“სარკეში რომ ჩავიხედე, დავინახე, თმა გამთეთრებოდა” - გზაპრესი

“სარკეში რომ ჩავიხედე, დავინახე, თმა გამთეთრებოდა”

ზაფხულში ახალგაზრდა მომღერლის, მიშა უშიკიშვილის სიმღერის პრემიერა შედგა ერთ-ერთი რადიოს ეთერში. სიმღერას ჰქვია “გჯეროდეს” და როგორც მომღერალმა გვითხრა, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ აპირებს, მსმენელს კვალავაც შესთავაზოს ახალ-ახალი საავტორო სიმღერები.

- ბაბუაჩემი ძალიან კარგად უკრავდა და მღეროდა გიტარაზე, მამაც მღეროდა მოყვარულის დონეზე, მეგობრების წრეში. ალბათ ამან განაპირობა მუსიკისადმი ჩემი ინტერესი და სიყვარული. პირველად საბავშვო ბაღში ვიმღერე “ჩემი კარგი ბაბუა”, მაშინ ძალიან პოპულარული იყო ეს სიმღერა. სკოლის პერიოდში ერთხანს ჩამოვშორდი მუსიკას, მაგრამ შემდეგ უკვე სერიოზულად ჩავერთე ამ სფეროში, ვურთიერთობდი სხვადასხვა სტუდიასთან, ვმონაწილეობდი კონკურსებშიც, მაგალითად - “ვარსკვლავების აკადემიაში”. წლების წინ დავწერე პირველი საავტორო სიმღერა, რომლის პრემიერაც წელს მქონდა.

მუსიკალური განათლება არ მიმიღია, გიტარაზე დაკვრაც თვითონ ვისწავლე, სკოლის დამთავრების შემდეგ კი მამუკა ჩიხლაძე მასწავლიდა - არაჩვეულებრივი გიტარისტი, ადამიანი და მასწავლებელი. ხშირად მეკითხებოდა, - აქტიურად რატომ არ ჩანხარ სცენაზეო? სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ჩემს ახალ ნამუშევარს, პანდემიის პერიოდში გარდაიცვალა.

- როგორ შეიქმნა სიმღერა “გჯეროდეს”?

- როგორც უკვე ვთქვი, გარკვეული პერიოდი კარიერაში წყვეტა მქონდა: ჯერ მამა გარდამეცვალა, პანდემიის დროს - მეგობარი, სოფო ამაღლობელი, „კოვიდით“. იმდენად კარგი ადამიანი იყო, იმდენი რამ ვისწავლეთ მისგან, ვერ წარმოიდგენთ. ეს დიდი სტრესი გახლდათ, თვე-ნახევარი ვიბრძოდით მის გადასარჩენად და ერთ დღეს, სარკეში რომ ჩავიხედე, დავინახე, თმა გამთეთრებოდა. მისი სახელობის წამლის ფონდი შეიქმნა და მისი გარდაცვალების შემდეგაც დიდი დახმარება გაუწია კოვიდინფიცირებულებს. ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, სიმღერაც აღარ მინდოდა... სულ მწერდნენ, მეკითხებოდნენ, რატომ არ ვჩანდი, ახალ სიმღერებს ველოდებითო. ნელ-ნელა დავუბრუნდი მუსიკას, საავტორო სიმღერების ჩაწერა დავიწყე. სიმღერის “გჯეროდეს” პრემიერა შედგა რადიოთი, მანამდე კონცერტებზე ვმღეროდი. ტექსტი ვახტანგ ჯინჯიხაძეს ეკუთვნის, არანჟირება გააკეთა ზურა მახნიაშვილმა, რომელმაც მთელი სული და გული ჩადო, რადგან იცოდა, ეს ჩემი პირველი საავტორო სიმღერა იყო და ამიტომ - ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის.

მე არ ვარ პროფესიონალი მომღერალი და მუსიკოსი. ძალიან გამიხარდა, როდესაც პირველივე სიმღერა მოეწონა მსმენელს. ტექსტი, მელოდია იციან, რამდენჯერმე მიკროფონი გამომართვეს და თვითონ გააგრძელეს, რამაც გამაკვირვა და გამახარა, ეს დიდი სტიმულია მომღერლისთვის. ხალხის რეაქცია და ოვაციები გაძლევს მოტივაციას. რადიოში მეუბნებიან, შემოდის მოთხოვნები, ხალხი უსმენს შენს სიმღერას და იქნებ რამე სხვაც მოგვაწოდოო. ახალი ნაკლებად იქმნება დღეს შოუბიზნესში, ძირითადად, რემიქსებია. ამიტომაც მინდა, საავტორო სიმღერები შევთავაზო ხალხს. ადგილის დამკვიდრება და წარმატება შოუბიზნესში, განსაკუთრებით ახლა, სირთულეებთან არის დაკავშირებული. შენმა შემოქმედებამ უნდა მოხიბლოს და მიიზიდოს მსმენელი. თანაც, ვინც ამ სფეროშია, იცის, რომ ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და თუ შემოსავალი არ გაქვს კონცერტებიდან, რთულია.

307942838-5736570566395130-5950762135714071058-n-copy-1664783349.jpg

- ამჟამად რაზე მუშაობთ?

- ახლა მეორე საავტორო სიმღერაზე ვმუშაობ. ვფიქრობ, ოქტომბრის დასაწყისში უკვე მზად იქნება. ტექსტი ქალბატონმა ნანა ცინცაძემ დამიწერა. მელოდია რომ მოისმინა, მოეწონა და, ძალიან ლამაზ ტექსტს დავწერო, - მითხრა. მგონია, რომ ყველა თაობის მსმენელს მოეწონება. რამდენიმე სიმღერა მაქვს დაწერილი, რომელზეც კორექტივებია გასაკეთებელი, ტექსტები დაიწერება და შევთავაზებ მსმენელს.

- რეპერტუარში მხოლოდ ქართული სიმღერები გაქვთ და როგორც ამბობთ, ქავერებს არ ასრულებთ, რატომ?

- ყველა მომღერალს აქვს მონაცემები იმისთვის, რომ დაუწერონ ახალი სიმღერა. ლეგენდარულ მომღერლებზე უკეთესად სხვა ვერავინ შეასრულებს იმავე სიმღერას, ასე ვფიქრობ. ქავერების შესრულებით მომღერალი უფრო იცვითება, ვიდრე ვითარდება. ამიტომაც ჯობს, შენი რეპერტუარი გქონდეს. მირჩევნია, ქართულად ვიმღერო. მუსიკას დიდი ძალა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. არავინ მეგულება, ვისაც არ მოსწონს ან არ უსმენს, ჯადოსნური ძალა აქვს, ისეთივე, როგორიც სცენას. მენეჯმენტის ფაკულტეტი დავამთავრე, ფიზიკური გეოგრაფიის განხრით მინდოდა “ჯავახიშვილში”, მაგრამ ვერ მოვახერხე. ერთი დღეც კი არ მიმუშავია ჩემი პროფესიით. მუსიკასთან ერთად ძნელია, სხვა პროფესიას გაჰყვე. სულ ძიებაში ხარ, უსმენ მუსიკას, შრომობ და ვიდრე მსმენელამდე მივა, დიდ პროცესს გადიხარ.

ნინო ჯავახიშვილი