რაზე ოცნებობს 10 წლის ლილე ხვადაგიანი - გზაპრესი

რაზე ოცნებობს 10 წლის ლილე ხვადაგიანი

10 წლის ლილე ხვადაგიანი ბევრმა სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო. არც ისე დიდი ხანია, რაც სამკაულების ბიზნესი წამოიწყო და თავის ბრენდს "ზღაპარი" დაარქვა. ისეთი მიზანდასახული, შრომისმოყვარე და მოკრძალებული გოგოა, ნამდვილად იმსახურებს წარმატებებს. თავად მოგვიყვება, როგორ გაუჩნდა სამკაულების დამზადების იდეა და რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ მის შესახებ დაწერა.

- თბილისში დასთან, ძმასთან და მამასთან ერთად ვცხოვრობ. მყავს უფროსი დაც, რომელიც გათხოვილია და დისშვილებიც, რომლებიც ჩემი ტოლები არიან. სკოლაში ბევრი მეგობარი მყავს. მეხუთე კლასში ვსწავლობ, განსაკუთრებულად მიყვარს ხელოვნება და სპორტი, წიგნების კითხვაც მომწონს.

- მომიყევი, რატომ დაიწყე სამკაულების კეთება?

- როგორც ყველა გოგოს, მეც მომწონს სამკაულები. თავიდან ჩემთვის ვაწყობდი ყელსაბამებს, მერე ვიფიქრე, უფრო მეტი ბისერი მეყიდა და გასაყიდადაც გამეკეთებინა. ჩემ ირგვლივ ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული და გადავწყვიტე, მეც რაღაც მეკეთებინა. გარდა ამისა, მინდოდა, როგორც დიდ ადამიანებს, მეც მქონოდა ჩემი ფული.

310167928-3431843660377679-5516133771082767070-n-1665992768.jpg

- არ გაგიჭირდა სამკაულების აწყობა?

- ჩემთვის ყველაზე ადვილი ეს საქმე აღმოჩნდა. თვითონ მივხვდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. ფერებსაც თვითონ ვუხამებ ერთმანეთს. მე როგორიც მომწონს, ძირითადად, მაინც ისეთებს ვაკეთებ, თუმცა ვცდილობ, სხვისი გემოვნებაც გავითვალისწინო. ხომ შეიძლება, სხვას მოეწონოს ის ფერები, რომლებიც მე არ მიყვარს?

- რა ღირს შენი ხელით შექმნილი სამკაულები?

- ზოგი 2 ლარი ღირს, ზოგი - 3, სამაჯურებს 4 ლარად ვყიდი. ვამზადებ ბეჭდებს, საყურეებს, მძივებს, ასევე ფეხის სამაჯურებსაც. ყველაზე ხშირად სწორედ სამაჯურებს მიკვეთენ. მასალად, ძირითადად, ბისერებს და ქვებს ვიყენებ.

- თუ გახსოვს, რა იყო პირველი ნივთი, რომელიც გაყიდე?

- თავდაპირველად ჩემი ძმის მეგობრებმა იყიდეს სამკაულები, ერთი ყელსაბამი ქალბატონმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ იყიდა და "ფეისბუკზეც" დაწერა ჩემ შესახებ. მისი პოსტის შემდეგ ძალიან ბევრმა მომწერა და დამირეკა, ტელეფონი არ ჩერდებოდა, ზოგი სამკაულს მიკვეთდა, ზოგიც მთავაზობდა, ბისერებს გაჩუქებ, კიდევ უფრო მეტი სამკაული რომ ააწყოო. ასე დამიგროვდა უამრავი შეკვეთა, რაც ძალიან მახარებს. აღებული ფულით ხან ისევ ბისერებს ვყიდულობ, ხან ჩემთვისაც შევიძენ ხოლმე რაღაცებს.

- რა გითხრეს ოჯახის წევრებმა, როდესაც ეს საქმიანობა წამოიწყე?

- რა თქმა უნდა, ძალიან მოეწონათ ჩემი იდეა და მხარდაჭერა გამომიცხადეს.

311058807-1631410643919300-6187715216380956978-n-copy-1665992757.jpg

- ლილე, საოჯახო საქმეების კეთებაც იცი?

- დიახ, საოჯახო საქმეების კეთებაც ვიცი. როდესაც სკოლიდან მოვდივარ, გაკვეთილებს ვამზადებ, სამკაულებს ვაწყობ და საქმის კეთებასაც ვასწრებ.

- ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?

- ჩემს დას სიმღერა უფრო მოსწონს, მე კი ცეკვა - ქართულიც და თანამედროვეც, განსაკუთრებით - ჰიპ-ჰოპი. ძალიან მინდა მოცეკვავე გამოვიდე, მაგრამ ჯერჯერობით, ცეკვაზე ვერ დავდივარ.

- წარმატებებს გისურვებ!

ნინო ჯავახიშვილი