"მაშინ ჟურნალისტიკა ჯადოსნური სამყარო იყო, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო" - გზაპრესი

"მაშინ ჟურნალისტიკა ჯადოსნური სამყარო იყო, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო"

„იქიდან გამომდინარე, რომ იტალიელი მეუღლე მყავს და მაქვს ქართულ-იტალიური ოჯახი, მიჭირს თქმა, რა იქნება წლების შემდეგ, მაგრამ ემიგრაციამ იმდენად გამიმძაფრა ეროვნული იდენტობის განცდა, გაცნობიერებულად თუ უნებლიეთ, ჩემი ყოველი ნაბიჯი იმდენად უკავშირდება და უახლოვდება ჩემს სამშობლოს, რომ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ფიზიკურად სად ვიქნები“, - ამბობს ნინა მამუკაძე, რომელიც გვიამბობს, როგორ შეძლო ყველა დაბრკოლების გადალახვა, როცა იქ ჩასულმა იტალიურად სალამიც არ იცოდა, დღეს კი ერთ დროს მისთვის უცხო ქვეყანაში წარმატებულ ჟურნალისტად მიიჩნევა...

- კლასიკური გაგებით, 90-იანების თბილისელი ბავშვი ვიყავი. „ნახალოვკაში“ დავიბადე და გავიზარდე. გამოვიარე ყველა ის პრობლემა, რაც იმდროინდელ საქართველოში აწუხებდათ: უშუქობა, უგაზობა, უწყლობა, უტრანსპორტობა, ბუნდოვანი მომავალი, ყოფილი საბჭოთა და უკვე დამოუკიდებელი საქართველოს გარდამავალი, ქაოსური და ლიანდაგიდან გადასული განათლების სისტემის მათრახი; პერიოდი, როდესაც სკოლა სრულიად აცდენილი იყო მთავარ დანიშნულებას, ყოფილიყო ბავშვის განათლებასა და აღზრდაზე ორიენტირებული. თითქოს ყველა თვითგადარჩენისთვის იბრძოდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ მასწავლებლის დანიშნულება მხოლოდ გაკვეთილის გამოკითხვა და ნიშნის დაწერა არ იყო. როგორც კი ამას ჩავწვდი, გაუცნობიერებლად, თვითგანათლებასა და განვითარებაზე გადავერთე. მივხვდი, საკუთარი თავისთვის უნდა მეშველა. ახლა რომ ვუფიქრდები, ჩემი და-ძმაც სწორედ ასე მოიქცა. სრულიად დამოუკიდებლად, ნეპოტიზმისა და ქრთამის გარეშე შეძლეს მიეღოთ შესანიშნავი განათლება და დღეს მაღალ პოზიციებზე, სხვა ადამიანების სამსახურში არიან...

პირადად ჩემთვის, ტელევიზია და ზოგადად ჟურნალისტიკა ჯადოსნური სამყარო იყო, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო, მაგრამ როგორც ჩანს, იდეა, ვყოფილიყავი მეოთხე ხელისუფლების ნაწილი, იმდენად ღრმად მქონდა ჩაბეჭდილი, რომ შევარდნაძის დროს გამეფებულმა უმაღლესში მისაღები გამოცდების "მაფიამაც" ვერ შემაშინა და მოხდა ისე, რომ პროფესია - ჟურნალისტი ჩემი ორგანული ნაწილი გახდა, რომელმაც ემიგრაციაში ბოლომდე შეისხა ხორცი. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესში განათლების მიღებაც, ფაქტობრივად, მხოლოდ სტუდენტებზე იყო მინდობილი. ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ვსწავლობდი და მომეცა საშუალება დამენახა განსხვავება, თუ რას ნიშნავს მოსწავლესა და სტუდენტზე მორგებული განათლების სისტემა.

- საქართველოში სად მუშაობდით და როგორ აფასებთ იმ პერიოდს დღევანდელი გადმოსახედიდან?

- პირველი ყველაზე დიდი გარდამტეხი თარიღი 2005 წელი აღმოჩნდა. სწორედ ამ წელს დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და დავიწყე ახალგაზრდულ ჟურნალში მუშაობა, ამავე პერიოდში დავშორდი მეუღლეს და დავრჩი მარტო ორი წლის გოგონათი. მიუხედავად იმისა, რომ პრესის ჟურნალისტს მიზერული ანაზღაურება მქონდა, წამითაც არ მიფიქრია ამ საქმისთვის თავის დანებება. გამომცემლობა „სამშობლოს“ ნახევრად დანგრეული შენობიდან სულ მალე მოვხვდი ჰოლდინგ „პალიტრა მედიაში“, სადაც შევიძინე ძალიან დიდი გამოცდილება, რადგან ჰოლდინგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან თანამშრომლობამ, განსხვავებულ თემებზე მუშაობამ მომიწია, რაც ემიგრაციაში ჟურნალისტიკის „კეთებაში“ ძალიან გამომადგა. აქ ჩვენ არ გაქვს ფუფუნება, თითო რუბრიკაზე თითო ჟურნალისტი გვყავდეს მიმაგრებული. ვმუშაობთ ყველა თემაზე, რაც საქართველოს პოპულარიზაციისა და ემიგრანტებისთვის საჭირო, საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.

- აქ უკვე წარმატებული კარიერა გქონდათ, გყავდათ პატარა შვილი და როგორც ვიცი, იტალიური ენა ჯერ კიდევ არ იცოდით. და მაინც, საცხოვრებლად იტალია რატომ აირჩიეთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციაში წამოსვლის ბოლო დღემდე პროფესიით ვმუშაობდი, ჟურნალისტის ანაზღაურება არ მაძლევდა შვილის დამოუკიდებლად რჩენის საშუალებას. ამიტომ, რვა წლის ქეთა ჩემს მშობლებთან დავტოვე და ემიგრანტების უზარმაზარ არმიას შევუერთდი. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მონატრების ტკივილს დაემატა ის, რომ ჟურნალისტი, რომლის გონებაც და სამეტყველო აპარატიც სინქრონში, აქტიურ რეჟიმში მუშაობას იყო მიჩვეული, ერთბაშად დაადუმეს. გონება ისევ იმ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას, ენა კი ვეღარ ეწეოდა, რადგან როდესაც აქ ჩამოვედი, ერთი სიტყვაც არ ვიცოდი იტალიურად. საშინელი სტრესი მივიღე. ზუსტად სამ დღეში მივხვდი, რომ ენის შესწავლის გარეშე, აქ ვერაფერს გავხდებოდი და ინტენსიურად დავიწყე ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ უკვე, როდესაც ბინადრობის ნებართვა მივიღე, უნივერსიტეტში კურსების გავლა. ჩამოსვლიდან ორწელიწად-ნახევარში უკვე ოფიციალურ უწყებებში თარჯიმნად ვმუშაობდი.

მთელი ეს პერიოდი, დიდი თუ მცირე დოზით, დისტანციურად ვთანამშრომლობდი ქართულ გამოცემებთან და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ გამოცემების რედაქტორებს.

- რამდენად რთული იყო იტალიაში კარიერის აწყობა?

- მაგრამ ზუსტად ერთი წლის წინ, მოხდა კიდევ ერთი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ასევე ემიგრანტი ჟურნალისტის, ხათუნა შარაძის ინიციატივით, რომელიც მანამდე, ერთი წლის განმავლობაში აკეთებდა ემიგრაციაში ამ საქმეს, გავხდი მედიამაუწყებელ EხცლუსივეთV-ის ჟურნალისტი და იტალიის ბიუროს ხელმძღვანელი, ანუ ისევ თავით გადავეშვი ჩემს პროფესიაში. შედარება რომ გავაკეთო, მანამდე ვიყავი თევზი პატარა აუზში და ამ გზით საშუალება მომეცა შემეცურა ოკეანეში. მოგვიანებით, ჩემი და ხათუნას ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. არ გადავაჭარბებ თუ გეტყვით, რომ მისნაირ პროფესიონალ და მართალ პიროვნებასთან თანამშრომლობა და ახლა უკვე მეგობრობაც, უდიდესი კომფორტია. თავიდან საქმემ გაგვაერთიანა და ბოლოს ოჯახად ვიქეცით. ვფიქრობ, რა ძალით და ენერგიითაც იბრძვის ადამიანი მიზნის მისაღწევად, ისეთ შედეგამდე მივა. ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ საქმესა და ურთიერთობაში, ფაქტიც სახეზეა. ჩვენი ყოველდღიურ რეჟიმში საქმიანობით შეიქმნა ახალი ფენომენის პრეცედენტი - ცოცხალი ჟურნალისტიკა ემიგრაციაში. ჩვენი ტანდემი გახდა საფუძველი, ერთობლივი საქმეც წამოგვეწყო. ეს არის ტურისტული კომპანია „არგონავტების ოქრო“, რომელიც შემომყვან ტურიზმზე მუშაობს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ბევრი იტალიელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს.

308785175-489996182735352-5563991366851182709-n-copy-1665992161.jpg

თავიდან ბეჭდური ფორმატით დავიწყეთ, მაგრამ ჩემი დიდი სურვილი იყო, გაგვეკეთებინა სატელევიზიო ვარიანტიც. ვცადეთ და გამოგვივიდა. გავაკეთე საავტორო გადაცემა „ნინას ესპრესო“, სადაც საზოგადოებას წარმატებული ან ისეთი ემიგრანტების შესახებ ვუყვებით, ვინც ჩვენს მხარდაჭერას საჭიროებს. ვეწევით საქართველოს პოპულარიზაციას. გავაკეთეთ "ფეისბუკ"-ჩართვების ციკლი სახელწოდებით „მედია გზამკვლევი“ საემიგრაციო საკითხებში, სადაც ვიწვევ კომპეტენტურ სტუმარს და იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, მათთვის უმნიშვნელოვანეს თემებზე ვაძლევთ ინფორმაციას და რჩევებს. მოგვიანებით, გავაკეთეთ ყოველკვირეული საინფორმაციო გამოშვება „იტალიის დრო“, რამაც გუნდის გაზრდა მოითხოვა. იტალიის სხვადასხვა რეგიონში დავუკავშირდით ემიგრანტებს და აბსოლუტურად არც ერთმა უარი არ გვითხრა. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტის ცხოვრების სპეციფიკიდან გამომდინარე, შემდეგ ყველამ ვერ შეძლო თანამშრომლობის გაგრძელება და გუნდი განახლებულია, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, ძველ თუ ახალ წევრს, თუნდაც სულ მცირე ჩართულობისთვის.

რაც შეეხება აქ კარიერის აწყობას, იტალიელები, ზოგადად ძალიან გახსნილები არიან, მაგრამ როგორც კი იმაზე მეტს მოინდომებ, რასაც მიჩვეულები არიან უცხოელების მხრიდან, რომლებიც ძირითადად ოჯახებსა და მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები, იწყება ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი და ერთგვარი უნდობლობა. თუმცა, თუ შეატყვეს, რომ გაქვს საკმარისი უნარები და სითამამე, კარს არ დაგიხურავენ, მაგრამ მუდმივად უნდა იყო მტკიცებისა და დემონსტრირების რეჟიმში, რომ შენ იქ და იმ მოცემულობაში ყოფნას იმსახურებ.

- იტალიაში ყველაზე შთამბეჭდავი რესპონდენტების თავგადასავლების შესახებ გვიამბეთ...

- ალბათ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გამოცდილება შემძინა იტალიური ტელევიზიისთვის და ასევე EხცლუსივეთV-ის ფარგლებში იტალიურენოვან გადაცემებზე მუშაობამ, რადგან ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. გამოხმაურებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ურიგოდ არ გავართვი თავი.

ერთ-ერთი ასეთი იყო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მომზადებული იტალიურენოვანი სიუჟეტი, ქართული სუბტიტრებით. საიდან აღარ მწერდნენ იტალიელები, წარმოუდგენელ სითბოსა და ყურადღებას გამოხატავდნენ. დღემდე მეუბნებიან, რომ აუცილებლად ჩავლენ საქართველოში. გარდა იმისა, რომ ხვიჩა თავისი ქართველობით ისედაც პოპულარიზაციას უწევს ჩვენს სამშობლოს, სიუჟეტში ჩართული მქონდა საქართველოს შესახებ ინფორმაცია, ფოტომასალა. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ აკრედიტაცია მოვითხოვე ხვიჩას მატჩზე და ასე აღმოვჩნდი როგორც აკრედიტებული ჟურნალისტი ფლორენციის არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონის ჟურნალისტთა ლოჟაში. მომდევნო ნაბიჯი ხვიჩასთან ინტერვიუა.

როდესაც აკრედიტაციაზე ვსაუბრობ, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ რომელ უწყებაში და ღონისძიებაზეც მოვითხოვეთ აკრედიტაცია, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ქართული მედიამაუწყებლისთვის ვმუშაობთ, ყველგან მიგვიღეს.

309253739-5902738273089352-6248836960423116898-n-copy-1665992149.jpg

- როგორია თქვენი ჩვეულებრივი ცხოვრება, ყოველდღიურობა...

- როგორც ჩანს, ბედმა თავისი ფეხით მომიყვანა ფლორენციაში, სადაც გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე მარკო სორდინი. ქორწილი 2018 წლის გაზაფხულზე გადავიხადეთ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში, რომელიც დაუვიწყარი გახადა ჩემი ოჯახის წევრების იტალიაში ჩამოსვლამ. ვფიქრობ, ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში, მშობლების და და-ძმის თანადგომა უმნიშვნელოვანესია.

მარკომ დიდი როლი ითამაშა, რომ შვილის ჩამოყვანა დაგეგმილზე ადრე მომეხერხებინა. არც ერთ დედას არ ვუსურვებ შვილთან თუნდაც დროებითი დაშორების ტკივილს. ჩემსა და ქეთას შორის ძალიან ცოტაა ასაკობრივი სხვაობა, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ და სულ იმას ვამბობ, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი თავად გავაჩინე. საოცარი აურის გოგოა და ძალიან წარმატებული მოსწავლე. ლიცეუმის ბოლო კლასშია, სადაც ახლახან ოთხ საუკეთესო მოსწავლეს შორის შეარჩიეს და პრაქტიკებზე ინდონეზიის საკონსულოში მიჰყავთ.

- თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?…

- იქიდან გამომდინარე, რომ იტალიელი მეუღლე მყავს და მაქვს ქართულ-იტალიური ოჯახი, მიჭირს თქმა, რა იქნება წლების შემდეგ. მაგრამ ემიგრაციამ იმდენად გამიმძაფრა ეროვნული იდენტობის განცდა, გაცნობიერებულად, თუ უნებლიეთ, ჩემი ყოველი ნაბიჯი იმდენად უკავშირდება და უახლოვდება ჩემს სამშობლოს, რომ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ფიზიკურად სად ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის მოქალაქეობაც მაქვს ქართულთან ერთად, მაინც თხემით ტერფამდე ქართველი ვარ, ქართულად მიყვარს და ქართულად ვბრაზდები, ქართულად ვეფერები და ყოველთვის ვიქნები ქართველების, საქართველოს სამსახურში.

მანანა გაბრიჭიძე