მღვდლების შთამომავალი ირანელი ქართველი - გზაპრესი

მღვდლების შთამომავალი ირანელი ქართველი

ფესვები კი საქართველოდან აქვს, ამიტომაც დაურთო თავის ირანულ გვარს - მოყადასს ქართული ზუბიტაშვილი. ბატონი აქბარ მოყადასი-ზუბიტაშვილი რედაქციაში გვესტუმრა და მისი წარმომავლობის, წინაპრებისა და ირანულ-ქართული ცხოვრების შესახებ გვიამბო.

- სიმართლე გითხრათ, წინაპრების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. სამაგიეროდ, ვიცი, რომ "მოყადასი" ნიშნავს "წმინდას". ჩემი წინაპრები მღვდლები ყოფილან და "წმინდებსაც" ამიტომ ეძახდნენ ირანში. მერე ისლამი რომ მიუღიათ, ახუნდები (სჯულის მცოდნენი. - ავტ.) გამხდარან და ჩემი ბაბუა, დიდი ბაბუა, მისი წინაპრებიც მულები - ისლამური მეცნიერები ყოფილან.

- ანუ ფაქტობრივად, ორივე რელიგიის შემთხვევაში, მუდამ უფალს ემსახურებოდნენ. თქვენი ქართული გვარი - ზუბიტაშვილი შემოგრჩათ თუ მერე დაიბრუნეთ?

- მახსოვს, მამას და ბაბუას ირანში "ზუბიტებს" ეძახდნენ. ამიტომ ავიღე გვარად ზუბიტაშვილი, მაგრამ ირანულ პასპორტში მხოლოდ მოყადასი მიწერია... ზუბიტაშვილები კახეთში, სოფელ შინდისში ცხოვრობენ, მაგრამ ის აღარ ვიცი, ერთი სოფლიდან ვართ თუ არა.

- პირველად რატომ და როგორ მოხვდით საქართველოში - ისტორიული სამშობლოს გაცნობა გაინტერესებდათ?

- პირველად 2006 წელს ჩამოვედი, მაგრამ გაცილებით ადრე, შევარდნაძის პერიოდში - 1990-იან წლების დასაწყისში ჩემი ბიძაშვილი ესტუმრა საქართველოს. ძალიან განათლებული კაცია და მასთან ურთიერთობა მსიამოვნებდა. სწორედ მან "გამაცნო" თანამედროვე საქართველო. მიამბო, როგორ შეხვდა ქართველებს, როგორ მიიღეს და ა.შ.

- და თქვენც საღერღელი აგეშალათ, არა?

- კი, ასეა (იცინის). კიდევ ერთი კაცი იყო ირანში - ალი ფოშოი, რომელიც ხშირად დადიოდა საქართველოში და მეც ბევრს მიამბობდა ამ ქვეყანაზე. იმდენს ვფიქრობდი და იმდენს ვნატრობდი აქ ჩამოსვლას, ბოლოს და ბოლოს, ეს მოვახერხე კიდეც. 12 წლის წინ ირანში, თეირანში ქართველები ჩამოვიდნენ. მე თვითონ თეირანთან ახლოს, ქალაქ ყუმში ვცხოვრობ და ჩემი ორგანიზაციის გასაცნობად მესტუმრნენ. სხვათა შორის, იმ ადამიანებთან დღემდე ვმეგობრობ. მოკლედ, მათი სტუმრობიდან ორ წელიწადში მეც ჩამოვედი საქართველოში. მარტო ვიყავი და არც ენა ვიცოდი ნორმალურად, არც ადგილები, მხოლოდ ბიძაშვილისა და ალი ფოშოის აღწერილობით ვიცნობდი თბილისის ქუჩებს, სხვა ქალაქებს...

- მიკვირს, ქართული რომ არ იცოდით - ფერეიდნელები მშვენივრად ლაპარაკობენ ქართულად.

GzaPress- მე ქართველების გარემოცვაში არ მიცხოვრია, თეირანში გავიზარდე. შინ დედ-მამა კი ლაპარაკობდა ქართულად, მაგრამ მხოლოდ ერთმანეთთან და არა - შვილებთან... მოკლედ, თბილისში რომ ჩამოვედი, გავიცანი 80 წლის ნოდარ კოჭლიაშვილი - ალი ფოშოიმ მომცა მისი ტელეფონის ნომერი. ამ კაცმა კარგად იცოდა სპარსული, ძალიან უყვარდა ფერეიდნელები და ხშირად ეხმარებოდა მათ (სამწუხაროდ, ბატონი ნოდარი გასულ გაზაფხულს გარდაიცვალა). ხომ მოხუცი იყო და თანაც - ძალიან დაკავებული, მაგრამ მეც დიდად დამეხმარა. მან არათუ მეგზურობა გამიწია, არამედ გაცილებით უკეთ შემასწავლა ქართული. მაშინ 20 დღე დავყავი საქართველოში, ვიღაც-ვიღაცები გავიცანი და მერე გზაც გამეხსნა საქართველოსკენ (იღიმის). ბოლო შვიდი წელიწადია, ყოველ ზაფხულს ოჯახთან ერთად ჩამოვდივარ. მეუღლე ირანელია, ქართული სისხლი არ აქვს, მაგრამ მშვენივრად შეისწავლა ქართული, შვილები კი ჩემზე ბევრად უკეთ ლაპარაკობენ. უმცროსი ვაჟი - მოჰამად მაჰდი 12 წლისაა და საუბარზე აღარაფერს ვამბობ, საკმაოდ კარგად კითხულობს ქართულად. ირანში საკუთარი სახლი მაქვს, ორსართულიანი. მეორე სართულზე ტრენაჟორების ოთახია და ვაჟები ინტენსიურად ვარჯიშობენ ხოლმე. ახლა, საქართველოში რომ მოვდიოდი, სახლიდან გამოსულს იმ ოთახიდან ქართული სიმღერა შემომესმა. გამეცინა - ჩემი უმცროსი ბიჭი ქართული სიმღერების ფონზე ვარჯიშობდა (იცინის). ეგ მაგარი ქართველი მყავს! უფროსი ვაჟი კი - მოჰამად ჰოსეინი 16 წლისაა. ძალიან გონიერია, ქართულიც იცის, მაგრამ უფრო ინგლისურს ეძალება. თბილისში რომ ჩამოვდივართ, ყოველთვის ვერაზე ვქირაობთ ბინას (აქაური მეგობრები მახვედრებენ ხოლმე). მოკლედ, ვერელები გავხდით (იცინის). მიხარია, რომ ჩემი შვილები ქართველ თანატოლებთან ერთად თამაშობენ და ურთიერთობენ. სხვათა შორის, ჩემი მეგობრების შვილებმა ორივეს ქართული სახელები დაარქვეს - ბექა და ლაშა. მახსოვს, პირველად რომ ჩამოვედი ოჯახით, მიხაროდა, ორი თვე აქ ვიქნები და ბიჭები ქართველ ბავშვებთან ერთად ითამაშებენ, ენას უკეთ ისწავლიან-მეთქი. ერთხელაც, ამ მოთამაშე პატარებს გავუარე და რა მესმის - ქართველი ბავშვები სპარსულად არ ითვლიან?! გავგიჟდი: ეს რა ხდება? მინდა, ჩემმა შვილებმა ქართული ისწავლონ და ამათ კი ქართველები სპარსულად არ აულაპარაკებიათ-მეთქი? საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ერთმანეთს ასწავლიან ქართულსა და სპარსულს.

- ბოლო პერიოდში საქართველოში ხშირად ჩამოდიან ირანელები და მხოლოდ ქართული წარმომავლობის ადამიანებს არ ვგულისხმობ. მათ ბიზნესიც დაიწყეს საქართველოში, იყიდეს მიწებიც. ირანელი ვაჟებისა და ქართველი გოგონების სიყვარულის შემთხვევაც ბევრია, რასაც ორივე მხრიდან მშობლების ვნებათაღელვა მოჰყვება ხოლმე.

- ერთხანს ირანელები დუბაიში დადიოდნენ ინტენსიურად. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი რომ დაიწყო, დუბაის პრობლემები შეექმნა და იქ ირანელების წასვლა-წამოსვლაც გაძნელდა. ირანი მდიდარი ქვეყანაა, ირანელებს ფული აქვთ და ევროპაშიც ხშირად დადიან. რაც ჩვენში გაჩნდა რეკლამები, რომ საქართველოში წასვლა იაფი ჯდება და იქ ცხოვრებაც, ევროპასა და დუბაისთან შედარებით იაფიაო, სწორედ იმ პერიოდში ნელ-ნელა "გაიცნეს" საქართველო - დაიწყეს აქ ჩამოსვლა. ამას ტურისტულმა სააგენტოებმა შეუწყვეს ხელი. გაზაფხულ-ზაფხულობით 300 დოლარად მოდიოდნენ ერთი კვირით, მაგრამ აქ მდიდარი ირანელები კი არ ჩამოდიოდნენ (რაკი იაფი იყო, ფიქრობდნენ, კარგი ადგილი არ იქნებაო), არამედ - საშუალოზე უფრო დაბალი ფენის ტურისტები, იშვიათად სტუმრობდნენ უფრო შეძლებული ოჯახები. ეს ტენდენცია არ მომწონდა. ბევრ მდიდარ და განათლებულ ირანელს ვიცნობ და მერჩივნა, ტურისტებად სწორედ ისინი ჩამოსულიყვნენ საქართველოში. ვფიქრობდი, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნებოდა. უკანასკნელ წლებში, ნელ-ნელა უკვე ბიზნესმენებმაც გაიცნეს საქართველო. ვიზის პრობლემაც არ იყო, ბოლო პერიოდში კი ცოტათი გართულდა სავიზო პირობები და ვიზის მისაღებად დიდხანს უწევთ ლოდინი, ამიტომ ტურისტული ნაკადი შეთხელდა. ვინც ბინადრობის უფლებით იყო საქართველოში - ბინა და მიწა იყიდეს, ბიზნესი წამოიწყეს, მათაც გაუძნელდათ ყოფნა და აღარ იციან, რა ქნან.

- როგორც ვიცი, ირანის პარლამენტში ქართველი დეპუტატიც გყავთ და ეს ერთადერთი შემთხვევაა თქვენი ქვეყნის ისტორიაში. ასეა?

- მართალს ბრძანებთ, ჩვენი პარლამენტის ისტორიაში ასფანონ ფანიაშვილი პირველი ქართველი დეპუტატია. სხვათა შორის, ერთი თვის წინ საქართველოშიც იყო. კარგად ვიცნობ ამ ადამიანს.

- თქვენს ვაჟს ქართველი გოგონა რომ შეუყვარდეს, მათ ურთიერთობას შეეწინააღმდეგებით?

- მე ქართველის რძლობასაც დავთანხმდები (იცინის). მთავარია, ოჯახების კულტურული დონე, განათლება იყოს თანაბარი.

- ბატონო აქბარ, როგორ ცხოვრობთ ირანში, რას საქმიანობთ და თუნდაც, ქართულ საქმეს როგორ ემსახურებით?

- ყუმის ისლამურ აკადემიაში ფილოსოფიას ვასწავლი. განათლებით ფილოსოფოსი და თეოლოგი ვარ. 22 წელიწადია, ვსწავლობ, ვასწავლი და წიგნებს ვწერ.

- ახლა რასთან დაკავშირებით ჩამობრძანდით?

- ჩემი და, ბიძაშვილი და კიდევ რამდენიმე ახლობელი ირანში ცნობილი მხატვრები არიან. სწორედ მათი და აქაური ქართველი მხატვრების გამოფენა მოეწყო თბილისში და ჩვენც დაგვპატიჟეს. საქართველოსთან სამეცნიერო ურთიერთობებიც მაკავშირებს. ადრეც ბევრ სამეცნიერო თემაზე ვწერდი და ახლაც ვმუშაობ. ძალიან მაინტერესებდა საქართველოს ეკლესიის ისტორია. სამწუხაროდ, კათოლიკურისგან განსხვავებით, ირანში მართლმადიდებლობის ისტორიას თითქმის არ იცნობენ, ქართული წყაროც ცოტა არსებობს. წლების წინ გადავწყვიტე, ამ თემაზე ან რაიმე მეთარგმნა, ან თვითონ დამეწერა. 2008 წელს საქართველოში გამოვიდა წიგნი - "რელიგიები საქართველოში", მაგრამ მე მართლმადიდებლობა უფრო მეტად მაინტერესებს და ამაზე ვმუშაობ. მინდა, ირანშიც ბევრმა გაიცნოს საქართველოს ეკლესია, ურთიერთობები და ა.შ. ადრე ილია მეორე სტუმრობდა ირანს და ჩვენს მეცნიერებსაც შეხვდა. დაგვპირდა, კიდევ ჩამოვალო. თბილისში მეც შევხვედრივარ პატრიარქს, ქართული ეკლესიის თემაზე მოწყობილ კონფერენციებსაც დავსწრებივარ... სხვათა შორის, ირანული ზღაპრებიც ვთარგმნე ქართულად და ისიც გამოცემას ელოდება. იმასაც გეტყვით, რომ აპრილში, ყოველწლიურად, თეირანში წიგნის დიდი 10-დღიანი გამოფენა ეწყობა და სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი სტუმრობს ამ გამოფენას. წელს საქართველოს სახელით ვმონაწილეობდით, პატარა პავილიონიც მოვაწყეთ. ძალიან დაინტერესდა ხალხი. გამოფენის ეგიდით სხდომაც მოეწყო და სხვა სტუმრებთან ერთად, საქართველოს ელჩი, ირანის ბიბლიოთეკის უფროსი და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი დაესწრო სხდომას. სამწუხაროდ, ირანში მეცნიერულ დონეზე ცოტა იცნობს საქართველოს და ამიტომ ჩვენთან ვქმნით ირანელებისა და ირანელი ქართველების ჯგუფს, ვინც ქართველოლოგიურ თემებზე ვიმუშავებთ. ეს ძალიან მაგარი საქმე იქნება და იმედია, ბოლომდე მივიყვანთ.

ირმა ხარშილაძე