ნიჭი, რომელმაც დარი და ავდარი გამოიარა
მხატვარი, პედაგოგი ჯიბსონ ხუნდაძე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინვე გამახსენდა მასთან სტუმრობა, მასშტაბური ფერწერული ტილოები, ინტენსიური ფერებით და ენერგიული, ემოციური საუბრის მანერა...
დაბადების დღე 18 ოქტომბერს ჰქონდა. 80 წლის ხდებოდა, როცა რამდენიმე დღით ადრე დავურეკე და ინტერვიუ ვთხოვე. ახლა ამას ალბათ ვერც გავბედავდი, მაგრამ მაშინ დამწყები ჟურნალისტი ვიყავი და, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი - პრესა თუ ტელევიზია მისი ინტერვიუებით განებივრებული არ ყოფილა, მაინც შევბედე. არ ვიცი, რატომ და რანაირად, მაგრამ დამთანხმდა...
თბილისში ნუცუბიძის ქუჩაზე ცხოვრობდა, იქ, სადაც მისი თაობის მხატვრების სახლები ერთიმეორის მიყოლებით არის “ჩალაგებული”. ხატავდა და მოლბერტს მოშორდა. ჯერ ვდუმდით, მერე თავისი ნამუშევრები დამათვალიერებინა, შემდეგ ხანგრძლივად მესაუბრა.
პერიოდულად რაღაც კითხვებს მეც მისვამდა, რომლის ნაწილზე პასუხი მქონდა, ნაწილზე - არა. სამი საათი რომ მიიწურა, აწი, წავალ-მეთქი, ვუთხარი. არ ვიცი, მასზე რა შთაბეჭდილება მოვახდინე, მაგრამ ჯიბსონ ხუნდაძე ჩემთვის დღემდე იმ რამდენიმე ადამიანის სიაშია, ასი წლის შემდეგაც მაინც გამორჩეულად რომ მემახსოვრება...
ჯიბსონ ხუნდაძე 1950-60-იანელ მხატვართა იმ თაობას მიეკუთვნება, რომელიც ქართულ სახვით ხელოვნებაში ახალ აბსტრაქტულ ტალღას წარმოადგენდა. თავის დასამკვიდრებლად ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის პერიოდშივე შეექმნა პრობლემები, რადგან ისე არ ხატავდა, როგორც მაშინ “იყო საჭირო”. როგორც ხელოვნების დისიდენტი და ფორმალისტი, სამხატვრო აკადემიის მეორე კურსიდანაც გარიცხეს. აღდგენას მხოლოდ იმ პირობით დაჰპირდნენ, თუ “გამოსწორდებოდა”. მაინც ვერ დაიწყო ისე ხატვა, როგორც აკადემიის მაშინდელ მმართველობასა და “წითელ პროფესორებს” სურდათ. ჯიბსონს მეგობარმა ურჩია, ჩემს ნამუშევრებს ხუთიანებს უწერენ და გამოცდაზე ჩემი ეტიუდები მიიტანეო. დაუჯერა, აკადემიაში მეგობრის ნამუშევრები წარადგინა და მართლაც, აკადემიაში აღადგინეს. მერე დიპლომის დაცვის დროსაც აწვალეს, 2 წელი: სანამ “სტალინის დემონსტრაცია ბათუმში” არ დახატა, დიპლომი არ დააცვევინეს.
მერეც იხსნებოდა მისი ნამუშევრები გამოფენებიდან, მაგრამ მაინც არ გატყდა და შინ, თავის სახელოსნოში ახერხებდა, “კოსმოსში ეფრინა”. დღეს ბევრისთვის ალბათ დაუჯერებელია, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, მაგრამ დრო იყო ასეთი, სულის ყველანაირ თავისუფლებას რომ ზღუდავდა და მხატვრის ფუნჯი რომ კონტროლდებოდა.
განსაკუთრებით ემოციურად დამამახსოვრდა მხატვრის მონათხრობიდან ეს ეპიზოდი:
“მე და ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში სახელოსნოში ვცხოვრობდით. ნახევრად მშივრები ვიყავით, ბავშვიც იქვე გაგვიჩნდა. ბიჭი შეგვეძინა, ჯარჯი დავარქვით. ბავშვი სამი თვის იყო, კინაღამ ვირთხებმა რომ შემიჭამეს. ერთ-ერთი ვირთხა კუთხეში მივიმწყვდიე, “ფანერკა” მივაფარე და ფეხებით დავჭეჭყე. ახლაც მესმის ყურებში მისი შემზარავი ხმა. მოგვიანებით, ჯარჯი რომ წამოიზარდა და დაინახა, თაგვებს სათაგურით ვიჭერდით, მათ სოროსთან მიდიოდა და შიგნით პურს შეუგდებდა ხოლმე... ასე გამოვიარეთ ის წლები - დიდ ბრძოლაში, შიმშილსა და დიდ გაჭირვებაში... წლების განმავლობაში ისე მიჭირდა, საპატიო დაფებსა და ჩარჩოებს ვღებავდი, რომლებსაც ქარხნებში აკრავდნენ წარმატებული მუშების ფოტოებით. ერთხელ, დაფაზე რომ ვერ დავწერე: “დიდება დიდ სტალინს!” - ერთ მეგობარს დახმარება ვთხოვე და ეს წარწერა დაფაზე მან გამიკეთა. ასე მოვედი აქამდე...
დღეს ხშირად ამბობენ, ამა და ამ მხატვარს ლენინი არ დაუხატავსო, მაგრამ სისულელეა, როცა ამბობ, რომ კომპრომისზე არ წასულხარ. ეს ხომ ის წლები იყო, როცა მხოლოდ გადარჩენაზე ზრუნავდნენ, ამიტომ ზოგიერთი ჩვენი მხატვარი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ამას არ უნდა ამბობდეს. ეს სასაცილოა და დიდი შეცდომაც...”
ვფიქრობ, მხატვრის ასეთი გულწრფელობა მისი პიროვნების კიდევ ერთი დადებითი მხარე გახლდათ. და მიუხედავად ყველაფრისა, მის ნიჭს ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან აღიარებდნენ: შერპილოვი, ლაპიაშვილი, მელიქოვი, გუდიაშვილი. ამ უკანასკნელს დაურიგებია, ძალიან ნიჭიერი ხარ, მაგრამ ხომ იცი, ნიჭს საქართველოში ფეტვივით ყრიან, ნიჭს გაფრთხილება უნდა, გამაგრდი და თავში რამდენიც უნდა გირტყან, ჯოხი უნდა ტყდებოდეს და არა თავიო. წლების შემდეგ, როცა ჯიბსონ ხუნდაძე პედაგოგი გახდა, თავის სტუდენტებს ლადო გუდიაშვილის სიტყვებს უმეორებდა და თან, უშიფრავდა: ნიჭი ქარბუქში, წვიმაში, თქეშში, მზის მცხუნვარებაში უნდა გამოატარო და გადაარჩინო, ზედ უნდა გადაეფარო ისე, როგორც ახალამოყრილ ყლორტსო...
ვფიქრობ, მისმა ნიჭმა ეს დაგვანახვა. პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, ადრე თუ გვიან, ყველა რეჟიმსა თუ ვითარებაში, თავისუფალ სულს მაინც ინარჩუნებს.
P.S. “გზის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ჯიბსონ ხუნდაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.
ანა კალანდაძე