რა ისტორიას ინახავს წალკის ქართული სოფელი რეხა - გზაპრესი

რა ისტორიას ინახავს წალკის ქართული სოფელი რეხა

გულიკო საბაძე თავისი კუთხის და სოფლის დიდი გულშემატკივარია. ჯერ კიდევ სტუდენტობის (თსუ დაამთავრა, მათემატიკის ფაკულტეტი) დროს წუხდა და ვერ ამჟღავნებდა, რომ წალკის რაიონის სოფელ რეხადან იყო, რადგან ყველა ფიქრობდა, რომ იქ ქართველები არ ცხოვრობდნენ. წლების მანძილზე, წინაპრებისგან თუ სხვებისგან მოსმენილი ამბები და გადმოცემები მის გონებაში ილექებოდა და ერთ დღესაც გადაწყვიტა, საფუძვლიანად შეესწავლა და გამოეკვლია ისტორიული წყაროები. წალკის რაიონის სოფლების შესახებ მასალების მოძიებას ქალბატონი გულიკო კვლავ განაგრძობს.

guliko-copy-1665392076.jpg

რეხას ისტორიიდან

- რეხა წალკის რაიონული ცენტრიდან ყველაზე დაშორებული სოფელია, რომელიც ბორჯომის რაიონის საზღვართან მდებარეობს. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ ძველი თრიალეთის მთლიანად აოხრების შემდეგ, რეხა იყო ერთადერთი გადარჩენილი ქართული სოფელი. გაუკაცრიელებული თრიალეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ მგლებისა და ტურების ხმა ისმოდა, მარტოდ დარჩენილი რეხის ქართველობა ტოვებდა სოფელს და უახლოეს რაიონებში საცხოვრებლად გადადიოდა. მიუხედავად ყველაფრისა, სოფელში დარჩენილმა ხალხმა მაინც შეინარჩუნა ქართული ცნობიერება და ამ სოფელში სიცოცხლე დღემდე გრძელდება. მათ ურთიერთობა ჰქონდათ ძირითადად ბორჯომის, გორის და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასთან. 1830-იან წლებში წალკის ძველ ქართულ ნასოფლარებში პასკევიჩმა თურქეთიდან ჩამოასახლა სომხები, მართლმადიდებელი თურქულენოვანი ბერძნები და მართლმადიდებელი თურქულენოვანი ქართველები. ეს უკანასკნელნი, არტაანის რაიონის სოფელ ველიდან მხოლოდ რეხაში ჩაასახლეს. ყველას ეგონა, მათ შორის მეც, რომ რუსებმა თურქებისგან შევიწროებული ქრისტიანი მოსახლეობა გადაარჩინა. თუმცა, მას მერე, რაც გავეცანი სოფელ რეხის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ჩანაწერებს, არქივებში ზოგიერთ მასალას, შევისწავლე სოფელში არსებული გადმოცემები და შევხვდი რეხის უხუცეს მცხოვრებლებს, დავრწმუნდი, თუ როგორი სასტიკი და ცბიერი მტერი ჰყოლია ჩვენს ქვეყანას ცხვრის ტყავში გახვეული რუსეთის სახით. როგორ დაუნდობლად აპირისპირებდნენ სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლებს ერთმანეთთან და შემდეგ როგორ ვერაგულად ევლინებოდნენ მშველელის სახით. ეს ხომ მათი, ყველგან და ყველა დროში ნაცადი ხერხი იყო.

საეკლესიო ჩანაწერების შესახებ

- რეხას მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის 1916 წლის საეკლესიო წიგნებში, ყველგან ფიგურირებს მღვდლის - გიორგი ტყემალაძის და მედავითნე ალექსანდრე საბაძის ჩანაწერები. 1918 წელს, როცა სამცხე-ჯავახეთის 100 000 ქართველი იქცა ლტოლვილად, რეხამ შეიფარა 19 სოფლის მცხოვრები და ასევე, სხვათა შორის, დევნილი სომხები და ბერძნები. ამ ფაქტის შესახებ სათანადო დოკუმენტიც მოიძებნა. წელს მივიღე ინფორმაცია, რომ სოფელ ხოსპიოს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) დევნილი სომხური ოჯახები შეუფარებია შაქრო ურუმაშვილის ოჯახს, ცხონებული შაქრო ძია კარგად მახსოვს. ალექსანდრე საბაძე აფიქსირებდა გარდაცვლილებს და იმათ, ვინც ჯვარს იწერდა სოფლის ეკლესიაში. ერთი ჩანაწერის მიხედვით, მისი ძმისშვილი, მამაჩემის უფროსი ძმა თეოფილე საბაძე ყოფილა პეტრე საბაძის მეჯვარე 1918 წელს, ხოლო 18 წლის თეოფილე ამ ჯვრისწერიდან ერთ თვეში გარდაცვლილა ეპიდემიისგან. გარდა ამისა, ერთ-ერთი წიგნის ყდაზე დაფიქსირებულია ალექსანდრე საბაძის მიერ გაკეთებული ჩანაწერი - 1918 წლის 30 ივნისს რეხაში ჯვარი დაუწერიათ: კოთელიელებს მარკოზ მეტრეველს და ოლღა წინწკალაშვილს, ხოლო იმავე წიგნის მეორე ყდაზე დაფიქსირებულია მეორე წყვილის – რეხელი ანტონ მინაძის და მურჯახეთელი ელისაბედ ჩილაძის ჯვრისწერა. ალექსანდრე საბაძის საეკლესიო ჩანაწერების უმრავლესობა ეკლესიიდან გამქრალია და არქივებშიც არ არის. ვერსად მოვძებნე 1918-დან 1924 წლამდე სოფლის საეკლესიო მასალა. არადა, ისინი ჩემი თვალით მქონდა ნანახი და წაკითხული.

იობ პაპა და ილიკო პაპა

- როცა პაპაჩემი იობ სოლომონის ძე საბაძე გარდაიცვალა (1974 წელს), იმ დღეებში ჩვენთან კარის მეზობელმა ილიკო პაპამ შემოიტანა საეკლესიო წიგნი. ჩანაწერები წავიკითხე, რომლის ბოლოში ეწერა: მღვდელი გიორგი დარჩია, მედავითნე ალექსანდრე საბაძე. ბიძაჩემ გიორგის და ილიკო პაპას ვთხოვე მათ შესახებ რამე მოეყოლა, ჩვენი საუბრები საათობით გრძელდებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ ილიკო პაპა გვარად მურმანიშვილი იყო. ის ჩასიძებული გახლდათ საბაძეებში, ამიტომ მისი შთამომავლები საბაძეებად იწერებიან.

1960-იან წლებში პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, იობ პაპა რა გულისტკივილით უყვებოდა დედაჩემს – ეკლესიაში უამრავი უძველესი წიგნი ყრია მიწაზე, დასველებული და დანესტიანებული, ნეტა იცოდეთ რა საცოდაობააო. ეკლესია საკოლმეურნეო საწყობად იყო გადაქცეული. შემდგომში ეკლესიის მოვლა-პატრონობა თავის თავზე აიღეს, სწორედ იობ და ილიკო პაპამ. ისიც მახსოვს, როგორ დადიოდნენ ბავშვები და აგროვებდნენ ყველაფერს, ვისაც რისი საშუალება ჰქონდა: ფული, კვერცხი, ქათამი... რაც მოგროვდა, გაყიდეს და იმ თანხით წიგნის კარადა იყიდეს, რომელიც მოათავსეს ეკლესიაში და წიგნები შეალაგეს. მახსოვს, პაპაჩემის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ გული სწყდებოდა, ბევრი წიგნია და არ ეტევაო. მალე იყიდეს მეორე კარადაც. ხალხმა დაიწყო ეკლესიაში სიარული. მართალია, მოძღვარი არ ჰყავდა ტაძარს, მაგრამ თვითონვე ამზადებდნენ სუფთა თაფლის სანთელს, რაღაც თანხასაც სწირავდნენ ეკლესიას. ყოველ კვირას აღებდნენ ეკლესიის კარს, თუმცა შიშით საკურთხეველს ვერავინ ეკარებოდა. თვითონ რიგრიგობით იდგნენ ტაძარში, ყარაულობდნენ, რომ არავის არაფერი წაეღო. მათი წყალობით წავიკითხე მამა გიორგის (დარჩიას) ჩანაწერები.

mikael-da-gabriel-mtavarangelozebis-saxelobis-eklesia-copy-1665392088.jpg

მღვდელი მამა გიორგი (დარჩია)

- რეხელებმა კოლექტიური წერილი გაუგზავნეს დამოუკიდებელი საქართველოს საპატრიარქოს 1920 წელს, რომ რეხაში გამოეგზავნათ ქართველი მღვდელი. ტექსტი შედგენილია ალექსანდრე საბაძის მიერ. ეს ტექსტი ინახება საპატრიარქოს არქივში. პატრიარქ ამბროსი ხელაიას ბრძანებით, რეხაში მაშინვე გამოიგზავნა ქართველი მღვდელი, ბერი მამა გიორგი (დარჩია). მან სოფლის ეკლესიაში არსებული ჩანაწერების საფუძველზე შეისწავლა ყველა გვარის ისტორია და ამის შესახებ დაწერა წიგნიც. ესეც პირადად მქონდა ნანახი. შემდეგ, როცა მოვიძიე, აღმოჩნდა, რომ წიგნი წაუღია წალკის რაიკომის თანამშრომელ საბუგასოვს. მას თურმე ძალიან მოსწონებია ლამაზი, ქართული კალიგრაფიით დაწერილი წიგნი და თან გაიყოლა, გადავათარგმნინებ, მაინტერესებს, რა წერიაო. დარწმუნებული ვარ, ის წიგნი აუცილებლად სადღაც იქნება. მე რომ მოვიკითხე, მითხრეს, საბუგასოვი რუსეთში გადასახლდაო. წიგნი ეხებოდა იმ პერიოდს, როცა რეხა მოsწყდა ურთიერთობას სამცხე-ჯავახეთთან, რადგან რუსებმა დადგეს საგუშაგოები და საშვის გარეშე არავის უშვედნენ. ასე შეწყდა ურთიერთობა ხოსპიოში გადასულ ნათესავებთან. მაშინ რეხელებს რძალი მხოლოდ ჯავახეთიდან მოჰყავდათ. გაჩნდა ნათესავების ერთმანეთთან დაქორწინების საშიშროება. სწორედ ამიტომ შეისწავლა მამა გიორგიმ ეკლესიაში არსებული წიგნები, დაადგინა ნათესაური კავშირები და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა კურთხევა ერთნაირი გვარის ზოგიერთ წარმომადგენელს, რომ დაქორწინებულიყვნენ. მათ შორის მაქსიმეანთ, საბოანთ საბაძეების ქორწინებას ქიტესაანთ საბაძეებთან. მახსოვს, ერთ-ერთ ტელევიზიაში აქილიკებდნენ საბაძის გვარის მქონე საჯარო მოხელეს – ცოლიც საბაძე ჰყოლიაო.

დაპირისპირება

- წინა საუკუნის დასაწყისში რეხაში გამოგზავნილმა მღვდელმა ნიკოლოზ სიმონოვმა გახსნა რუსული სკოლა, სადაც თავად ასწავლიდა, ხოლო წირვას ატარებდა რუსულად, რასაც რეხელები მუდამ აპროტესტებდნენ. შიმშილობის პერიოდი იყო და სიმონოვის მომხრეებს ფქვილთან ერთად, ფულსაც ურიგებდნენ. დაიწყო რეხელების შევიწროება, ხალხი ხმას ვერ აწვდენდა თბილისამდე, ამიტომ გორის მაზრასთან მოითხოვეს შეერთება - ეს მოხდა 1923 წელს. მანამდე ალექსანდრე საბაძე დაუპირისპირდა სიმონოვს და წავიდა სოფლიდან. ის იბრძოდა ახალქალაქის გათავისუფლებისათვის გენერალ მაზნიაშვილთან ერთად. მისი ღვაწლი დააფასა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ და რეგიონის კომისრად დანიშნა (თეთრიწყარო, მანგლისი, ბოლნისი, დმანისი, წალკა). ალექსანდრე საბაძე საქართველოს გასაბჭოებისთანავე დააპატიმრეს, ჩასვეს მეტეხის ციხეში, მაგრამ ბრალის დაუმტკიცებლობის გამო, 1923 წელს გამოუშვეს.

სწორედ ეს წელი იყო რეხელებისთვის ყველაზე მძიმე. მთელი სოფელი ორად გაიყო, სასაფლაოც კი ორად გაუყვიათ. სიმონოვის მომხრეებს სხვა ადგილას ასაფლავებდნენ, ხოლო მამა გიორგის მომხრეებს - ცალკე. მაშინ დაიწერა კიდევ ერთი კოლექტიური წერილი, რომ გაეყვანათ გზა რეხიდან გორამდე, რომ ხალხს სამართალი ეპოვა. ეს დოკუმენტი ვნახე გორის არქივში 2016 წელს და ვიცანი ალექსანდრე საბაძის კალიგრაფია. დოკუმენტს წინა სამი ფურცელი ამოხეული ჰქონდა და ასლი იყო. დედანს ვერ მივაგენი. ამ წერილის გაცნობის შემდეგ მართლა დამტკიცდა გზის მშენებლობის საკითხი. პროექტის ავტორი იყო გერმანელი ზეზმანი, ამიტომ ეძახდნენ ზეზმანის გზას. მშენებლობაზე პაპაჩემსაც უმუშავია, ხეების ჩეხvის სამუშაოებს ხელმძღვანელობდაო. როცა გზა ფინიშს მიუახლოვდა, შეჩერდა მშენებლობა, რეხა მოწყვიტეს გორის მაზრას და მიუერთეს ბორჯომის რაიონს. სიმონოვის მომხრეებმა მაშინვე წერილი აფრინეს ფილიპე მახარაძესთან და მოითხოვეს მიერთება წალკის რაიონთან, სადაც მოსახლეობა მხოლოდ თურქულად, ბერძნულად, სომხურად და აზერბაიჯანულად საუბრობდა. ბორჯომის რაიონთან მიერთება ჩვენ, რეხის მცხოვრებელთა უმცირესობას, მშობლიურ ენას (თურქულს) დაგვავიწყებსო, ამიტომაც რეხა უკვე 1926 წლიდან წალკის რაიონს ეკუთვნის. ამან კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება გამოიწვია სოფლელებს შორის, რის გამოც ხალხი მასობრივად ტოვებდა სოფელს და საცხოვრებლად სხვაგან გარბოდა. სამწუხაროდ, თავისი სოფლისთვის ასე მზრუნველი პატრიოტის ალექსანდრე საბაძის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. მინდა მისი ღვაწლი არ დაივიწყოს რეხის და ხოსპიოს მცხოვრებლებმა. დღეს რომ ორივე სოფელში ქართული სკოლა ფუნქციონირებს, სწორედ მისი დამსახურებაა.

ჩამარხულ ტაძარზე აგებული სამლოცველო

- სოფელ რეხას მცხოვრებელ თომა სოლომონის ძე საბაძეს (იობ პაპას ძმა) ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ ერთი ადგილი გაეთხარა სოფლის ტერიტორიაზე. 1925 წლის 25 ივლისს, მითითებული ადგილის გასათხრელად პაპაჩემმა წაიყვანა 40 კაცი (მათი სია გორის არქივში ვნახე) და შედეგად, ჩამარხულ სალოცავთან და სხვა სიწმინდეებთან ერთად, სამი უხრწნელი გვამი აღმოჩნდა. მათ გამოჩენას მოჰყვა სასწაულები, რაც მთელ საქართველოში გახმაურდა. ინფორმაცია გამრუდებული სახით დაბეჭდეს გაზეთში „კომუნისტი“ და უწოდეს „გარდაცვლილთა ძვლების ხელოვნურად გასანთვლით მიღებული ცხედრები“. ხალხი იმ ადგილზე ათენ-აღამებდა იმიტომ, რომ ვისაც რამე დაავადება ჰქონდა, გვამების ნახვისას, ყველა იკურნებოდა. მამა გიორგი დარჩიამ ჩამარხული ტაძარი აკურთხა და სამლოცველო ამოაშენებინა, რომელიც მერე კომუნისტებმა დაანგრიეს. მეორედ აღადგინეს - ისევ დაანგრიეს, ბოლოს ბერძნებმა პატარა სამლოცველო ააგეს და დღესაც ამ სახით არსებობს. სხვათა შორის, ტაძარი აღმოჩნდა ღვთისმშობლის შობის სახელობის და იქ უამრავი ადამიანი მიდის მოსალოცად.

ნანული ზოტიკიშვილი