რეპორტაჟი უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონიდან - გზაპრესი

რეპორტაჟი უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონიდან

202-ე საჯარო სკოლა საქართველოში ერთადერთია, სადაც უსინათლო ბავშვები სწავლობენ. იქ ამჟამად 45 მოსწავლე ჰყავთ.

აქაც ისევე სწავლობენ, თამაშობენ, იცინიან, უხარიათ და სწყინთ, როგორც სხვა დანარჩენ სკოლებში. უბრალოდ, ისინი სამყაროს საკუთარი წარმოსახვით ხედავენ. საოცრად თბილები არიან, მიზანდასახულები, მომავლის რწმენით სავსენი. პრობლემები მათაც აქვთ, თანაც ისეთი, რომლის მოგვარებას ფინანსებზე მეტად, მონდომება სჭირდება...

სკოლა 1889 წელს, ქალბატონმა ნინო აბაშიძე-ბუგაევსკაიამ დააარსა, როგორც უსინათლოთა თავშესაფარი. შენობა შემოწირულობებით აუშენებიათ. 1900 წლიდან ფუნქციონირებს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება.

სკოლის გამგე, ქალბატონი თამარ ხვედელიძე მოსწავლეების სიმცირეს საზოგადოებაში არსებული ინფორმირებულობის დაბალი დონით ხსნით. დარწმუნებულია, რომ საქართველოში ბევრი უსინათლო ბავშვია (განსაკუთრებით - რეგიონებში), რომლებსაც სკოლაში სწავლის შესაძლებლობა არ აქვთ. თუმცა, სტატისტიკის არარსებობა საქმეს ართულებს და მათ მშობლებს საჭირო ინფორმაციას ვერ აწვდიან.

GzaPressსკოლაში იმ დროს მივედი, როცა მოსწავლეებს გაკვეთილები უტარდებოდათ. შენობაში შესვლისთანავე თვალში გხვდება დერეფანში გამოფენილი მოსწავლეების ნამუშევრები: ნახატები, ნაქარგები...

ვიდრე შესვენების ზარი დაირეკებოდა, ჩვენ თამარ ხვედელიძეს გავესაუბრეთ. მინდა გითხრათ, რომ აქაური მასწავლებლებიც არანაკლებ განსაკუთრებულები არიან. მე ვიტყოდი, ნამდვილი გმირები. მოგეხსენებათ, უსინათლოები ბრაილის შრიფტით სწავლობენ, წერენ, კითხულობენ. 1980 წლიდან სკოლისთვის სახელმძღვანელოები არ დაბეჭდილა. წლების განმავლობაში პედაგოგები საკუთარი ხელით ქმნიდნენ სახელმძღვანელოებს და ასე ასწავლიდნენ ბავშვებს. "ეს კოლოსალური შრომა იყო", - იხსენებს ქალბატონი თამარი.

გასულ წელს, განათლების სამინისტრომ სკოლას ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გადასცა. მართალია, ამ სიაში ყველა საგანი ვერ მოხვდა, მაგრამ სკოლაში იმედოვნებენ, რომ ადრესატამდე დანრჩენილი სახელმძღვანელოებიც მალე მიაღწევს. იქამდე კი, ბავშვები და მასწავლებლები ერთიანი ძალისხმევით კონსპექტებს ქმნიან.

თამარ ხვედელიძე:

- ამ სფეროში სპეციალისტების ნაკლებობაც გვაქვს. ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი გოგონა, რომელმაც ძიძად მუშაობა დაიწყო, ილიაუნში სწავლობს. აქ მოსვლის მერე პროფესია შეიცვალა. სწავლა ჩვენი სპეციალობით - ტიფლოპედაგოგიკის განხრით განაგრძო. ინფრასტრუქტურული პრობლემა გვაქვს. სკოლაში ეტლიანი მოსწავლეები გვყავს, მაგრამ პანდუსი არ გვაქვს. შენობა ავარიულია და შეუძლებელია პანდუსის დამაგრება... ამ ბავშვებში გაცილებით მეტი პოტენციალია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

სკოლაში უამრავი პროექტი ხორციელდება. მოსწავლეები სპექტაკლებში მონაწილეობენ და თეატრალურ ფესტივალზე პირველ ადგილას გავიდნენ. სკოლაში ბავშვებს მხატვარი გია გურასპაშვილი ასწავლის.

მე-11 კლასელი ნიკა წიკლაური კომუნიკაბელური, მხიარული, საზრიანი, ჭკვიანია ბიჭია. მან Flex-ის პროგრამაში გაიმარჯვა და მომავალ წელს ერთი წლით, სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრება:

- დეპრესია მაშინ გეწყება, როცა მხედველობა გაქვს და მერე კარგავ. მე კი სამი თვის ვყოფილვარ, როცა ექიმებს დაუდგენიათ, რომ ვერ ვხედავდი. ჩვენი საზოგადოება თანდათან ეჩვევა ჩემნაირებთან ურთიერთობას, ადრე კი ხშირად ვღიზიანდებოდი, რადგან მესმოდა ჩემ მიმართ ნათქვამი სიტყვები: "საწყალი", "ვაიმე, ვერ ხედავს"... თავისუფალ დროს კომპიუტერთან ვატარებ, მეგობრებთან ერთად წიგნებზე ვსაუბრობ, დისკუსიები გვაქვს. მიყვარს დეტექტივი, სათავგადასავლო ლიტერატურა.

მერიკო პოპიაშვილი მე-8 კლასის მოსწავლეა. 202-ე სკოლაში 4 წლის ასაკში მოიყვანეს. უკრავს, მღერის:

- დაბადებიდან ვერ ვხედავ. ოჯახში ასეთი პრობლემა არავის აქვს. სკოლაში დედას მოვყავარ. ვმღერი, ფორტეპიანოზე ვუკრავ. ხშირად ვასრულებ ბახის ნაწარმოებს. თავისუფალ დროს წიგნებს ვკითხულობ, ხან კომპიუტერთან ვზივარ. ტექნიკური საგნები უფრო მეტად მიყვარს. სამომავლო პროფესიაზე ჯერ არ მიფიქრია. ვოცნებობ, თვალისჩინი დამიბრუნდეს. ექიმმა თქვა, - 18 წლის როცა გახდება, ოპერაცია გავუკეთოთ და შეიძლება, მხედველობა აღდგესო. სამყაროს წარმოსახვით ვგრძნობ. მიყვარს სეირნობა, მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე სიარული.

ჩვენთან საუბარში ბავშვები, მასწავლებლები მთავარ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას: არახელსაყრელი ინფრასტრუქტურის გამო, ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ.

თუ დაჰკვირვებიხართ, დედაქალაქში მხოლოდ რამდენიმე ადგილას არის ხმოვანი შუქნიშანი.

ნიკა წიკლაური:

GzaPress- საქართველოში უსინათლოებისთვის ტრანსპორტი ადაპტირებული არ არის. როგორც ყოველთვის, ავტობუსები გადატენილია, მძღოლები კი უცებ კეტავენ კარს. ასეთ სიტუაციაში მგზავრობა ჩვენ კი არა, მხედველსაც უჭირს. ავტობუსსა და ტროტურას შორის დიდი მანძილია. ვერ იგებ, რა ნომერი ტრანსპორტი მოდის. კონკურსში "ოქროს კლავიში" გავიმარჯვე და გერმანიაში, ფრანკფურტში გავემგზავრე. აეროპორტში ბრაილის სისტემაა. იქ ტრანსპორტით ვმგზავრობდი, ავტობუსი გარკვეული დროით ჩერდება, ტროტუართან ახლოს არის, ადიხარ, გაჩერებებს აცხადებენ, რომ უსინათლო ჩასასვლელად მოემზადოს. გაჩარებებზე ბრაილის სისტემაა გამოკრული... რაზე ვოცნებობ? ბევრ რამეზე, მაგრამ პირველ რიგში, ჩემი ქვეყნის ერთიანობა მინდა.

თამილა აბაშია ფილოლოგია, ის ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. საინტერესო წარსული აქვს: წარმოშობით აფხაზეთიდან, გალიდან არის. 9 წლის იყო, როცა მშობლებმა ამ სკოლაში მოიყვანეს. ოჯახს შვილთან განშორება უჭირდა, ამიტომ სკოლა-პანსიონში მოყვანისგან თავს იკავებდნენ, მაგრამ მერე თამილა მასწავლებელმა თავისი გაიტანა:

- ყველა ბავშვი სკოლაში დადიოდა და ისინი ცხოვრობდნენ, მე კი ვცოცხლობდი. ჩემი მძაფრი სურვილი, დაჟინებული მოთხოვნა იყო, სასწავლებლად გავეშვით. აქ საოცრად თბილი ადამიანები იყვნენ. უდედობა არც ერთ ბავშვს არ სიამოვნებს, მაგრამ მიჯაჭვულობა არ მქონია, ალბათ იმიტომ, რომ ხშირად დეიდასთან ვიყავი... ცნობისთვის, ჩემი უმცროსი დაც ამ სკოლის მოსწავლე გახლდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. უკვე 25 წელია, 202-ე სკოლაში ბავშვებს ვასწავლი. აქ მეუღლეს მოვყავარ. ის სუსტი მხედველია. საღამოს გამომივლის და ერთად მივდივართ... ტრანსპორტის პრობლემა გვაქვს: ხმოვანი შუქნიშანი მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა. ავტობუსების გაჩერებებზე "ხმოვანი" რომ იყოს, რომელიც გვიკარნახებს, რომელი ნომერი მოდის და როგორც მეტროში, გაჩერებზე სადგურის დასახელებას რომ აცხადებდნენ, მაშინ უსინათლო დამოუკიდებლად შეძლებდა ქალაქში გადაადგილებას. ამას ბევრი ფინანსები არ სჭირდება, ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ მონდომებაა საჭირო.

P.S. ასეთი იყო ერთი დღე უსინათლოთა სკოლაში. ამ სასწავლებლიდან გამოსული ადამიანი კიდევ უფრო მეტად რწმუნდება იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

სალომე გოგოხია