როგორ წაართვეს სოციალურად დაუცველ 5-შვილიან ოჯახს "ტიკტოკის" გვერდი - გზაპრესი

როგორ წაართვეს სოციალურად დაუცველ 5-შვილიან ოჯახს "ტიკტოკის" გვერდი

გიორგი შუკაკიძის და მარიამ მამარდაშვილის ოჯახი "ტიკტოკზე" საკმაოდ პოპულარულია: 5-შვილიანმა ოჯახმა ხალხის კეთილგანწყობა მალევე დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველები არიან, ოჯახს დახმარება არავისთვის უთხოვია - "ტიკტოკის" მომხმარებელთა უმრავლესობის მსგავსად, უბრალოდ, სახალისო ვიდეოებს იღებდნენ. მათი დახმარება ხალხმა თავად გადაწყვიტა, თუმცა ისე მოხდა, რომ წყვილს "ტიკტოკის" გვერდი "გაუტეხეს"... რაც მთავარია, წყვილმა გვერდის დაბრუნება უკვე შეძლო. ამ ინციდენტის და საერთოდ, თავიანთი ცხოვრების შესახებ მარიამი და გიორგი გვესაუბრებიან...

მარიამ მამარდაშვილი, 28 წლის:

- მე და გიორგი ერთმანეთს 12 წლის წინ, ზესტაფონში შევხვდით. იქ ჩემი და არის გათხოვილი და ზაფხულობით ვსტუმრობდი ხოლმე.

გიორგი შუკაკიძე, 37 წლის:

- მე კი ბიძაჩემთან ვიყავი სტუმრად. მარის დის და ბიძაჩემის სახლები ზუსტად ერთმანეთის წინ იდგა...

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

მარიამი:

- მდინარეზე საბანაოდ დავდიოდით ხოლმე.

გიორგი:

- თანდათან ერთმანეთი შეგვიყვარდა... ალბათ, ყველაფერი ღმერთმა გადაწყვიტა - ღვთის ნებაა...

მარიამი:

- თავიდანვე შევნიშნე, რომ გიორგი ძალიან კეთილი ადამიანია. ტელეფონით ვურთიერთობდით, ერთმანეთს ვურეკავდით... 1 თვის შემდეგ დავქორწინდით... ახლა ზემო ნატანებში ვცხოვრობთ. 5 შვილი გვყავს: 4 ბიჭი და 1 გოგო.

გიორგი:

- ახლა სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო. ზემო ნატანებში სკოლა დაკეტილია - რემონტიაო... 3 წელია, ასეა. შუადღისას ბავშვები ქვემო ნატანებში მიდიან, რომ სკოლაში ისწავლონ. შინ საღამოს 7 საათზე ბრუნდებიან. წელს სკოლაში უკვე ჩვენი მესამე შვილიც შევიდა...

- სკოლაში მარტო დადიან?

მარიამი:

- ბავშვებს ავტობუსი ემსახურება. პირველ დღეს ჩვენ წავიყვანეთ; მასწავლებელს ჩავაბარებ ხოლმე, რომ პატარამ რამე არ იტკინოს.

გიორგი:

- უფროსი ბიჭი მეხუთე კლასშია და ძმებს ყურადღებას აქცევს. ყველა მიცნობს. მართლა ყველას ვუყვარვარ. ბავშვებს სკოლაში მხოლოდ ერთხელ წავყევი...

- "ტიკტოკისთვის" ვიდეოს გადაღების იდეა პირველად ვის გაგიჩნდათ?

- ჩემი ცოლის ძმა ოჯახით გვსტუმრობდა. ბავშვის დაბადების დღე იყო და ვიქეიფეთ. შემდეგ ცოლის დამ მითხრა, - ტელეფონში "ტიკტოკის" აპლიკაცია გადმოვიწერე. შენც გადმოწერე, სასაცილო რაღაცებია და ხანდახან გაიცინებ, საღამოობით გამხიარულდებიო (იცინის). - რა "მეტიკტოკება", მოგცლია-მეთქი, - ვუპასუხე... 3 დღის მერე, მისი ნათქვამი გამახსენდა და ცოლს ვუთხარი, - გადმოვწეროთ ეს "ტიკტოკი", ვნახოთ. ბავშვებს გავართობთ, თავს შევიქცევთ-მეთქი. გადმოვწერეთ და მერე მართლა გართობა-ღადაობა დაიწყო: ძველ ტანსაცმელში გამოწყობილები ვიდეოებს ვიღებდით... ხალხისგან დიდი მოწონება, სიყვარული და გვერდით დგომა დავიმსახურეთ, თუმცა სარისკო სიტუაცია შეგვექმნა და მერე პოლიცია, ჟურნალისტები, ხალხი დაგვეხმარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით...

- როგორც ვიცი, "ტიკტოკის" ანგარიში წაგართვეს, მაგრამ უკვე დაიბრუნეთ. გვიამბეთ, ეს როგორ მოხდა?

- მამას გეფიცები, რომელიც წლების წინ სახლის უკან მომიკლეს, ფული არ მაინტერესებდა. უბრალოდ, "ტიკტოკზე" რომ შევედი, ვიღაცამ ჩემ შესახებ დაწერა - კარგი ადამიანია. სოციალურად დაუცველ ამ ოჯახს დავეხმაროთო...

მარიამი:

- ხალხი ჩვენი ანგარიშის ნომერს ითხოვდა, დავეხმაროთო. ანგარიში რომ დავდე, ალბათ, იფიქრეს, ფული ექნებათ ზედო და "ტიკტოკიც" ამიტომ "გაგვიტეხეს"... "ფეისბუკზე", "მესენჯერში" სკოლის მასწავლებელს რაღაცას ვწერდი, როცა გიორგი შუკაკიძის სახელზე დარეგისტრირებული მეორე "პროფილი" "ამოაგდო" ანუ ჰაკერს "ფეისბუკის" ანგარიშიც გამზადებული ჰქონდა, რომ დავებლოკეთ და ყველაფერი იქ გადაეტანა, მიეთვისებინა...

გიორგი:

- მალევე, ვიღაცამ ბანკის სახელით მომწერა - რაღაც კოდი მოგივა, მითხარი და ანგარიშზე 300 ევრო ჩაგერიცხებაო. ასეც მოვიქეცით, მაგრამ არაფერი ჩაგვერიცხა. ბანკშიც დავრეკეთ და გავარკვიეთ, რომ ტყუილი იყო. "ტიკტოკზეც" ვეღარ შევედით... 10 წუთში პოლიციაში წავედი. ერთ-ერთ ჟურნალისტსაც დავუკავშირდით, რომ ინფორმაცია საჯაროდ გაევრცელებინა, რადგან არ გვინდოდა, ჩვენი სახელით, სოციალურ ქსელში ვინმეს რამე ცუდი დაეწერა... პოლიციამ მუშაობაში ღამე გაათენა. ემიგრანტი ქალბატონი - მელანო ძალიან დაგვეხმარა; რომ იტყვიან, ცეცხლი დაანთო: "ლაივ" ჩართვა გააკეთა და ხალხს გააგებინა, რომ "ტიკტოკი" წაგვართვეს. დამნაშავეს საჯაროდ უთხრა, - როგორ არ შეგრცხვა, რომ ასეთ ოჯახს ლუკმაპური წაართვიო?!. ვინც "ტიკტოკის" გვერდი წაგვართვა, ბავშვი აღმოჩნდა. ტელეფონზე გვირეკავდა და გვითიშავდა. შემდეგ ქალის ხმით გველაპარაკა: 3 შვილის დედა ვარ, ნუ გამწირავთ, ნუ დამიჭერთო. ვუთხარი, - შენი დაჭერა რად მინდა? "ტიკტოკი" დამიბრუნე-მეთქი. - რომ დამიჭირო, ჩემ უკან ბევრი ხალხი დგას. დიდი დაჯგუფებაა. აზრი არ აქვს: თუ პოლიცია მომაკითხავს, გზაზე მომავალს დავინახავ და მაშინვე თავს მოვიკლავო. ვუთხარი, - საჩივარს გამოვიტან, თავს ნუ მოიკლავ-მეთქი. საუბრით მოვაგვარეთ, მოვილაპარაკეთ... "ტიკტოკზე" ჩვენი გვერდის დაბრუნებას უამრავი კოდი დასჭირდა. თავადვე დაგვეხმარა - ფოტოებს გვიგზავნიდა, რა უნდა გაგვეკეთებინა... ამ საქმეს 2 საათი დასჭირდა. პოლიციამ გვითხრა, - დამნაშავის კვალზე გასულები ვართ, დავიჭერთო, მაგრამ უარი ვუთხარი: რად მინდა, ვინმეს შავები ჩავაცვა? რაღა გამახარებს? თუ ბავშვი თავს მოიკლავს, რა მნიშვნელობა აქვს, ის ვისი ოჯახის წევრი იქნება? საქართველოში ყველა ოჯახის ტრაგედია ერთნაირად მატკენს გულს... საჩივარი გამოვიტანე, საქმე დავხურე. ბავშვმა პირობა მომცა, რომ ასე აღარ მოიქცევა. საჩივარი რომ გამოვიტანე, მერე დამირეკა - 12 წლის ვარ, შენ გადამარჩინე. არ ვიცოდი, თუ ასეთი გაჭირვებული ოჯახი იყავით. ჩემთან ხალხი მოვიდა და დამავალა, რომ თქვენთვის გვერდი წამერთმია. ვერ გეტყვით, ვინ დამავალა - მომკლავენო...

- გვიამბეთ, ზემო ნატანებში როგორ ცხოვრობთ?

- არც თხილის მოსავალი გვაქვს, არც - მანდარინის. "3-წლიანი" თხილი მაქვს, ბავშვებმა დაკრიფეს - 8 კგ გამოვიდა. ბავშვებთან ერთად, მეუღლე წავიდა და ჩააბარა თხილი. სანაცვლოდ 20 ლარი აიღეს. ბუშტები და კანფეტები იყიდეს. მთელი წლის ჩვენი შემოსავალი ეგ იყო. ფაქტობრივად, თვიდან თვემდე სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული ვართ. როგორც აღვნიშნე, "ტიკტოკზე" ხალხმა თავად მითხრა, - ანგარიშის ნომერი დადეო. ახლა ეგეც წავშალე...

ჩვენი სახლი რომ ნახოთ, იტყვით, - ასეთი ოთახები საღორეშიც არ არისო... ოზურგეთის მერი - ბატონი ავთანდილი დაგვეხმარა: 14 ათასი ლარი გამოყო და ამ თანხით სახლი გადაგვიხურა. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებსაც ჩაგვისვამენ - ხელოსნებს ველოდებით... იმ ბავშვს, ვინც "ტიკტოკის" გვერდი წაგვართვა, ზუსტად ეს ვუთხარი, - ასეთ პირობებში ვცხოვრობთ და ეგ როგორ ჩაიდინე-მეთქი? შერცხვა... ის ბავშვი მეც შემეცოდა - ვიღაცამ გაააბდლა: ალბათ 50 ლარი მისცა და უთხრა, რომ ჩვენი გვერდი "გაეტეხა"...

- ასეთი ნერვიულობის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, "ტიკტოკმა" სიკეთე მოგიტანათ, არა?

- კი. ბევრი ხალხი გამაცნო. ერთ ვიდეოშიც კი არ მითქვამს, - ხალხო, დამეხმარეთ, ბავშვი მშიერი მყავს, მისთვის ფეხსაცმელს ვერ ვყიდულობ ან პურის ფქვილის მარაგი გვითავდება-მეთქი. რომ მომკლა, ასეთ რამეს ვერ ვიტყვი. თავად ხალხმა ამერიკიდან, საფრანგეთიდან 50-100 ევრო გამოგვიგზავნა - ბავშვს სკოლისთვის რამე უყიდეთ, ჩააცვითო. ვიყიდეთ, ჩავაცვით, ვიდეოც გადავიღე და გავუგზავნეთ (იღიმის)... მათხოვრობისგან ღმერთმა დამიფაროს. მეზობელთან არ გადავსულვარ, - წყალი დამალევინე-მეთქი.

- თქვენს შვილებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ?

მარიამი:

- გულთბილი. თამაშობენ, უერთმანეთოდ ვერ ძლებენ... უმცროსი ვაჟი - გაბრიელი ძმების გარეშე ვერ ძლებს. გვეკითხება ხოლმე, - სკოლიდან როდის დაბრუნდებიანო?

- თქვენს სოფელში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს?

- კი, მაგრამ პატარები ერთ ოთახში, საცოდავად გამოკეტილები ჰყავთ. ამიტომ ჯობია, შინ იყვნენ. ხანდახან ბაღშიც მიმყავს ხოლმე, რომ რამე გააფერადონ, ისწავლონ... ბაღი ჩვენი სახლიდან 3 კილომეტრში მდებარეობს.

tiktokeri-ojakhi-3-1664870825.jpg

- ბავშვებს რა ინტერესები აქვთ?

- ცეკვის წრეზე სიარული უნდათ, მაგრამ საშუალება არ გვაქვს - ფორმები, მსგავსი რაღაცები ხომ უნდა შევუძინო, არა? ძვირი ჯდება... ცეკვის წრე ქვემო ნატანებში, სკოლის გვერდითაა...

- "ტიკტოკისთვის" ვიდეოს გადაღების იდეებს ბავშვებიც გაsწვდიან?

- არა. ძირითადად, თავად ვამოწმებთ, რა მოგვეწონება და მერე ვფიქრობთ, როგორ გადავიღოთ.

- პატარები ვიდეოში მონაწილეობის სურვილს თავად გამოთქვამენ?

- ხან - კი, ხან - ეზარებათ (იცინის).

- "ტიკტოკის" ვიდეოებს დღის რომელ მონაკვეთში იღებთ?

- საერთოდ, ამისთვის 30 წუთი გვყოფნის. დილით ავდგებით, ყავას დავლევ, შემდეგ ბავშვებს საკვებს ვუმზადებ. 1 ძროხა მყავს, რომელსაც ეზოში გადავუშვებ ხოლმე. მერე ბავშვებთან ვართ. "ტიკტოკის" ვიდეოებს მცირე დროს ვუთმობთ - მაშინ, როცა საოჯახო საქმეებს დავასრულებთ და მოვიცლით. ჩვენი გასართობი ესაა...

ეთო ყორღანაშვილი