რამდენად არიან პოლიტიკოსი ქალები წარმოჩენილი მუნიციპალიტეტების დონეზე? - გზაპრესი

რამდენად არიან პოლიტიკოსი ქალები წარმოჩენილი მუნიციპალიტეტების დონეზე?

აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ქვეყანას ხანძრების სერიამ გადაურბინა. სვანეთიდან დაწყებული ყვარლის მთებამდე, უნალექობისგან გამომშრალი ბუნება იწვოდა და შველას ითხოვდა. სხვა სამსახურებთან ერთად, სტიქიასთან ბრძოლაში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც აქტიურად ჩაერთნენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი - ნინო სუხიაშვილი გვეუბნება, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა მაღალი არ არის, თუმცა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც გენდერული კვოტები პარტიულ სიებში სავალდებულო გახდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაიზარდა ქალთა ჩართულობა. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეული ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 წევრიდან 8 ქალია, რაც 29,62%-ს შეადგენს:

“4 ქალი წარმოადგენს მმართველ პარტიას – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, 3 - „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 კი – პარტიას „საქართველოსთვის“. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიას, 10 მუნიციპალური სამსახურიდან ქალი მხოლოდ ერთს ხელმძღვანელობს, 9 განყოფილებიდან 5-ის ხელმძღვანელი ქალია, ხაშურის მუნიციპალიტეტი არ შედის იმ მცირერიცხოვანი მუნიციპალიტეტების რიგში, სადაც არჩეული მერი მანდილოსანია“.

მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემწყობ ფაქტორებზე საუბრისას, ნინო სუხიაშვილი უპირველესად, ისევ კვოტირებას აღნიშნავს. მისივე განმარტებით, საკრებულოს წევრი 8 ქალიდან 7 პარტიული სიით მოხვდა საკრებულოში, 1 კი – მაყვალა მაისურაძე არჩეულია მაჟორიტარული წესით:

„ქალბატონი მაყვალა პროფესიით ექიმია და საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. საყურადღებოა, რომ სურამის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატი ქალების გამარჯვება უკვე ტრადიციად იქცა. მაყვალა მაისურაძე უკვე მეორე ვადით არის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, მანამდეც, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, სურამის მაჟორიტარი იყო ირინე გელაშვილი, უფრო ადრე კი 2006 და 2010 წლების თვითმმართველობის არჩევნებზე ნინო ლომიძე-დოლიძე ორი ვადით იყო არჩეული.

ისიც აღსანიშნავია, რომ სურამის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი მაჟორიტარული ოლქია, სადაც ყოველთვის მაღალი კონკურენციაა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო იმ გამონაკლისთა შორისაა, სადაც არჩეული თავმჯდომარე ქალია. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნინო ლიპარტელიანი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელის შემშლელ ფაქტორებს – ეს კომპლექსური საკითხია და მოიცავს ისეთი გარემოებების ერთობლიობას, როგორებიცაა: საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღების როლს მამაკაცს მიაკუთვნებს; ქალთა დაბალი თვითშეფასება, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში, საკმარისი განათლება და ცოდნა აქვთ; ქონების გადანაწილების ტრადიციული წესი, რომელიც ქალებს სიღარიბისა და დამოკიდებულებისთვის წირავს...“

ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება:

„დიდი ხანია ვაკვირდები ქალთა მონაწილეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ სასოფლო კრებებზე და სამწუხაროდ, მათი ჩართულობის ხარისხი უკეთესის სურვილს იწვევს. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, პირველად გამოიყენა სასოფლო კრებებზე ქალთა გააქტიურების დამატებითი მექანიზმები, როგორიცაა მათთვის პერსონალური მიმართვა სოციალური ქსელების ან პირადი ნაცნობობის მეშვეობით. ამ მეთოდმა ქალთა მონაწილეობა გაზარდა. ასევე კრების მიმდინარეობისას ხშირად გამოყენებული იყო ქალებისთვის პერსონალურად მიმართვის ხერხი: როცა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სთხოვდნენ, მათაც საკუთარი ხედვიდან გამომდინარე, გადასაჭრელი პრობლემა დაესახელებინათ. უნდა ითქვას, რომ მიდგომამ გაამართლა, თუმცა ქალთა გასააქტიურებლად კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო“.

ნინო სუხიაშვილის თქმით, ოჯახში ძალადობა ხაშურის მუნიციპალიტეტში მწვავე პრობლემას წარმოადგენს:

„ოჯახში ძალადობის განმაპირობებელია კვლავ სტერეოტიპული შეხედულება ქალისა და მამაკაცის როლების, ოჯახში გენდერული ურთიერთობების შესახებ, ასევე საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულება, რომ ოჯახის პრობლემა მისსავე ფარგლებში უნდა გადაწყდეს. ამასთანავე, თვალსაჩინოა ქალთა ეკონომიკური სიდუხჭირე. ხშირად, იძულებული არიან მოითმინონ ძალადობა, რადგან უბრალოდ, წასასვლელი არსად აქვთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია პოლიციისადმი მიმართვიანობა, რაც ამ მიმართულებით საზოგადოებაში შეგნების ამაღლების გარკვეულ ხარისხზე მიუთითებს და ნამდვილად დადებითი ტენდენციაა.

ცალკეული „გამონათებების“ მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებაში ქალების პოლიტიკურ გააქტიურებას უამრავი რამ უშლის ხელს. გაცილებით მეტი პროგრესია მისაღწევი, რადგან მეტი (გადაწყვეტილების მიმღები თუ განმახორციელებელი) ქალი პოლიტიკაში ქვეყნის წარმატებული ხვალინდელი დღის საწინდარია. ამ გზაზე ნაბიჯები დროულად უნდა გადაიდგას.

„კაზრეთი - დასაქმებას შეწირული ადამიანების ჯანმრთელობა“

გენდერული სამართლიანობის საკითხი ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის მაგალითზეც განვიხილოთ. ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი დოდო ყოფილი პედაგოგია, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო, ვინაობის დასახელება არ სურს.

მისი ინფორმაციით, კაზრეთის საკრებულოსა და გამგეობაში ქალებიც (მათ შორის, ბოლნისის გამგეობაში, ნინო ასლანიშვილი) მუშაობენ. მისივე შეფასებით, ადგილზე გენდერული ბალანსი სრულად დაცული არ არის, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში:

„ჩვენი ქალები მუშაობენ კაზრეთის სამთო-მომპოვებელ საწარმოებშიც. კერძოდ, მადნეულის გაფილტვრაზე, გადამამუშავებელ ლაბორატორიაში. ამ კონკრეტულ სფეროში ძირითადად, ქალები არიან დასაქმებულნი. მეორე მხრივ, მადნეულის გარდა, კაზრეთში სხვა სამსახურს ფიზიკურად ვერ ნახავ. გამონაკლისი რამდენიმე მაღაზიაა, სადაც ასევე ქალები მუშაობენ...

კაზრეთში საბავშვო ბაღი არ გვაქვს... ამხელა დაბა შენობის ავარიულობის გამო, საჭირო ინსტიტუციის გარეშეა დატოვებული: მხოლოდ ერთეული კაზრეთელი ბავშვები (რომელთა მშობლებიც მუშაობენ) დადიან მეზობელი სოფლის, ბალიჭების საბავშვო ბაღში. უმუშევრების შვილებს ბაღში არ იღებენ. პასუხი ერთი და იგივეა - თქვენთვის ადგილი არ გვაქვსო. მაგალითად, ჩემი გოგო არსად მუშაობდა და ამის გამო, შვილიშვილი ბაღის გარეთ დარჩა“.

kali-politikosebi-xashuri-copy-1665392410.jpg

ქალბატონი დოდო ვერ ადასტურებს, რომ კაზრეთში ქალები გენდერული ნიშნით იჩაგრებიან და ამიტომ არ მუშაობენ:

„ვისაც შინ ყოფნა და მხოლოდ ოჯახური საქმეების გაძღოლა სურს, სამსახურს არც ეძებს. ვინც ეძებს, პოულობს კიდეც. ჩვენთან ბევრი ქალი ღამის ცვლებშიც კი (მადნეულში) მუშაობს, მაგრამ ეს ნებაყოფლობითია“.

მედალს ორი მხარე აქვს და შეუძლებელია, კაზრეთში გენდერული სამართლიანობის პრობლემა ეკოლოგიურ ჭრილშიც არ განვიხილოთ: კვლევებით დადგენილია, რომ სამთო-მომპოვებელი (ღია წესი) საბადოების გამო, დაბა და მთელი შემოგარენი სიმსივნის გავრცელების მხრივ ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია.

ამის გამო კაზრეთში ერთ-ერთი მოთხოვნადი ირმის რქაა, რადგან სჯერათ, რომ მძიმე გართულებებს მისი საშუალებით გაუმკლავდებიან. პრობლემას ირმის რქის დაფშვნა, თაფლში არევა და მიღება რამდენად გადაჭრის, ცალკე განხილვის საკითხია იმ ფონზე, როცა ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება მწვავე პრობლემის აღიარებასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს.

კაზრეთში უმუშევრად დარჩენის შიშით პრობლემაზე ღიად საუბარს ერიდებიან, მაგრამ ჭირს ბოლომდე ვერ მალავენ. დოდოს თქმით, სიმსივნის (სხვა დაავადებების) გავრცელება აქ წლების განმავლობაში ჩვეულებრივი ამბავი გახდა და საშველი არ ჩანს:

„შეიძლება ვიღაცამ არც დაგვიჯეროს, აქაური ქალების უმეტესობას უკვე გვეშინია, რომ ადრე თუ გვიან, სიმსივნე ჩვენც დაგვემართება. ვისაც ეს ეხება, დროზე მოგვხედოს, რათა ეს დაძაბულ-ნერვiული ფონი მაინც მოიხსნას. ხომ იცით, შიშს რამხელა თვალები აქვს?“

ერთი პერიოდი არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობდნენ კაზრეთის ეკოლოგიის დასაცავად. სამწუხაროდ, მათ წინააღმდეგ ისევ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა გაილაშქრა, რადგან ყველას, ისევ და ისევ, სამსახურის - ოჯახის საარსებო წყაროს დაკარგვა აშინებს:

„ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა, ოჯახის საარსებო ხელფასსა და შერყეულ ჯანმრთელობას შორის. ისევ სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს კომპანიის ხელმძღვანელობას, წარმოების წესები დაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავა წლები და გენოციდს დაემსგავსება ეს ყველაფერი. ერთეულები მილიონებს შოულობენ და კეთილი ინებონ, ნაწილი წარმოების გამართვაზე დახარჯონ, რათა დაბა, ჩვენი რეგიონი ყოველდღიურად არ იწამლებოდეს და ადამიანებს ნაადრევად არ ისტუმრებდეს იმ ქვეყნად“.

ამ ფონზე შეუძლებელია, გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესებაზე ვისაუბროთ, როცა ადგილზე ლამის ყოველ მესამე-მეოთხე ქალს მკერდის სიმსივნე აქვს. დაუშვებელია, დასაქმებას ეწირებოდეს ადამიანების ფუნდამენტური უფლება ჯანმრთელ გარემოში ცხოვრებაზე. შუბი ხალათში დიდხანს არ იმალება და მთავრობამ მწვავე პრობლემას დროზე უნდა მიხედოს.

გიორგი მეფარიძე