ფრიდონ სულაბერიძე: "მე არ ვარ რომანტიკოსი, გულების ხატვა და ყვავილებით სირბილი არ შემიძლია" - გზაპრესი

ფრიდონ სულაბერიძე: "მე არ ვარ რომანტიკოსი, გულების ხატვა და ყვავილებით სირბილი არ შემიძლია"

ფრიდონ სულაბერიძე-უმცროსი ახლახან გამოსაცდელი ვადით დაინიშნა ფოლკლორულ ანსამბლ „რუსთავის“ ქორეოგრაფად. როგორც თავად გვითხრა, ახალ პროგრამაზე მუშაობს და მალე ქართული ცეკვისა და ანსამბლის გულშემატკივრებს საინტერესო პროგრამას შესთავაზებს.

- „ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც მუდამ ჩემ გვერდით იქნებოდა“ (ოტია იოსელიანი).

- დედა ყველასთვის განსაკუთრებულია და ძალიან მოსაფრთხილებელი. შვილებთან მეტ დროს სწორედ დედები ატარებენ. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც, დედა ჩემს სწავლა-განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდა, ხელოვნებასაც მაზიარა. ბავშვობიდან დავდიოდი დავით შანიძესთან - „გეორგიკაში“ ვმღეროდი, ცეკვა კი 15 წლიდან დავიწყე.

- „მუსიკა გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და იმას, რაც არღვევს სიჩუმეს“ (ვიქტორ ჰიუგო).

- ცეკვაში მუსიკას ვანიჭებ დიდ უპირატესობას. როდესაც კარგ ხასიათზე ხარ, აუცილებლად უსმენ კარგ მუსიკას, ნაღვლიანი თუ ხარ, მაშინ - სევდიან მელოდიას. ამით იმის თქმა მინდა, რომ მუსიკა ჩვენს განწყობას ამძაფრებს. ქართულ ქორეოგრაფიაში მუსიკა არ უნდა იყოს პრიმიტიული. კი ბატონო, იყოს გათანამედროვებული, მაგრამ - არა დამახინჯებული. ქართულ ცეკვას სჭირდება ის ფოლკლორული ელემენტები, რაც დღეს დაკარგულია. არადა, ძველისა და ახლის შერწყმით კარგი მუსიკის შექმნა შეიძლება. სწორედ ის უნდა აძლევდეს სტიმულსა და ენერგიას მოცეკვავეს. მხოლოდ დოლის ბრახუნი და გარმონის ხმა ვერ გაგაცოცხლებს, თუკი არ შეიქმნება საინტერესო კომპოზიცია.

- „ცეკვა, რა თქმა უნდა, ყველაზე ძირითადი და აქტუალურია გამოხატვის ყველა ფორმას შორის. სხვა ვერაფერი შეძლებს, შინაგანი გამოცდილება ასე ეფექტურად ჩამოაყალიბოს“ (ლაილ უოტსონი).

- ბევრ ქართულ ცეკვაში სხეულის ენით შეგვიძლია გრძნობები გამოვხატოთ, ქორეოგრაფიულ-თეატრალიზებული დადგმით გამოვთქვათ ჩვენი აზრი და განწყობა. მაგალითად, „ხორუმი“ ისეთი ცეკვაა, რომ მხოლოდ ილეთების გაკეთება არაფერს ნიშნავს. ბრძოლა, დაჭრა, ერთობა - ეს ყველაფერი უნდა დაინახოს და იგრძნოს მაყურებელმა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ცეკვას როგორ დადგამ.

- „თუ მასწავლებელი სანთელივით არ იწვის, მოსწავლეს გზას ვერ გაუნათებს“ (ანზორ ერქომაიშვილი).

- პედაგოგი, რა თქმა უნდა, აქტიურად უნდა იყოს ჩართული თავის საქმეში, ყურადღება მიაქციოს თითოეულ ბავშვს. ყველა პროფესიონალი მოცეკვავე ვერ გახდება. ამიტომ ჯობს, მშობლებს თავიდანვე ვუთხრათ, რომ მისმა შვილმა შეიძლება ისწავლოს ცეკვა, მაგრამ ვერ გაჰყვეს და სხვა პროფესიას დაეუფლოს. მეც არ ვფიქრობდი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი თუ გავხდებოდი, მაგრამ გენეტიკამ თავისი ქნა. პედაგოგმა ბავშვს უნდა შეაყვაროს თავისი თავიც და ცეკვაც. ხშირად გამიგონია, რომ პედაგოგის გადამეტებული სიმკაცრის გამო ცეკვა შესძულდათ. ბევრი რამ მშობლებზეც არის დამოკიდებული. კარგია, თუ შვილებს ქართულ ტრადიციებს, ფოლკლორს…აზიარებენ.

- „სამშობლო ოჯახიდან იწყება და, თუ ოჯახს მოუშლი კაცს, ცოლს გაუბახებ, შვილს ნაბიჭვრად გამოუცხადებ, მისთვის სამშობლო ჩვეულებრივ მიწა-წყლად იქცევა მხოლოდ, საძოვარ და სათეს ფართობად, რომელიც არსად არ იწყება და არც არსად მთავრდება, რადგან ცისქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და წყალი ყველგან წყალია, მაგრამ იმას, ოჯახმოშლილს, ცოლგაბახებულს, შვილდაკარგულს, ქვეყნის მკვიდრი კი აღარ ჰქვია, არამედ მაწანწალა, რომლისთვისაც უკვე სულერთია, რომელ ცის ქვეშ, რომელ ჭიშკართან გამოუტანენ სამადლოდ ერთ ლუკმა პურსა და ერთ ყლუპ წყალს“ (ოთარ ჭილაძე).

- ეჭვიც არ მეპარება, რომ ვინც საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ, ქვეყანას მათივე ნების საწინააღმდეგოდ ტოვებენ. გაჭირვების გამო ბევრმა პროფესიონალმა დატოვა აქაურობა და უცხოეთში სულ სხვა სფეროში დასაქმდნენ. ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს; ხელი უნდა შეუწყონ თავის საქმეში წარმატებულ ადამიანებს, რადგან ასე თუ გაგრძელდა, დაინტერესება აღარ იქნება და ხელოვანებისგან დაიცლება ეს ქვეყანა. ვიცი, რომ ანსამბლებიდან ბევრი მოცეკვავე მიდის ამერიკაში ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად. სამშობლო უნდა გიყვარდეს, მაგრამ…არის სხვა პასუხისმგებლობებიც. მე თვითონ ვერ წარმომიდგენია საზღვარგარეთ ცხოვრება, არც არასდროს მიფიქრია ამაზე. ძალიან მიყვარს საქართველო და მინდა, აქ ვაკეთო ჩემი საქმე. ზუსტად ის არის ჩემთვის შემაკავებელი ფაქტორი, რომ რასაც ვაკეთებ, საქართველოსთვის ვაკეთებ. ვინც საზღვრებს გარეთ აღწევს წარმატებებს, მჯერა, ისინიც თავიანთი სამშობლოს წარმოსაჩენად შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.

- „ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია მოღალატეები არიან. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება – ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია“ (მარკუს ავრელიუსი).

- ბუნებრივია, ყველა კარგი ადამიანი ვერ იქნება და შეიძლება ყველასთვის არც მე ვიყო კარგი, მაგრამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდა სძულდეთ. ვიღაცას ჩემთვისაც უწყენინებია, არასასიამოვნო რამ უთქვამთ, მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევ.

- „კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი – აი, იდეალური ცხოვრება“ (მარკ ტვენი).

- იდეალური ცხოვრებისთვის, პირველ რიგში, ჯანმრთელობაა აუცილებელი, ასევე - განათლება, ხშირად უნდა გამონახო დრო კითხვისთვის. თუმცა, დღეს უფრო მეტად ინფორმირებულები არიან, ვიდრე ნაკითხები და მეც ასე ვარ. ეს არ მომწონს, მაგრამ იმდენად დატვირთული რეჟიმი გვაქვს, არ გვრჩება მეტი დრო. კარგია, ბევრ ინფორმაციას რომ ვიღებთ ინტერნეტიდან, მაგრამ რამის სწავლა თუ გვინდა, წიგნები უნდა ვიკითხოთ, თუნდაც იმიტომ, რომ მშობლიურ ენაზე სწორად საუბარი შევძლოთ.

- შეიყვარო ქალი მთელი გულით? არ ღირს, არადა, სხვანაირად არ გამოდის“ (სალვადორ დალი).

- ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ყველას თავისი აზრი აქვს. როგორც ჩანს, ასე ფიქრობდა სალვადორ დალი, რომლის ხელში საათებიც კი დნებოდა - მის ერთ ნახატს ვგულისხმობ, რომელსაც „რბილი საათები“ ჰქვია. ადამიანი, ვის გვერდითაც ხარ, რასაკვირველია, უნდა გიყვარდეს მთელი გულით. ბევრი დაფიქრება გმართებს, ვიდრე გადაწყვეტ, გინდა თუ არა ამ ადამიანთან ცხოვრება.

- „ქალი სიყვარულისგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება“ (ერიხ მარია რემარკი).

- მამრი ფრინველი ისე ახვევს თავბრუს მდედრს, რომ მგონი, პირიქით უფრო ხდება ხოლმე. შეიძლება კაცი უფრო იბნევა და სულელდება, მამაკაცზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. მე არ ვარ რომანტიკოსი, გულების ხატვა და ყვავილებით სირბილი არ შემიძლია. რა ვქნა, ასეთი ვარ.…

- „წარმატებულია ქორწინება, როდესაც ქალი ცოტათი ბრმაა, კაცი კი ცოტათი ყრუ“ (გორდონ დინი).

- რასაკვირველია, როდესაც ოჯახს ვქმნით, მეტი მოსმენა და მოთმენა გვმართებს ერთმანეთის, ძველებურად ვეღარ ვიცხოვრებთ, რაღაცებზე ალბათ თვალის დახუჭვა და ყურის წაყრუებაც მოგვიწევს. უკვე ერთი წელია, დაოჯახებული ვარ. ჩემი მეუღლეც მოცეკვავეა, ანსამბლ „რუსთავში“ ერთად ვცეკვავთ. ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ძალიან მიყვარს და ვაფასებ. ჩვენი ცხოვრების წესია ცეკვა და რეპეტიციები, სამომავლო გეგმა ბევრი გვაქვს.

remini20210906192359366-copy-1666595095.jpeg

- „თავის თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანიაო“ (სოფოკლე).

- საკუთარი თავის ნდობა და თავდაჯერებაც კარგია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სხვისთვის გამაღიზიანებელი. ზედმეტი თავმოწონება მიუღებელია. შეიძლება ვიღაცისთვის საერთოდაც უმნიშვნელო იყო, ამიტომ „მე ყველაფერი ვარ და შენ არაფერი“ - ასეთი მიდგომა არ მომწონს.

- „რკინის დროებაში ვცხოვრობთ, ამიტომ ახლა ყველაზე ძნელი საშოვნელი გული ყოფილა. სიყვარული მოკვდა, მოკვდა“ (მიხეილ ჯავახიშვილი).

- მარტო საქართველოს არ ეხება, ეს ეხება ზოგადად დროებას, რომელშიც ადამიანები ცდილობენ მხოლოდ ერთს - იშოვონ მარტივი გზით ბევრი ფული. ბევრს თუ იშრომებ, ბევრი ფული გექნება - არც ასეა, მაგრამ ფეხს ფეხზე თუ გადაიდებ, არაფერი გექნება. ყოველთვის შენი შრომის საფასურს მიიღებ და ამისთვის მადლიერი უნდა იყოს კაცი. ჯავახიშვილისნაირ მწერლებს მომავლის ხედვა ჰქონდათ. ადრე სიბრძნე ფასობდა, ადამიანები ითვალისწინებდნენ ჭკვიანი ხალხის რჩევებს, ახლა ფული ფასობს და თუ გაქვს, მაშინ ნიჭიერიც ხარ და წარმატებულიც. უცხოეთშიც ასეა, ცდილობენ, მილიონერები გახდნენ და კარგად იცხოვრონ, მაგრამ ნამდვილი სიყვარული არ ჩანს ამ ყველაფერში, ეს კი კლავს გრძნობას. მდიდრებს თავიანთი ცხოვრების წესი აქვთ, ჩაკეტილები არიან თავიანთ სასახლეებში და, ჩემი აზრით, თავისუფლად ვერ ცხოვრობენ. ერთ ამბავს მოგიყვებით. ქუვეითში გასტროლებისას ერთ-ერთმა მასპინძელმა, რომელიც ძალიან მდიდარი იყო, პატივი გვცა და დაგვათვალიერებინა იქაურობა. ჩვენი მძღოლი ინდოელი იყო. როდესაც სუფრაზე ისიც მივიწვიეთ და პირველად მას გადავაწოდეთ საჭმელი, რატომო? - გაიკვირვა მასპინძელმა. ავუხსენით, რომ გავიცანით და დავმეგობრდით. - მერე რა, მე ვიხდი ამ ყველაფრის საფასურს, ის მონაა და შესრულებულ სამუშაოში ხელფასს იღებსო... მთელი დღე რომ გემსახურება, არ შეიძლება, ადამიანობა გამოიჩინო? ადამიანობა არაფრის გამო არ უნდა დაკარგო. დღეს ფულით საზღვრავენ ყველაფერს, ასე არ უნდა იყოს, უნდა შევცვალოთ დამოკიდებულებები, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ერთურთი გავიტანოთ, მოთმენა გვქონდეს, კულტურა შევინარჩუნოთ და რასაც ვაკეთებთ, იმის დაფასება უნდა შევძლოთ. ამას თქმით კი ვამბობთ, მაგრამ ვერ ვასრულებთ.

ნინო ჯავახიშვილი