვედრია, ამიტომაც მითხრა: ასეთი მეგობრობა ქალმა არ იცისო. "შთამომავლობაში" დედა-შვილს ვთამაშობდით. ვერიკო რომ იტყოდა - "მე სოფი ლორენი ვარ", სცენაზე შუქი ქრებოდა. ხელს მოვხვევდი და გამყავდა. მანამდე იმ კულისებში ველოდებოდი, სადაც რეკვიზიტი იდო. იქ სცენის მუშებს ყოველთვის პატარა პურმარილი ჰქონდათ გაშლილი. კულისებში მუდამ ცივა. რამდენჯერაც ამ მხარეს მოვხვდებოდი, ბიჭები დამიძახებდნენ: ქალბატონო თამარ, მობრძანდით, ერთი-ორი სიტყვა გვითხარითო. მე ცოტას დავლევდი, მერე კიდევ ცოტას და ერთხელაც, რომ გამყავს, ვერიკო მეუბნება: მითხარი ერთი, სად სვამ? სპექტაკლის დასაწყისში ფხიზელი ხარ და ბოლოში - ყოველთვის მთვრალიო. - რა ვქნა, ქალბატონო ვერიკო, თქვენგან გადამედო, თამადობაც თქვენგან ვისწავლე და სმაც-მეთქი. შესანიშნავად თამადობდა. თემურ ჩხეიძე დგამდა "ოთარაანთ ქვრივს". მთავარი როლი ვერიკოს უნდა ეთამაშა, მე დუბლიორი ვიყავი. ვერიკო არ მოვიდა და რეპეტიციებზე თავიდან ბოლომდე ვიმუშავე. გასინჯვის დღეს გამოჩნდა და თქვა: ისე მომეწონა სპექტაკლი, მე ვითამაშებო. ერთი სიკვდილი გავათავე. ძალიან გამიჭირდა ამის გადატანა, მაგრამ არაფერი მითქვამს. თან, ვერიკოს პირობა უნდა შემესრულებინა - ჩაცმული ვმდგარიყავი კულისებში და თუ ცუდად გახდებოდა, შემეცვალა. ამასაც დავთანხმდი, მაგრამ არ მინდოდა, თვალში შევჩხეროდი და არ მივედი. სასწრაფოდ მომძებნეს - საღამოს სპექტაკლია და ვერიკო ცუდადაა, მაღალი წნევა აქვსო. მივედი თეატრში. ვერიკო წამოწოლილია. მოვეფერე და ვუთხარი: თქვენ ითამაშეთ, მე კულისებში ვიქნები. როგორც კი შეატყობთ, რომ ცუდად ხართ, გამოდით და მე შევალ. მაგრამ თქვენ არ ხართ ცუდად, წამალი ხომ დალიეთ-მეთქი? გავიდა და ბოლომდე ითამაშა. ეს მოხდა მხოლოდ ორჯერ, მერე სულ მე ვთამაშობდი. იგივე გამეორდა "ჰაკი აძბაში". ვერიკომ დედის როლზე უარი თქვა. პატარა, მაგრამ ძლიერი როლი იყო. ვითამაშე. ამ როლისთვის თელავში თეატრალურ ფესტივალზე, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის გრან-პრი ავიღე. ვერიკოსთან ბოლო წლებში ხშირად მივდიოდი. ასაკში იყო და ხანდახან რაღაც ავიწყდებოდა, დამირეკავდა და, "სვოლოჩ, პოჩემუ ნე პრიხოდიშ?" - მეტყოდა, არადა, ორი დღით ადრე მყავდა მონახულებული. - არა, ერთი თვეა, არ ყოფილხარო. რომ მკითხოთ, ვერიკო როგორი იყოო? ასე გეტყვით: დიდებული ქალი იყო.

"ძალიან მაინტერესებდა, ჩემი შეყვარებულის როლზე ვინ შეარჩიეს"

- ამჟამად მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში - "ეუხენა ბალბოა", "თოვლის დედოფალი", "პიგმალიონი" და "თეთრი იასამანი" ვთამაშობ. ვმონაწილეობ ოთარ შამათავას ფილმში "ფსიქოპათთა თამაშები". გადაღებისას რაღაცას ვამატებ ხოლმე, ჩემი კორექტივები შემაქვს. შამათავა არაჩვეულებრივი პიროვნებაა, უარს არაფერზე მეუბნება. კიდევ ორი სერია გვაქვს გადასაღები. სცენარი წავიკითხე და ბოლო სერიის ფინალი მომეწონა. ძალიან მაინტერესებდა, ჩემი შეყვარებულის როლზე ვინ შეარჩიეს. ჩემი პარტნიორები ძირითადად, გივი და კახი არიან ხოლმე. მითხარით, ვინ იქნება ის კაცი, ვისი დანახვაც გამიხარდება და სიყვარულით უნდა შევხედო-მეთქი? ეს კაცი იმედა კახიანი აღმოჩნდა. პირველ დეკემბერს, თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი მოჰსენ მაჰმალბაფის ფილმით "პრეზიდენტი" გაიხსნა, სადაც პატარა როლი მეც მაქვს. როგორ ამიყვანა, იცით? ჩემი ფილმები უნახავს. ფესტივალზე ფილმის ჩვენების წინ მე და ირანელი რეჟისორი ისე ჩავეფსკვენით ერთმანეთს, ჟურნალისტები და ოპერატორები შემოგვესივნენ. ამ კაცმა მითხრა, - ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან მუშაობაო. ახლა ჩაწერაზე მივდივარ, ცნობილი ადამიანების საახალწლო მილოცვებს ვიღებთო. მადლობის მეტი რა მეთქმის... კმაყოფილი ვარ იმით, რომ კიდევ ვახერხებ ფორმაში ყოფნას და ანა მანიანის არ იყოს, ჩემი ნაოჭების არ მრცხვენია.

ნანული ზოტიკიშვილი