რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? - გზაპრესი

რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად?

1974 წელს, Nature Magazine-ში პირველად გამოქვეყნდა საგანგაშო სტატია სტრატოსფერული ოზონის შრის გათხელების შესახებ. პარალელურად, ონკოლოგებმა მთელ მსოფლიოში მიაქციეს ყურადღება, რომ კანის სიმსივნეების რაოდენობამ, რომელიც მანამდე ჩვეულებრივ, სტანდარტულ სტატისტიკაში ჯდებოდა, მთელ მსოფლიოში სწრაფად ზრდა დაიწყო. დღემდე არავინ ამტკიცებს, რომ ოზონის შრის გათხელება პირდაპირ და აუცილებლად კანის სიმსივნეს იწვევს, მაგრამ სტატისტიკა ჯიუტია – როგორც ჩანს, ნამდვილად უწყობს ხელს. საკითხის ღრმად შესწავლის შედეგად დაასკვნეს: შრემ დაიწყო შეთხელება და მოხდა დრამატული რამ – მომაკვდინებელმა ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, რომელსაც ჩვენი ოზონი შთანთქავდა, შრეში იმაზე მეტად დაიწყო „გამოპარვა“, ვიდრე ეს ჩვენი უსაფრთხოდ ცხოვრებისთვისაა საჭირო.

ოზონის შრე თხელი აირის ფარია, რომელიც დედამიწას მზის რადიაციის დამღუპველი ზემოქმედებისგან იცავს, რითაც ხელს უწყობს პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნებას. თუ ეს შრე ოდესმე გამოიფიტება, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება მთელი ბიოსფერო და ყველაფერი ცოცხალი. ულტრაიისფერი სხივების ადამიანზე ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს კანის კიბო, სიბრმავე და სხვა დაავადებები.

ამ თემაზე „მწვანეთა პარტიის“ გენერალურ მდივანს, გიორგი გაჩეჩილაძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო გია, რას ვაკეთებთ ოზონის შრის დასაცავად?

- ოზონის შრე კრიტიკულად მნიშვნელოვანია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზის გამოსხივება ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხვდება დედამიწაზე და ცოცხალი ორგანიზმების უმრავლესობას გაანადგურებს. შრე ირეკლავს და მზის აქტიური დასხივებისგან გვიცავს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ოზონის ხვრელები ჩნდებოდა და ატმოსფეროში დიდ ტერიტორიაზე ნადგურდებოდა, რაც ადამიანის ზემოქმედებით იყო გამოწვეული. ოზონის შრის დამშლელი ერთ-ერთი კომპონენტი ფრეონია, რომელიც მაგალითად, მაცივრებში, სხვადასხვა გამაგრილებელ მოწყობილობაში გამოიყენება. გაერომ სპეციალური კონვენცია მიიღო ოზონის შრის დასაცავად და საქართველოც შეუერთდა. კონვენცია მოხმარებიდან სწორედ ფრეონის ამოღებას ითვალისწინებდა, რომელიც აღნიშნულ შრეს ანადგურებს და ის ნელ-ნელა ჩანაცვლდა სხვა ნივთიერებით, რომელიც ოზონისთვის საშიში არ არის. ეს პროგრამა საქართველოშიც განხორციელდა 90-იანი წლების შუა პერიოდიდან, როდესაც ნელ-ნელა სახელმწიფოს ვემსგავსებოდით. საქართველომ გაეროს კონვენციების რატიფიკაცია დაიწყო, ერთ-ერთი მათგანი ოზონის შრის შენარჩუნებას შეეხებოდა. ამას მთავრობის პროგრამები მოჰყვა, დაფინანსებებიც. მსოფლიოს მასშტაბით ფრეონის მასობრივად გამოყენება აიკრძალა. ძველი მაცივრები ჩვენთანაც მწყობრიდან გამოვიდა (აღარ არსებობს), ახლებში აღნიშნული ნივთიერება აღარ გვხვდება. სადაც შენარჩუნებული იყო, სხვათა შორის, სპეციალური პროგრამით ოჯახებში დადიოდნენ და ცვლიდნენ საფრთხის შემცველ ნივთიერებას.

gachechilaze-1-1525246268-copy-1665392259.jpg

- ფრეონი ოზონზე რა უშუალო გავლენას ახდენს?

- ქიმიური პროცესია, ოზონის შრის შემადგენლობასთან რეაქციაში შედიოდა და შლიდა; კონცენტრირებულ ადგილებს ოზონის შრისგან ათავისუფლებდა, ხვრელები ჩნდებოდა. ნელ-ნელა აღდგენა დაიწყო და კაცობრიობამ ეს საფრთხე დედამიწას ააშორა. უკვე სხვა პრობლემებია - მაგალითად, გლობალური დათბობა; მთელ დედამიწაზე და ჩვენთანაც, უკვე ძალიან საგრძნობია, იმდენად გააქტიურებულია დათბობასთან დაკავშირებული პროცესები: ეს არის ქარიშხლები, გვალვები და ა.შ.

- მაინც რა ხდება?

- ყოველწლიურად საშუალო ტემპერატურის მაჩვენებელი იმატებს. სპეციალური შემსწავლელი პროგრამაა საქართველოში და დადგენილია, რომ ქვეყანაში საშუალო წლიურმა ტემპერატურამ მოიმატა. ამის გამო კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მყინვარები აქტიურად დნება. მისი ფართობები საქართველოში ძალიან შემცირდა. დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოსთვის გვალვების ინტენსივობა გაიზარდა. მაგალითად, თუ წინათ ინტენსიური გვალვა რაღაც პერიოდულობით იყო, დღეს მაჩვენებელი ორჯერაა გაზრდილი. კიდევ, ძალზე მნიშვნელოვანი - გვალვების ხანგრძლივობა გაიზარდა. თუკი ადრე მაქსიმუმ 25-30 დღე გრძელდებოდა, დღეს შეიძლება პროცესი მთელი თვე-ნახევარი, ორი თვე იყოს, თან ეს დიდი რაოდენობის წყალს ითხოვს. უდიდესი გამოწვევაა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისთვის.

კიდევ, მაგალითად, საქართველოს შავი ზღვის ზოლში მაღალბალიანი ღელვების, შტორმების რაოდენობა და ინტენსივობა გაიზარდა. ეს კიდევ ტურისტული ინფრასტრუქტურის ნგრევასთანაა დაკავშირებული. გლობალურად სხვა ქვეყნებშიც სერიოზული გამწვავებებია. ამბობენ, რომ თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა, გვალვებისა და მსგავსი პროცესების გამო დედამიწაზე შიმშილი დაიწყება. ამას რასაკვირველია, მიგრაციული პროცესები მოჰყვება - ქვეყნებში შიდა პრობლემები, სისხლიანი რევოლუციები და ა.შ. ამიტომ უამრავ საერთაშორისო კონვენციას მიერთებული ვართ და ჩვენი ვალდებულების შესრულებას ვცდილობთ.

ჩინეთი და მსგავსი ქვეყნები ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც ორგანული საწვავის გამოყენებასთანაა (გლობალურ დათბობასთან) დაკავშირებული. ატმოსფეროში გროვდება ნავთობის, ქვანახშირის წვის შედეგად გამოყოფილი ე.წ. სათბური გაზები, რომელსაც ერთი უცნაური თვისება აქვს - მზიდან შემოსულ გამოსხივებას, რადიაციას თავისუფლად ატარებს, მაგრამ დედამიწიდან არეკლილს - უკვე აღარ; ტემპერატურა ნელ-ნელა იზრდება. ამიტომ აქაც შეზღუდვებია შემოტანილი, იმავე ორგანული საწვავის მოხმარებაზე. მაგრამ ჩინეთი ამბობს: კი, მაგრამ განვითარებულმა ქვეყნებმა ეს საწვავი უკვე მოიხმარეს და განვითარდნენ, ჩვენ ჯერ კიდევ პრობლემები გვაქვსო... მოკლედ, მთელი რიგი წინააღმდეგობებია.

- გლობალური დათბობა ოზონის შრეზე თუ ახდენს უშუალო ზეგავლენას?

- ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესებია, მაგრამ ბუნებაში ყველაფერი ირიბად მაინც ერთმანეთთან კავშირშია და ესეც გასათვალისწინებელია. სპეციალური სამეცნიერო კვლევები, დაკვირვებები მიმდინარეობს. ოზონის შრესთან დაკავშირებით კაცობრიობამ რაღაცნაირად, პრობლემის დარეგულირება მოახერხა, მაგრამ გლობალური დათბობა იმდენად საშინელი პროცესია, გარწმუნებთ, თუ არ მივხედავთ, ყველაფერი უკან მოგვრჩება - ბიბლიური მეორედ მოსვლაც კი შეიძლება მასთან იყოს დაკავშირებული.

- გაეროს კონვენციის გარდა, ოზონის შრის დასაცავად კიდევ რა კანონისმიერი საშუალებები არსებობს?

- თავისი ძალით კონვენცია - საერთაშორისო შეთანხმება, კონსტიტუციის (ქვეყნის ძირითადი კანონის) შემდეგ მეორე ადგილზეა - სხვა კანონები მხოლოდ მას შემდეგ მოდის. ამიტომ კონვენციასთან შეერთება შესასრულებლად ყველასთვის სავალდებულოა. რა თქმა უნდა, აღნიშნული კონვენციის მოთხოვნები სხვადასხვა კანონში აისახება, მაგრამ ამის გარეშეც სავალდებულოდ უნდა აღსრულდეს.

- პროცესზე მონიტორინგი თუ მიმდინარეობს?

- ნივთიერების გამოყენებაზე მონიტორინგი ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს. საკუთრივ, ოზონის შრეს კოსმოსიდან სპეციალური თანამგზავრების საშუალებით აკვირდებიან. მოკლედ, ერთ-ერთი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაში კაცობრიობამ ერთიანობა გამოიჩინა. საქართველომაც ყველაფერი გააკეთა, რომ საერთაშორისო ცივილიზებულ სამყაროს არ ჩამორჩენოდა. აი, გლობალური დათბობა კი უკვე პოლიტიკურ საკითხად იქცა; რადგან წიაღისეულის გამოყენებასთან (ეკონომიკასთან), ენერგეტიკასთან პირდაპირაა დაკავშირებული; ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებზე უშუალო ზეგავლენას ახდენს. მაგალითად, იგივე რუსეთის ეკონომიკა ამ ორგანული საწვავის საფუძველზეა, მას ყიდის. უკრაინასთან ომის გამო, მასაც პრობლემები შეექმნა და ა.შ. ბევრი შეთანხმებაა (იმავე პარიზის), რომელსაც ხელი მოაწერეს, მაგრამ სწორედ ეკონომიკური საკითხების გამო ვერ შესრულდა; “ჭრიალებს” და ძალიან ძნელად მიდის წინ.

ამგვარად, კაცობრიობის არსებობა-არარსებობასთანაა დაკავშირებული გლობალური საკითხები - გინდ, ოზონის შრე იყოს და გინდ, გლობალური დათბობა. თუ კაცობრიობამ ერთობლივად არ მოინდომა, პრობლემას ცალკე ვერავინ მოაგვარებს.

გიორგი მეფარიძე