როგორ ვხვდებით ახალ წელს?! - გზაპრესი

როგორ ვხვდებით ახალ წელს?!

ორი შუახნის ქალბატონი, რომლებიც საუბრის მიხედვით გარე მოვაჭრეები უნდა ყოფილიყვნენ, დამღლელი დღის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს:

- რაც აცივდა, ხალხი ერიდება ქუჩაში ზედმეტად გამოსვლას და ვაჭრობაც შემცირდა, ზოგჯერ საერთოდ ვეღარ ვნახულობ მოგებას და არ ვიცი, რა მეშველება საახალწლოდ. პროდუქტი დღითი დღე ძვირდება და ერთი ქათამი მაინც არ დავუკლა ბავშვებს და ან ხაჭაპური არ გამოვუცხო?!

- საახალწლოდ სულ ასე ხდება და ამიტომ, ოთარაანთ ქვრივივით ნაადრევად ვიჭერ თადარიგს: ნახევარლიტრიანი ქილა მოვხუფე და წლის განმავლობაში ყოველდღე ვაგდებ შიგ ოცთეთრიანს მაინც, თუ ლარს და უფრო მეტს არა. ქვეყანა რომ დაიქცეს, მეხუთე ახალი წელია, მე და ჩემი ქმარ-შვილი იმ ქილას არ ვხსნით ახალ წლამდე. ბევრი არა, მაგრამ ასი ან ასორმოცდაათი ლარი მაინც სულ გროვდება. ახლაც იმ ქილის გამო ვარ მშვიდად...

მოსმენილმა ძალიან მატკინა გული და მოსვენება დამიკარგა. საკუთარ თავსაც კი ვადანაშაულებდი იმის გამო, რომ ბევრი ოჯახი საახალწლოდაც ვერ აძლევს თავს ლხინისა და მსუყე სუფრის გაშლის უფლებას. არადა, ბევრი არც მე მაქვს, მაგრამ არც ის მომსვლია აზრად, მთელი წლის განმავლობაში ნაგროვები ხურდა ფულის იმედად შევხვედროდი ახალ წელს...

სახლში შემოვედი თუ არა, ნაცნობი პარლამენტარის ტელეფონის ნომერი მოვძებნე და დავურეკე:

- მასალას ვამზადებ და მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე ალალად, ძალიან გთხოვ - საახალწლო სუფრისთვის დაახლოებით, რამდენი გეხარჯება?!

- ჟურნალში გამოჭენება მინდა, კიდევ? ისედაც ვერ გვიტანს ხალხი...

- გეფიცები, არსად გახსენებ. ისე, ზოგადად მაინტერესებს...

- მხოლოდ სუფრის გასაშლელად რამდენი გვეხარჯება, არ ვიცი და საჩუქრებიან-გართობიანად, ორი ათასი ლარი მაინც გვჭირდება ალბათ...

...რას ვერჩი, "იმუშავა" კაცმა და "დაიმსახურა" ალბათ ასეთი ახალი წელი, მაგრამ...

ბევრი რომ არ ვილაპარაკო და საკუთარი აზრის დაფიქსირებით მიკერძოებულის შთაბეჭდილება არ დავტოვო, ახლა იმას მოგიყვებით, რაც მეორე დღეს ქუჩაში მოვისმინე დიქტოფონმომარჯვებულმა შემთხვევითი გამვლელებისგან, რიგითი ქალაქელებისგან. კითხვა კი ყველასთვის ერთი მქონდა: რა თანხის დახარჯვის უფლებას აძლევთ თავს საახალწლო სუფრისთვის?!

ანდრო მიქავა, მაღაზიის დამხმარე მუშა, 42 წლის:

- რა ვიცი, არც ვითვლი... უფრო სწორად, დასათვლელიც არაფერია... ჩემი მეუღლე ჭურჭლის მრეცხავია ერთ-ერთ რესტორანში და ზოგჯერ უფროსები სუფრაზე დატოვებული ნარჩენების წამოღების უფლებას აძლევენ. ასე რომ, საჭმელზე ფული გვეზოგება და რაღაც თანხის დაგროვებას ვახერხებთ. ორი შვილი გვყავს - 14 და 11 წლის. საახალწლოდ მაინც უნდა გავახაროთ და რაც გვექნება, არაფერს დავინანებთ მათი სიხარულისთვის...

ნუგზარ თავაძე, მძღოლი, 37 წლის:

- 150-200 ლარს მოვახერხებ ალბათ და დავხარჯავ, სტუმართან არ შევრცხვები. სოფლიდანაც მიგზავნიან მოხუცი მშობლები ყველს, კვერცხს, ნიგოზს და ქათამს. ამის გარეშე ბევრად ღარიბი იქნებოდა ჩემი ოჯახის საახალწლო სუფრა.

მარინა სოფრომაძე, პედაგოგი, 39 წლის:

- ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე დავხარჯავ ალბათ. ქვრივი ვარ. სახლში მე და ჩემი ჩვიდმეტი წლის შვილი ვართ და ვიმყოფინებთ. იანვრიდან ხელფასების მომატებას ველოდებოდით მასწავლებლები და სასექტემბროდ გადაუტანიათ ეს საკითხი, რითაც ძალიან გვაწყენინეს. მორწმუნე ვარ და არავის ვწყევლი, მაგრამ მთავრობის წევრებს ვუსურვებ, ჩვენს დონეზე დასულიყოს მათი საფულეც და საახალწლო სუფრაც, რომ როგორმე გაითავისონ ჩვენი მდგომარეობა...

რამაზ გურული, 48 წლის, უმუშევარი:

- რას დავხარჯავ და იმას, რასაც ჩემი საზღვარგარეთ წასული ცოლი გამომიგზავნის. ჯანდაბა ჩვენს ამ დღეში ჩამგდებს! ახალი წელი ჩემნაირებისთვის დღესასწაული კი არა, დამატებითი განსაცდელია: სტუმრის მოსვლა რომ შეგაშინებს, ესაა საქმე?!

პაპა ვლადიმერი, 82 წლის, პენსიონერი:

- ორი ქალიშვილი და ერთიც შვილიშვილი საზღვარგარეთ არიან წასულები სამუშაოდ და მათი გამოგზავნილი ფულის წყალობით არ დავრჩებით მშივრები მე და ჩემი ცოლი, მაგრამ ვისაც არავინ ჰყავს, იმან რა ქნას ასორმოცდაათლარიანი პენსიის იმედად?!. ჟურნალში თუ წერ, ალბათ მთავრობაც წაიკითხავს შენს ნაწერს და უთხარი, ნუ დაგვხოცავენ მშივრებს და უწამლოდ მოხუცებს. იმდენი კი გვიკეთებია ქვეყნისთვის, რომ საკუთარი პენსიით საჭმლის ჭამის უფლებას მაინც ვაძლევდეთ თავს...

ანიკო ჯოხაძე, 73 წლის, პენსიონერი:

- ქათამი, ყველი არ ჭირს სოფელში ღვთის მადლით, თუ რა თქმა უნდა, ხელს გაანძრევ და შრომა არ დაგეზარება, მაგრამ სხვაც ბევრი რამ სჭირდება ოჯახს. სოფლიდან გასაყიდად ფრინველი ჩამოვიყვანე, აღებული ფულით კი პურის ფქვილი და შაქარი უნდა ვიყიდო, უცხო ტკბილეულიც, რომელსაც სოფელში ვერ ვიყიდი. ექვსი შვილიშვილი მყავს და ახალ წელს მაინც როგორ არ გავახარო?..

P.S. ზემოთ თქმული არც კომენტარს საჭიროებს ალბათ და არც იმის შეხსენებას, რომ ძალიან უჭირს ხალხს. ბევრისთვის ახალი წელი დღესასწაული კი არა, დამატებითი სანერვიულო და თავსატეხია, სამწუხაროდ. ჰოდა, რა უნდა ვინატრო და ვუსურვო ქვეყანას გარდა იმისა, რომ ქართველებს საახალწლო სუფრა მაინც გაეშალოთ თამამად.

ინგა ჯაყელი