უჩა ნანუაშვილი: "ძალზე სამწუხაროა, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლას ჩვენი აწმყო და მომავალი ეწირება" - გზაპრესი

უჩა ნანუაშვილი: "ძალზე სამწუხაროა, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლას ჩვენი აწმყო და მომავალი ეწირება"

"როდესაც დღევანდელ საქართველოს ვაკვირდები, 100 წლის წინანდელი, დამოუკიდებელი საქართველო მახსენდება, რომელმაც მხოლოდ 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება! იმედია, ისტორია არ განმეორდება და ქართველები ჩვენს მიზანს ახლა მაინც მივაღწევთ", - გვითხრა "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელმა, უფლებადამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელსაც არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ვესაუბრეთ:

- მსგავსი ასოციაცია, ალბათ, მარტო მე არ მიჩნდება, რადგან გასული საუკუნის 20-იან წლებში, ქართველმა ხალხმა, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა და რეფორმებიც დაიწყო. სამწუხაროდ, ამ გზაზე დიდი შეცდომები იქნა დაშვებული, რაც მერე საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა.

- ამ გადმოსახედიდან, რა იყო მთავარი შეცდომა, რომელმაც საქართველოს გასაბჭოებას მოუმზადა საფუძველი?

- მთავარი შეცდომა კომუნისტური პარტიის ლეგალიზება იყო. ამით ბოლშევიკებს საქართველოში სერიოზული დასაყრდენი გაუჩნდათ. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ახლაც არიან პრორუსული ძალები და პარტიები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ, ოკუპაციისთვის ნიადაგს ამზადებენ. მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მცხოვრები ქართველები საფრთხეს ისე ადეკვატურად ვერ აღიქვამდნენ, როგორც უნდა აღექვათ და თითქმის არაფერი იღონეს ქართული ჯარის გასაძლიერებლად. იმდროინდელ ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი ჰქონდა და აქ შემოსულ წითელ არმიას ქართველებმა სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს. დღესაც, მაშინდელივით, ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელიც ქვეყანას განვითარებაში უშლის ხელს.

- საქართველოს გასაბჭოებას სასტიკი რეპრესიები და არაერთი საუკეთესო ქართველის დაღუპვა მოჰყვა. რამდენად საჭიროა ჩვენისთანა ქვეყნისთვის ლუსტრაციის კანონის მიღება?

- დიახ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ იმ სისხლიანი ხალხის ვინაობა, ვინც ადამიანებს ხვრეტდა, აწამებდა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ათავსებდა. მათი უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ სიმართლის აღიარება აუცილებელია. როდესაც გერმანიაში ფაშიზმი დამარცხდა, ყველამ, ვინც დააშავა, პასუხი აგო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო გერმანიამ ძველი იმიჯის აღდგენა. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით: ჩვენთან არ მომხდარა წარსულში ჩადენილი შეცდომებისა და დანაშაულების შეფასება, რაც აუცილებელი იყო. ლუსტრაციის კანონი დღევანდელ საქართველოსაც სჭირდება, რადგან ქართული სახელმწიფო დღესაც არ არის დაცული, ლუსტრაცია აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, ვინ - ვინ არის, რომ მოვლენები ისეთი სამწუხარო სცენარით არ განვითარდეს, როგორც 1921 წელს! ერთი საუკუნის წინ, კომუნისტების სახით, წითელ არმიას აქ უკვე სერიოზული დასაყრდენი ჰყავდა. ეს იყო ისტორიის სერიოზული გაკვეთილი, რომელიც 21-ე საუკუნის ქართველებმა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ!

- რადგან 21-ე საუკუნე ახსენეთ, დღევანდელობის მთავარ საკითხზე გკითხავთ: რუსეთ-უკრაინის ომმა გამოავლინა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ხალხი, ვინც აშკარად თუ ფარულად, რუსეთს ემხრობა... რით აიხსნება მათი პოზიცია?

- არ ვიცი, შეიძლება ერთ ნაწილს მართლა სწამს იმისა, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია ან რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ იმყოფება. მეორე ნაწილს რაღაც მატერიალური სარგებელი აქვს და ჩვეულებრივი ქვეყნის მოღალატეა. სამწუხაროდ, საბჭოთა სისტემის ნარჩენები ყველგან გვხვდება. მათთვის მიუღებელია ცხოვრების წესი, რომელიც თავისუფლებამ მოიტანა. ეს ადამიანები წარსულს ვერ ელევიან, უფრო მეტიც, წარსულში ანუ იმ დროში ჩარჩნენ, როცა რუსეთი ძლევამოსილი ქვეყანა იყო და ყველაფერს აკონტროლებდა. სწორედ ამიტომაა საჭირო ლუსტრაციის კანონი, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ მოგვერიოს. ადამიანი პასუხისმგებელი უნდა იყოს იმაზე, რასაც სჩადის. ბოლო წლებში ჩვენთან საამისოდ ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა და შედეგიც მივიღეთ - პრორუსული ჯგუფები თანდათან გაძლიერდნენ. ამას ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი და ეს ჯგუფები უკვე პარტიებად მოგვევლინენ, თავიანთი ტელევიზიებიც გახსნეს და ეკრანიდან აშკარად რუსულ პროპაგანდას ეწევიან. პრორუსული ჯგუფების გაჩენა და მოძლიერება სწორედაც რომ ხელისუფლების ინერტულობის შედეგია.

- ბატონო უჩა, რას დავაბრალოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას ავტორიტეტი შეიბღალა, რომ ხალხს აღარც მთავრობის სჯერა და აღარც - ოპოზიციის?

- ცხადია, ეს საერთო სცენარის ნაწილია: რუსეთს ურჩევნია, ჩვენი ქვეყანა არ განვითარდეს, საქართველო დაქსაქსული და სუსტი იყოს. ასეთი ხალხი მუდმივად ჩრდილოელ მეზობელზე იქნება დამოკიდებული. სწორედ ამის მისაღწევად ცდილობს რუსეთი პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების წახალისებას. მომავალშიც ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს. რუსეთის ინტერესში ყოველთვის შედიოდა ქართveლი საზოგადოების დაყოფა და ქაოსის დამკვიდრება. რადიკალიზაციის გზა, სწორედ ის გზაა, რომელსაც რუსეთი მომავალშიც შეუწყობს ხელს. სწორედ ამით აიხსნება, რომ ქართველი ხალხი არც მთავრობას ენდობა და არც ოპოზიციას, თუმცა, პრობლემები მათ შორის უნდა ვეძებოთ. თუნდაც, ოპოზიცია ავიღოთ: ის სულ ცდილობს, პროტესტი ააგოროს და ხალხი აიყოლიოს, მაგრამ როდესაც საზოგადოებაში ჯანსაღი პროტესტი იწყება, ამას ვერ იყენებს. ერთ მაგალითს მოვიყვან: რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყანაში მთავარი სასაუბრო თემა იყო, შესულიყო თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. ბევრი იკამათეს, კიდეც იჩხუბეს, მაგრამ ბოლოს მაინც შევიდნენ. შედეგად, რა მივიღეთ? - არაფერი და ეს მაშინ, როცა იმ ექვსი თვის განმავლობაში სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა საერთოდ შეწყდა და ამ საკითხმა ყველა სხვა პრობლემა გადაფარა. სულ ასე ხდება: აქცენტი მეორეხარისხოვან თემებზე კეთდება, რაც საყოველთაო ნიჰილიზმს და ფრუსტრაციას აღრმავებს.

- თქვენი აზრით, რა არის ქართული ოპოზიციის და ხელისუფლების მთავარი პრობლემა დღეს?

- მთავარი პრობლემა ის არის, რომ ორივე მხარეს პარტიული და პირადი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აქვს დაყენებული. ეს უსიამოვნო რეალობა ბოლო თვეებში ნათლად გამოიკვეთა. სამწუხაროა, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლას ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი ეწირება. დიახ, საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა - ღირებულებებისთვის.

- რას იტყოდით ე.წ. ოთხეულზე - ეს მართლა "ოცნების" განაყოფია თუ მმართველი ძალის მოსაზრებებს ახმოვანებს?

- ალბათ, საქართველოში აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ეს "ოთხეული" და მათი ორგანიზაცია - "ხალხის ძალა" დამოუკიდებელია. ისინი მმართველი ძალის და უშუალოდ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან - ეს აშკარაა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში "ჰიბრიდული ომი" გრძელდება და "ოთხეულიც" იმავე მესიჯებს იმეორებს, რასაც სხვა პრორუსული ძალები. საწყენია, რომ ჩვენ იმ ზღვრამდე მივედით, როცა საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობის გაძლიერებაზე კი არ ზრუნავს, პირიქით, ანტიდასავლურ გზავნილებს ამწვავებს. საdამდე მიგვიყვანს ეს, რთული მისახვედრი არ არის.

- მაინც, საdამდე მიგვიყვანს ეს გზა?

- თუ საქართველოში ანტიდასავლური რიტორიკა არ შეწყდება, იმ დონემდე მივალთ, სანამდეც მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მივედით. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ თუ პოლარიზაცია არ შეჩერდება, პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაძლიერდება. ხელისუფლება ამ პრობლემების მოგვარებას არ ჩქარობს, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს.

- ამ დაძაბულ გარემოს ლუსტრაციის კანონი უფრო მეტად ხომ არ დაამძიმებს?

- ლუსტრაცია არ ნიშნავს ვინმეს დასჯას, მაგრამ აუცილებელია ყველამ ყველაფერი ვიცოდეთ. ქართველი ხალხი იმ რეჟიმის მსხვერპლი იყო, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ შორის იყვნენ ჯალათები, რომლებიც რეპრესიებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ მოსახლეობამ უფრო მეტი უნდა იცოდეს. აღმოსავლეთ ევროპაში ეს განხორციელდა და იქ ასეთ ხალხს უბრალოდ აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა. სწორედ ასე მიაღწიეს კომუნისტური ბანაკის ყოფილმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან წარმატებებს. ჩვენ კი, ისიც არ ვიცით, რამდენი აგენტი ჰყავს რუსეთს საქართველოში...

- როგორ ფიქრობთ, ბევრნი არიან?!

- პრობლემას სწორედ ეს წარმოადგენს - არ ვიცით! საჭიროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ხომ უნდა ვიცოდეთ, სინამდვილეში არის თუ არა ეს აგენტურა ან რას აკეთებენ საქართველოში? ყველაფერს სუფთა ფურცლიდან თუ არ დავიწყებთ, როგორც ეს ბევრმა პოსტკომუნისტურმა ქვეყანამ დაიწყო, მათსავით, განვითარებულ დემოკრატიას ვერ ავაშენებთ. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გავარკვიოთ, საქართველო საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა თუ 1918 წელს შექმნილი თავისუფალი, დამოუკიდებელი რესპუბლიკისა? ამ ორ ვარიანტს შორის არჩევანი უნდა გავაკეთოთ.

- დაბოლოს, რომელია ყველაზე სწრაფი და საუკეთესო გზა, რომელიც საქართველოს ამ სიტუაციიდან გამოიყვანს?

- ყველაზე სწრაფი და საუკეთესო გამოსავალი ალბათ, არ არსებობს. ეს იქნება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი ბრძოლა ღირებულებებისთვის, უპირველესი ღირებულება კი საქართველოს დამოუკიდებლობაა. ახლა მთავარია, ბოლომდე გავაცნობიეროთ რისკები, რომლის წინაშეც ვიმყოფებით. თუ გონივრულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ჩვენი სამშობლო დამოუკიდებლობის იმ ნიშნებსაც დაკარგავს, რომელიც დიდი ბრძოლისა და ძალისხმევის ფასად შევინარჩუნეთ.

ხათუნა ჩიგოგიძე