მეეზოვე გოგონას შეცვლილი ცხოვრება ჩვენთან ინტერვიუს მერე - გზაპრესი

მეეზოვე გოგონას შეცვლილი ცხოვრება ჩვენთან ინტერვიუს მერე

ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის ყოველი სამუშაო დღე მნიშვნელოვანია, რადგან ახალ ფაქტს, მოვლენას, პროცესს ესწრები, ეცნობი ადამიანებს. წლის ბოლოს კი, როცა ერთგვარ შეფასებას აკეთებ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანის ამორჩევა გიძნელდება. თუმცა, არის ერთი ადამიანი, რომლის ცხოვრება "გზაში" დაბეჭდილმა სტატიამ უკეთესობისკენ შეცვალა. ერთ დღეს, სოციალურ ქსელში პოეტმა ლელა ნინუამ ერთი გოგონას შესახებ მიამბო, - ის ღამით მეეზოვედ მუშაობს, რათა სწავლის საფასურის გადახდა შეძლოს, დღისით კი ლექციებს ესწრება. მაგრამ მისი ინტერვიუზე დაყოლიება გაგიჭირდება, რადგან ძალიან თავმდაბალი გოგონა არისო... ასეც მოხდა. თიკოს დიდხანს ვუხსნიდი, თუ რატომ იყო ის ჩემთვის საინტერესო რესპონდენტი. მერე კი, როცა მის შესახებ სტატია დაიწერა, თიკო მახათაძე საზოგადოებამ არა მარტო გაიცნო, არამედ შეიყვარა კიდეც. მის ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

GzaPressმკითხველს შევახსენებთ, თიკო 23 წლის სტუდენტია და მეოთხე წელია, კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს, სწავლის საფასურს თავად იხდის. ღამე გორის ქუჩებს ასუფთავებს, დილას კი, შინ დაბრუნებული, სპეცტანსაცმელს იხდის და უნივერსიტეტში გარბის, ლექციებს ესწრება...

წარმოშობით ხაშურელი გოგონა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის - ისტორიის სპეციალობის სტუდენტია. უკვე წლებია, მუშაობს არასამთავრობო ორგანიზიცია "ქართლ-ოსში". თიკო საოცრად აქტიური ადამიანია, ძალადობის წინააღმდეგ კამპანიებსაც აწყობს; არასამთავრობოს ეგიდით არაერთხელ ყოფილა უცხოეთში სემიანრებსა და ტრენინგზე და რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, იქ, სადაც ესა თუ ის ორგანიზაცია მის ხარჯებს სრულად ვერ ფარავს, თიკოს კიდე ერთი სამსახურის შეთავსება არ უჭირს და რაც მთავარია, ეს არც ეზარება...

"ოჯახის წევრებსა და ნათესავებსაც შეეძლოთ, დამხმარებოდნენ, მაგრამ მირჩევნია, ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიო... არა მგონია, რაიმე განსაკუთებულს ვაკეთებდე, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ და ვცდილობ, საკუთარი მიზნების მისაღწევად ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო... თავიდან დილის 4 საათზე ვდგებოდი, მაგრამ უნივერსიტეტში წასვლამდე დასვენებასა და თავის მოწესრიგებას ვერ ვასწრებდი. ამიტომაც, ახლა უფრო ადრე ვიღვიძებ. დაახლოებით ოთხ წელზე მეტია, ღამის პირველ საათზე ვდგები და ორზე უკვე სამსახურში ვარ", - თქვა მან ჩვენთან ინტერვიუში, ჩვენ კი იმედი გამოვთქვით, რომ თიკოს ინტერვიუ ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების სტიმული იქნებოდა.

სტატიის დაბეჭდვისთანავე, თიკოს უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა, მკითხველები მასთან დაკავშირებას ითხოვდნენ და ზოგს გოგონას დახმარება უნდოდა, ზოგსაც უბრალოდ - მისი გაცნობა და მასთან მეგობრობა.

რედაქციაში დარეკეს ტელევიზიის თანამშრომლებმაც და "იმედის კვირამ" მას სიუჟეტი მიუძღვნა, ვრცელი სიუჟეტი გავიდა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "P.S"-ში...

თიკო:

GzaPress- ინტერვიუს რომ გაძლევდი, მაშინ ვერც ვიოცნებებდი, ჩემი ცხოვრება ოდესმე ასე თუ შეიცვლებოდა, ახლა კი სიხარულისგან დეპრესია მაქვს. არ ვიცი, სხვა რა დავარქვა იმ ემოციას, რომელიც დამეუფლა. ყველგან მცნობენ და ძალიან თბილად მხვდებიან: ტრანსპორტში, მაღაზიებში, ქუჩაში... შენ ის ყოჩაღი გოგო ხარო? - მეკითხებიან სრულიად უცნობი ადამიანები და საკუთარი შვილივით გულში მიხუტებენ, მეფერებიან და მეუბნებიან, რომ მისაბაძი გოგო ვარ, მადლობას უთვლიან ჩემს მშობლებს... მამა ვერ მოესწრო ამ ბედნიერებას. ის ნაადრევად წავიდა ჩვენგან. დედა ავად არის, სისხძლარღვების პრობლემა აქვს, მაგრამ ჩემი სიხარულითა და წარმატებით ბედნიერია, ეს აძლიერებს... როდესაც ოჯახს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, რომ კეთილმოწყობის სამსახურში უნდა დამეწყო მუშაობა, დედა რამდენიმე დღე ტიროდა, - ღამე, სიცივეში რომ იმუშავებ, ამ დროს მე თბილ ლოგინში როგორ დავიძინოო?.. მე კი ამ ყველაფერში ტრაგედიას ვერ ვხედავ და ვერც ვერასდროს ვხედავდი. იმისთვის, რომ მესწავლა, მიზნისთვის მიმეღწია, უფრო მეტის გაკეთებასაც შევძლებდი. ბოლოს და ბოლოს, ასე ცხოვრობენ უცხოეთში ძალიან მდიდარი და წარჩინებული ოჯახის შვილებიც კი. თუმცა, როგორც მივხვდი, საქართველოში ეს გმირობის ტოლფასია. იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანისგან ვიღებ, მადლობას ვუხდი პირველ რიგში პოეტ ლელა ნინუას, ჟურნალ "გზას" და "რუსთავი 2"-ს... აუცილებლად მოვალ თქვენს რედაქციაში, რათა პირადად გითხრათ: თქვენ ჩემი ცხოვრება სიკეთისკენ, სიხარულისა და წარმატებისკენ შეცვალეთ.

- კონკრეტულად რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

- ყველაფერი! ასე მგონია, ჩემი ცხოვრება ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით შეიცვალა. ძალიან ლამაზ, ბედნიერ სიზმარში ვარ, რადგან სხვა რომ არაფერი ვახსენო, უკვე მერამდენე თვეა, ყოველი დილა სითბოთი და სიყვარულით სავსე, გამამხნევებელი ზარებით

იწყება. მირეკავენ საზღვარგარეთიდანაც, რაც ასევე მახარებს... ვიდრე კონკრეტულ ცვლილებებზე მოგიყვებით, იმ კარგ ამბებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც თქვენი ინტერვიუს შემდეგ მოხდა: - ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტში, ფოტოხელოვნების სპეციალობაზე, უფასო ფაკულტეტზე ანუ ახლა ორ სასწავლებელში ვსწავლობ. ფოტოგრაფობა ყოველთვის მაინტერესებდა, ახლა კი ამ საქმის კვალიფიციურად შესწავლის საშუალება მომეცა... როდესაც უნივერსიტეტში შევედი, ყველა თანამშრომელი, მთელი ადმინისტრაცია და რექტორიც ძალიან თბილად შემხვდნენ. უნივერსიტეტის ფოტოგრაფის თანაშემწედ ვიმუშავებ: თან პროფესიას დავეუფლები, თან - ხელფასი მექნება... უამრავმა ადამიანმა შემომთავაზა მატერიალური დახმარება. ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე და ამ კეთილ ადამიანებს თქვენი ჟურნალის საშუალებითაც ვეტყვი, - მათი მადლიერი ვარ, მაგრამ არ მინდა იოლი გზიდ ნაშოვნი ფული, არ მინდა შევეჩვიო სხვების დახმარების ხარჯზე ცხოვრებას. ეს რომ მდომოდა, ყოველი წლის სწავლის საფასურს როგორღაც, ნათესავებსა და ახლობლებში მოვაგროვებდი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია, ამის გაკეთების უფლებას სინდისი არ მომცემდა. თუნდაც იმიტომ, რომ დღეს გადსაყრელი ფული არავის აქვს; ის თანხა, რაც ჩემთვის უნდა მოეცათ, მათ ოჯახსა და შვილებს მოაკლდებოდა... ამას წინათ ერთმა ქალბატონმა დამირეკა, - სწავლის ქირა მინდა დაგიფინანსო და შენი ანგარიშის ნომერი მითხარიო. - გმადლობთ, უკვე დაფინანსებულია-მეთქი. - მაშინ შენი უახლოესი მეგობრის, ასევე სტუდენტის ნომერი მითხარი, რომელსაც ენდობი და იცი, რომ მატერიალურად უჭირს და სწავლა უნდაო... - მოვიფიქრებ-მეთქი.

- ასეთი შემოთავაზება ბევრი იყო?

GzaPress- საკმაოდ. სადაც შევდიოდი: მაღაზიაში, კაფეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ყველგან მეფერებოდნენ. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მარკეტში რაღაც ავარჩიე და მერე "ჭიდაობა" დამჭირდა, რადგან მფლობელი ან გამყიდველი თანხას არ მართმევდნენ, - შენ ის კარგი, სწავლას მოწყურებელი გოგო ხარ და ეს ჩემს სახელზე გქონდესო... ზოგმა სტატია წაიკითხა, ზოგმაც ტელესიუჟეტი ნახა... მაპატიეთ, ყველაფერს ვერ მოვყვები, რადგან ზოგს შესაძლოა, არც სურდეს მმათ შესახებ რაიმე გიამბოთ, მაგრამ ამას წინათ ქალბატონმა ლაურა ღაჭავამაც დამირეკა, - თქვენთან შეხვედრა მინდაო. დეტალებზე უნდა შევთანხმებულიყავით, ველოდები მის ზარს... ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია: მუქთა ფულს, ვერავისგან ავიღებ. სამსახურს კი, რამდენსაც გავწვდები, სიამოვნებით დავთანხმდები. სულ მეკითხებიან, - როდის გძინავსო? ფაქტობრივად არ მძინავს.

- თიკო, ვიცი, რომ კიდევ ერთი კარგი ამბავი გაქვს ჩვენთვის მოსაყოლი...

- დიახ, გორის უნივერსიტეტში სტიპენდია მოვიპოვე. არაერთი თეთრად გათენებული ღამის ფასად მოვაგროვე სახელმწიფო ქულები და ეს ძალიან დიდ გამარჯვებაა ჩემთვის. ვფიქრობ, სტიპენდია დამსახურებულად მივიღე. წელს ვამთავრებ უნივერსიტეტს და მერე მაგისტრატურაზე გავაგრძელებ სწავლას... გიყვებით ამ ყველაფერს და კიდევ არ მჯერა, ეს ყველაფერი თავს გადამხდა. არ მეგონა, თუ ამდენი სიკეთით სავსე ადამიანი იყო ამ ქვეყანაზე. ამას წინათ, ილიას უნივერსიტეტის ჰოლში მანანა მანჯგალაძე შემხვდა. გადამეხვია და მითხრა, - შენ ის გოგო ხარ? იცი, რომ ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, მისაბაძი, კეთილიო... მიხარია, მეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხს სიკეთის კეთება არ ეზარება. ყველას გილოცავთ ახალ წელს და ვისურვებდი, რომ თქვენი ცხოვრებაც სასიკეთოდ შეცვლილიყოს.

ლალი პაპასკირი