როგორ ჩავაქრეთ ხანძარი ყვარლის მთებში - გზაპრესი

როგორ ჩავაქრეთ ხანძარი ყვარლის მთებში

სვანეთიდან დაწყებული ყვარლის მთებამდე, უნალექობისგან გამომშრალი ბუნება იწვოდა და შველას ითხოვდა. სხვა სამსახურებთან ერთად, სტიქიასთან ბრძოლაში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც აქტიურად ჩაერთნენ.

- ძირითად სამსახურთან ერთად, სამი წელია ეროვნული გვარდიის რეზერვისტი ვარ. მარტივი და ქმედითი იდეა დევს მასში - ქვეყანას სადმე რამეში თუ გაუჭირდა, ჩვენ იქ უნდა გავჩნდეთ. აგვისტოს ბოლოსთვის საწვრთნელ ბაზაზე გეგმური შეკრება არ გვიწევდა და სოფელში ვაპირებდი წასვლას, მშობლებისთვის სეზონურ სამეურნეო საქმეებში მისახმარებლად.

ჯერ კიდევ ბორჯომის ხანძარზე ჩვენი ოცეულის სამაგალითო მებრძოლი რობაქიძე მირეკავს ზესტაფონის სოფლიდან: აქედანაც კარგად ვხედავ, იწვის ბორჯომის მთები, კვამლი ჩვენამდე აღწევს. რას აპირებენ, ჩასაქრობად არ გვეძახიანო? - დაველოდოთ, ალბათ დაგვირეკავენ-მეთქი. ასეთივე განწყობა იყო მთელ ოცეულში, ბიჭებმა დასასვენებლად წასვლა გადაიფიქრეს ეროვნული გვარდიიდან ზარის მოლოდინში.

ბორჯომში ხანძრის ლოკალიზება ადგილობრივი ძალებით მოხერხდა. ყვარელში, შილდiს მთებში ხანძრის გაჩენისთანავე კი ზარს აღარ დაუხანებია. ღამის თერთმეტ საათზე შეგვატყობინეს, რომ დილით სამგორის მეტროსთან უნდა ვყოფილიყავით. თავდაცვის სამინისტროს ავტობუსით პალდოს საწვრთნელ ბაზაზე გადავედით, 202-ე ბატალიონიდან საკმაო ხალხი შეიკრიბა.

თუ მანამდე სამდღიან შეკრებაზე იყო საუბარი, მეთაურმა გვითხრა, რომ სავარაუდოდ, ერთი კვირა მაინც მოგვიწევდა. ცეცხლი უკვე დიდ ფართობზე იყო მოდებული და ყველაფერი მაინც ამინდზე უფრო გახლდათ დამოკიდებული. განრიგის ოპერატიულად შეცვლაზე ხმა არავის ამოუღია - სასწრაფოდ სამხედრო ფორმა ჩავიცვით და საგარეჯო-ბაკურციხის გავლით ყვარლის გზას დავადექით.

ჩვენს ბატალიონში (მეორე ასეულიდან) უკვე გოგოებიც გვყავს. ერთ-ერთმა მათგანმა ავტობუსის სალონში ვიდეო ჩართო და კითხვა დასვა: აბა, მთებიდან დაბრუნებისას, ყველაზე ბინძური ვინ იქნებაო. - ბინძური კი არა, კაცური კაცის კაცური სუნით დავბრუნდებით ყველა სახლში, - ასეთი იყო სახალისო პასუხების რეზიუმე.

ბაკურციხის გადასახვევიდან სამხრეთით, ახლად გაყვანილი გზით შემთხვევის ადგილისკენ გადავუხვიეთ. გზად მწვანე ვენახები ისე ბობოქრად ბიბინებს, რომ ირგვლივ სულ “ბარაქა”, “ბარაქა” გაისმის. ზოგან ადრეული რთველი უკვე დაწყებულია, გლეხები ჭირნახულს იმკიან. შრომისა და ლხინის ამ ზეიმში ხანძარსა და უბედურებას რა უნდა?..

- ადგილზე რა რეალობა დაგხვდათ?

- მოგეხსენებათ, კახეთში და თითქმის ყველგან საქართველოში, ორ თვეზე მეტხანს ნალექი არ მოვიდა. შხაპუნა წვიმა თითქმის დაგვავიწყდა, სამაგიეროდ, ქუჩები და ორღობეები მტვერს მიჰქონდა. მიწა უდაბნოსავით გამომშრალია და ერთი ნაპერწკალიც საკმარისია ცეცხლის ასაგიზგიზებლად. ამ დროს მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ყველას ხომ ერთნაირად ვერ მოსთხოვ ელემენტარულ გონიერებას, მით უფრო, საკუთარი ქვეყნის სიყვარულს და ა.შ.

გზისპირა ვენახებისა და ღვინის საწარმოთა ოაზისების გავლის შემდეგ, შორიდანვე დავინახეთ აგიზგიზებული მთების ფერდობები. დიდი ილიას ყვარლის მთები დაუნდობლად იწვის და მას უნდა ვუშველოთ - ეს გახდა ჩვენი საზრუნავი...

მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სამაშველო სამსახურები ადგილზე დაგვხვდნენ, ბიჭები მზად იყვნენ ჩვენთან ერთად სტიქიას გამკლავებოდნენ. გამთენიიდან უჭმელებს მშრალი საველე საკვები დაგვირიგეს. ცოტა დავნაყრდით თუ არა, სატვირთოებით მთების შუაგულისკენ გზას დავადექით ნიჩბებით, გერმანული წარმოების აირწინაღებითა და რკინის ჩაფხუტებით შეიარაღებულები.

ჩვენამდე ტრაქტორებმა მთის მწვერვალამდე და მის შემდეგაც, მეორე მხარეს დაბოლოებამდე სპეციალური ახალი გზა გაიყვანეს - სხვანაირად ხანძრის უამრავ კერასთან მიდგომა ფიზიკურად შეუძლებელი გახდებოდა ან როგორ მიუდგები, როცა ძირიდან მწვერვალამდე თითქმის ხუთი კილომეტრია გასავლელი. თუმცა, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ, ვერაფრით დარწმუნდები სირთულეებში, შორიდან ყველაფერი მეტისმეტად მარტივად გამოიყურება.

მთების შუაგულში გავარვარებულ ცეცხლის ენებთან მორიგი პირობა დავდე, რომ ხანძრის თემაზე ზერელედ აღარ ვილაპარაკებდი და სხვასაც იმავეს ვურჩევდი. ადვილია ხმამაღალი განცხადებების კეთება შორიდან, როცა ადგილზე ლამის განწირული შრომა გიწევს ბუნებრივი სტიქიის წინაშე და ხშირად მარცხდები კიდეც; მაგრამ იმედის ნაპერწკალს არ კარგავ, რომ ხვალ დილით უფრო კარგად იმუშავებ, ბუნების ფერისცვალების ღვთაებრივი მადლიც დაგეხმარება და ცეცხლს ჩააქრობ...

ვებმებით ბრძოლაში, რადგან ესეც თავისებური ომია შენი ქვეყნის დასაცავად. სახანძროს გამოცდილ ბიჭებთან ერთად პერიმეტრის გაკონტროლება გვევალება, მაგალითად, გაყვანილი გზის აქეთ მხარეს ცეცხლის არგადმოშვება. საშინლად გამოიყურება დამწვარი ტყე, უზარმაზარი ხეები და ბუჩქნარ-ბალახები, ფოთლები... კიდევ კარგი, ნედლი ხეები ნაწილობრივ იწვის და მერე აღდგება აუცილებლად, მაგრამ მასზე ჩამხმარ-ჩაჩუტული ფოთლებიც საზარლად გამოიყურება, რასაც ამ სეზონზე აღარაფერი ეშველება...

- რეზერვისტ გოგოებს არ გაუჭირდათ?

- არანაირად, რადგან კარგად მომზადებული არიან. ზემოაღნიშნულ გზას რეზერვისტი თამარი (სხვებთან ერთად) ჩვენთან ერთად მწვერვალიდან მთისძირამდე ისე გადის, წუწუნებს კი არა, ზედმეტად ხმასაც არ იღებს. მაინც არ მესმის, ასე რატომ დაგვჩაგრეს პირველი ასეული და გოგოები ჩვენთანაც არ მიიღეს. მეორე და მესამე ასეულები უკეთეს მდგომარეობაში არიან - გვერდით ისეთი თანამებრძოლი გოგოები ჰყავთ, მაგალითს რომ იძლევიან ყველაფერში. ისინი ხომ ყველგან მაგრები არიან - სახალისო “ტიკტოკის” გადაღებაშიც და ცეცხლის ქრობაშიც.

მათგან განსხვავებით, მეორე დღეს ფეხის თითების მცირედ დაზიანებას მაინც ვერ გადავურჩი. ჩექმებმა დაღმართზე ცოტა მიმტყუნა და მომიჭირა, ეგ არაფერი. ღამით საველე მედპუნქტში მივედი, ბეტადინის მალამო გამოვართვი და შევიხვიე. მეორე დღეს უკვე აღარ მაწუხებდა - შემდეგ ქორწილამდე მომირჩება.

სამაშველოს ბიჭებს, ჩვენგან განსხვავებით, მიწაზე გაშლილ „სპალნიკებში“ სძინავთ - მთელი მთის ძირი უზარმაზარი სასტუმროა ღია ცის ქვეშ.

rezervi4-copy-1664783539.jpg

- ხანძარი როგორ ჩააქრეთ?

- ჩვენ და ვერტმფრენებმა (პროფესიონალმა მფრინავებმა) უზარმაზარ ტერიტორიაზე მოდებული ხანძარი მეტ-ნაკლებად შევაჩერეთ, დანარჩენი სტიქიის წინააღმდეგ კი ისევ ბუნებამ იმოქმედა - მეოთხე დღეს შხაპუნა წვიმა მოვიდა და სტიქიას წერტილი დაუსვა. ჩვენც, ერთი კვირის ნაცვლად, ოთხი სრული დღე დაგვჭირდა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად. ავკეცეთ კარვები, დავალაგეთ, დავასუფთავეთ ბანაკი და ცეცხლი-კვამლის ნაცვლად, ნისლის ბურუსში გახვეული მთები დავტოვეთ.

ჰო, თქვენ უნდა გენახათ შხაპუნა წვიმისას ბანაკში ამტყდარი ყიჟინა და სიხარული, ამის გადმოცემა შეუძლებელია. მგონი, რეზერვისტმა გოგოებმა ამის ვიდეოგადაღება და “ტიკტოკზე” გავრცელებაც მოასწრეს - ხომ გითხარით, ყველაფერში მაგრები არიან-მეთქი.

ამ დღეებში თელავში, მე-20 კადრირებულ ბრიგადაში გამართულ ეროვნული გვარდიის საზეიმო დღეზე, ბრიგადის მეთაურმა გენერალმა ხანძრის ქრობაში მონაწილე ყველა რეზერვისტს მადლობა გადაგვიხადა, რაც ჩვენთვის დიდი პატივია.

დაბოლოს, ეროვნული გვარდიის რეზერვისტები დიდი ილიას მარადიული სიტყვებით დავემშვიდობეთ ყვარლის მთებს (ამავე სახელწოდების ლექსიდან):

„სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,/ მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:/ თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,/ თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!“

მაგრამ ჩვენ შორს არსად მივდივართ. ვბრუნდებით სახლებში: ყვარელში, თბილისში, მცხეთაში, ზესტაფონში, ამბროლაურში... და გვარდიიდან ნებისმიერ გეგმურ თუ მის გარეშე დაძახებაზე მზად ვართ, ვემსახუროთ საქართველოს! ქვეყანას, რომელიც აქაურმა ბუმბერაზმა ადამიანმა დაგვიტოვა და მისი წესიერად მოვლა-პატრონობა გვიანდერძა.

გიორგი მეფარიძე