"მხოლოდ ერთი თეთრი ვარდი თრთოდა შავ ხავერდზე, თითქოს უკანასკნელ სალამს აძლევდა ხალხს"
"...ნატო ვაჩნაძეს პოეზიას ადარებდნენ. უწოდებდნენ მსახიობს, რომელიც კინოხელოვნებაზე მაღლა დგას. ტიციან ტაბიძე წერდა: “მის სახეში ხომ ზეციური სიმშვიდე და ანგელოზის სისადავეა. სწორედ ასეთი თვალები აქვს ქართულ ფრესკებზე ღვთისმშობელს, რომელსაც წაშლია საღებავი და რომლის თვალები დახვრეტილია მონღოლებისა და ოსმალთა თუ ლეკების ტყვიით..." - ცნობილი კინომცოდნე ლელა ოჩიაური ლეგენდარული ნატო ვაჩნაძის შესახებ გვესაუბრება...
- პირველ, სწორუპოვარ და განუმეორებელ კინოვარსკვლავად უნივერსალური, არასტანდარტული გარეგნობის, ძალიან ქალური, დახვეწილი, ულამაზესი 19 წლის ნატო ვაჩნაძე (ანდრონიკაშვილი) ეკრანებზე პირველი გამოჩენისთანავე იქცა. როგორ უცნაურადაც უნდა ჩანდეს, იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე მაყურებლის უმეტესობას ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით ფილმები არც კი უნახავს, ეს სახელი ყველამ იცის. მან ხანმოკლე ცხოვრებისა და კინოში არცთუ ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე, 27 ფილმში ითამაშა (1923-დან 1952 წლის ჩათვლით). გამორჩეულად პოპულარული და ავტორიტეტული, დაფასებული და აღიარებული ადამიანი იყო სახელოვნებო სფეროდან - საქართველოშიც და მთელ საბჭოთა კავშირში.
მაინც, რა იყო ასეთი პოპულარობისა და გამორჩეულობის, მაყურებლისა და თვით ხელისუფლების მხრიდან ამგვარი გაღმერთების მიზეზი? შინაგანი მომხიბვლელობა? კლასიკური და არაორდინარული სილამაზე? ფაქტურა, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებისა და ეროვნების ქალების ტიპებს ესადაგებოდა? განსახიერებული პერსონაჟები, რომლების ცხოვრება, ბედი, თვისებები ყველასთვის მისაღები, გასაგები და თანადგომის გამომწვევი იყო? ბედნიერი შემთხვევის წყალობა, რამაც მსახიობის მთელი კარიერა განსაზღვრა და რაც მსახიობის ეტალონის საყოველთაო “ნორმად“ დამკვიდრდა?..
ნატო ვაჩნაძეს პოეზიას ადარებდნენ. უწოდებდნენ მსახიობს, რომელიც კინოხელოვნებაზე მაღლა დგას. კინომცოდნე კორა წერეთელი, ბევრი წლის შემდეგ, ასეთი აღიარების მთავარ მიზეზს ასე განსაზღვრავს: “მისი ფერმკრთალი და სევდიანი სახე რაღაც იდუმალებით გიზიდავდა. განსაკუთრებით თვალები გიპყრობდნენ - გულწრფელი, უშუალობის გამომხატველი დიდრონი, ფართო თვალები, რომლებიც სიწმინდესა და უცოდველობასთან ერთად, უძირო სევდასაც გამოხატავდნენ. ეკრანიდან გიმზერდათ ნატიფი სილამაზის ქალი, ამავე დროს, თვალში გეცემოდათ მისი უბრალოება“.
- თავად ნატო ვაჩნაძე რას წერდა ამ აღიარების შესახებ?
- წიგნში “მოგონებები და შეხვედრები“, რომელიც ნატო ვაჩნაძის ავტორობით გამოვიდა, იგი ამბობს; “რა ცოტა რამაა საჭირო იმისთვის, რომ მსახიობი გახდე. გარეგნობა, ახალგაზრდობა. მაყურებელმა რატომღაც უმალ მიგიღო, შენმა თვალებმა, ცრემლებმა ააღელვა, ღიმილმა მოხიბლა... რამდენმა ვარსკვლავმა ჩაიქროლა ეკრანზე და გაქრა. იმისთვის, რომ შემორჩე, საჭიროა ბედნიერი მენატურედან შრომისმოყვარე მსახიობის გზა გაიარო“.
19 წლის უკვე ცნობილი, სახელმოხვეჭილი ვარსკვლავი და აღიარებული არტისტი იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მაგრამ შემდეგ მაინც გაიარა გზა, რომლის გავლაც აუცილებლად მიაჩნდა - “ბედნიერი მენატურედან“ ჩამოყალიბებულ კინომსახიობამდე.
27 ფილმში ითამაშა, ფაქტობრივად, ყოველ წელს, ქართველ და არაქართველ რეჟისორებთან.
1926-1927 წლებში ნატო ვაჩნაძის ცხოვრებაში კოტე მარჯანიშვილი და რაც მთავარია, ნიკოლოზ შენგელაია (რომელიც მალე მისი ქმარი და “ცხოვრების რეჟისორი“ ხდება, პირველi მეუღლე - მერაბ ვაჩნაძესთან განქორწინების შემდეგ) ჩნდებიან. აქედან იწყება ქართული კინოს ახალი დროება და ნატო ვაჩნაძის შემოქმედებითი და პირადი ბიოგრაფიის ახალი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ეტაპი. ის იყო მსახიობი, რომელიც ცდილობდა და აღწევდა მიზანს - ყოფილიყო უკეთესი და განვითარებულიყო. კარიერის დასაწყისში, როგორც თავად წერს, არაფერი იცოდა კინოს სპეციფიკის, კინოს მსახიობის მუშაობის თავისებურებების შესახებ. ისიც კი არ იცოდნენ, რა არის სცენარი და როგორ შეიძლება მის მიხედვით პერსონაჟის სახის აგების დეტალებზე, როლის სრულფასოვან შესრულებაზე ეფიქრათ. ჰოდა, ნატო ვაჩნაძეც, თავის რეჟისორებთან ერთად, ქმნიდა და აყალიბებდა ქართულ კინოსამსახიობო სკოლას.
ის არ იყო მსახიობი, რომლისთვისაც საკმარისი გახლდათ მხოლოდ პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული, რაც მოულოდნელად, უბადლო გარეგნობისა და განსახიერებული პერსონაჟების გამო დაატყდა.
ნატო ვაჩნაძისთვის (უმეტეს შემთხვევაში) დამახასიათებელი იყო: გამომსახველი მიმიკა, დახვეწილი და ელეგანტური ჟესტები, რასაც მოგვიანებით, პერსონჟის შინაგან მდგომარეობაში ჩაღრმავების, მისი ბუნების გამოხატვის არაერთგვაროვანი ხერხების გამოყენების, სულიერი სამყაროს ამოხსნისა და ამის მისაღწევად, ნიუანსების ცვალებადობის გზების ძიების პროცესი დაემატა. იგი თავისუფლად ასახიერებდა ჩაგრულ გლეხის ქალს, თანამედროვე საბჭოთა აქტივისტს, ევროპელ დიდგვაროვანს, სისტემისა და უსამართლობის, საზოგადოების ცრუ მორალისა და “დაკანონებული“ წესრიგის მსხვერპლ ქალს - შესაბამისი სამსახიობო მანერისა და ტიპაჟურ-ფსიქოლოგიური, ქმედითი ელემენტების აქტიური გამოყენებით.
ერთმანეთს მიჰყვებოდა როლები, ახალი სახეები, ახალი იდეოლოგია, ახალი სარეჟისორო ხერხების და აქედან გამომდინარე, სამსახიობო უნარების ახალი გამოყენების, პროფესიული ზრდისა და შესაძლებლობების ახალი რაკურსების ძიება-აღმოჩენის პროცესი.
შემდეგ, როდესაც ხმოვანი კინოს ეპოქა დაიწყო, როდესაც პარალელურად, საბჭოთა კავშირში სოციალისტური რეალიზმის მძლავრი კანონები ამოქმედდა, იდეოლოგიურად კიდევ უფრო მყარი და კაბალური შეზღუდვებით, როდესაც ისედაც იდეოლოგიზებული და ცენზურის გავლენის ქვეშ მყოფი ხელოვნება კიდევ უფრო ჩამკეტავ ჩარჩოებში მოექცა, ნატო ვაჩნაძის ბიოგრაფიაშიც ახალი ეტაპი დაიწყო. სხვა დრო დადგა. საბჭოთა სისტემამ ახალი ადამიანი შექმნა რეალობაშიც და ხელოვნებაშიც. სულ რამდენიმე წელიწადში მეორე მსოფლიო ომიც იწყება და ის თავის კანონებს, წესებს აამოქმედებს. ბევრი რამ იცვლება და გარდაიქმნება. დროის, სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ცვლილებებსა და მათ ანარეკლს კინოში, ახალი გმირების, თემატური თუ ჟანრული გარდაქმნის ახალი წესების ათვისებას, კინომეტყველების ძიება-მიკვლევის სირთულეებიც ემატება.
ამ დროისთვის კოტე მარჯანიშვილი ცოცხალი უკვე აღარაა, რომელიც ნატო ვაჩნაძესთან ერთად (და სხვათა შორის, თეატრშიც, სადაც ნატო ვაჩნაძეს “რომეო და ჯულიეტაში“ ჯულიეტას როლს სთავაზობდა, რომეო - ვერიკო ანჯაფარიძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაპროფესიონალმა მსახიობმა სცენაზე დადგომა ვერ გაბედა) მუშაობაზე კიდევ ფიქრობდა. მალე აღარც ნიკოლოზ შენგელაია იქნება. მოდიან ახალი თაობის რეჟისორები და ნატო ვაჩნაძეს, უმეტეს შემთხვევაში, ახალი, დროისა და მაყურებლის გემოვნებასთან შესაფერისი, ახალი საზოგადოების იდენტური ფაქტურისა თუ ფსიქოტიპის მსახიობებით ანაცვლებენ, უფრო ახალგაზრდებით, უფრო “საბჭოთებით“. მელოდრამები და ძველი ეპოქის მსხვერპლი, საწყალი, ჩაგრული და უუფლებო ქალები იცვლება, ყოჩაღი, ენერგიული, მიწაზე მყარად მდგომი და მუდამ გამარჯვებული პერსონაჟებით, უფრო “თანამედროვეებით“.
თუმცა, ნატო ვაჩნაძეს კინოში მაინც იღებენ. მის ბიოგრაფიაში ახალი გმირები და ახალი რეჟისორებიც ჩნდებიან, მაგრამ წამყვანი მსახიობობიდან ნელ-ნელა მეორე პლანზე გადადის. უკვე აღარ აქვს “ვარსკვლავური“ როლები, იშვიaთად ქმნის მთავარი პერსონაჟის სახეს, უკვე აღარ ჩანს აფიშები მისი გამოსახულებით...
იგი აგრძელებს ნიკოლოზ შენგელაიასთან (რომელმაც კაბალური ცენზურის პირობებში ვეღარ გააგრძელა ბრწყინვალედ დაწყებული საქმიანობა და იდეოლოგიურად გამართული, თუმცა მხატვრულად დაბალი ხარისხის ფილმების `კეთებაზე~ გადავიდა) ერთად მუშაობას... ნატო ასევე მონაწილეoბს დიომიდე ანთაძის ფილმში “ქალიშვილი ხიდობნიდან“, სიკო დოლიძის “უკანასკნელ ჯვაროსნებში“ (ერთ-ერთ პირველ ქართულ ხმოვან ფილმში), მიხეილ ჭიაურელის “უკანასკნელ მასკარადში“ და “არსენაში“; კონსტანტინე პიპინაშვილის “ქაჯანასა“ და “აკაკის აკვანში“, დავით რონდელის კინოსურათში “მწვერვალთა დამყრობნი“, სადაც თავისი ბოლო - ელისაბედ ლომიძის როლი შეასრულა.
კვლავ თან სდევს დიდებისა და საყოველთაო სიყვარულის შლეიფი. პრემიებითა და ორდენებითაც აჯილდოებენ. ანიჭებენ რსფსრ და საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდებებს, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიასაც; ფესტივალებზეც გზავნიან საფრანგეთსა თუ იტალიაში; იუბილესაც უხდიან ოპერისა და ბალეტის თეატრში; პატივით ხვდებიან მოსკოვში, მაგრამ ეს ის ცხოვრება და როლები აღარაა, რომლებითაც დაიწყო ქართული კინო და ნატო ვაჩნაძის თვალისმომჭრელი კარიერა.
მოგონებების ზემოხსენებულ წიგნში ნატო ვაჩნაძე წერს: “საქართველოში ჩემი დაბრუნების პირველ დღეებს ვიგონებ, როგორც ერთ მთლიან დღესასწაულს... ჩემი მგზავრობის ბავშვურ, ბუნდოვან შთაბეჭდილებებს გადაეფარა სამშობლოს მშვიდი, მაგრამ მშვენიერი გრძნობა“.
ნატო ვაჩნაძის ცხოვრება მშვიდი და ზომიერი, სტაბილური და უხარვეზო არასდროს ყოფილა - დაწყებული მამის მკვლელობიდან, ოჯახის გაღატაკებიდან, დის ავადმყოფობიდან, დასრულებული საქართველოს გასაბჭოებისა და საბჭოთა ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრების სირთულეებით, ასანთის, შემდეგ ბორბლების საცხის ქარხანაში მუშად მუშაობით...
თავადი ქალი, კინოვარსკვლავი, რომელსაც არასაბჭოთა, დამოუკიდებელ საქართველოში სულ სხვანაირი ცხოვრება და კარიერა შეიძლებodა ჰქონოდა, რომელსაც შეეძლო ლაღად და მართლა ბედნიერად ეცხოვრა, არც შეიძლებოდა მშვიდად და მყუდროდ, კომფორტულად მორგებოდა რეალობას, რომელიც ბევრ პრობლემასა და წინააღმდეგობას უქმნიდა; რაც აიძულებდა, ეცხოვრა ისე, როგორც არ უნდოდა და ისეთი გზა აერჩია, რომელსაც სხვა შემთხვევაში, არ აირჩევდა...
ძნელი იყო ცხოვრება იმ რეჟიმის პირობებში, როცა საზოგადოების ერთი ნაწილი რეპრესიებმა შეიწირa, მეორე ნაწილი ამის მოლოდინში იყო და ახლობლების განადგურებისა თუ დაპატიმრების შიშით არსებობდა ან “ხალხის მტრის“ ოჯახის დამღას ატარებდა (ნატო ვაჩნაძის და - მსახიობი და დუბლაჟის რეჟისორი კირა ანდრონიკაშვილი “გულაგის“ ბანაკების ტყვე იყო, საიდანაც უშუალოდ სტალინის ბრძანებით, ნატო ვაჩნაძის თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი ქმარი მწერალი ბორის პილნიაკი კი 1938 წელს დახვრიტეს)...
თუმცა, შიშს, გულგატეხილობასა და ცხოვრებით უკმაყოფილებას მისი მოგონებების წიგნში ვერ ამოიკითხავთ. პირიქით, ის დაწერილია ბედნიერი ადამიანის პოზიციიდან, საბჭოთა ცენზურის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებითა და შემართებით, სხვაგვარად შეუძლებელი იყო.
თან ბედნიერი და თან სევდიანია ეს ამბავი. წარმატებას, სახელს, აღიარებას, პატივს ბევრი ტკივილი, შავი ჩრდილები და პრობლემები ახლდა. პირველი ქმრისა და უფროსი შვილის მამის “ლაგერებში“ გარდაცვალებამ, ნიკოლოზ შენგელაიას ავარიაში დაღუპვამ, სამი მცირეწლოვანი შვილით (თენგიზ ვაჩნაძე შემდეგში ცნობილი არქიტექტორი და ინჟინერი, ელდარ და გიორგი შენგელაიები კი - ცნობილი კინორეჟისორები გახდნენ) მარტო დარჩენამ, სიმარტოვის ათი წლის შემდეგ მესამე და ხანმოკლე ქორწინებამ ლეგენდარულ ანატოლი კაჭარავაზე - მის გარშემო კიდევ ერთი ლეგენდა შექმნა.
არც ავიაკატასტროფაში ნატო ვაჩნაძის სიკვდილი იყო “ჩვეულებრივი“ და “ბუნებრივი“ (რომლის თაობაზე სხვადასხვა ვერსიაც არსებობს) - საკუთარ დაბადების დღეზე, 1953 წლის 14 ივნისს (თუმცა, როგორც ელდარ შენგელaია ამბობს, დედამისი 2 ივნისსაა დაბადებული და თარიღების დამთხვევა, ასევე ლეგენდაა).
თუმცა, ფაქტია, რომ უცნაური და საბედისწერო იყო მოსკოვი-თბილისის რეისზე სხვისი, ჯავშანმოხსნილი, ძლივს ნაშოვნი ბილეთის აღება; ისიც ბედისწერა იყო, რომ ელდარ შენგელაიამ (როგორც თავად იხსენებს) ცხოვრებაში პირველად არ დააგვიანა და მოახერხა აგარაკიდან დედის გასაცილებლად მოსკოვში ჩასვლა, რომელიც, ასე რომ არ მომხადარიყო, მგზავრობის გადადებას აპირებდა. ისიც უცნაური, მისტიკური დამთხვევაა, რომ თვითმფრინავი, რომელსაც ნატო ვაჩნაძე საქართველოში უნდა ჩამოეყვანა, ნიკოლოზ შენგელაიას სოფელ ობუჯის თავზე აფეთქდა.
გთავაზობთ ამონარიდს ვერიკო ანჯაფარიძის მოგონებებიდან, რომელიც ნატო ვაჩნაძის დაკრძალვაზე წარმoთქვა: “თვალწინ მიდგას ნატოს სახე, ასეთივე შთამბეჭდავი იყო მისი უკანასკნელი სვლა... მზიანი დღე, თბილისის ამწვანებული ქუჩები და ზღვა ხალხით გარშემორტყმული, შავ სამოსში გახვეული ნატო! მხოლოდ ერთი თეთრი ვარდი თრთოდა შავ ხავერდზე, თრთოდა და თითქოს უკანასკნელ სალამს აძლევდა ხალხს, რომელსაც აგრერიგად უყვარდა ნატო ვაჩნაძე!“
მანანა გაბრიჭიძე