„სოხუმში არაფერი შეცვლილა, ცხოვრება გაჩერდა...“ - გზაპრესი

„სოხუმში არაფერი შეცვლილა, ცხოვრება გაჩერდა...“

პროფესიით მუსიკოსი აზა ბასლანძე საბავშვო პოეტი გახლავთ აფხაზეთიდან. ომამდე ერთი კრებული მზად ჰქონდა, მაგრამ მერე ამისთვის ვის ეცალა?!. მისი წიგნები: „ჯადოსნური კიბე“, „თეთრი ღრუბლები“, „მომღერალი ფერიები“, „ოქროს თევზები“ და სხვა, მოგვიანებით თბილისში გამოიცა. ქართულ საყმაწვილო ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა მაყვალა მრევლიშვილის, შიო მღვიმელისა და გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. ასევე აქვს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი.

ქალბატონი აზასთვის ყველაზე ემოციური, შთამბეჭდავი და დაუვიწყარია სიგელი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გადასცა.

ოჯახის შესახებ

- მამაჩემი, შოთა აკობია აფხაზეთის მწერალთა კავშირის ქართული განყოფილების თავმჯდომარე იყო 23 წლის მანძილზე. იგი გახლავთ 40-მდე წიგნის ავტორი და ერთადერთი ქართველი მწერალი, რომელსაც დიმიტრი გულიას სახელობის პრემია მიანიჭეს. მას არ დაუტოვებია თითქმის არც ერთი აფხაზი მწერალი, რომელიც არ უთარგმნია. მამაჩემი საოცრად შრომისმოყვარე კაცი იყო. რომ ვიხსენებ, სულ მუშაობდა: ან წერდა, ან კითხულობდა. საწერ მაგიდასთან ღამეებს ათენებდა. მისი ნაწერები ორი თვის წინ კიდევ გადავიკითხე. სულ სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს, დრო რომ გადის. მამას დიდი ბიბლიოთეკიდან დედამ ნაწილის წამოღება შეძლო. იმ წიგნებს რომ ვათვალიერებ, ყველას რაღაც მინაწერი აქვს, კრიტიკული თვალით კითხულობდა.

დედა, ნელი აკობია სოხუმის მე-11 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო. ის თბილისში სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც მიატოვა და პედაგოგიურზე გადავიდა. მიზეზი რომ ვკითხე, მითხრა, ჩემი მოწოდება არ იყოო. ბავშვები და სკოლა იმდენად უყვარდა, რომ მის ცხოვრებაში პირველი ადგილი ეკავა. გაკვეთილების შემდეგ ჩამორჩენილი მოსწავლეები შინ მოჰყავდა და ამეცადინებდა. მამაჩემის ბებია აფხაზი იყო, გუდაუთის რაიონიდან. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, მოხუც და კოხტა ქალს ძალიან უყვარდა სახის მოვლა, რაც იმ დროისათვის მაინცდამაინც მიღებული არ იყო. ბებია ღრმად მოხუცი გახლდათ, როცა სისხლის ჩაქცევა დაემართა. როდესაც ჩვენთან მეზობლის ბავშვები შემოდიოდნენ, ქალი ფეხზე დგებოდა... ძლივს იდგა, მაგრამ ეს წესად ჰქონდა.

ქმრის გვარი მაქვს, ბასლანძე ვარ. რაღაც გაუგებრობა არის ხოლმე, იმიტომ, რომ არსებობს გვარი - "ბასლანიძე". ერთხელ მურმან ლებანიძემ ჩემს გოგონას უთხრა: ბასლანძე არა, ბასლანიძე ხარ, „ი“ ამოგდებულია შენს გვარში და ჩასვიო. ბასლანძეები გუდაუთაში ცხოვრობდნენ. მგონი, წარმოშობით ჩრდილოეთ კავკასიიდან არიან. სოხუმში არის მდინარე, რომელსაც „სუხუმკა რეჩკას“ ეძახდნენ. ამას წინათ ვეძებდი სოხუმში რევოლუციამდე არსებული ძველი სასტუმროების სახელებს და აღმოვაჩინე, რომ ამ მდინარეს მე-19 საუკუნეში "ბასლა" ერქვა.

27 სექტემბერი...

- შემიძლია ვთქვა, რომ ერთი აფხაზი ომის დროს სიკვდილს გადავარჩინე. საერთოდ, ჩემი მეზობელი აფხაზები ომის დროსაც თავიანთ ძვირფასეულობას ჩემთან, სახლში ინახავდნენ იმ იმედით, რომ იქ არავინ შევიდოდა. სოხუმის დაცემის წინა დღეებში მითხრეს: არსად წახვიდე, შენ გვერდით დავსხდებით და თითს ვერავინ დაგაკარებთო. ასეთი თბილი დამოკიდებულება გვქონდა და ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს აფხაზებთან. თან, არა მარტო მეზობლებთან, არამედ მყავდა აფხაზი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვსწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში და მერე - კონსერვატორიაში. უკვე ამდენი წელი გავიდა და ჩვენ ისევ მეგობრები ვართ. ჩემი შვილი ეკონტაქტება აფხაზებს, ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ და ერთი ოჯახის წევრებივით ვიყავით.

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჩვენ უფალმა გადაგვარჩინა. იმ დღეს სახლიდან დილაადრიან წამოვედით, ჩვენს კორპუსში უკვე დაბანაკებული იყვნენ მეომრები, ეტყობა, იმათ ეძინათ. სოხუმიდან რომ გავედით, ქალაქი ცარიელი იყო. გზაზე „ემვედეში" და ცენტრალურ შტაბში შევედით, არავინ დაგვხვდა. ვიღაც ღვთისნიერი კაცი გამოჩნდა მანქანით და გაკვირვებულმა გვკითხა, სად მიდიხართო? ქალაქიდან გავდივართ-თქო, ვუთხარით. - ჩასხედით მანქანაშიო და გაგვიყვანა მაჯარკამდე. დღესაც არ ვიცი, ვინ იყო, ფაქტობრივად, იმან გადაგვარჩინა სიკვდილს. რა გზით წავიდოდით, არ ვიცოდით - სვანეთით თუ... იყო 6 კატერი, ერთსაათიანი საზღვაო გასეირნებისთვის რომ იყენებდნენ და უკრაინის ორი კრეისერი. ჩვენ ადრე მივედით და კრეისერზე ავედით, მერე გვემატებოდა ხალხი და ბოლოს, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მძიმე სურათი გახლდათ, განსაკუთრებით, როდესაც ფოთში ჩავედით და ზღვა ხალხი დაგვხვდა. მშობლები თავიანთ სტუდენტ შვილებს ეძებდნენ, რომლებიც სოხუმში სწავლობდნენ. ხომ გამოაცხადეს, სოხუმი დაცულიაო? ბავშვები უკან დაბრუნდნენ და ქალაქი ჩაიკეტა. არასოდეს დამავიწყდება მშობლების შეშლილი სახეები: არ იცოდნენ, მათ შვილებს რა ბედი ეწიათ... ფოთიდან მეორე დღეს გალში წავედით. ჩემი ქმარი გალიდან არის და ვამბობდი: ჩქარა წავიდეთ-მეთქი. რატომ ჩქარობო? - მეკითხებოდნენ. - გალსაც აიღებენ-მეთქი, და ასეც მოხდა. 28 სექტემბერს გალში ჩავედით და 29-ში უკვე შემოვიდნენ.

marjvniv-aza-premiis-gadacema-copy-1664263262.jpg

მუსიკა და პოეზია

- ბეჯითი მოსწავლე ვიყავი (თავის ქებაში არ ჩამომართვათ). არ მახსოვს, მშობლებს ეთქვათ, დაჯექი, იმეცადინეო. უფრო მუსიკა მიტაცებდა, თუმცა სკოლაში კარგად ვსწავლობდი და მუსიკასაც დიდ დროს ვუთმობდი. დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი და მერე - თბილისის კონსერვატორია, საფორტეპიანო განხრით. ჩემს ბავშვობაში, სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, სოხუმში ჩამოვიდა რიხტერი. მისმა ჩამოსვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რა თქმა უნდა, დავესწარი მსოფლიო დონის პიანისტის კონცერტს ფილარმონიაში. ბრწყინვალედ უკრავდა. საინტერესო იყო ისიც, რომ მეორე დღეს მთელ ქალაქში ლაპარაკობდნენ: სვიატოსლავ რიხტერს ისეთი დიდი და არაჩვეულებრივი სუფრა გაუწყვეს, მაგრამ უთქვამს - კეფირი მომიტანეთო!..

საერთოდ, ფანატიკურად მიყვარს ბავშვები და თან - პატარები. ერთ ტელეარხზე ძმები გრიმების მიხედვით ზღაპრები გადის და ახლაც სიამოვნებით ვუყურებ. ჩემი ქმარი თამაზი მეუბნება: რას უყურებ ასეთი მონდომებითო? ყოველთვის მხიბლავდა საბავშვო პოეზია, რადგან იქ ყველაფერი ხელისგულზე დევს, ვერ მოიტყუები. საბავშვო პოეტი პედაგოგი უნდა იყოს. მე 23 წელი მუსიკალურ სკოლაში ვმუშაობდი, ასე რომ, ბავშვების ფსიქოლოგიას საკმაოდ კარგად ვიცნობ. როცა მინდა, რამე დავწერო, ჯერ მუსიკას ვუსმენ, რაც კარგ განწყობას მიქმნის. უფრო კლასიკა მიყვარს - შოპენი, ბეთჰოვენის და მოცარტის სონატები, ვივალდის „წელიწადის დრონი“... მამაჩემი ყოველთვის მიწყრებოდა, რომ წერას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. მეუბნებოდა: არ შეიძლება ასე, ღმერთმა მოგცა ნიჭიო... ადრე გავთხოვდი, ბავშვები პატარები მყავდა, სამსახური მქონდა და პოეზიისთვის ვეღარ ვიცლიდი. მოგვიანებით, მაგრამ შევასრულე, მამა რასაც მთხოვდა - ჩემი წიგნები გამოიცა. სამწუხაროდ, მამა უკვე აღარ იყო. ახლაც მზად მაქვს კრებული, პანდემიამ შემიშალა ხელი.

აფხაზები და ქართველები

- აფხაზებთან მამას განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა ჰქონდა. იყო ასეთი ცნობილი პიროვნება - ალიოშა (ალექსი) ჯონუა, აფხაზი პოეტი და აფხაზეთის კულტურის მინისტრი, უპატიოსნესი ადამიანი და მამაჩემის უახლოესი მეგობარი. მამას არქივში, გაზეთებს შორის, ერთ-ერთში იყო სტატია ქართველებსა დ აფხაზებზე მამაჩემის და ალიოშას სურათებით. ეს იმ დროს ეხებოდა, როცა მეგობრები ვიყავით. უნდა მოვიძიო ის გაზეთი... სოხუმში ხშირად ჩამოდიოდა და ჩვენთან სტუმრობდა კონსტანტინე გამსახურდია თავის არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად. კარგად მახსოვს ლამაზი ქალბატონი მირანდა. სხვათა შორის, იმდროინდელი სურათებიც მაქვს, დედაჩემმა ჩამოიტანა. სოხუმში გადაღებულ ერთ ფოტოზე, კონსტანტინეს გვერდით დგანან ქალაქკომის და საოლქო კომიტეტის მდივნები. ივანე თარბას - ნიჭიერ პოეტსა და ბრწყინვალე პიროვნებას ყოველთვის ძალიან თბილი და გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან. შესანიშნავი ადამიანი იყო. ომი რომ დაიწყო, აფხაზები ქალაქიდან გადიოდნენ, ის კი არ წასულა. მისი მეუღლე, ცნობილი მსახიობი ეთერ კოღონია ჭურვის ნამსხვრევმა შეიწირა. აფხაზებს ჰყავდათ არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი „შარატინი“, რომლის ხელმძღვანელი ედუარდ ბებია ომის დროს დაიღუპა. დღეს არის აფხაზური ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

ამას წინათ ვნახე იმ სახლის სურათი, სადაც გავიზარდე, როცა საბავშვო ბაღში და სკოლაში დავდიოდი. როგორიც დავტოვეთ, სადარბაზოს ზუსტად ის ხის კარი აქვს, არც შეუღებავთ. სადარბაზოს შესასვლელთან მეტლახზე ამოსული ბალახი მოჩანს, იქვე ვიღაც ბავშვი ზის. ჩვენ ცენტრალურ, ლენინის ქუჩაზე ვცხოვრობდით, ახლა არ ვიცი, რა ჰქვია. მერე გადავედით სხვა ბინაში, მაგრამ იქ მხოლოდ 4-5 წელი ვიყავით იმიტომ, რომ ომი დაიწყო. ეს ფოტო ჩემს შვილს გამოუგზავნეს და მეც ვნახე. იქ არაფერი შეცვლილა, ცხოვრება გაჩერდა...

shota-akobia-meuglestan-da-shvilishvilebtan-ertad-copy-1664263252.jpg

„ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ“

- ძალიან მიყვარს და სიამოვნებით ვუსმენ აფხაზურ ხალხურ სიმღერებს. ზურაბ სოტკილავა რომ გარდაიცვალა, ოპერის თეატრიდან აფხაზური სიმღერის - „ვარადას“ ფონზე გაასვენეს, თავად ზურაბის შესრულებით. ძალიან სევდიანი და საოცარი სიმღერაა. რამდენიმე დღის წინ ტანსაცმლის მაღაზიაში შევედი და უცებ მესმის აფხაზური კილო. ვიფიქრე, ხომ არ შემეშალა-მეთქი? მივაყურადე და ვხედავ, ორი ახალგაზრდა ბიჭი, დაახლოებით 20 წლისა იქნებოდნენ, რუსულად საუბრობდნენ ჩემთვის ასე ნაცნობი აქცენტით. გავაჩერე და ვკითხე: აფხაზეთიდან ხართ-მეთქი? - კიო. ვუთხარი, რომ სოხუმიდან ვარ და ძალიან გამიხარდა მათი ნახვა. თბილისში სამკურნალოდ იყვნენ ჩამოსული. როგორმე უნდა აღვადგინოთ აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთთან ურთიერთობა, ეს აუცილებელია ჩვენთვისაც და იმათთვისაც. საქართველოს აფხაზეთის გარეშე ვერ ვხედავ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ - აფხაზები, ოსები და ქართველები.

ნანული ზოტიკიშვილი