"შენი თეატრის  საშუალებით ბავშვობაში ვბრუნდებით და გვინდა, ამ სამყაროში დავრჩეთო" - გზაპრესი

"შენი თეატრის  საშუალებით ბავშვობაში ვბრუნდებით და გვინდა, ამ სამყაროში დავრჩეთო"

მარნეულში, სოფელ შაუმიანში ცხოვრობს მეთოჯინე, თოჯინების თეატრის დამაარსებელი და ყველაზე კეთილი ადამიანი არმენ ჰოვანისიანი. ცდილობს, პატარებს აუსრულოს ის ნატვრა, რაც თვითონ ვერ აისრულა ბავშვობისას - ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ დადის და უფასო წარმოდგენებს მართავს. დღეისათვის დაახლოებით 200-მდე ნამუშევარი აქვს და ოცნებობს, ჰქონდეს თეატრი-მუზეუმი, სადაც თავის თოჯინებს გამოფენს.

- დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, განათლება მივიღე სომხურ ენაზე, რადგან ნაკლები ყურადღება ექცეოდა ქართულის შესწავლას, მასწავლებლებიც ძირითადად ადგილობრივები გვყავდა. შაუმიანის სკოლაში მაშინ მხოლოდ რუსული და სომხური სექტორები იყო, ქართული 2008 წელს გახსნეს. უკვე დიდი ვიყავი, როდესაც მოვინდომე და თვითონ ვისწავლე ქართული, ბევრს ვკითხულობდი და ესეც ძალიან დამეხმარა. უმაღლესი განათლების მისაღებად ერევანში წავედი და როდესაც უკან, ჩემს სამშობლოში დავბრუნდი, მაშინ გადავწყვიტე ქართულის სწავლა. ეს გადაწყვეტილება მივიღე არა მხოლოდ აუცილებლობით, არამედ სიყვარულით.

პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ, მქონდა კოლაჟების რამდენიმე პერსონალური გამოფენა ერევანშიც და თბილისშიც, რამდენიმე გრან-პრის მფლობელიც ვარ. ჩემი კოლაჟებისთვის ყოველთვის თვითონ ვქმნიდი თოჯინებს და მივხვდი, ამის კეთება უფრო მომწონდა. საბოლოოდ, ჩემი საქმიანობა და ცხოვრება თოჯინებსა და თეატრს დავუკავშირე. ასე უფრო ახლოს ვარ ზღაპრებთან, სიკეთესთან და ეს ძალიან მომწონს. მე ვწერ ზღაპრებს დიდებისთვის, არასაბავშვოს, ჩემ გვერდით ცხოვრობენ ნამდვილი პერსონაჟები თავიანთი ამბებით და ამიტომაც არ მიჭირს მათი გამოგონება. მინდა ადამიანებმა დაინახონ, როგორები არიან სინამდვილეში - დამოკიდებულები ნივთებზე; მინდა მიხვდნენ, რა არის მთავარი ამ ცხოვრებაში. შემდეგ ზღაპრების გმირების გაცოცხლებაც მოვინდომე და ამიტომ შევქმენი თოჯინები, რომელთა რაოდენობა 200-ს აღწევს და რომლებსაც სახლში, ყუთებში ვინახავ. ოთახის ნახევარი კოლექციურ თოჯინებს უკავია, მეორე ნახევარი კი - თეატრალურს. ყოველ საღამოს ამოვიღებ ხოლმე ყუთებიდან და ვებოდიშები, - მაპატიეთ, რომ თქვენთვის შესაფერისი ადგილი ჯერ არ მაქვს-მეთქი. ცოცხალი ადამიანებივით არიან, მათთან ისეთ რამეებზეც კი ვსაუბრობ, რაც არავისთვის გამიმხელია. არ მინდა, ჩემი პრობლემები სხვას მოვახვიო თავს, ამიტომაც ყველაზე გულღია მათთან ვარ. ისინი მხოლოდ მე კი არა, სხვებსაც ჩუქნიან სიკეთესა და კარგ მომენტებს.

- თოჯინების კეთება რთულია?

- იოლი ნამდვილად არ არის, ჯერ შთაგონება უნდა მოვიდეს. შეიძლება ერთხელ ნანახი ადამიანიც კი გახდეს თოჯინის შექმნის ინსპირაცია. ამიტომ ხშირად დავდივარ ქალაქის ქუჩებში და ვაკვირდები ყველას. ჯადოქრების სერია სწორედ ქუჩაში ნანახი ქალბატონების მიხედვით შეიქმნა, ოღონდ - კეთილი ჯადოქრები გამოვიდნენ. თოჯინების შესამოსად შესაფერისი მასალა შეიძლება რამდენიმე დღეც კი ვეძებო, ყველაფერს ვერ ჩავაცმევ, გემოვნებით უნდა შეურჩიო. მაგალითად, ქალბატონ ჟერმენზე რომ ვმუშაობდი (სოლოლაკში ფარაჯანოვის მეზობლად ცხოვრობდა ეს ფრანგი ქალბატონი), ვცდილობდი, პარიზული სული შემენარჩუნებინა. ხშირად ბუნებრივ თმას ვიყენებ, ვარჩევ სამოსის სტილსაც, ფერებსაც. თოჯინა თვითონაც გკარნახობს, რა და როგორი ჩააცვა. დედაჩემი მეხმარება კერვაში, მაგრამ ხანდახან მეც ვკერავ. არის რაღაცები, რისი შექმნაც საკუთარი ხელით მიწევს, მაგალითად, ფეხსაცმელები. რაც შეeხება მასალას, კოლექციური თოჯინა პოლიმერული თიხით მზადდება, მარიონეტებს ხისგან ვაკეთებ, შერეული ტექნიკით. ჩემი აზრით, ყველა მეთოჯინეს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ტექნიკა, თუკი უნდა, რომ მისი ნაკეთობა გამორჩეული იყოს. ამიტომაც ვისწავლე ყველაფერი თვითონ, ინტერნეტის გარეშე.

- განსაკუთრებულად საყვარელი თოჯინა გყავთ?

- ყველა საყვარელია, მაგრამ არიან ისეთები, რომლებსაც უფრო ხშირად ვესაუბრები, ასეთი განსაკუთრებულია ჩემთვის ფიროსმანი, ალბათ იმიტომ, რომ მასთან ბევრ საერთოს ვპოულობ, ასევე ფარაჯანოვიც.

- რატომ გადაწყვიტეთ, თქვენი ხარჯით გევლოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ბავშვებისთვის გაგემართათ წარმოდგენები?

- ძალიან მიყვარდა თოჯინების თეატრი, მაგრამ ჩვენს სოფელში მსახიობები წარმოდგენის გასამართად არასდროს მოსულან. ვნატრობდი, იქნებ მე მაინც წავეყვანე ვინმეს, მაგრამ არც ეს ოცნება ამიხდა. ჩემი ბავშვობის ერთადერთი სურვილი რომ აუსრულებელი დამრჩა, სწორედ მაშინ გადავწყვიტე, მე თვითონ დამეარსებინა თოჯინების თეატრი და გამეხარებინა ის ბავშვები, რომლებიც, ვინ იცის, ჩემსავით ოცნებობენ ნახონ სპექტაკლი; რაც მე ვერ ავისრულე, მინდა, სხვებისთვის მაინც გავხადო რეალური. გულდასაწყვეტია, რომ რეგიონებში მცხოვრები პატარებისთვის საბავშვო პროექტები ხელმისაწვდომი არ არის, ალბათ ამიტომაც არის, რომ მათთვის ზეიმია ჩემი ჩასვლა, განსაკუთრებით - მაღალმთიან სოფლებში. ინტერესით მელოდებიან, საოცარი თვალებით მიყურებენ. წარმოდგენის დასრულების შემდეგ მთხოვენ, ახლოს ნახონ თოჯინები, ხელით შეეხონ. ზოგჯერ ისიც კი ჰგონიათ, რომ ცოცხლები არიან; მეკითხებიან, კიდევ როდის მივალ, რატომ მოიქცა ეს გმირი ასე ცუდად და ა.შ. ისინი ყველა დეტალს ამჩნევენ, საკმაოდ დაკვირვებული და მკაცრი მაყურებლები არიან, არაფერი გამოეპარებათ. ამიტომ ყველაფერი ზუსტად უნდა გათვალო, რათა გული არ აუცრუვდეთ. რამე რომ არ მოეწონოს, შეიძლება ბავშვმა თეატრისკენ აღარც გაიხედოს.

- მხოლოდ თქვენს ზღაპრებზე დგამთ სპექტაკლებს?

- სპექტაკლებს ჩემს დაწერილ ზღაპრებზეც ვდგამ, მაგრამ ვიყენებ ცნობილ სიუჟეტებსაც. საიათნოვას ცხოვრება ვაქციე ზღაპრად, ასევე ფარაჯანოვის, ახლა „წითელქუდაზე“ ვმუშაობ - მინდა გავათანამედროვო, რადგან ვფიქრობ, მაყურებლებისთვის ასე უფრო საინტერესო იქნება. რადგან საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, გადავწყვიტე, ისეთი მუსიკალური სპექტაკლები შემექმნა, სადაც სიტყვები არ იქნებოდა და ყველა ეროვნების ბავშვი გაიგებდა. ამიტომ გავაკეთე „თოჯინური კოლაჟები“, მონო-სპექტაკლი, რომელშიც გავაერთიანე სიმღერები და ცეკვები სხვადასხვა სპექტაკლიდან და მულტფილმიდან. მაგალითად, „წუნა და წრუწუნადან“, რომელიც ჩემი ბავშვობის საყვარელი ფილმია. თოჯინების თეატრი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების კულტურის დაახლოებას და პოპულარიზაციას, მაგრამ აქცენტს მაინც ქართულ კულტურაზე ვაკეთებ. ამ წარმოდგენებს დიდი ძალა და დატვირთვა აქვს, ამით შეიძლება ბავშვებს შევაყვაროთ თავისი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები.

კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდი, მაგრამ შესაძლებლობა ნაკლებია, სურვილები და ფანტაზიები - დიდი. როდესაც მარტო ვარ ჩემს ოთახში, გონებაში ჩნდებიან ის გმირები, ჯერ რომ არ შემიქმნია და მეკითხებიან, - ჩვენ როდის უნდა დავიბადოთო? შეიძლება, ეს ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ასეა. წლებია, ერთ კუთხეში, სიტყვის უთქმელად ელოდება თავის რიგს ფიროსმანი... როგორც კი შევძლებ, პირველ რიგში, ის უნდა გავაცოცხლო სცენაზე, თავის გმირებთან ერთად.

275010798-4789155904544450-6191753072097573682-n-1663661272.jpg

- არავინ გეხმარებათ ამ კეთილ საქმეში?

- ნამდვილად არ მინდა, საკუთარი თავის პიარი გამომივიდეს, მაგრამ არავინ მეხმარება. ვმუშაობ მარნეულის კულტურის ცენტრთან და ასევე, თბილისში რამდენიმე სტუდიასთან ვთანამშრომლობ, ბავშვებს ხელნაკეთი ნივთების დამზადებას, თოჯინების შექმნას ვასწავლი. ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, რასაც ისევ და ისევ პატარების გასაბედნიერებლად ვიყენებ. ახლაც, სწავლა რომ დაიწყება, გეგმაში მაქვს რამდენიმე სოფელში წავიდე, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ. ზოგჯერ აუგროვებიათ გარკვეული თანხა და შემოუთავაზებიათ, მაგრამ უარი მითქვამს. ვინ იცის, რამდენს არ აქვს შესაძლებლობა? შეიძლება, სწორად არ ვიქცევი და სიმბოლური თანხა უნდა დავაწესო კიდეც, რადგან ხალხი ზოგჯერ ფიქრობს, რომ რაკი უფასოა, უხარისხოცაა. ასე ნამდვილად არ არის.

- თურმე ლექსებსაც წერთ...…

- სომხურ ენაზე ვწერდი, რამდენიმე ჩემმა მეგობარმა თარგმნა ქართულად. ერთს წაგიკითხავთ: „ნახე, გაზაფხულია, გაზაფხული მე რად მინდა!/ თქვენი იყოს გაზაფხულის ყვავილობა, გაზაფხულის გარეშეც ხომ მყვარებია?!/ ამ სიყვარულმა მე მაიძულა, ჩემს არარსებულ ოცნებების ვერცხლის ფონზე საიდუმლოდ,/ მარცხენა ხელით შენი არსებობა რომ დამეხატა.../ ნახე, გაზაფხულია, გაზაფხული მე რად მინდა.../ მე მომესაჯა ცხოვრება უშენოდ, ვიცხოვრებ აგრეთვე უგაზაფხულოდ.../ შენთვის მიჩუქნია ყველა მომდევნო გაზაფხული გადარეული.../ მე ხომ გიჟივით ვირწმუნე მარცხენა ხელით გამოსახული შენი არსებობა არარსებული.../ გაზაფხული მე რად მინდა! შენი იყოს ყველა ჩემი გაზაფხული“...

- სამშობლოში დავბრუნდი ერევანში სწავლის შემდეგო, ასე თქვით...…

- დიახ და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, სამშობლოში საქართველო ვიგულისხმე. ახლაც მაქვს სერიოზული შემოთავაზებები სომხეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდანაც, მაგრამ არ შემიძლია სხვაგან ყოფნა. როდესაც სხვაგან ვარ, ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, უკან, საქართველოში როდის დავბრუნდები. მართალია, დღეს ბევრი პრობლემაა, მაგრამ ეს ყველაფერი, ვფიქრობ, დროებითია. აქ მე ვარ ჩემს სახლში, ჩემს სამშობლოში და ეს ყველაფერს წონის.

- დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, დიდების ზღაპრებშიც იმარჯვებს სიკეთე?

- ზოგჯერ არა, რადგან ეს ზღაპარი მაინც რეალობაზეა შექმნილი. ჩემი მიზანია, ხალხმა გაიგოს, როგორ არ უნდა მოიქცეს, თუ სურთ, რომ სიკეთემ გაიმარჯვოს. ვინც ზღაპრებს იგონებს, ის რეალობას ძალიან კარგად გრძნობს, ამიტომ იქმნის თავის პატარა სამყაროს. ამ საუკუნეში რაღაცნაირი, ყალბი გახდა ყველა და ყველაფერი, დეკორატიულები გახდნენ ადამიანები…და ალბათ ამიტომაც მოდიან მოხუცები ჩემს სპექტაკლებზე და მეუბნებიან, შენი თეატრის საშუალებით ბავშვობაში ვბრუნდებით. გვინდა, შენს სამყაროში დავრჩეთო.

ნინო ჯავახიშვილი