“ეს საკმაოდ დიდი სოციალურ-დემოგრაფიული დანაკარგებია...” - გზაპრესი

“ეს საკმაოდ დიდი სოციალურ-დემოგრაფიული დანაკარგებია...”

საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ემიგრაცია იქცა. როგორც სტატისტიკოსები და დემოგრაფები ამბობენ, ქვეყანას უმთავრესად, შრომისუნარიანი, ინტელექტუალური და რეპროდუქციული რესურსი ტოვებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ქვეყნიდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეების რაოდენობა 99 974 ადამიანია, რაც 34,6 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. ემიგრირებულთა შორის ყველაზე მეტი - 80 351 პირი ქართველია. მათი ასაკი 15-64 წელია.

დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე გვესაუბრება იმის შესახებ, თუ რა მოცემულობა შეიძლება შეიქმნას საქართველოში უახლოეს მომავალში, თუ აღნიშნული პროცესი შეუქცევადი გახდება.

- საქართველოდან შრომისუნარიანი, ინტელექტუალური და რეპროდუქციული რესურსის გადინება საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. ემიგრაციამ ინტენსიური ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. სხვათა შორის, 2004 და 2012 წლებში, ანუ იმ პერიოდებში, როდესაც ხელისუფლება იცვლებოდა, ჩნდებოდა იმედი, რომ მიგრაციის პროცესი შეჩერდებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ 90-იან წლებში ქვეყნიდან ძირითადად საშუალო ასაკის ადამიანები გადიოდნენ, რომელთა მიზანი სარჩოს მოძიება და ოჯახის შიმშილისგან გადარჩენა იყო, 2000-2004 წლების განმავლობაშიც ძირითადად საშუალო ასაკის ხალხი გადიოდა და მათი მოტივიც ოჯახის გადარჩენა იყო. 2004 წლიდან, ემიგრანტთა მეორე თაობის სახით, საშუალო ასაკის მოსახლეობასთან ერთად გააქტიურდა ახალგაზრდობაც. ამ პერიოდიდან უკვე ახალგაზრდების გადინება შეინიშნება, ძირითადად - სწავლის მოტივით. მე ჩავატარე კვლევა, რომლის ფარგლებშიც უცხოეთში წასული ახალგაზრდები გამოვკითხე. მაინტერესებდა, აპირებდნენ თუ არა განათლების მიღების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას. 50%-ზე ნაკლებმა გამოხატა სამშობლოში დაბრუნების მზაობა, ისიც იმ პირობით, თუ მათი განათლების შესაბამისი სამსახური და პირობები იქნებოდა. წასვლის მოტივაცია გოგონათა შორის უფრო მაღალი იყო, ვიდრე ვაჟებში. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ წასვლის მოტივაციაში არ იყო მკაფიოდ გამოხატული ერთი რომელიმე ფაქტორი. მაგალითად, 34,2% მიიჩნევდა, რომ უცხოეთში სწავლის შემდეგ საქართველოში დასაქმების უფრო მეტი პერსპექტივა ექნებოდა, 12,1% ფიქრობდა, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა მისცემდა იქვე დასაქმებისა და საცხოვრებლად დარჩენის საშუალებას. ამასთან, ვაჟებში ჭარბობდა მუშაობის, ხოლო გოგონებში სწავლის მოტივი. ბოლო წლებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ახალგაზრდების, ანუ ყველაზე შრომისუნარიანი და რეპროდუქციული მოსახლეობის გადინება, რამაც გავლენა მოახდინა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ-დემოგრაფიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე.

- საქართველოს 31-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ემიგრაციის პროცესი არც ერთ ეტაპზე არ შეჩერებულა?

- 2002-2008 წლების პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. საქმე ისაა, რომ 2003 წლიდან გამოჩნდა უცხოური ინვესტიციები, ხოლო პოლიტიკურმა ცვლილებებმა ხალხს მატერიალური პირობების გაუმჯობესების, დასაქმებისა და ცხოვრების დონის ამაღლების იმედი ჩაუსახა. ინტენსიური ემიგრაციის შემცირებაში არსებითი როლი უცხოეთიდან გამოგზავნილმა თანხებმაც ითამაშა, რომლის მეშვეობითაც ოჯახის წევრებს გაუჩნდათ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელი სახსრები. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009-2011 წლებში, ქართველებმა ისევ დაიწყეს ქვეყნიდან მასობრივად გასვლა. 2012-2017 წლებში პროცესი ისევ შენელდა. უფრო მეტიც, 2013, 2015 და 2017 წლებში მიგრაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო მთელი პოსტკომუნიsტური პერიოდის მანძილზე. ეს განაპირობა, ერთი მხრივ, ემიგრაციული პოტენციალის შემცირებამ, მეორე მხრივ, ქვეყანაში (მიუხედავად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონისა) უცხოეთის ქვეყნებიდან მეტ-ნაკლებად გაზრდილმა იმიგრაციამ და ასევე, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეთა მცირე მასშტაბის მიგრაციამ. 2017 წელს ნულოვან დონემდე შემცირებული ემიგრაციის შემდეგ, მოსალოდნელი დადებითი ტენდენციის სტარტის ნაცვლად, კვლავ უარყოფითი ტენდენცია მივიღეთ, 2018 წლისთვის ემიგრანტთა პროცენტული მაჩვენებელი გახუთმაგდა - 10 783 კაცამდე გაიზარდა.

- რა მიზეზით?

- ხელშემწყობ სპეციფიკურ და თვისებრივად განსხვავებულ ფაქტორად, 2017 წლის აპრილიდან ევროკავშირის ქვეყნებში 90 დღით ლიმიტირებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მოგვევლინა. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან (28.03.2017) 2019 წლის 27 მარტამდე, ევროკავშირს უვიზოდ ესტუმრა საქართველოს 390 175 მოქალაქე, რომელთაგან ნახევარზე მეტი დღეისათვის, უვიზო რეჟიმის სამთვიანი ვადის დარღვევით, არალეგალურად იმყოფება ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. გაიზარდა თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა. შესაბამისად, 2018 წელი მთელი პოსტკომუნისტური პერიოდის განმავლობაში ემიგრაციის ყველაზე მაღალი მaჩვენებლით აღინიშნა. დაბალი დონის ბუნებრივი მატების პირობებში, ამან არსებითი გავლენა იქონია მოსახლეობის მკვეთრ შემცირებაზეც.

- თქვენი ვერსიით, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ემიგრაციის ასეთი შეუქცევადი პროცესი?

- ისეთი დაბალი შემოსავლებისა და მაღალი უმუშევრობის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძნელია ივარაუდო, როდემდე გაგრძელდება ემიგრაციული გადასვლის გლობალური მოდელის მესამე ფაზა, მით უმეტეს, რომ ემიგრანტთა “მესამე თაობის” სახით ქართველი სტუდენტი ახალგაზრდობის ემიგრაციული განწყობა მაღალია. რაც შეეხება საშუალო ასაკის ემიგრანტ ქალებს, მათ უმრავლესობას პედაგოგები წარმოადგენენ. მათ პროფესია უადვილებთ უცხოეთში დასაქმებას ძირითადად - ძიძებად, მომვლელებად, მოახლეებად და მეორადი ბაზრისთვის დამახასიათებელ დაბალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციაში ისინი განიცდიან დეკვალიფიკაციას, საკუთარ სამშობლოში არსებულ ხელფასთან შედარებით 4-5-ჯერ მაღალი ანაზღაურების გამო, იძულებული არიან დათანხმდნენ სამუშაოს კაბალურ პირობებს. სწორედ ამ ფულადი გზავნილებით სწავლობენ მათი შვილები, მკურნალობენ მშობლები და ნათესავები. ამასთან, უცხოეთში არსებული სირთულეებისა და დაძაბული სამუშაო რეჟიმის გამო, ამ ქალბატონებს ხშირად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემა.

emigracia2-1662967605.jpg

- ე.ი. ემიგრაციის შეუქცევადობის მთავარი მოტივი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია?

- დიახ, მოსახლეობის ემიგრაციის მთავარ ფაქტორად საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი დონე და საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი რჩება. სოციალური ფაქტორის თვალსაზრისით გამოკვეთილია მოსახლეობის სოციალური დიფერენციაციის მნიშვნელოვნი ზრდა. ეს ფაქტორი, ემიგრაციასთან ერთად, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ქვეყნის რთული პოლიტიკური და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზეზშედეგობრივი კავშირი. პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობის მიგრაციული პროცესების ოპტიმიზაციის ყველაზე დიდ პრობლემად უნდა მივიჩნიოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და მის პოლიტიკურ ინტერესებში შედის ისეთი პოლიტიკური (მაგალითად, რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმი, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის დაწესებით ერთაშორის ურთიერთობების ხელშეშლა და სხვ.) და სოციალურ-ეკონომიკური დაძაბულობის პროვოცირება, რომელიც ემიგრაციასთან ერთად, ართულებს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დარეგულირებას. პოლიტიკურ ფაქტორად წარმოგვიდგება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში 90-დღიანი უვიზო რეჟიმი. მის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი ვაჭრობისა და მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა, რამაც თავის მხრივ, მოქალაქეთა განათლების ამაღლების და პროფესიული განვითარების მეტ შესაძლებლობას, მიღებული ცოდნის შიდაბაზარზე ინვესტირებით სიღარიბის დაძლევას, საერთოდ, ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი. საქართველომ ნაწილობრივ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ ვერ განახორციელა ეროვნულ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები, ასევე, ვერ შექმნა ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმები ემიგრაციის ეფექტიანი კონტროლისა და არალეგალური ემიგრაციის პროფილაქტიკისთვის.

- საინტერესოა, მიგრაციული გაცვლის პროცესში რომელი ეროვნების წარმომადგენლები ჭარბობდნენ?

- ვინაიდან საზღვრის დაცვის დეპარტამენტი არ აღრიცხავს მოსახლეობის მიგრაციას ეროვნების მიხედვით, ძნელია განსაზღვრო, რომელი ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა მიგრაციული გაცვლის პროცესში. ამიტომ ყურადსაღებია სხვა ქვეყნებიდან მოქალაქეთა მიგრაცია საქართველოში, რამდენადაც ამან შეიძლება ქვეყნის ავტოქტონური მოსახლეობის მიგრაციასაც გადააჭარბოს და ქვეყნის მოსახლეობის ეროვნული სტრუქტურა დროთა განმავლობაში შეცვალოს. ავტოქტონური მოსახლეობის შემცირებამ კი შესაძლოა მცირერიცხოვანი მოსახლეობის ქვეყანას ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტები შეუქმნას, რაც უახლოეს წარსულში უკვე გადაიტანეს საქართველომ და ბალკანეთის ქვეყნებმა. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ სხვა რელიგიის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მაღალ რეპროდუქციულ ქცევას, არ არის გამორიცხული, საქართველოს მოსახლეობის შობადობის ეროვნულ სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებები აღინიშნოს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის 31-წლიანი დინამიკის ფაქტორულმა განხილვამ ცალკეული პერიოდებისა და ფაზების მიხედვით გვიჩვენა მისი სამფაქტორიანი განვითარება. საქართველოს მოქალაქეებისთვის არალეგალური ემიგრაცია “ახალი ხილი” არ არის და იგი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან, 1991 წლიდან იწყება. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს დაუგროვდათ არალეგალურ ემიგრაციაში გასვლის მექანიზმებისა და ხერხების გამოყენების გამოცდილება. ამ ასპექტში, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირში ვიზალიბელარიზაციამ იმპულსი მისცა და “ახალი თაობის” ემიგრანტებს უფრო გაუადვილა არალეგალური ემიგრაციით “ძველი თაობის” ემიგრანტ ოჯახის წევრებთან შეერთება და (ასევე, არალეგალურად) მათთან ერთად ცხოვრება. ბოლო დროს განსაკუთრებულად თვალსაჩინო გახდა ქართველების ინტერესი ამერიკის შეერებული შტატებისადმი, რაც კიდევ ცალკე კვლევის საგანია. ამდენად, თუ უკანონო მიგრაცია ევროკავშირსა და ამერიკას გარკვეულ საფრთხეებს უქმნის, საქართველოსთვის, თუ არ ჩავთვლით სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, საკმაოდ დიდი სოციალურ-დემოგრაფიული დანაკარგებია და ამაზე სერიოზული დაფიქრება გვმართებს.

ხათუნა ბახtურიძე