“ვაჟკაცი ეგ ყოფილა, თქვენ კი არა - მან საკუთარი სიკვდილითაც დაგამარცხათო” - გზაპრესი

“ვაჟკაცი ეგ ყოფილა, თქვენ კი არა - მან საკუთარი სიკვდილითაც დაგამარცხათო”

ჯონდო გოგლიძე გუდაუთაში, სოფელ ახალსოფელში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მე-4 ასეულის მეთაური იყო. ამჟამად აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ქვემო ქართლის რეგიონულ განყოფილებაში მუშაობს. 2 წიგნის ავტორი გახლავთ - “დაგვიანებული წერილები” და “ნასახტარის ქვა”, რომლებშიც თავს გადამხდარი თუ თანასოფლელების ამბები შეკრიბა. როგორც “გზის” წინა ნoმერში ვწერდით, მისი ძმა - ბადრი გოგლიძე აფხაზებმა დახვრიტეს. ბატონი ჯონდო ამჯერად სწორედ ამ ამბავს გვიყვება.

- ბადრიმ ერთი კვირით ადრე დაასრულა სამხედრო სამსახური და ორშაბათს დილითვე კომისარიატში გაემართა, აღრიცხვაზე რომ დამდგარიყო. შორეულ აღმოსავლეთში ჰპირდებოდნენ მაღალ ხელფასებს და საუკეთესო სამუშაო პირობებს. ერთი წელი ვიმუშავებ, ლიმიტს ავიღებ, ინსტიტუტშიც ჩავაბარებ საღამოს განყოფილებაზე და თან ვიმუშავებო, - უთხრა მამას. ერთი კვირის შემდეგ მართლაც აიღო კომკავშირული საგზური და წასასვლელად სამზადისს შეუდგა. ქალაქ ტიუმენის სადგურიდან დასახლება “სტროიატრიად” ნომერ 17-ში მოხვდა, მაგრამ დაპირება ფუჭი აღმოჩნდა - არც ისეთი კარგი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები დახვდათ ადგილზე ჩასულებს. ბადრის დიდი დიამეტრის მილების გადაზიდვა დაევალა და მალე თავიც გამოიჩინა კეთილსინდისიერი მუშაობით. სწორედ იქ გაიცნო ლენა, რომელიც მედდად მუშაობდა. ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. გადაწყვიტეს, ერთად წასულიყვნენ გამოცდების ჩასაბარებლად ტომსკში. ბადრი პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ლენა კი ჩაიჭრა. მისი მშობლები ავარიაში დაღუპულიყვნენ, მოხუცი ბებია-ბაბუის გარდა, არავინ ჰყავდა. გადაწყვიტეს, ჯვარი დაეწერათ და ერთად ეცხოვრათ ქირით. ერთი წლის თავზე ბიჭი ეყოლათ და მამას სახელი, გიორგი დაარქვეს. ერთხელ ლენამ ბებიასგან წერილი მიიღო. ის სთხოვდა, უკვე მოვხუცდით და იქნებ ქმარ-შვილთან ერთად ჩვენთან ჩამოხვიდე საცხოვრებლადო. არადა, იმ წელს, როგორც კი სწავლას დაამთავრებდა, ბადრი საქართველოში დაბრუნებას აპირებდა. შეთანხმდნენ, რომ ლენა და გიორგი ტამბოვში წავიდოდნენ, ბადრი კი კიდევ 2-3 წელს იმუშავებდა, ცოტა ფულს დააგროვებდა, საქართველოში დაბრუნდებოდა და მერე ჩამოიყვანდა ცოლ-შვილსაც.

1991 წელს დაბრუნდა საქართველოში. მაშინ მე და ჩემი ძმა ზვიად გამსახურდიას დასაცავად თბილისში, ბუნკერში ვიყავით... ბადრიც ჩვენ გვერდით დადგა. ხუთი ძმა ვართ და ხუთივე ვიბრძოდით. ერთ-ერთი დაიჭრა. 1992 წლის 14 აგვისტოს ბადრიმ და ბიძაჩემმა, შაქრომ სოჭიდან ახალნაოპერაციები ძმა სოფელში ისე ჩაიყვანეს, არაფერი იცოდნენ ომის დაწყების შესახებ. ჭიშკარს მიადგნენ თუ არა, გამოცვივდნენ ავტომატებით შეიარაღებული აფხაზები და სამივე მძევლად აიყვანეს. მათმა უფროსმა, იგორ ჭამბამ ყვირილი დაიწყო, დანარჩენი ძმებიც გამოდით და ჩაგვბარდით, თორემ ამათაც დავხოცავთო. ბიძაშვილებთან ერთად პოზიციებს ვიკავებდით, არც მძევლების გატანებას ვფიქრობდით და არც დანებებას, მაგრამ მეზობლად მცხოვრებმა რაიკომის ყოფილმა მდივანმა, იური ტაბუცაძემ განმუხტა სიტუაცია: იცი, რომ ესენი ზვიად გამსახურდიას მხარეს იბრძოდნენო? - უთხრა აფხაზებს მათთან მყოფი ჩეჩნების გასაგონადაც, ასე ჩვენც გადაგვარჩინა და სოფელიც აწიოკებას. გვირჩია, იარაღი, რაც სოფელში იყო და რასაც ვაკონტროლებდით, ამოგვეღო და ერთ ადგილას შეგვენახა, ხოლო ჩვენ პარტიზანული შენაერთი შეგვექმნა და როგორც შეგვეძლო, ისე დაგვეცვა სოფელი, ხალხი. მართლაც, ასე მოვიქეცით. რამდენიმე დღის შემდეგ ჩეჩნები მოვიდნენ ჩვენთან და გვითხრეს, აქ მოტყუებით ჩამოგვიყვანეს, თითქოს ქართველები აფხაზებს ავიწროებენ, რასაც ვხედავთ, პირიქით ხდება და ამიტომ მივდივართ აქედან, თუ გინდათ, თქვენც გამოგვყევითო. ეს არ გავაკეთეთ, რადგან მოღალატეებად გამოვჩნდებოდით ხალხის თვალში. მათ ვთხოვეთ, მხოლოდ ქალები და ბავშვები გაეყვანათ სამშვიდობოს. დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ.

3 სექტემბერს, როდესაც მოსკოვში ელცინთან ერთად შევარდნაძემ სამშვიდობო ხელშეკრულება დადო არძინბასთან, ჩეჩენთა ბლოკპოსტი მოიხსნა. ხალხს გაუხარდა, ეგონათ, მშვიდობა დაისადგურებდა, მაგრამ მეორე დღესვე აფხაზები და “ბოევიკები” მგლის ხროვასავით შეესივნენ გუდაუთის ქართულ მშვიდობიან მოსახლეობას. მიდიოდა ძარცვა-გლეჯა; ვინც წინააღმდეგობას უწევდა, ხვრეტდნენ. ერთ-ერთი რეიდის დროს, ქალმა, რომლის შვილსაც აფხაზები დასაჭერად მისდევდნენ, მიაყვირა: ჩემს შვილს რას ერჩით, იარაღი გოგლიძეებს აქვთო!.. აფხაზები ისევ ბიძაჩემის, შაქრო გოგლიძის სახლს მიადგნენ და მოულოდნელად წაადგნენ თავს ორ ძმასა და ბიძაშვილებს. იგორ ჭამბამ მანქანა გააჩერა: - ამათ თავი დაანებეთ, “ზვიადისტები” არიანო. ბადრიმ მანქანაში დატყვევებული სხვა ქართველი ბიჭები რომ დაინახა, დრო იხელთა და იგორს უთხრა: - ესენიც “ზვიადისტები” არიან და გაუშვითო. ასე გადაარჩინა ისინი. მეორე დღეს იური ტაბუცაძემ გვითხრა, რუსებს მე მოველაპარაკები და აეროდრომიდან გაგიყვანთ, ოღონდ ეს მოხუცები და ქალები გაიყვანეთ ყველა, მერე კი თქვენ სოხუმში ქართველ შენაერთებს შეუერთდებითო. მესამე დღეს მართლაც გავაცილეთ ხალხი სამშვიდობოს, ჩვენ კი დავრჩით, რადგან საკმარისი მანქანები არ იყო. იური დაგვპირდა, რომ მეორე დღეს კიდევ იქნებოდა ავტომობილები. მართლაც, მოვიდნენ ტენტიანი სატვირთო მანქანებით რუსები, რომლებიც თურმე 500 ლიტრი ღვინით მოუსყიდიათ ჩვენებს და აეროდრომზე გადაიყვანეს ბიჭები. ვერტმფრენში ბადრის წერილი გადაუცია თანაკლასელისთვის და მოულოდნელად უკან ჩასულა... დანარჩენი მებრძოლები კოპიტნარის აეროდრომიდან სოხუმში გადავედით და პარტიზანული შენაერთი 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონს ორი ოცეულის სახით შევუერთდით.

დეკემბერი იდგა, შებინდებულზე ბადრის ბიძის ეზოდან ავტომატის ხმა მოესმა თურმე. მამასთვის უთქვამს, წავალ და გავიგებ, რა ხდებაო. ბიძასა და ბიცოლას მოესწროთ სახლის უკანა მხრიდან გარეთ გამოსვლა და თავი ვენახისთვის შეეფარებინათ. არ წახვიდე სახლში, მგონი, თქვენკენ წამოვიდნენო, გააფრთხილეს ბადრი, მაგრამ რა გააჩერებდა, მაინც წასულა ჩვენი სახლისკენ. სად არიან შენი შვილებიო? - დაჰყვიროდნენ თურმე და დაინახა, რომ ხუთი აფხაზი დაუნდობლად სცემდა მის მოხუც მშობლებს. მწოლიარე დედა ფეხზე წამომდგარა ქმრის დასაცავად, არც ის ავადმყოფი ქალი დაინდეს... გამწარებული ბადრი ოთახში შევარდნილა, - რას შვრებით, თქვე ნაძირaლებო, მაგათ თავი დაანებეთ, მე აგერ ვარ, ოღონდ მშობლების თვალწინ არ მესროლოთო!.. - არ გაჰყვე, შვილო, მოგკლავენ ეს არაკაცებიო, - ფეხებზე შემოეხვია თურმე მამა. - ნუ გეშინია, მალე დავბრუნდები, შენ დედას მიხედეო, - ასე უპასუხია ბადრის.

აფხაზებმა სოფელ ლიხნში წაიყვანეს. ერთ-ერთმა მათგანმა, ლარიკმა წაიტრაბახა თურმე, ამაღამ კიდევ ერთ ქართველს გამოვასალმებთ სიცოცხლესო. მასთან სტუმრად მყოფ სიდედრს მანქანაში ბადრი რომ დაუნახავს, სიძისთვის უთხოვია, ხელი არ ახლოთ, ჩვენი ნათესავიაო. ამიტომ სხვის ოჯახში გადაუყვანიათ. მოდი, საიქიოს მიმავალმა დაგვლოცეო, დამცინავად ეუბნებოდნენ თურმე. ბადრის შეუგინებია, რის გამოც უმოწყალოდ უცემიათ. იმ ოჯახის უფროსს უთქვამს, - ჩემს სახლში კაცს არ მოგაკვლევინებთო, - და ქუჩაში გაუყვანიათ. თუ შენით დადგები მუხლებზე და შეწყალებას ითხოვ, უცებ მოგკლავთ, თუ არა და, წამებით ამოგხდით სულსო, - თან დანა მკერდზე დაუსვა თურმე ერთ-ერთმა აფხაზმა. გამწარებულ ჩემს ძმას ბაწრისგან ხელების გათავისუფლება მოუხერხებია, დანა წაურთმევია და კისერში ჩაურტყამს. აფხაზები გაოგნდნენ თურმე მოულოდნელობისგან და ვიდრე გონს მოვიდოდნენ, ბადრი გაქცეულა, მაგრამ ავტომატის ჯერი დააცალეს...

ხმაურზე მთელი უბანი გამოსულა გარეთ და იმ ოჯახის უფროსს, სადაც მანამდე იყვნენ, ზიზღით უთქვამს თავისიანებისთვის: ვაჟკაცი ეგ ყოფილა, თქვენ კი არა - მან საკუთარი სიკვდილითაც დაგამარცხათო... მეორე დღეს კი წამოსულა ჩვენს სოფელში და ბიძაჩემს მოუყვა, თუ რა ვაჟკაცურად დაასრულა სიცოცხლე მისმა ძმისშვილმა. ცოდვაა, დედის ცრემლმა რომ არ დაიტიროს. ვიცი, სადაცაა გვამი და დღეს საღამოს მე თვითონ გადმოვასვენებ, ოჯახი გააფრთხილეო.

q-1664783221.jpg

...გავიდა წლები. თურმე ლენა ამაოდ ელოდა ბადრის დაბრუნებას ან რამე ამბავს მისგან. გიორგის პასპორტი დედის გვარზე აუღია. უნდოდა, აუცილებლად ჩასულიყო მამის სოფელში და მისი ამბავი გაეგო. 1998 წლის მაისში ჩამოსულა კიდეც საქართველოში, მოხალისეთა ბატალიონში ექვსთვიანი კონტრაქტი გაუფორმებია, ოღონდ მხოლოდ მამის მოძებნა სურდა და არა - ომი. ერთი კარგი აფხაზური ოჯახი დახმარებია სიმართლის გარკვევაში და მალევე უკან გაბრუნებულა.

2005 წლის ზაფხულს კარზე დააკაკუნეს და გოგლიძეები იკითხეს. - ბადრის მეგობრის, რეზოს შვილი ვარ და ეს წერილი მგონი, თქვენ გეკუთვნითო. გვითხრა, რომ როდესაც მამის ნივთებს ათვალიერებდა, წერილი მაშინ ნახა. მამამისიც 1992 წლის ოქტომბერში დაღუპულა გუმისთის ბრძოლებისას, ბადრიზე თვე-ნახევრით ადრე. კონვერტზე ეწერა: “რეზო, ძალიან გთხოვ, მე თუ რამე მომივა, ჩემს ძმებს გადაეცი”. წერილში კი ეწერა: “ძმებო, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, მე ვერ წამოვალ. მოხუცი მშობლები რომ წაგვეყვანა, ხალხი სხვანაირად იფიქრებდა, ამიტომ მათთან ვრჩები. გული ცუდ რამეს მეუბნება, თუ თქვენ ამ წერილს კითხულობთ, მაშინ მე დაღუპული ვარ. ამ სურათზე, რომელიც კონვერტშია, ჩემი ცოლ-შვილია - ლენა ბიკოვა და გიორგი, გთხოვთ, მიმიხედოთ, მისამართი ქვემოთ წერია, ბადრი”.

ერთი თვის თავზე ბიკოვების სახლის კარი გიორგიმ შეაღო... ფოტო გავუწოდე. გიორგიმ რომ დახედა, მითხრა, - ასეთი სურათი მეც მაქვს, მამაჩემი ხართო? - არა, მე ბიძა ვარ შენი, მამის ძმა-მეთქი, - ვუთხარი და გულში ჩავიკარი...

ნინო ჯავახიშვილი