სპექტაკლი, სადაც ბავშვიც და მშობელიც საკუთარ თავს ამოიცნობს
თანამედროვე საქართველოში საბავშვო ლიტერატურა იქმნება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მათ შორის, ვინც უშუალოდ საბავშვო დრამატურგიის მიმართულებით მუშაობს, ბევრი მწერალია, - ასეთი სულ რამდენიმეა. 2018 წელს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული ნომინაციაში - "საუკეთესო საბავშვო დრამატურგია" - ალექსი ჩიღვინაძის საბავშვო პიესა „თქვენთანაც აბრახუნებენ?“ გახდა. სწორედ ეს პიესა დადგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში ახალგაზრდა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა. სპექტაკლის პრემიერა თეატრის მცირე სცენაზე 8 და 9 ოქტომბერს გაიმართა.
ერთსაათიან სპექტაკლში მაყურებელი ერთი შეხედვით სტანდარტული თანამედროვე ოჯახის ცხოვრებას ადევნებს თვალს, სადაც მშობლები მუდამ დაკავებულები არიან ყოფითი პრობლემით და სამსახურებიდან შინ დაბრუნებულებს, გადაღლილობისგან შვილებთან ურთიერთობისთვის ფიზიკურად აღარც თავი აქვთ და აღარც ის შეუძლიათ, რომ პატარების ინტერესი დააკმაყოფილონ და მათ ათასგვარ შეკითხვას უპასუხონ. ბავშვები მუდმივად განიცდიან: სითბოს, კომუნიკაციის, მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დედ-მამას ისინი არ უყვარს, უბრალოდ ყოველდღიურობას, თავის გატანაზე ფიქრსა და ბანკში დასაფარ კრედიტზე ზრუნვას იმდენი დრო და ენერგია მიაქვს, ზოგჯერ ყველაზე ძვირფასი - ჩვენი შვილები ყურადღების გარეშე გვრჩებიან.
ამ თვალსაზრისით, დარბაზში მსხდომი მშობლებისთვისაც სცენაზე გათამაშებული სიუჟეტი ნაცნობი იქნება და საკუთარ ოჯახებთან გაავლებენ პარალელს. ერთ დღესაც, ნიკოს, ლილისა და მათი მშობლების პატარა ბინაში უცნაური ამბავი დატრიალდება, რაც ოჯახს უდიდეს სიხარულს მოუტანს...
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ლუკა ინწკირველია, ხოლო მისი თანაშემწე - თამაზ ქარეული. მხატვარი ელისაბედ ჭიჭინაძე, კომპოზიტორი ლევან მიქელაძე, ვიდეოპროექცია თამარ სამხარაძეს ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ხათუნა ბერძენიშვილი, ნინო შუშიაშვილი, მაია ჩართოლანი, მარიამ ჩუხრუკიძე, ვანო დუგლაძე, რაჟდენ კერვალიშვილი, სანდრო ლელუაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი და მერაბ შარიქაძე.
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
პიესაზე, რომელიც პროფესიულ სცენაზე პირველად დაიდგა, და სპექტაკლის მიზანზე, რეჟისორი ლუკა ინწკირველი გვესაუბრა:
- „თქვენთანაც აბრახუნებენ?“ ჩემი პირველი შეხებაა როგორც საბავშო დრამატურგიასთან, ისე საბავშვო სპექტაკლთან. რთული და საპასუხისმგებლო აღმოჩნდა ისეთი ყურადღებიანი მაყურებლის წინაშე თამაში, როგორიც ბავშვები არიან. ალექსი ჩიღვინაძის პიესა წაკითხული მქონდა და საინტერესოდ მეჩვენებოდა, რადგან აქ ზღაპრულობა და საბავშვო სიუჟეტისთვის დამახასიათებელი პატარ-პატარა სასწაულები ყოფით გარემოში, ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში „შემოდიოდა“. ეს მოცემულობა თავიდანვე მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის და, რაც მთავარია, პიესას ჰქონდა მკვეთრი სათქმელი და პატარ-პატარა მესიჯები, რომლებიც იმავდროულად, შემეცნებით ხასიათსაც ატარებს. ეს ყველა კომპონენტი ერთად, აღმოჩნდა იმის განმსაზღვრელი, თუ რატომ გადავწყვიტე ამ პიესის დადგმა.
- რამდენად იყო ჩართული პიესის ავტორი სპექტაკლის დადგმის პროცესში?
- ალექსი საზღვარგარეთ რაღაც პროექტზე მუშაობდა, ქვეყანაში ხშირად არ იყო და ამის გამო უმთავრესად, ონლაინკომუნიკაცია გვქონდა. მართალია, პიესა დასრულებული სახით არსებობდა, მაგრამ სპექტაკლზე მუშაობისას პატარ-პატარა ცვლილებების შეტანა მაინც გახდა საჭირო, რაც, რა თქმა უნდა, დრამატურგთან ერთად და მასთან შეთანხმებით ხდებოდა. ვფიქრობ, ეს სპექტაკლი ერთგვარი შემეცნების კუთხითაც საინტერესო იქნება როგორც უმცროსი ასაკის მაყურებლებისთვის, ისე მათი მშობლებისთვისაც, რადგან პიესაში საინტერესო აქცენტებია მათთვისაც.
ანა კალანდაძე