ლელა ნინუა განსხვავებულ ამპლუაში - გზაპრესი

ლელა ნინუა განსხვავებულ ამპლუაში

ამჯერად მისით, როგორც ლექსების ავტორით დავინტერესდით და გთავაზობთ ლელას რამდენიმე ლექსს, რომელიც აუცილებლად დაგამახსოვრდებათ:

ვერ იგებ

განზომილება რომელიც მათრობს,

გრძნობაა სივრცე ახლა ვნებების,

ზეცაში ვცეკვავ და ჩემი ცეკვა

ჰგავს გადაფრენას თეთრი გედების.

ვგრძნობ ძარღვთა წყვეტას სიმარტოვეში,

მხოლოდ მითი ვარ, ვპარავ ცას სუნთქვას,

შენ ვერას მეტყვი იმაზე ძლიერს,

რაც ამ გრძნობაზე შენს თვალებს უთქვამთ.

დამიმახნიჯდა წრფელი ფიქრები,

და გედებს ვატან ტანზე რაც მმოსავს,

შენც ვეღარ იგებ სული ვით მტკივა

და ამიტომაც აღარ გთხოვ მოსვლას.

წახვალ და მხოლოდ ფიქრში დარჩები,

ფიქრი კვლავ გნატრობს, ვერ დაგთმო ჯერაც,

და სიყვარულის, რომელიც დათმე,

ისევ ჯიუტად, ქალურად მჯერა.

ამინდის შლეგი გარდაცვალებით,

დღეს მინდა შენთვის მოვიკლა თავი,

ცის კაბადონზე დავრჩები მხოლოდ

დაღლილი ქალი, გრძნობებით მთვრალი.

ღრუბელთ ცეკვაა ახლა ზეცაში,

ქარები ისევ ფანტავენ ნაღველს

ისევ ის ხმაა - მე შენ გეძახი,

მოდი, არ გეტყვი არაფერს დამღლელს.

ცივი ღამე და მუნჯი სიტყვები -

აი, ეს არის, რაც დამიტოვე,

შენ კვლავ გგონივარ მონაპოვარი

და მეც მიხდება ეს სიმარტოვე.

ვნებებს აჰყვები და ალბათ, სადღაც,

კვლავ გაერთობი ტუჩთან შეხებით,

ცარიელ სახლში კედლების ჩურჩულს,

ვეღარ დააფრთხობ ჩემთან შეხვედრით.

ვერ შევეჩვიე სხვათა ნასუფრალს,

უსიყვარულოდ გულს ვეღარ ვართობ,

ჰაერში თითქოს ძაფით ვკიდივარ,

და მეჩვენება, მარტივად დაგთმობ.

განზომილება რომელიც მათრობს,

გრძნობაა, სივრცე ახალ ვნებების,

ცაში დავფრინავ და ჩემი ფრენა,

გადაფრენას ჰგავს ახლა გედების.

მაშინ როცა

მაშინ, როცა ქალაქს სძინავს,

ხმაურს სიჩუმეში ვეძებ,

დაძონძილი ვათრევ ნამუსს

და ღირსებაც მომდევს გვერდზე.

ბალახს ცვარის სურნელს ვპარავ,

ვერ ვკადრულობ, გრძნობას რაც სურს,

შხამის წვეთებს წვეთ-წვეთ ვყლაპავ,

ვერ ვპატიობ წყენას წარსულს.

კაბას ვნებით მიფრიალებს,

ნამუსგაწყვეტილი სიო,

ჩამჩურჩულებს თანაც ყურში

თქვი, რად მინდა ნამუსიო?

მაშინ, როცა ქალაქს სძინავს,

სიჩუმეში ვაგნებ ხმაურს...

მეცეკვე

მძიმე სულს მსუბუქი სურნელი აპკურე,

აპრილს მომლოდინე ყლორტები ჩამაცვი,

ცეკვით ვარდისფერი სამყარო მოქარგე

და შენი სხეულით მზის სარზე ამაცვი.

მისტიკურ სამყაროს ვკითხულობ თვალებით,

ვერც კი გრძნობ თუ როგორ გაათბე ეს გული,

ნაპირს მომაყენე ღრმა ზღვიდან წამებში,

სხეულს დაუბრუნე ეს სული ეული.

და ცეკვავ ნაპირზე შეცვლილი მუსიკით,

ამ ცეკვით სამყაროს გახადე სიცივე,

ყველა სიმარტოვე ნიჟარით დატუმბე,

მე არ დაგიჯერე გიჟივით ვიცინე.

სიცილი იმ ზეცის ჰორიზონტს მოვპარე,

რომელშიც მდუმარე მისტიკას დამალავ,

- რას ნახავს, იფიქრე, ფარფატა სხეული,

დარჩენა არ მინდა! ნუ დარდობ, მე წავალ!

წამები ჰო, ხშირად წლები მომყვებიან,

სამკაულივით შევიგრძენ სიცივეც,

გაყინულ სხეულს რომ ფიქრებით გაათბობ,

ეს შენ ხარ, ის ძალა, ძლიერი დიდ შიშზეც.

და არ შეგიფერე გათოშილ ოთახში,

ვეღარ დაგეწიე ფიქრებში დაგაკლდი,

ისარი საათზე გიჟივით ბრუნავდა,

თუმც გათენებისას მთლად ხელში ჩაგაკვდი.

გამწყდარი სიმები ახლა ზღვის ნაკლია,

ტალღები უკრავენ, მე კი შენ დაგეძებ,

მარტივად ვხვდები, რომ რაღაცა მაკლია,

მოდი, გთხოვ, მეცეკვე, უშენოდ ვერ გავძლებ.