ქეთი მატაბელის გზა აკადემიიდან “ფოლიანტებამდე” - გზაპრესი

ქეთი მატაბელის გზა აკადემიიდან “ფოლიანტებამდე”

ქეთი მატაბელი იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც მხატვრობაში სრულიად ახალი ეპოქა შექმნა. ეს თაობა გასული საუკუნის 80-იან წლებში მოღვაწეობდა და იმდროინდელი საზოგადოებისთვის მიუღებელ, მაგრამ საუცხოო შედევრებს ქმნიდა. ის 80-იანელების ერთ-ერთი გამორჩეული და თვალსაჩინო წარმომადგენელია...

- 13-14 წლის ასაკიდან ხატვა უკვე ინტენსიურად დავიწყე. როგორც ჩანს, ეს სიყვარული გენეტიკურად გადმომეცა: თავის დროზე დედაჩემიც აბარებდა სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ მერე გათხოვდა, მე გავუჩნდი და გადაწყვიტა, მხატვრობაზე უარი ეთქვა. ასე რომ, ხელოვნება, მხატვრობა ჩვენს ოჯახში ყოველთვის პრიორიტეტი იყო. ალბათ ამის გამო, ახლობლებს შორის ბევრი მხატვარი მყავდა. მაგალითად: ჩემი ნათლია ზურაბ კაპანაძე, ცნობილი გრაფიკოსი და შესანიშნავი მხატვარი გახლდათ. დღემდე ვხუმრობ, რომ ფერწერის სიყვარული მან დამანათლა, თუმცა ეს ალბათ, ჩემი ბედისწერა იყო.

- როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?

- თბილისში, ვერაზე დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემი, გივი მატაბელი პროფესორი იყო, კარგა ხანს ეკავა ქალაქის მთავარი ინფექციონისტის თანამდებობა. მას ხელოვნება უზომოდ უყვარდა, ამიტომ ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ახალგაზრდა მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები, მათ შორის: თემიკო ჩირგაძე, მიშა ქვლივიძე, რეზო თაბუკაშვილი და სხვები... მაშინ სულ ახალგაზრდები იყვნენ. სამშობლოსა და ქართული ხელოვნების სიყვარული სწორედ ამ საოცარი ადამიანებისგან ვისწავლე. არანაკლებ ძვირფასი მოგონებები მაკავშირებს კახეთთან, სადაც სახლი გვქონდა და ხშირად ჩავდიოდი. მიყვებოდნენ, რომ ჩვენი წინაპრები სამღვდელოების წარმომადგენლები იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი დეკანოზი ყოფილა. ახლაც თვალწინ მიდგას ძველისძველი ხატები, სახარება, ლოცვანი და სხვა ნივთები, რომლებიც სოფელ ჯუგაანში ძველ სკივრში იყო შენახული. არც ის შეგრძნება მავიწყდება, რომელიც ამ სკივრის გახსნის შემდეგ დამეუფლა! პაპაჩემი საოცრად განათლებული კაცი იყო, გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, მერე რუსეთში წასულა და იქაც საუკეთესო განათლება მიუღია. სამწუხაროდ, მთელი ოჯახი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა: ბაბუა ციმბირში გადაასახლეს, ხოლო მისი ახლობლები უზარმაზარი სახლიდან სულ პატარა ბინაში შეასახლეს. ბებია მიყვებოდა, როგორ მოვიდნენ ბოლშევიკები, კედელზე გაკრული სვეტიცხოვლის გამოსახულება როგორ ჩამოგლიჯეს და დაფხრიწეს... მოგვიანებით სწორედ ამ ამბის შთაგონებით შევქმენი ჩემი პირველი ფოლიანტები. ბებიას ნაამბობი ჩემს შემოქმედებაზე ნათლად აისახა.

qetiii-copy-1665387668.jpg

- როდის გადაწყვიტეთ, რომ მხატვრობა თქვენი ბედისწერა იყო?

- ეს 14 წლის ასაკში უკვე ვიცოდი. მშობლებმა მხატვარ ხიტა (გურამ) ქუთათელაძესთან მიმიყვანეს. ჩემი ნამუშევრები როგორც კი ნახა, მაშინვე თქვა, - ფერის ძალიან კარგი აღქმა აქვსო. ეს ნახატები ჩემი ფანტაზიით იყო შექმნილი, უკვე გამოცდილ მხატვარს ისინი ძალიან მოეწონა და ჩემი პედაგოგი გახდა. მამზადებდა აკადემიაში ჩასაბარებლად, სადაც მერე თვითონ მასწავლიდა. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ სამხატვრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა და სკოლა რომ დავამთავრე, პროფესიის არჩევაზე ბევრი აღარ მიფიქრია. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ხიტა ქუთათელაძის ჯგუფში იყვნენ შემდგომში ცნობილი მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები: ლევან ჭოღოშვილი, ხუტა ირემაძე, გია გუგუშვილი, მაია ჩიჯავაძე, მაია ციციშვილი, მაია საყვარელიძე და სხვები... ირაკლი ფარჯიანიც 80-იანელების თაობას ეკუთვნოდა. ცოტა მოგვიანებით, გია ბუღაძეც შემოგვიერთდა.

იცით, ჩვენი თაობა რას მაგონებს?.. მშვენიერ მინდორზე ყაყაჩოები რომ ამოხეთქავს და მეორე წელს იქ არაფერია - ადგილი თითქოს ისვენებს; სწორედ ასე, ჩვენ შორის მოულოდნელად გამოჩნდა მთელი კოჰორტა უნიჭიერესი მხატვრებისა. ცხადია, ამას ჩვენმა პედაგოგებმაც შეუწყვეს ხელი - აკადემიაში შესანიშნავი ხალხი გვასწავლიდა: კოკი მახარაძე, ფარნა ლაპიაშვილი, კორნელი სანაძე, უჩა ჯაფარიძე, ედმონდ კალანდაძე. ცალკე უნდა გამოვყო სერგო ქობულაძე - ყველგან სიამაყით ვამბობ, რომ მისი საყვარელი მოსწავლე ვიყავი. ეს იყო შესანიშნავი ხანა, რომელსაც ყოველთვის დიდი სიყვარულით გავიხსენებ. 1979 წლიდან მოყოლებული, მე და ლევან ჭოღოშვილმა პირველი გამოფენებიც გავაკეთეთ, რაც ჩვენთვის, ახალგაზრდა მხატვრებისთვის დიდი სტიმული იყო.

- ამბობენ, რომ ყველაზე ნიჭიერი სტუდენტებიც კი სამხატვრო აკადემიაში თავისებურ ჩარჩოში ექცევიან, თქვენც ასე ფიქრობთ?

- სტუდენტს გააჩნია: ჩვენ იმდენად განსხვავებული სტილის ნამუშევრები გვქონდა, რომ პირველ წელს დიპლომებიც არ მოგვცეს. ჩვენი კურსიდან, აკადემიის დასრულებისთანავე, დიპლომი არც ერთს არ მიუღია - ჩვენს ნამუშევრებში ფარული პროტესტი იგრძნობოდა; გვეტყობოდა, რომ მოძველებული ჩარჩოების დარღვევა გვსურდა. ეს პროცესი წინა თაობამ დაიწყო და ჩვენ დავასრულეთ.

- 80-იანელების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია თქვენი მეუღლე - გია გუგუშვილი. თქვენი სიყვარულის ისტორია როგორ დაიწყო?

- ეტყობა, ესეც ბედისწერა იყო, რადგან თავიდან მე და გია საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ჩემი პირველი მეუღლე შესანიშნავი არქიტექტორი და რესტავრატორი იოსებ ბანძელაძე იყო. მასთან შვილიც მყავს - გიორგი ბანძელაძე. 6-7 წლის შემდეგ დავშორდით. მე და გია ვმეგობრობდით, ერთ კურსზე ვსწავლობდით და თავიდან არც კი მიფიქრია, რომ ის ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდებოდა. ერთმანეთს იმასაც კი ვუყვებოდით, ვინ მოგვწონდა ან ვის მოვწონდით... თანდათან მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. დაახლოებით 7 წლის შემდეგ დავქორწინდით და მგონი, ამ სიყვარულმა გაამართლა. ოჯახი პირველად რომ შევქმენი, მხოლოდ 17 წლის ვიყავი, ხოლო მე და გია უკვე 33-34 წლის ასაკში დავქორწინდით. ამ საკითხს ორივე სერიოზულად ვუყურებდით და 35 წელია, ერთად ვართ.

- ორი ნიჭიერი შემოქმედი ერთ ჭერქვეშ - რამდენად რთულია?

- იცით, ჩვენი ცხოვრება მოსაწყენი არასდროს ყოფილა: შემოქმედებითი ძიება, საერთო პროფესია და ინტერესები გვაერთიანებდა. ჩვენი ნამუშევრები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, რადგან ინდივიდუალობას არც ერთი არ ვკარგავთ. გია ყველაზე კარგად ხედავს იმ ნიუანსებს, რაც ჩემს შემოქმედებაშია... ამას ისიც დაემატა, რომ 2 შვილი გაგვიჩნდა - ლუკა და მარიამი. სამი ბავშვის აღზრდა და მოვლა-პატრონობა იოლი არ ყოფილა და ესეც გვაერთიანებდა. დღესაც, ხან ერთი ვთმობთ, ხან - მეორე და ერთმანეთს რაღაცნაირად ვავსებთ. თანაც, მე საკმაოდ რბილი ხასიათი მაქვს და სულ ვცდილობ, გვერდით მყოფ ადამიანს შევეგუო, მხარში ამოვუდგე - ალბათ ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ ამდენი წელია, ერთად ვართ და საკმაოდ თბილი, მეგობრული ოჯახი გვაქვს. ამ ოჯახის მთავარი მშვენება და იმედი ჩვენი სამი შვილი და ორი შვილიშვილია. ჩვენი მარიამი შვეიცარიაში სწავლობდა და იქ გათხოვდა. ძალიან კარგი ქმარი ჰყავს. მართალია, განვიცდი, ახლოს რომ არაა, მაგრამ ბედნიერია და ეს სიშორის სევდას აბათილებს.

- ამ გადმოსახედიდან, რა იყო ის, რამაც თქვენი ცხოვრება და შემოქმედება განსაზღვრა?

- ადამიანი იცვლება და ჩემი შემოქმედებაც იცვლებოდა, თუმცა ჩვენი ფესვები მაინც დიდ როლს ასრულებს: პაპის გამოგზავნილი წერილების და ჩემს სოფელში ნანახი ძველი სახარებისა და ლოცვანის გავლენით დავიწყე რელიგიურ თემებზე მუშაობა და ძველი წიგნების ხატვა, რასაც “ფოლიანტები” დავარქვი. ეს ჩემთვის ძვირფასი და საკრალური თემა იყო. 1980-იანი წლებიდან დავიწყე მუშაობა “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებზეც. მოულოდნელი სიხარული მეწვია, როცა ჩემი ილუსტრაციები “ვეფხისტყაოსნის” რამდენიმე წიგნში ვიხილე.

ასევე ძალიან მიყვარს ნახატების სერია, რომელიც ძველ თბილისს ეძღვნება და ერმაკოვის ფოტოების მიხედვით შევქმენი. დახატული მაქვს კალოუბნის ეკლესია, რომელიც კინოთეატრ “რუსთაველის” ადგილზე იყო და დაანგრიეს. არანაკლებ მიყვარს ბიბლიური პეიზაჟი, უსინათლოებისთვისაც გავაკეთე რამდენიმე აბსტრაქტული ნახატი, რომ ხელით შეხებოდნენ... საერთოდ, ნახატში ყოველთვის ჩანს მხატვრის ენერგეტიკა, რომელიც სხვა ნახატში ვეღარ განმეორდება. ამიტომ ყველა ნახატს თავისი ენერგეტიკა, თავისი გამოსხივება და მუსიკალური ბგერები აქვს. ვფიქრობ, რომ ფერწერული ნამუშევრის აღსაქმელად მარტო მხედველობა საკმარისი სულაც არ არის. მეც ჩემი ტკივილი, დარდი თუ სიხარული საკუთარ ნამუშევრებში გადავიტანე...

thbilisi-copy-1665387648.jpg

- თქვენი დაკვირვებით, სიყვარული რა ფერისაა?

- ის ფერს ხშირად იცვლის. მე და გია თითქმის 40 წელია ვიცნობთ ერთმანეთს და ამ ურთიერთობის თითოეულ დღეს თავისი ფერი ჰქონდა. ურთულეს დროში ვიქორწინეთ, როცა ელემენტარული პირობებიც სანატრელი იყო: ხშირად არ გვქონდა შუქი, წყალი... ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ და ახლა ვხვდები, განსაცდელი ნამდვილ სიყვარულს კიდევ უფრო აძლიერებს და მტკიცეს ხდის.

- შვილიშვილებს თუ ატყობთ ხატვის ნიჭს?

- უმცროსი ჯერ ძალიან პატარაა, უფროსი 9 წლისაა, ხატვა მოსწონს, მაგრამ ვატყობ, მუსიკისკენ იხრება - ძალიან კარგად უკრავს. ბავშვები საოცარი არსებები არიან: 24 წლის ასაკში სკოლაში მუშაობა დავიწყე და ვხედავდი, რომ ისინი ძალიან ლაღად, არაცნობიერად ხატავენ. ამიტომ, მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ახლა სამხატვრო აკადემიაშიც ვასწავლი და სტუდენტებთან ურთიერთობა ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. მიხარია, რომ ძალიან მონდომებული და ნიჭიერი თაობა მოდის. ზოგიერთი ამ ასაკში საკმაოდ წარმატებულია და უცხოეთში გამართულ კონკურსებშიც იმარჯვებს.

- დაბოლოს, პოლიტიკურ მოვლენებში თუ ერევით?

- რა თქმა უნდა, ყველაფერს თვალს ვადევნებ, მაგრამ ჩემი პოლიტიკა - ხელოვნებაა. ჩემი პროტესტი, უკმაყოფილება თუ დადებითი ემოციები ჩემს ნახატებში ჩანს, ეს კი სავსებით მაკმაყოფილებს.

ხათუნა ჩიგოგიძე