რისთვის ჩამოვიდა ლიანა ასათიანის შვილიშვილი საქართველოში - გზაპრესი

რისთვის ჩამოვიდა ლიანა ასათიანის შვილიშვილი საქართველოში

შარშან, საქართველოში ჩამოსული თურმე, აქ ცხოვრებაზე დაფიქრდა. მართალია, ქართულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცის, მაგრამ აქტიურად ცდილობს მშობლიური ენის შესწავლას. საშუალება მომეცა, მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამეწერა და "გზის" მკითხველისთვის დავითი გამეცნო...

- ქართველი საზოგადოება იცნობს თქვენ ოჯახს, ბებია-ბაბუას, მამას, მაგრამ ნაკლები ინფორმაცია გვაქვს დედაზე. ამიტომ, ჯერ მასზე გვიამბეთ...

GzaPress- დედაჩემი სუზან ლეიქი პიანისტია. საკუთარი სტუდია ჰქონდა და დიდი ხნის განმავლობაში რამდენიმე ათეული მოსწავლე ჰყავდა. ახლა არ მუშაობს, მაგრამ მუსიკას არასოდეს დაანებებს თავს. 2006 წელს დედ-მამა ერთმანეთს დაშორდნენ. რაღაც პერიოდის შემდეგ, დედა მეორედ დაოჯახდა და ფილადელფიაში ცხოვრობს, მეც მასთან ვარ. მყავს ძმა ალექსანდრე, რომელიც 21 წლის არის და ინდიანას უნივერსიტეტში კომპიუტერულ პროგრამირებას სწავლობს. სხვათა შორის, ჩემი მშობლების მსგავსად, ფანტასტიკური პიანისტია.

- მამა ინდიანაშია. ხშირად ეკონტაქტებით ერთმანეთს?

- ის სულ დაკავებულია. კონცერტების დროს იმდენად რთულია მისი ნახვა, რომ ამას წელიწადში ერთხელ თუ ვახერხებთ. თუმცა, ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს "სკაიპით" და ტელეფონით.

- თუ იცი, დედ-მამა როგორ შეხვდნენ ერთმანეთს?

- დედა ნიუ-იორკის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა, ლექსო კი კარნეგი ჰოლთან ცხოვრობდა და ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, ისინი ერთმანეთს დედას პედაგოგმა შეახვედრა. ეს არის "ოფიციალური ვერსია", რომელიც მე ვიცი (იღიმის).

- როგორც ვიცი, თავადაც მუსიკალური გზა აირჩიეთ...

- 30 ნოემბერს 23 წლის გავხდი. ამერიკაში ვსწავლობდი ფორტეპიანოსა და საყვირზე დაკვრას. სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში გამართულ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი. სულ მქონდა სურვილი, რამე განსხვავებული მეკეთებინა. ვიცოდი, საქართველოში ფანტასტიკური სკოლა და საშუალებაა ვოკალის დასამუშავებლად, ამ სფეროში განათლების მისაღებად. გასულ წელს ვიყავი საქართველოში და გარკვეული დრო კონსერვატორიაში გავატარე. ბოლო წლების განმავლობში, საკმაოდ დიდი პროგრესი მაქვს ვიკალის თვალსაზრისით, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიო. ახლახან პირველი კონცერტი მქონდა კონსერვატორიაში: შევასრულე მოცარტის "ფიგარო" და "ფიგაროს ქორწინება".

- თქვით, რომ დადგმებში მონაწილეობდით. ბებიას მსგავსად, სამსახიობო კარიერაზე თუ გიფიქრიათ?

- ცხოვრება უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს. ამ ეტაპზე, მუსიკალურ განათლებას ვიღებ, მაგრამ მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით. შეიძლება ვიყო მომღერალი, დირიჟორი ან მსახიობი.

- თბილისში არ დაბადებულხართ. საინტერესოა, რა სიხშირით ჩამოდიოდით მშობლიურ ქვეყანაში?

- საქართველოში სულ ხუთჯერ ვარ ნამყოფი. პირველად 2006 წელს, ჩემს ძმასთან - ალექსანდრესა და მამასთან ერთად ჩამოვედი. მაშინ მე, მამა და ჩემი ძმა ფინეთში ვიყავით და მამამ სიურპრიზი მოგვიწყო საქართველოში გამომგზავრების სახით.

- მაშინ ბებიას პირველად შეხვდით, არა?

- არა, მანამდე ბებია ჩვენთან, ამერიკაში ჩამოდიოდა ხოლმე. პირველად 7 წლის ასაკში ვნახე და ალბათ მაშინაც იყო ჩემს სანახავად ჩამოსული, როცა დავიბადე. 2006 წელს ბებია მესამედ ვნახე, როდესაც ჯერ კიდევ შეეძლო სიარული, საუბარი და კარგ ფორმაში იყო. შარშან, ივნისში თბილისში რომ ჩამოვედი, უკანასკნელად შევხვდით ერთმანეთს. სწორედ 2014 წელს გავაანალიზე, რომ საქართველოში მინდოდა მეცხოვრა. ეს მხოლოდ მუსიკის გამო არ მომხდარა. სურვილი გამიჩნდა, ოჯახთან მეტი დრო გამეტარებინა, დავწაფებოდი ქართულ კულტურას, ტრადიციები შემესწავლა, ხალხი გამეცნო და ქართული ენა მესწავლა. რამდენ ხანსაც დამჭირდება, იმდენ ხანს დავრჩები აქ იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიო საქართველოში, შევისისხლხორცო ქართული ტრადიციები, კულტურა და ენა.

- ახლა რა დონეზე ფლობთ ქართულ ენას?

- ქართულად წერა-კითხვა შემიძლია და დაახლოებით 500 სიტყვა ვიცი.

- ეს მამამ გასწავლათ?

- არა, ჩემით ვისწავლე და ახლა საქართველოში მასწავლებელი მყავს.

- ძმამ თუ იცის ქართული ენა?

- არა, მან არ იცის. მასაც აქვს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი, მაგრამ ჯერ სწავლა უნდა დაასრულოს.

- ახლა სად ცხოვრობთ?

- ლიანასა და ლექსოს საგვარეულო სახლში (მისამართს ქართულად ასახელებს. - ავტ).

- მარტო ცხოვრობთ თუ ვინმესთან ერთად?

- არის ერთი ქალბატონი, ვინც ჩემზე ზრუნავს. ის ლიანას ეხმარებოდა წლების განმავლობაში და ახლა მე მივლის.

- დავით, პირველი ვიზიტისას და ახლა, რა შთაბეჭდილება შეგექმნათ საქართველოზე?

GzaPress- თითოეული ერის კულტურა ფუნდამენტურად დაფუძნებულია ხალხზე. მე უფრო განსხვავებაზე ვისაუბრებ ქართულ და ამერიკულ კულტურას შორის. ქართული კულტურა ძალიან მდიდარია. უამრავ ტრადიციას შორის არის სტუმართმოყვარეობა, რაც ძალიან მომწონს. მოხიბლული ვარ იმით, რომ ქართველები სტუმარს შინ ეპატიჟებიან და უმასპინძლდებიან. ასევე, თვალში საცემია: ოჯახის კულტი, მეგობრობის ცნება, სუფრის ტრადიციები, სადღეგრძელოები... ქართული კულტურის დასახასიათებლად საუკეთესო მაგალითი ის არის, თუ რამდენად ახლოს არიან მეგობრები და ოჯახის წევრები ერთმანეთთან. ღრმა კავშირია ადამიანებს შორის. აქ ინტიმურობის დონე ბევრად უფრო მაღალია. საქართველოში აფასებენ ოჯახს, მეგობრებს და ღმერთს. ადამიანებს შორის ამგვარი დამოკიდებულება თითოეულს ეხმარება იმაში, რომ თავი გაცილებით მხნედ იგრძნონ.

- რელიგიური ხართ?

- ვაღიარებ ღმერთს, ქრისტიანი ვარ, მაგრამ ღრმად რელიგიური არ ვარ. ვერც კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის ვხედავ განსახვავებას.

- დავით, მუსიკის გარდა, რა ინტერესები გაქვთ?

- მუსიკა არ არის მხოლოდ საქმიანობა, მას ვუყურებ როგორც ჰობის და აქედან გამომდინარე, ინტერესთა სფეროს ჩამონათვალში, მუსიკალური კომპოზიციების შექმნა შეიძლება დავასახელო. სპორტი დიდად არ მიზიდავს, მხოლოდ მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობ და სიმძიმეების აზიდვაც მიყვარს. ვგიჟდები ვიდეოთამაშეზე და მათ დიდი დროს ვუთმობ. კიდევ, ლათინურამერიკული ცეკვები მიყვარს, მაგრამ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობას მანამდე არ მივიღებ, ვიდრე კარგად არ დავეუფლები. არ მინდა თქვან, ლექსო თორაძის შვილმა რაღაც ცუდად გააკეთაო (იღიმის). ასევე, ძალიან მიყვარს კერძების მომზადება. დაბადების დღეზე 21 სტუმარი მყავდა და მათთვის სუფრა თავად გავაწყვე. საყვარელ ადამიანებს ექვსი სახეობის კერძით გავუმასპინძლდი, მათ შორის იყო: ესპანური, ინდური და იტალიური სამზარეულოს ნიმუშები.

- ახალ 2015 წელს თბილისში შეხვდებით?

- დიახ, საქართველოში 2015 წლის ივნისამდე დავრჩები.

- საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრებაზე თუ გიფიქრიათ?

- ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში განათლების მისაღებად და კულტურის უკეთ გასაცნობად ვიქნები, შემდეგ რა იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს (იღიმის).

ანა კალანდაძე