სოფელი, რომელიც არავის უნდა და დასახურად განწირული სკოლები... - გზაპრესი

სოფელი, რომელიც არავის უნდა და დასახურად განწირული სკოლები...

ამ მასალის მომზადება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც იმ ვაკანსიებს გადავხედე, სკოლები რომ აცხადებენ პედაგოგებისთვის. პირველად იმან გამაკვირვა, რომ ვაკანსია ასობით კი არა, ათასობითაა, მაშინ, როცა მასწავლებლები მუდამ დასაქმების უპერსპექტივობაზე წუწუნებენ და ახალგაზრდები პირდაპირ შეტევაზე არიან გადასულები ასაკოვანი და პენსიონერი პედაგოგების მისამართით. ზოგჯერ ისეთ კომენტარს აკეთებენ, არანაირ ეთიკის კოდექსში რომ არ ჯდება და მე რომ დირექტორი ან მინისტრი ვიყო, ასეთ კადრს ბავშვებთან არასოდეს მივუშვებდი. "ხომ შეგვაწუხეს ამ ბებერმა და ცალ ფეხზე ცხვარგამობმულმა მასწავლებლებმა, სიკვდილსაც სკოლაში რომ აპირებენ. ვერ მოუფიქრებიათ სახლში წასვლა და ახალგაზრდებისთვის ადგილის დათმობა. გამოცდებზეც კი გადიან და ისევ მომავალზე ფიქრობენ"... - ამ კომენტარის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, ერთნაირად შემეცოდა ასაკოვანი მასწავლებლებიც, საკუთარი მხრებით ათასგვარი გაჭირვება რომ ზიდეს, სკოლა აქამდე მოგვიტანეს და მადლობის ნაცვლად, უმადურად კლავენ სიტყვებით...

მოკლედ, დავათვალიერე ვაკანსიები და ტირილის ხასიათზე დავდექი, რადგან სოფლის სკოლებს უჭირთ თურმე, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში. აჭარაში ისეთი სკოლაც აღმოვაჩინე, სადაც ლამის ყველა საგნის მასწავლებლის დეფიციტია და მართლა ვერ მივხვდი, როგორ აპირებენ სასწავლო წლის დაწყებას?!.

ვერ მოვითმინე და სოციალურ ქსელში, პედაგოგებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ჯგუფში სტატუსი დავწერე: ახალგაზრდებო, იქნებ წასულიყავით სოფლებში, რომელსაც გადარჩენა სჭირდება, რადგან თუ სკოლა დაიხურა, სოფელიც მოკვდება და საბოლოოდ, ქვეყანა დაინგრევა-მეთქი და მხარდამჭერების მოლოდინში, ლანძღვაც ბევრი მივიღე და დამუნათებაც.

ნატო გოგოლაძე:

"ვინც ეთანხმებით ახალგაზრდა კადრის სოფლად დასაქმებას, აღიარეთ, რამდენს გინდათ სოფელში ცხოვრება ან თქვენს შვილს მოუწონებთ მსგავს საქციელს? ყველას ქალაქისკენ გაგირბით თვალი..."

მაია დანელია:

"იცით, რატომ არ უნდათ ახალგაზრდებს სოფლებში დაბრუნება? გართობა უნდათ: კინო, თეატრი, სეირნობა, ადამიანური პირობები. არ უნდათ ზამთარში და გნებავთ ზაფხულში მდინარის გადაცურვა ხიდის უქონლობის გამო, წელამდე თოვლში მთის გადავლა. გაყინულ ან კვამლით სავსე საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარება, თორემ სამშობლო არავისზე ნაკლებად არ უყვართ. ჭრაქით განათებულ ოთახში "განვითარებას" არც ერთი ახალგაზრდა არ მოინდომებს!"

მე სალო:

"ახალგაზრდას არ უნდა განვითარება? რატომ უნდა წავიდეს სოფელში?.."

ნელი თაბაგარი:

"განვითარება და მომავალი რომ უნდა, იმიტომ უნდა წავიდეს. აბა, სახლში ჯდომა სჯობს? სამუშაოს ვერ ვშოულობო... წავიდნენ, კეთილი საქმე გააკეთონ, სოფელს 2-3 წელიწადი ემახურონ და თან უკეთესი სამსახური ეძებონ. აბა, დავხუროთ სკოლები? სოფელს არ უნდა მომავალი?

თეო ძოწენიძე:

"სამწუხარო რეალობაა: მაღალმთიან სოფელში სამუშაოდ წასვლა არავის უნდა. დიდი ბოდიში, ვისაც არ გეხებათ, მაგრამ რადგან უმაღლესის დიპლომს აიღებენ და სტატუსს მოიპოვებენ, ასე ჰგონიათ, მაშინვე ქალაქის სკოლებში დაასაქმებენ. გაისარჯეთ, წადით მთაში და გამოცდილებასაც მიიღებთ, ამაში სათაკილო არაფერია. სოფლელ ბავშვებსაც აქვთ უფლება სათანადო განათლება მიიღონ! მეექვსე წელია მაღალმთიან სოფელში ვმუშაობ. ბევრჯერ გამჭირვებია. არაა იოლი სხვაგან, უცხო გარემოში წახვიდე საცხოვრებლად, მაგრამ უმუშევრად დარჩენას და იმაზე წუწუნს, რომ ქალაქში გასაუბრებაზეც არ გიბარებენ, აშკარად ჯობია სოფელში წახვიდე, გამოცდილება და სტაჟი დააგროვო!"

ნინო დოლიძე:

"ბებიასგან გამიგონია: წინათ ახალკურსდამთავრებულებს 5 წლით ანაწილებდნენ სამუშაოდ მაღალმთიან სოფლებშიო და იქნებ მიგვებაძა. ახალგაზრდისთვის სახალისო და ეგზოტიკურიც კია!"

მიქო მიქავა:

"გიკითხავთ რამდენია მასწავლებლის ხელფასი და მაღალ მთაში ბინას რა ფასად ახვედრებენ? 600 ლარს რომ მოსთხოვს ახალგაზრდას იმ ბავშვის მშობელი, ვისაც უნდა ასწავლოს და ვის გამოც გადმოიხვეწა ქალაქიდან, რატომ არ ფიქრობს, რომ ხვალ მისი შვილი შეიძლება მასწავლებლის გარეშე დარჩეს?!. დამატებით გზის, პროდუქტის, გათბობის ხარჯია გასათვალისწინებელი. მუნიციპალური ტრანსპორტიც არ ემსახურება სოფლების უმრავლესობას".

თამარ კოვზირიძე:

"145 ლარია დანამატი 18 საათზე, მთის კანონით. ნაკლებ საათზე არაა და პროცენტულად იკლებს. ვერავის ვუსაყვედურებ, რომ სოფელში წასვლა არ უნდა. როგორია, 500 და თუნდაც 1000 ლარად გადაბარგდე სოფელში. ხარჯებს არ ჰყოფნის ეს ხელფასი: ბინის ქირა, მგზავრობა, კვება, კომუნალურები, ელემენტარული ჩაცმა-დახურვაც ხომ უნდა და არ ეყოფა, ვერ წამოვა..."

ლანა ონიანი:

"წამოვედი და რა მერე? არანაირი შეღავათი, ქარსა და თოვლში ფეხით სიარული. ავტობუსის მძღოლი, რომელიც ბავშვებს დაატარებს, წაქცევაზე რომ იყო, არ გაგიჩერებს და არ აგიშვებს ავტობუსში; ფულიც რომ მისცე, არ შეიძლებაო! ბავშვი თუ გეცოდება და ავტობუსს უნიშნავ, მასწავლებელი რამ შეგაძულა ასე, რა სახელმწიფო ხარ ასეთი, სასიკვდილოდ რომ მიმეტებ? სადაა სოფელში ტრანსპორტი, მაგრამ სადაცაა, იქ მაინც მიეცი მასწავლებელს უფასოდ მგზავრობის უფლება. მთელს საქართველოში მხოლოდ თბილისელ მასწავლებლებს რომ აქვთ შეღავათი მგზავრობაზე, ღმერთმა შეარგოთ, მაგრამ დანარჩენ მასწავლებლებს რომ ორჯერ მეტი პრობლემა აქვთ, თუ არ იციან მთავრობაში, არ ყოფილან თანამდებობების ღირსები და მათი ბრალია, ყველას თავკომბალად ქცეულ თბილისში რომ უნდა დარჩენა!"

ჯილდა მახაროპულო:

"მაღალმთიან სოფელში ელემენტარულად გზა მაინც უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ ადამიანს აქ წამოსვლის მოტივაცია ჰქონდეს. სამწუხაროდ, ასეთი სოფლები განწირულია მიგრაციის, უპატრონობის და უპერსპექტივობისთვის!"

tariel-futkaradze-copy-1663658355.jpg

ტარიელ ფუტკარაძე:

"მე მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ვარ 2010 წლიდან. სოფელი თვალსა და ხელს შუა გვიცარიელდება. უმრავი სკოლა დაიხურა და არავინ იცის, რის ფასად გვიწევს დარჩენილების შენარჩუნება. სახელმწიფოსგან სერიოზული ხელშეწყობა თუ არ იქნა, ყველა ქალაქს მიაშურებს დასაქმების იმედად. თუმცა, ქალაქშიც რომ არაფერია სახარბიელო, კარგად მოგეხსენებათ. ტირილი მოგინდება კაცს, დაკეტილ სახლებს რომ ჩაუვლი გვერდით. არც გაბედოს ვინმემ თქმა: დაეტიოს პატრონი თავის კერიაზეო... 6 თვე მკაცრი ზამთარი, მწირი მიწა, მესაქონლეობისთვის არასაკმარისი რესურსი, რომელი ერთი ჩამოვთვალო? 2013 წლიდან ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი. წამყვანის გამოცდაც ჩავაბარე და მინდა, ჩემს კუთხეს ვემსახურო, საიდანაც ქრისტიანობა გავრცელდა დანარჩენ საქართველოში. ყველაზე რეალური ადგილობრივი კადრის შენარჩუნებაა სოფელში. ჩამოსულები მძიმე ბუნებრივ პირობებს იშვიათად ეგუებიან. მასწავლებლების ხშირი ცვლა კი ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ახალგაზრდების მომავალზე. ადგილობრივი კადრების წახალისება უნდა მოხდეს სხვადასხვა პრივილეგიით. სოფლის კეთილდღეობის გარეშე ვერ გადარჩება ქალაქი და ქვეყანა..."

...მსგავსი უამრავი კომენტარია.

აქა-იქ მზესავით გაიბრწყინა ზოგიერთმა კომენტარმა და იმედად იქცა:

მერი თორთლაძე:

"სიამოვნებით ავიკარი გუდანაბადი და ჩემს საოცნებო რაჭაში გადავცხოვრდი. საოცარ სკოლაში, გარემოში, ბუნებაში და თავგადასავალში აღმოვჩნდი. მადლობას ვუხდი თავს გაბედულებისთვის!"

ვასიკო გაგნიძე:

"როდესაც ინსტიტუტი დავამთავრე, კახელი კაცი სვანეთის სოფელ ფარში გამანაწილეს. ორი წელიწადი ვასწავლიდი და ამით არაფერი დამკლებია. პირიქით, ადამიანების სიყვარული და სიკეთე ვისწავლე!"

სალომე სვანიძე:

"სამი წელია ლეჩხუმში წამოვედი, ბავშვიც წამოვიყვანე და აქ შევიყვანე სკოლაში, მეც დავსაქმდი. ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე!"

...ჩემთვის ასეთი ადამიანები გმირები არიან, რადგან იმ სოფლებში ჩასვლა, მასწავლებლების მოლოდინში რომ ძლივს ინარჩუნებენ სუნთქვას, ომში საბრძოლველად წასვლის ტოლფასი საქმეა და მეტიც: გარეული მტრისგან დამარცხება არაფერია იმასთან შედარებით, საკუთარი გულგრილობა და უმოქმედობა რომ დაგამარცხებს...

როგორც არასოდეს, ისე მინდა ეს მასალა მთავრობაში მყოფებმა წაიკითხონ: პოზიციამაც, ოპოზიციამაც და თუ მართლა აინტერესებთ ხალხის აზრი და ქვეყნის სამსახურია მათი მიზანი, მიხედონ სოფელს. განა რას ითხოვენ განსაკუთრებულს: გზას, წყალს, ხიდს, შუქს და ღირსეულ ხელფასს, ისევ თქვენ რომ გემსახურონ მერე და ის სოფელ-ქალაქი გადაგირჩინონ, რომლის გარეშეც არც არავინ ხართ და მით უფრო, მომავალი არ გექნებათ...

ინგა ჯაყელი