81 წლის მომღერალი გურიიდან - გზაპრესი

81 წლის მომღერალი გურიიდან

მომღერალია. წლების განმავლობაში ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საკრავებს ასწავლიდა იქაურ ბავშვებს. 81 წლისაა და ამბობს, სხვები რომ არ მეუბნებოდნენ ასაკს, მე სულ არ გამახსენდებოდა, ამდენის თუ ვარო. ეს ქალბატონი სიხალასით, გურული იუმორითა და ტკბილმოუბრობით გამოირჩევა და გხიბლავს.

- ჩოხატაურის სოფელ თხილაგანში დავიბადე და გავიზარდე ოჯახში, სადაც მუსიკა და სიმღერა ძალიან უყვარდათ. პროფესიული შეხება არ ჰქონიათ ამ სფეროსთან - მამა კოლმეურნე და მხატვრული თვითშემოქმედების კოლექტივების ხელმძღვანელი იყო, დედა - პედაგოგი. მღეროდა ბებიაც. მახსოვს, “ბატონები” რომ დაუბრძანდებოდა ვინმეს, მიჰყავდათ ხოლმე და საბოდიშოს ამღერებდნენ.

მამა, როგორც გითხარით, მოწინავე კოლმეურნე იყო, დედა - რუსული ენის დამსახურებული პედაგოგი, ლენინის ორდენოსანი და ალბათ, მათი წყალობით გაჭირვება არასდროს გვიგრძნია, მიუხედავად ომიანობის შემდგომი პერიოდისა. თან, ყველაზე უმცროსი ვიყავი და ყველა ზედ მყვებოდა. 6 დედმამიშვილიდან მარტო მე დავრჩი. ბევრი გაჭირვება მინახავს, ბევრი დარდი, მაგრამ მაინც ყოველთვის ვმღეროდი, თან ვტიროდი და ისე ვმღეროდი ზოგჯერ.…

- მუსიკალური განათლება მიიღეთ?

- ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მინდოდა სწავლა, მაგრამ დავაგვიანე საბუთების შეტანა და მაშინ, მომღერალმა გიორგი სიხარულიძემ (ჩვენებური კაცი იყო), მითხრა, თუკი სიმღერა იცი, ჩემთან წამოდი, უგამოცდოდ მიგიღებ კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელშიო. ასე დავიწყე სწავლა საგუნდო-სადირიჟოროზე. დამთავრებისთანავე სოფელ საჭამიასერში კლუბის გამგედ გამანაწილეს. ჩამოვაყალიბე სხვადასხვა წრე. რაკი მუსიკა განსაკუთრებით მიყვარდა, უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი, ახალ-ახალი სიმღერებით გავამდიდრე მაშინდელი რეპერტუარი. ვიყავი ჩოხატაურის კულტურის სახლთან არსებული თვითმოქმედი ანსამბლის წევრი. შემდეგ, კლუბი კულტურის სახლად რომ გადააკეთეს, დირექტორად დამნიშნეს. პარალელურად, ჩოხატაურის 2 სკოლაში ვასწავლიდი ხალხურ სიმღერებს და ჩონგურზე, ფანდურზე, სალამურზე დაკვრას. ინტერესი დიდი იყო, რომ არ დაკარგულიყო ქართული მუსიკალური ფოლკლორი, და მიხარია, რომ ამაში წვლილი მეც შევიტანე. ამჟამად ანსამბლ „მანდილის“ წევრი ვარ, ვმღერი ტრიოშიც და კვირაში 3 დღე რაიონში მივდივარ რეპეტიციებზე.

- რამდენი წელი იმუშავეთ პედაგოგად? ალბათ, გაგიძნელდათ საყვარელი საქმიანობისთვის თავის დანებება, არა?

- 2 წლის წინ დავტოვე სამსახური. მითხრეს, ისევ დაგაბრუნებთო, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ჩემს სოფელში აღარ ისწავლება ხალხური სიმღერები, რის გამოც გული ძალიან მტკივა. სიმღერა ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც კი გაგვაჩნია, მე ასე მგონია. „ხასანბეგურა“, „ჩაკრულო“ და „ამფერობები“ რომ არ იცოდნენ ბავშვებმა ან ამ სიმღერების შინაარsს ვერ ხვდებოდნენ, წარმოუდგენლად მიმაჩნია.

- ოჯახზეც მომიყევით, ვისთან ერთად ცხოვრობთ?

- საჭამიასერში რომ მოვედი, მალევე გავხდი 19 წლის და გავთხოვდი კიდეც. უცებ მოხდა ეს ამბავი. ორივე ვმღეროდით, სოლისტები ვიყავით, ვშაირობდით სცენაზე და ამასობაში შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩემს სამსახურთან ახლოს ცხოვრობდა და სახლში უცებ ჩამომარბენინა... 2 შვილი გვყავს, ქალ-ვაჟი, 7 შვილიშვილი და მე-11 შვილთაშვილს ველოდებით ახლა. ჩემი შვილებიც და შვილიშვილებიც - ყველანი მღერიან. პატარები რომ იყვნენ, დავაყენებდი და კონცერტებს ვატარებინებდი, ზოგს ვამღერებდი, ზოგს ვაცეკვებდი. შვილთაშვილებსაც უყვართ სიმღერა, აქეთ ჩამოსვლაც უყვართ, სულ ნაძვნარია, ულამაზესია აქაურობა. თუ მესტუმრებით, ამაში თავადაც დარწმუნდებით.

ჩემი მეუღლე 85 წლისაა. ფრინველი გვყავს, ძროხა, მაგრამ მიწაზე მუშაობა აღარ შეგვიძლია. ახლა მარტოები ვართ სახლში, დაფრთიანდნენ ბავშვები და თავიანთ გზაზე წავიდ-წამოვიდნენ, თუმცა ქალაქიდან ხშირად გვაკითხავენ. იმათ გაიგნეს გზა ქალაქისკენ და მე - ვერა (იცინის). შვილები გვეუბნებიან, წამოდით ჩვენთანო, მაგრამ ისე მიყვარს ჩემი სოფელი, არსად წასვლასაც არ ვაპირებ.

- მოგწონთ ახლანდელი თაობა?

- ახლა მაგენი მასწავლიან ჭკუას და მე ვის რა უნდა დავუწუნო?! ყველა იტყვის სოფელში, რომ კარგად დაზრდილი შვილები და შვილიშვილები მყავს, რაც მახარებს. ერთადერთი, ახალგაზრდებს იმას ვურჩევდი, რომ უფროსებს დაუგდონ ყური. ბევრ რამეში ცდებიან და უნდა დაუჯერონ მათზე გამოცდილ ადამიანებს.

- გული თუ გწყდებათ რამეზე? არის რამე ისეთი, რისი გაკეთებაც გინდოდათ და ვერ შეძელით?

- მე სხვები მახსენებენ, 81 წლის ხარო, თორემ მშვენივრად ვგრძნობ თავს. ნუ მახსენებთ-მეთქი, - სიცილით ვეუბნები ყველას. 13 აპრილს გავხდი 81-ის... რომ გითხრათ, რამეზე მწყდება გული, არა, - კარგი დედამთილ-მამამთილი მყავდა, კარგი შვილები მყავს, კარგი მეუღლე; მიყვარდა ის საქმე, რომელსაც ამდენი წელი ვემსახურე; მიყვარს ჩემი სოფელი. აქაურებს ვუსურვებ მშვიდობას, გამრავლებას, ამღერებულიყოს ყველას ოჯახი!

ნინო ჯავახიშვილი