შვილმკვდარი დედის დარდს ვერავინ გაიგებს - გზაპრესი

შვილმკვდარი დედის დარდს ვერავინ გაიგებს

„ჩემი მშვენიერი მეუღლე 2020 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა, მალევე მას შემდეგ, რაც ბავშვები, ენი როუზი და დენიელ ჯეიმს ქერელი გააჩინა. ის ისეთი შესანიშნავი მეუღლე იყო, დიდი და მოსიყვარულე გულით, რომ ძნელია სიტყვებით აღწერო. დამწუხრებული ვარ ჩემი ულამაზესი თამუნას გამო“, – ასე გამოეხმაურა თამუნა მინაშვილის მეუღლე, პოლ ქერელი მომხდარს 2 წლის წინ.

41 წლის თამუნა თბილისში, 3 აგვისტოს, საკეისრო კვეთის შედეგად გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. თამუნას დედა, ქალბატონი ლამარა ყუბანეიშვილი ჯერაც ვერ შეჰგუებია მომხდარს და როგორც თავად აღნიშნავს, გარდაცვალების გაჟღერებული ვერსიის დღესაც არ სჯერა.

- აგვისტოში უკვე 2 წელი გახდა, რაც თამუნა აღარ მყავს. 5 თვე მე ვზარდე შვილიშვილები, ახლა მამამისთან არიან თბილისში, ძიძები აიყვანა. სწორედ დღეს მომწერა ერთ-ერთმა, ბავშვებმა ტიტინი დაიწყესო და მთელი დღე თვალზე ცრემლი არ შემშრობია. თამუნა გიჟდებოდა პატარებზე; იმ პერიოდზე, ენას რომ იდგამენ, არადა, თავისი შვილების ლაპარაკს ვერ ისმენს. ცოცხალი რომ ყოფილიყო, იმდენ რამეს ასწავლიდა ბავშვებს. ცალკე ჩემი შვილი მენატრება და ცალკე შვილიშვილები, რადგან მე ვანში ვცხოვრობ, ისინი - თბილისში.

- მიამბეთ თამუნას შესახებ... და რა მოხდა სინამდვილეში?

- ბაღშიც და სკოლაშიც გამორჩეული იყო. სკოლაში რომ შევიყვანე, მახსოვს, ნოდარ დუმბაძის ლექსი ვასწავლე, „ჩემს დედიკოს ვფიცავარ, სულ ხუთებზე ვისწავლი“ და ნამდვილად ასე იყო, ხუთოსანი გახლდათ სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც. მუსიკალურიც წარმატებით დაამთავრა, ჩააბარა რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. მე თვითონაც რუსულის მასწავლებელი ვარ, მაგრამ არაფერი უთქვამს, თუ თვითონაც ამ პროფესიას აირჩევდა. ჟურნალისტიკაზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას და რომ დამირეკა, აქა და აქ შევიტანე საბუთებიო, გამიკვირდა. მე სხვებს ვამზადებ და თუ მასე გადაწყვეტდი, წაგამეცადინებდი-მეთქი. შემდეგ ინგლისური ფაკულტეტიც დაამთავრა, თან მამშვიდებდა, ნუ გეშინია, ჩვენ ძალიან ცოტას გადახდა მოგვიწევსო. სტუდენტობისას თბილისში ჩემს დასთან ცხოვრობდა. მეუბნებოდა, შენ უფრო დაგიჯერებს და რამე უთხარი, რასაც უნდა აკეთებდეს, თავი სულ წიგნებში აქვს ჩარგული, რამე არ დაიმართოსო. ასპირანტურაც წარჩინებით დაამთავრა. სადოქტოროზე მუშაობდა, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ აირჩია. ლექტორი სთხოვდა, მოიცალე და როგორმე დაამთავრეო, მაგრამ ბევრი სამუშაოს გამო დრო აღარ რჩებოდა. იმ ნაშრომს დღემდე ვინახავ, თან როგორი კალიგრაფია ჰქონდა, რომ იცოდეთ - ქარგავდა ასოებს, ყველაფრის გულიანად კეთება უყვარდა. სამ ნოტარიუსში, ასევე, ოფისში მენეჯერად მუშაობდა, სახლშიც სულ საქმე ჰქონდა, თარგმნიდა. ბოლოს ერთი ამერიკელი მეცნიერის სადიპლომო ნაშრომი თარგმნა, საქართველოში დაიცვა იმ კაცმა დიპლომი და თამუნაც დაპატიჟა, მაგრამ მალე უნდა ემშობიარა და ვერ წავიდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საოცრად თავმდაბალი იყო. სავსე თავთავი თავს დაბლა ხრისო, - ასე მეუბნებოდა ხოლმე. ძალიან მორიდებული და მოსიყვარულე გახლდათ.

2012 წელს დაქორწინდა და დაახლოებით 8 წელი არ ჰყავდა შვილი. წელიწადზე მეტხანს ინგლისში და მერე ბულგარეთში ცხოვრობდნენ, ბოლოს საქართველოში ჩამოვიდნენ. 2008 წელს გაიცნეს ერთმანეთი, მიმოწერით და შეუყვარდათ. ჩემი სიძე თავის ქვეყანაში არ დაბრუნებულა, აქ ცხოვრობს და ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკას ასწავლის. ბავშვებს, როგორც გითხარით, თვითონ ზრდის. მეუბნებიან, თამუნას დღემდე იხსენებს. ამბობს, რომ საოცარი ხასიათის გოგო იყოო... დღესაც არ ვიცი ზუსტად, რა მოხდა იმ დღეს, შვილი რატომ დამიღუპეს. უბედნიერესი იქნებოდა თავისი შვილების შემყურე...…

შეძლებისდაგვარად ვნახულობ შვილიშვილებს, ქალ-ვაჟი ეყოლა, ძალიან საყვარლები არიან. ყველა ბავშვი ისე უყვარდა, ემოციებს ვერ ფარავდა ხოლმე. ერთი მაინც გააჩინე, რომ შენსას მოეფერო-მეთქი, სულ ვეუბნებოდი. ბოლოს ხელოვნური განაყოფიერება გადაწყვიტეს. ახლა ვნანობ, ნეტავ, სულ არაფერი მეთქვა; ნეტავ, შვილი მყოლოდა ცოცხალი.

ახალდაბადებულები ვაჩვენეთ, ორივეს აკოცაო, თქვეს და სხვა არაფერი ვიცი, ჩემი თვალით არ მინახავს. როგორც გვითხრეს, საკეისრო კვეთის დასრულებისას მოულოდნელად გაუჩერდა გული, არადა, მანამდე ყველაფერი რიგზე იყო, 3 დღით ადრეც გაიკეთა გამოკვლევები. დამირეკა, სამში, ორშაბათს დავგეგმეთ მშობიარობაო და ვუსაყვედურე, რაღა სამ რიცხვში და თან ორშაბათს-მეთქი. რაღაცნაირად, ცუდად მომხვდა გულზე...

302105412-1376526966173315-2763334813986930085-n-copy-1662966638.jpg

ძიძა კი დაბანს და აჭმევს ბავშვებს, მოუვლის, მაგრამ ლექსებს და ზღაპრებს ხომ ვერ წაუკითხავს, დედას ხომ ვერ შეუცვლის? ექსპერტიზა ჩატარდა, მაგრამ გაფუჭებულ საქმეს რაღა ეშველება ან მაშინ სად მქონდა იმის თავი, სიმართლის გასარკვევად მერბინა. ხომ იცით, ასეთ შემთხვევაში ექიმი ყოველთვის მართალია, პაციენტი - მტყუანი. მაინტერესებს სიმართლე, იქნებ გულახდილად მითხრან, რა მოხდა რეალურად.

შვილმკვდარი დედის დარდს ვერავინ გაიგებს და აღწერს, ისევ შვილმკვდარი დედა თუ გაიგებს. ღმერთმა არავის გამოაცდევინოს, რასაც ჩვენ განვიცდით. თამუნა თავის დაბადების დღეზე დავასაფლავეთ, 41 წლის გახდა 6 აგვისტოს. აღარ ვიცი, რომელი ვიტირო და აღვნიშნო - მისი გარდაცვალების დღე თუ დაბადების, თუ ბავშვების დაბადების დღე...… ბედნიერი ვიყავი და უცებ ვიქეცი უბედურ ადამიანად. ძაღლიც არ შეუყეფს შვილმკვდარ დედასო, ასეა ნათქვამი და მართალი ყოფილა.

ნინო ჯავახიშვილი