ემიგრანტები, რომლებიც გასაჭირის დროს თანამემამულეებს მხარს უმაგრებენ - გზაპრესი

ემიგრანტები, რომლებიც გასაჭირის დროს თანამემამულეებს მხარს უმაგრებენ

თბილისში მეხუთედ გაიმართა წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონია. ამჯერად პანდემიასთან ბრძოლის ავანგარდში მყოფი ადამიანები - მედიკოსები და მოხალისეები იყვნენ ყურადღების ცენტრში. „დიასპორის სახლის“ დირექტორი კახაბერ ხასაშვილი, რომელიც ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ, გვესაუბრა იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც „კრიზისის მართვის ცენტრის“ საქმიანობაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს.

- ბატონო კახა, „კრიზისის მართვის ცენტრის“ ჩამოყალიბების მიზეზი პანდემია იყო, ბუნებრივია...

- დიახ, ეს ცენტრი „დიასპორის სახლის“ პრეზიდენტის, ქალბატონ ინა ასანიძისა და „თვისტომის“ დამფუძნებლის, ბატონ ნიკოლოზ ჩხეიძის ინიციატივით ჩამოყალიბდა პანდემიასთან გამკლავების მიზნით. 2020 წლის 16 მარტს, იტალიაში მძიმე მდგომარეობის გამო ემიგრანტებმა გადაწყვიტეს, ეფექტიანი გზები მოენახათ თანამემამულეების დასახმარებლად, შემდეგ კი, „ცენტრის“ აქტიური საქმიანობა ამერიკაშიც საჭირო გახდა.

- როგორც ვიცი, „ცენტრის“ საორგანიზაციო საქმიანობაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.

- პირდაპირ ვიტყვი: შეუფასებელია თეა კანდელაკის (ორგანიზაცია „ერთობა“), ელიზა აბელაშვილის („ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა“) და გოგიტა მამფორიას საქმიანობა...

- როგორ მოხერხდა ამდენი ადამიანის მობილიზება და კოორდინაცია იმ დროს, როცა მსოფლიო ჯერ კიდევ არ იცნობდა ამ დაავადებას და დიდი გაურკვევლობა იყო?

- ქალბატონ ინა ასანიძეს უამრავი კონტაქტი, ემიგრანტულ წრეებთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს. გასულ წლებში, მისი ორგანიზებით, თბილისში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტები ჯილდოვდებოდნენ და ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომ „ცენტრმა“ შესანიშნავი კოორდინაცია გაუწია ამერიკასა და დასავლეთ ევროპას. ორგანიზატორები დისტანციურად ვმართავდით ონლაინკრებებს ჩვენი გეოგრაფიული სიშორის გამო და ყველა ნიუანსს ერთმანეთთან ვათანხმებდით.

- წელს, აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე, ხუთი დღე დაეთმო იმ ადამიანებს, რომლებმაც უზარმაზარი სოციალური და ჰუმანიტარული პასუხისმგებლობა გამოიჩინეს...

- დიახ, „ცენტრის“ აქტიური 16 წევრისთვის რეგიონებში ორდღიანი გასვლითი ტური მოეწყო, წმინდა სინოდმა და პარლამენტმა დიდი პატივით მიგვიღო, 1-ლ სექტემბერს კი თბილისის მერიის მხარდაჭერით დასკვნითი ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართა. ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის მზადება თვეების წინ დავიწყეთ.

- დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- სიმბოლური იყო, რომ დაჯილდოების ცერემონია თავად ემიგრანტებს მიჰყავდათ. მამუკა ლიპარტელიანი საბერძნეთიდან ჩამოვიდა, ნინო ჩეხოშვილი - ამერიკიდან. ნინო მედიკოსია და მისი დამსახურება პანდემიის დროს თანამემამულეების დახმარების საკითხში წარმოუდგენლად დიდია...

- ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების დამსახურება განსაკუთრებულია, როგორც ვიცი.

- დიახ, იყო დრო, როცა საავადმყოფოები გადავსებული გახლდათ პაციენტებით, მორგები - ცხედრებით და ამ დროს ქეთევან შავლიაშვილი ათასობით ადამიანს უწევდა ონლაინრეკომენდაციებს, გოგიტა მამფორია მოხალისეებთან ერთად ბინაზე აკითხავდა დაავადებულებს და აწვდიდა საკვებს, მედიკამენტებსა და ოქსიმეტრებს. ეკატერინე იაშვილს საკუთარი მანქანით, დიდი რისკის პირობებში, შტატიდან შტატში გადაჰყავდა მძიმე პაციენტები. მახსოვს, როგორ ჩაიყვანა ერთ-ერთი მათგანი ნიუ-იორკიდან პენსილვანიაში, ქალაქ ფილადელფიაში ნინო ქავთარაძესთან - ჩვენს თანამემამულე ექიმთან. ამ ყველაფერს საუცხოოდ უწევდა ორგანიზებას ნიკოლოზ ჩხეიძე.

- ევროპაშიც, ქართველი ემიგრანტების მძიმე მდგომარეობას ამსუბუქებდნენ ცნობილი ადამიანები...

- დიახ, შეუძლებელი შეძლეს ლელა კუხიანიძემ შვედეთში, ანა ბალამწარაშვილმა - ბელგიაში, დიანა ცერცვაძემ და თამარ შალამბერიძემ - გერმანიაში, ესპანეთში - მანანა გოგოლაძემ, ბესო შამუგიამ - უკრაინაში, ირმა კაპანაძემ და თეა მეგრელიშვილმა - იტალიაში... მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც, 20 დოლარი გადარიცხა თანამემამულეების მხარდასაჭერად. ამაყი ვარ გიგა ადეიშვილის, ნინო მიქაბერიძის, ლევან ბოჭორიშვილის, მზია წულუკიძის უანგარო მხარდაჭერის გამო.

- რით აღინიშნა ამ ადამიანების დამსახურება 1-ლ სექტემბერს?

- რუსთაველის თეატრში 16 ადამიანს გადაეცა ცნობილი იუველირის, მეირ შავიტის სკულპტურული ნაშრომები. სცენაზე ამ და სხვა საჩუქრებს ემიგრანტები იღებდნენ პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების ხელით. მათ პატივსაცემად შესრულდა მუსიკალური ნომრები სანდრო გეგეჭკორის, თემურ თათარაშვილის, „ფორტეს“, ნუგზარ ერგემლიძის, ნუგზარ კვაშალის მონაწილეობით.

- ვინ იყო თქვენი მხარდამჭერი ამ ღონისძიების გამართვისას?

- მხარს გვიჭერდნენ თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტი, „მეტი დეველოპმენტი“, „ჯორჯიან მანგანეზი“, დანარჩენი ხარჯები ორგანიზატორებმა გავიღეთ. მინდა აღვნიშნო ბექა ოდიშარიას, შალვა პაპუაშვილისა და ნიკოლოზ ჩიქოვანის მხარდაჭერა.

- „ჯორჯიან მანგანეზის“ გამორჩეული მხარდაჭერა რით იყო განპირობებული?

- ამის მიზეზი, ბუნებრივია, ის იყო, რომ „ცენტრის“ საქმიანობის ძალიან აქტიური წარმომადგენლები იყვნენ წარმოშობით ჭიათურელი ემიგრანტები... აქვე დავამატებ, რომ ავღანეთში სამხედრო მისიით მყოფი მამა გიორგი (წერეთელი) დიდ მორალურ მხარდაჭერას გვიწევდა ყოველ დილით. მისმა ჭიათურელმა მრევლმა იტალიაში არალეგალი ქართველებისთვის თანხაც კი შეაგროვეს...

- სხვა სასულიერო პირები თუ მონაწილეობდნენ მხარდამჭერ აქციებში?

- არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი ბარსელონაში კარდაკარ დადიოდა ავადმყოფებთან... ეს ის შემთხვევა იყო, როცა ყველა ემიგრანტი მაქსიმუმს აკეთებდა პრობლემის მოსაგვარებლად.

- რამე ფაქტს თუ გაიხსენებთ, რომელიც ემოციის გარეშე ვერ ითქმება?

- მთელი ის პერიოდი ემოციებით იყო სავსე. ერთ ქართველს დიდხანს ეძებდნენ ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები. ის 40 დღე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ. ირინა მიქაბერიძისა და ნიკოლოზ ჩხეიძის ძალისხმევით ის მართლა საიქიოდან მოაბრუნეს. ყოფილი პაციენტისგან ორმოცდღიანი არაამქვეყნად ყოფნის აღწერა რომ მოისმინოთ, ემოციები პიკს მიაღწევს. მადლობას ვეუბნები ყველას, ვინც თანადგომასა და თანაგრძნობას გვიცხადებდა იმ პერიოდში. ჩვენთვის დიდი სტიმული იყო ნებისმიერი გამოხმაურება იმ დროს - ვხედავდით, რომ მარტო არ ვიყავით ვერაგი დაავადებისა და ჩვენი თანამემამულეების გასაჭირის წინაშე.

როლანდ ხოჯანაშვილი