დაბრუნება ფესვებთან -  ანუ დასახლება ხალდეს კოშკების ნანგრევებთან - გზაპრესი

დაბრუნება ფესვებთან -  ანუ დასახლება ხალდეს კოშკების ნანგრევებთან

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის თუ ვკითხულობთ, რომ საქართველოდან ემიგრაციაში უამრავი ადამიანი მიდის და ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს. ემიგრირებულთა ათასგვარი შინაარსის ამბავი მეტი ვიცით, ვიდრე იმ ადამიანთა შესახებ, ვისაც საქართველოში დარჩენა, აქ საქმიანობა და ცხოვრება აქვს გადაწყვეტილი. არადა, ასეთებიც არიან და ვფიქრობ, მათ შესახებ თხრობა ნამდვილად ღირს.

ჩვენი კომუნიკაცია რომ შემდგარიყო, წინასწარ დავთქვით დღე და საათი. დაახლოებით 7 კილომეტრის გავლამ მოუწია იმ ადგილამდე, სადაც ინტერნეტი და ტელეფონი მოქმედებს. საინტერესო ადამიანად მეჩვენა თავისი საქმით, გეგმებით და ვთხოვე, მისი ყოველდღიურობისა და იმ პირობების შესახებ მოეთხრო, რომელშიც 32 წლის ჯაბა ჯოხაძე სვანეთის სოფელ ხალდეში ცხოვრობს.

თავდაპირველად კი, ორიოდ სიტყვით ამ ისტორიულ სოფელზე გიამბობთ: სვანეთში ცარიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ აჯანყება 1875-1876 წლებში მოხდა. სვანეთის მოსახლეობამ რომ შეიტყო, მეფის მთავრობა ახალი გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულების შემოღებას აპირებდა, პროტესტი გამოთქვა და “ხმა აიმაღლა”. თავდაპირველად მთავრობის ღონისძიებათა წინააღმდეგ სისტემატური გამოსვლებისა და აჯანყების მეთაურებად ცნეს და დაადანაშაულეს 16 კაცი, რომელთაც რამდენიმე წლის პატიმრობა ან სვანეთიდან გასახლება მიუსაჯეს. აჯანყება მაინც არ ჩაცხრა და ამის გამო მეფის ხელისუფლებამ 1876 წლის აგვისტოში სვანეთში დიდი სამხედრო ექსპედიცია გაგზავნა. შეპყრობილ სვანებს სამხედრო სასამართლომ სამუდამო კატორღა ან შორეულ მხარეში გადასახლება მიუსაჯა. აჯანყებისას ხალდე მეფის რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი აქტიური მოთავე იყო. სოფლის მოსახლეობამ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა სოფელი თავის კოშკებიანად პირწმინდად გაანადგურეს. მას შემდეგ რუსეთის მთავრობამ ხალდეში დასახლება აკრძალა და სოფელიც დაცარიელდა...

1-1663571220.jpg

ჯაბა ჯოხაძე:

- 1990 წელს დავიბადე ქალაქ სოხუმში. დევნილობაში თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ წარმოშობით სვანეთიდან ვარ, მესტიის რაიონის სოფელ ხალდედან. აქ დასახლება რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე. ჯერჯერობით სვანეთში მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულს ვატარებ, ოქტომბრამდე ვრჩები, შემდეგ თბილისში ვბრუნდები. ხალდე ისტორიული სოფელია, სადაც ჩემი გვარი უკვე ათასი წელია, ცხოვრობს. 1876 წელს რუსულმა ჯარმა სოფელი მიწასთან გაასწორა, იქაურობა დაანგრია და გადაგვასახლეს ყაბარდოეთ-ბალყარეთში, შემდეგ - აფხაზეთში. მამაჩემი იქ გაიზარდა და მეც სოხუმში დავიბადე, რომელიც მაშინ დავტოვეთ, როცა 2 წლის ვიყავი. იქაურობა არც მახსოვს.

- ხალდეში დასახლების სურვილი და იდეა როდის და როგორ გაჩნდა?

- ჩემი წინაპარი აჯანყების ერთ-ერთი მოთავე გახლდათ, რომელიც სხვებთან ერთად გადაასახლეს და გადასახლებაშივე გარდაიცვალა. ამ სოფელში 4 გვარი ცხოვრობდა; ყველა ოცნებობს აქ დაბრუნებაზე და სახლ-კარის აღდგენაზე. ამ სოფლიდან არიან: გასვიანები, ჩოფლიანები, ჩეგიანები და ჯოხაძეები. ამჟამად აქ ვცხოვრობთ 5 ოჯახი: 2 ჯოხაძე და 3 გასვიანი. როგორც ვიცი, კიდევ დაახლოებით 3 ოჯახს სურს აქ დაბრუნება და იმედია, მომავალში ამას შეძლებენ. ხალდეში დაბრუნების სურვილი მეც სულ მქონდა. ბაბუაჩემს არ ვიცნობდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისიც ასე ფიქრობდა. სამწუხაროდ, მამაჩემმა და ბიძაჩემმა ეს ვერ შეძლეს, ტრაგიკულად დაიღუპნენ. მე, ასე ვთქვათ, მათ ანდერძს ვასრულებ და ვცდილობ, ხალდეში ნელ-ნელა დავმკვიდრდე. ეს ჩემი ინიციატივა იყო. არც მთავრობას გაუწევია დახმარება და არც სხვა ვინმეს, ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე ვცდილობ, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შევიქმნა.

- თქვენს კარ-მიდამოში წინაპრების ნამოსახლარი დაგხვდათ თუ სადმე სხვაგან ცხოვრობთ?

- სამწუხაროდ, სახლი არა, მხოლოდ მინდორი და ნანგრევები, უფრო სწორედ, შეიძლება ითქვას, არაფერი დამხვედრია, ლამაზი ხედისა და სუფთა ჰაერის გარდა. ხალდე ულამაზესი სოფელია, რომელსაც შემორჩენილი აქვს პირველყოფილი სახე. აქ ცივილიზაცია არ არის შემოსული ისე, როგორც სხვა რაიონებში.

- მინდა, თქვენი ერთი დღე წარმოვიდგინო, მომიყევით... მკაცრი ზამთარი იცის, არა?..

- კი, გზა დაახლოებით 5 თვით იკეტება და ამიტომ, ჯერჯერობით სოფელში ვერ ვრჩები. აქედან ოქტომბერში ან ნოემბრის დასაწყისში თბილისში მივდივართ, როგორც კი პირველი თოვლი წამოვა... სოფელში უამრავი საქმეა, რომელიც არასდროს სრულდება. დილას ვიწყებ დაახლოებთ 8 საათზე საუზმით და ვაგრძელებ მუშაობით, როგორც ალბათ ყველა. აქ საქმის გარეშე რომ გაჩერდე, აუცილებლად მოგბეზრდება. საღამოს კი სასიამოვნო განცდა გიპყრობს, როცა შენი შრომის შედეგს უყურებ და ათვალიერებ სახლს, რომელსაც რაღაც შენი ხელით შემატე. დიდი იმედი მაქვს, რომ გაისად უკვე შევძლებ, სოფელში ზამთარშიც დავრჩე, მაგრამ გაჭირდება, 5-6 თვე სოფელში მარტო ადამიანი რთულ ფსიქიკურ პირობებში ჩავარდება. დიდი სიამოვნებით დავრჩები, თუ რომელიმე ოჯახიც აქ იქნება. ვნახოთ.

- ხეზე მუშაობთ და ალბათ სახლსაც ბოლომდე გამართავთ. ოჯახში ხეზე კვეთდა ვინმე?

- არა, ეს ნიჭი მე აღმომაჩნდა. 10 წლის ვიყავი, როცა ჩემი ინიციატივით დავიწყე ხეზე კვეთა, თვითნასწავლი ვარ. ხესთან პირველი შეხება სკოლაში, შრომის გაკვეთილებზე მქონდა, მერე დამაინტერესა და სოფელში რაღაცების გამოთლა დავიწყე. კვეთასაც მივყევი. პრიმიტიული ნამუშევრებით დავიწყე, ხატებს ვაკეთებდი, მაგრამ კანონიკაში გარკვეული არ ვიყავი. მერე აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც კითხვები დავუსვი და პასუხებიც მივიღე, ინფორმაცია მოვიძიე წიგნებშიც და ნელ-ნელა, შეიძლება ითქვას, ნამუშევრები გავაუმჯობესე. წლები რომ გადის, ყველაფერი ნელ-ნელა იხვეწება... სახელოსნოს ვაშენებ და მინდა, მომავალ წელს ფუნდამენტურად დავსახლდე ხალდეში. წყალი არ გვაქვს და ვაპირებთ, წყაროდან გამოვიყვანოთ. დენი ახლახან შემოიყვანეს. ტაძარი ავარიულ მდგომარეობაშია და მის აღდგენას ვცდილობთ. მოსახლეობაც თავ-თავის სახლებს ნელ-ნელა რაღაცებს მატებს. არ გვაქვს ინტერნეტი და არც ტელეფონი იჭერს. გზა საშინელ მდგომარეობაშია. სადმე რომ დარეკო, დაახლოებით 7 კილომეტრის გავლა გიწევს, სადაც ანძები დგას. ოჯახებში თითო ავტომობილი მაინც არის, მხოლოდ ორხიდიანი, თორემ სხვაგვარად შეუძლებელია გადაადგილება. განსაკუთრებით რთული ერთი სამკილომეტრიანი მონაკვეთია, რომელზეც ორხიდიანის გარდა, არაფერი დადის. მოკლედ, ყოველდღიურად ბევრ სირთულესთან გვიწევს შეჯახება, მაგრამ თავი ენთუზიაზმით გაგვაქვს.

5-copy-1663571233.jpg

- წელს ტურისტი ან ადგილობრივი დამთვალიერებელი თუ სტუმრობდა თქვენს მხარეს?

- აქ საფეხმავლო ტურიზმია განვითარებული და დაახლოებით 15 ქართველი მოლაშქრე იქნებოდა, ვინც ფეხით გამოიარა ეს მონაკვეთი. უფრო მეტი ტურისტი ევროპიდან დადის. წელს მარიამობას დმანისის თეატრი იყო ჩამოსული, რომელმაც სპექტაკლი “ხალდე” წარმოადგინა. ძალიან სასიამოვნო დღე იყო.

- თქვენს საქმეზეც მოგვიყევით: რა მასალასა და ნივთებზე მუშაობთ?

- საერთოდ, ხეზე კვეთა საკმაოდ პრეტენზიულია. შეუძლებელია წიწვოვან მასალაზე მუშაობა, ამიტომ ის ფოთლოვან მცენარეებზე ხდება. ძირითადად, 99%-ით, ვმუშაობ 5 ხის მასალით, ესენია: ცაცხვი, წიფელა, კაკალი, მუხა და წაბლი. მასალას ვყიდულობ როგორც თბილისში, ისე სხვადასხვა რეგიონში. ხატი იქნება ეს, ეკლესიის კარი თუ სხვა, წინასწარ ვაკეთებ ნახაზს და მასალის საჭირო რაოდენობას იმის მიხედვით ვიძენ, მერე კი ვიწყებ კვეთას. საეკლესიო კარისა და სარკმლის კეთება წაბლისა და მუხის მასალისგან ხდება, რადგან, წყალი რომ ხვდება, მაინც საუკუნეები ძლებს; ხატებისა და ჯვარცმის შემთხვევაში, ცაცხვის მასალას ვანიჭებთ უპირატესობას, რადგან ჭია არ უჩნდება. იშვიათი სახეობის ხატების გაკეთება მომწონს და ასევე, საეკლესიო ნივთების დამზადებაც, რადგან ხალხისთვის მას განსაკუთრებული აურა აქვს, საუკუნეები ძლებს და სასიამოვნოა, როცა ადამიანები დადებითად იყენებენ. ამჟამად მცირე ზომის ნამუშევრებს ვაკეთებ, დაახლოებთ 300 ცალი მინდა შევქმნა. ამისთვის დრო საღამოობით მაქვს გამოყოფილი და დღეში თითოს ვამატებ. შემდეგ უკვე ნამუშევრების რეალიზებას ინტერნეტის მეშვეობით ვახდენ, ათვისებული მაქვს ეს სივრცე და არ მიჭირს. თუმცა, ხეზე კვეთა საქართველოში საკმაოდ დაუფასებელი საქმეა, ფასიც საკმაოდ დაბალი აქვს, მაგრამ არ მინდა, ამ საქმიანობას თავი დავანებო და უცხოეთში წავიდე.

- ბევრი ახალგაზრდა მიდის ჩვენი ქვეყნიდან...

- კი, შეიძლება ითქვას, 100%-იანი შანსი მაქვს, საქართველოდან დღესვე წავიდე, თან საკმაოდ კარგ ქვეყნებში. ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და საკმაოდ იოლად შემიძლია ამის გაკეთება, როგორც კეთილსინდისიერ მოქალაქეს, ყველგან გზა მაქვს “გამწვანებული” (იღიმის), მაგრამ არ მინდა. ფუნდამენტურად მაქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველოს არასოდეს დავტოვებ! და თან, სამუდამოდ მინდა მთაში გადავსახლდე.

ანა კალანდაძე