ქართველი მუსიკოსის წარმატებები ავსტრიაში - გზაპრესი

ქართველი მუსიკოსის წარმატებები ავსტრიაში

24 სექტემბერს ავსტრიის ქალაქ ვაიდჰოფენ-იბსის ფლენქას დარბაზში შედგა ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსისა და ხელოვანის, თათა ასათიანი-აიგნერის მიერ შექმნილი მუსიკალური და მულტიმედიური პროექტის - "მზის შვილების“ პრემიერა, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. როგორც მიწვეულმა სტუმრებმა აღნიშნეს, ამ შემოქმედებითმა პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მუსიკა მშვიდობის ენაა, რომელიც დღეს განსაკუთრებულად გვჭირდება და მისი გაგება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი; რომ ეს პროექტი არის სიგნალი ურთიერთობებისა და მეგობრობის განმტკიცების.

თათა ასათიანი-აიგნერი 9 წელია ავსტრიაში ცხოვრობს. მუშაობს ქვემო ავსტრიის ქალაქ ვაიდჰოფენ-იბსის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს მასწავლებლად, კონცერტმაისტერად და ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტიც გახლავთ. მუსიკალური ნაწარმოებების გარდა, ქმნის შემოქმედებით პროექტებს, რამდენიმე ბენდის წევრიცაა და ხშირად საკონცერტო გამოსვლაც აქვს.

- რამ განაპირობა ხელოვნების, კონკრეტულად კი მუსიკის ასეთი სიყვარული და ინტერესი?

- გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი დიდი ბაბუა მღეროდა, გურული იყო და საუცხოო მოძახილს ამბობდა. პროფესიონალი მუსიკოსი არავინ მყოლია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დედამ და დეიდამ მუსიკალური სკოლა დაამთავრეს ფორტეპიანოს განხრით. ბავშვობისას ჩემს ოთახში იდგა ფორტეპიანო და ნელ-ნელა დავუმეგობრდი. სანამ სამუსიკო სკოლაში შევიდოდი, დედა მიხსნიდა ფორტეპიანოს ანა-ბანას და ნოდარ დუმბაძის ლექსებზე ვწერდი ხოლმე მარტივ მელოდიებს. მაგალითად, ძალიან მიყვარდა დუმბაძის ეს ლექსი: „ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, იძახის/ და კედელზე ჰკიდია,/ დღე და ღამე ისრები/ მიდიან და მიდიან./ მოვა დედა, შეხედავს:/ აბა, ჩემო ოთარი,/ ცხრა საათი გამხდარა,/ შენი ძილის დრო არის!/ და ყველანი მტოვებენ,/ ჩემთვის არა სცალიათ./ მე რომ დედა მაძინებს,/ სულ საათის ბრალია“. დღემდე მახსოვს მაშინდელი მელოდიაც.

ჩემი ეს მისწრაფება შეამჩნიეს დედამ და ბებომ და მაშინვე მუსიკალურში შემიყვანეს. დავამთავრე მერვე სამუსიკო სკოლა, 4 წელი ევგენი მიქელაძის სახელობის კოლეჯში ვსწავლობდი, შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე, საფორტეპიანო განხრით, თუმცა ეს ფაკულტეტი მოიცავდა საკონცერტმაისტერო განყოფილებასაც, კამერულ მუსიკასაც, პედაგოგიურსაც.…

premiere-tata-alex-copy-1665992362.jpg

- სწავლის დასრულებისთანავე გადაწყვიტეთ საზღვარგარეთ წასვლა?

- ხელოვანი მუდმივად ძიების პროცესშია, ახლის აღმოჩენის სურვილი, რაც მეტი დრო გადის, უფრო და უფრო მძაფრდება. 25 წლის ვიყავი, როდესაც საზღვარგარეთ წამოვედი. უკვე 9 წელია, ავსტრიაში ვცხოვრობ. ჯერ კიდევ კოლეჯში ვსწავლობდი, გაცვლითი პროექტით რომ მოვხვდი გერმანიაში და ისე აღვფრთოვანდი იქაურობით, რომ გადავწყვიტე, გერმანულენოვან ქვეყანაში გამეგრძელებინა საქმიანობა და გოეთეს ინსტიტუტში გერმანულის სწავლა დავიწყე. სულ მესმოდა, რომ მსოფლიოში ცნობილი არაერთი კომპოზიტორი იყო გერმანიიდან, ავსტრიიდან. ამ ქვეყანაში მართლაც ძალიან უყვართ მუსიკა. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რა პროფესიისაა, თითქმის ყველა უკრავს ამა თუ იმ საკრავზე. შეიძლება ითქვას, ავსტრია არის მუსიკის ქვეყანა.

თუ გინდა, არ ჩამორჩე და აქაური ცხოვრების რიტმს აუწყო ფეხი, ბევრი უნდა იმუშაო. აქ ყველას დატვირთული რეჟიმი აქვს. ამას მეც მიჩვეული ვიყავი, კოლეჯში 6-7 საათი ვმეცადინეობდი ხოლმე, კონსერვატორიაში - კიდევ უფრო მეტს და ამიტომაც არ გამჭირვებია შეგუება. თანაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დააფასეს და შეამჩნიეს ჩემი მიზანდასახულობა, მუსიკისადმი სიყვარული და ნელ-ნელა ყველაფერი აეწყო.

თავდაპირველად ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ვმუშაობდი 2 გუნდის კონცერტმაისტერად, თეატრის დასთან ვთანამშრომლობდი, პარალელურად გაკვეთილებს ვიღებდი მოცარტეუმში პროფესორ ქლაინერისგან, მქონდა კონცერტებიც, მათ შორის სოლოც. ამჟამად ვარ ფორტეპიანოს მასწავლებელი, კონცერტმაისტერი და ჟურნალისტი - როდესაც ამის დრო მრჩება, ერთ-ერთ ავსტრიულ გაზეთში ვწერ, ძირითადად კულტურულ ღონისძიებებს ვაშუქებ; ვმუშაობ პროექტებზე - თვითონ ვწერ პროექტსაც, მუსიკასაც და ტექსტებსაც. გარდა ამისა, რამდენიმე ბენდის წევრი ვარ და მათთან ერთადაც მაქვს კონცერტები.

- რომელი უფრო ადრე იწერება - მუსიკა თუ ტექსტი?

- მუსიკა. ყოველთვის ასეა, მერე ვხვდები, როგორი ტექსტი მოერგება. მუსიკა არის შესაძლებლობა, ვთქვა ჩემი სათქმელი, თუმცა ჩემს ახალ პროექტში, სიტყვისა და მუსიკის გარდა, იყო ცეკვის პერფორმანსი, რომლის სცენარიც თვითონ დავწერე, ასევე - შუქის ინსტალაციები. ამიტომაც იყო, რომ ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი და საინტერესო აღმოჩნდა ყველასთვის.

- ახლა მომიყევით თქვენი წარმატებული პროექტისა და პრემიერის შესახებ, რომელსაც "მზის შვილები“ დაარქვით.

- პრემიერა შედგა ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის, ვოლფგანგ სობოთქასა და ქვემო ავსტრიის ქალაქ ვაიდჰოფენ-იბსის მერის, ვერნა ქრამერის პატრონაჟით და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. ამ ღონისძიებას ჩემთან ერთად ორგანიზება გაუკეთა იბსთალის მუსიკალური სკოლების გაერთიანებამ.

ჩემი შემოქმედებითი ფსევდონიმია ილია შოლის, რაც მზის შვილს ნიშნავს. მზე გვათბობს, ენერგიას გვმატებს, მის გარეშე ვერ ვცოცხლობთ, სამაგიეროს კი არ ითხოვს - ასეთი ასოციაცია მაქვს მზესთან დაკავშირებით. მუსიკალურ და მულტიმედიურ პროექტს ძირითადად საფუძვლად უდევს კაცთმოყვარეობის იდეა - საკუთარი თავის და საერთოდ, ადამიანების სიყვარული. ჩემი პროექტი ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცხოვრების გზაზე, დაბრკოლებების მიუხედავად, პოულობს ძალას და სიმამაცეს, რომ არ გაჩერდეს და იაროს წინ, საკუთარი ოცნებებისა და მიზნებისაკენ. ვცდილობ, ისეთი რამ დავწერო, რაც ადამიანს მოტივაციას მისცემს და იმედს ჩაუსახავს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ შესაძლებელია ყველაფრის გაკეთება და მიღწევა.

3-copy-1665992379.jpg

მუსიკალური ნაწარმოებები, სიმღერის ტექსტები, ცეკვის პერფორმანსი, შუქის ინსტალაციები და ვიდეოები, ასევე ელექტრონული საუნდი - ამ ყველაფრის იდეის ავტორი თავად ვარ და მიხარია, რომ „მზის შვილების“ პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა. ისეთი წარმატება ხვდა წილად, რომ ვფიქრობ, შრომა ამად ღირდა. მინდა მომავალში, თუ სპონსორი გამოჩნდება, საქართველოშიც ჩამოვიტანო ეს პროექტი. პროექტში გურული ხალხური სიმღერების მოტივებიც გამოვიყენე, რაც აქაურ მსმენელსაც ძალიან მოეწონა...

"მზის შვილებში“ მონაწილეობდნენ კოლეგები და მოწვეული მუსიკოსებიც, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. შუქის ინსტალაციები შექმნა ვენის სახელოვნებო უნივერსიტეტში მოღვაწე ხელოვანმა ული ქიუნმა და მას ეწოდა ანალოგური ვიზუალიზაციები. ცეკვის პერფორმანსი პრემიერისთვის დადგა ქორეოგრაფმა მარია ბლაჰუსმა 11 მოცეკვავით და თავისივე მონაწილეობით. პროექტში გამოყენებული ვიდეოები კი გადავიღე მეუღლის, ალექს აიგნერისა და მისი მეგობრის, თომას აიჰლეთერის დახმარებით, მონტაჟი მე გავუკეთე.

- ოჯახის შესახებაც მითხარით.

- მუსიკას ალექსის ოჯახშიც დიდი ადგილი უკავია, თვითონაც უკრავს კონტრაბასზე და ელექტრო ბას-გიტარაზე, ამიტომაც კარგად ესმის ჩემი. ერთადაც ვუკრავთ ბენდში, ყოველკვირა გვაქვს რეპეტიციები და ხშირად - კონცერტი. ალექსი რამდენჯერმე იყო საქართველოში და ძალიან მოეწონა არქიტექტურა, სტუმართმოყვარეობა, რომელსაც ყოველთვის ხაზს უსვამს. მეგობრების წრეში ხშირად საუბრობს და აქებს ჩვენს ქვეყანას, რაც მახარებს. არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვიდეთ.

ნინო ჯავახიშვილი