ქეთი გაბინაშვილი: "ხშირად მგონია, რომ კლდიაშვილის რომელიმე მოთხრობაში აღმოვჩნდი!" - გზაპრესი

ქეთი გაბინაშვილი: "ხშირად მგონია, რომ კლდიაშვილის რომელიმე მოთხრობაში აღმოვჩნდი!"

"მის ბუნებაში არ დევს სიძულვილი. როცა გიყვარს, სულში დიდი მზე გინთია. ვალდებული ხარ, გიყვარდეს, რათა გაანათო და გაათბო დედამიწა. მეც ვცდილობ, მიყვარდეს - მიყვარდეს უშეღავათოდ!" - ამბობს ჩვენი კოლეგა, გამორჩეული ქალბატონი ქეთი გაბინაშვილი. ქეთი პროფესიით ჟურნალისტია, ამავე დროს, რამდენიმე წიგნის ავტორია. პარალელურად, ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს, რომელიც თბილისელებს ძიძებისა და მომვლელების პოვნაში ეხმარება. დავინტერესდით, რატომ გადაწყვიტა, განსხვავებულ სფეროში ეცადა ბედი და რატომ იცვლიან ქართველი ჟურნალისტები პროფესიას.

- ოთხი წლის ვიყავი, პირველად რომ ვთქვი, ჟურნალისტი გავხდები-მეთქი. მაშინ ჟურნალისტიკა ჩემთვის ეკრანს მიღმა არსებული ჯადოსნური სამყარო იყო. მერე დიდ ილიამდე მივედი, მისი პუბლიცისტიკის კითხვა დავიწყე და აღნიშნულმა პროფესიამ კონკრეტული ფუნქცია შეიძინა. გავიაზრე კალმის ძალაც და დანიშნულებაც, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მე და თანამედროვე ქართულ რეალობას ეს პროფესია სრულიად სხვადასხვაგვარად გვესმის. შესაძლოა, არ ცდებოდა ოტო ფონ ბისმარკი, როდესაც ამბობდა: ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელმაც შეცდომით აირჩია პროფესიაო. ჟურნალისტიკის შემდეგ, კინორეჟისურის სპეციალობას დავეუფლე. ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროში ვმუშაობდი, თუმცა როდესაც მეკითხებიან, რა პროფესიის ვარ, ერთადერთი პასუხი მაქვს: ჟურნალისტი. ჟურნალისტიკა მაინც ისეთი სფეროა, არ ისწავლება, შინაგანი მდგომარეობაა, ხასიათია. ყველა ამბავს ჟურნალისტის თვალით ვუყურებ, ადამიანებს პოტენციურ რესპონდენტებად აღვიქვამ. ამჟამად ერთ-ერთი ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი ვარ. რაც შეეხება პარალელურად სხვა სფეროში მუშაობას, ალბათ ესეც ჟურნალისტური ბუნების გამოძახილია: მუდმივად ეძებო სიახლე და მიღწეულით არ დაკმაყოფილდე...

- როგორ აფასებთ თანამედროვე ქართული მედიის საქმიანობას?

- არ მომერიდება ვთქვა, რომ დღეს ქართული მედიის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ ზეგავლენას განიცდის. ეს თავისთავად ეწინააღმდეგება ჟურნალისტიკის არსს, იყოს მიუკერძოებელი და საზოგადოებამდე დაუმახინჯებელი ინფორმაცია მიიტანოს. ბევრ ჟურნალისტს არ უღირს კარიერა საკუთარი ღირებულებების დათმობად, ამავდროულად, ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა სფეროში, აქაც თავს ეკონომიკური ფაქტორები იჩენს: მიზერული ხელფასი ადამიანს აიძულებს, თავის პროფესიაზე უარი თქვას და მატერიალური პრობლემების მოგვარება სხვა გზით სცადოს.

- რა სპეციფიკა აქვს იმ კომპანიას, სადაც ახლა საქმიანობთ?

- ამჟამად, ერთ-ერთ საკადრო კომპანიაში ვარ. ეს არის შუამავალი კომპანია, რომელსაც მიმართავენ ფირმები თუ კერძო პირები, რომლებსაც კადრები სჭირდებათ. კომპანიას სამუშაოს მაძიებლების უდიდესი ბაზა აქვს და ჩვენი მოვალეობაა, დავაკმაყოფილოთ როგორც დამკვეთის მოთხოვნები, ასევე, დავიცვათ დასაქმებულის უფლებები. ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, სწორი კადრი მოძებნო და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ მას მუშაობის შესაფერისი პირობები და ღირსეული შრომის ანაზღაურება ჰქონდეს.

- რატომ აირჩიეთ დასაქმების სფერო?

- წერისას, მთავარი ინსპირაცია ჩემთვის ადამიანები და რეალური ისტორიებია. ალბათ, ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც აღნიშნულ კომპანიაში მოვედი, ეს იყო. ჩემთვის უცხო არც სოციალური პრობლემები ყოფილა და უმუშევრობის შესახებაც ვიცოდი, მაგრამ არსებულმა მდგომარეობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. შრომა არასდროს არის სათაკილო და ყველა პროფესია, რომელსაც ღირსეულად ემსახურები, მისასალმებელია, მაგრამ მაინც ძალიან მტკივნეულია შეეგუო ფაქტს, რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც ექიმები, პროფესორები, მხატვრები, მუსიკოსები, ჟურნალისტები, ინჟინრები... გადარჩენისთვის იბრძვიან! როგორ ალაგებენ ისინი სხვების სახლებს, როგორ ზრდიან სხვების შვილებს, იმისთვის, რომ საკუთარს საღამოს პური მიუტანონ, როგორ უვლიან სხვის ავადმყოფ მშობლებს, რომ საკუთარ დედას წამალი უყიდონ... როგორ გაედინება ქვეყნიდან საზოგადოების ყველაზე შრომისუნარიანი, ინტელექტუალური ნაწილი, რომელსაც სურვილიც აქვს და ვალდებულებაც, საკუთარი რესურსი სამშობლოს მოახმაროს. ხშირად მგონია, კომპანიაში კი არა, კლდიაშვილის რომელიმე მოთხრობაში აღმოვჩნდი, რადგან სიტუაციები, რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურად გვიწევს, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.

- ყველაზე ხშირად რომელი პროფესიის ხალხს ეძებენ?

- ყველაზე ხშირად ძიძებს, ავადმყოფის მომვლელებსა და ოჯახში დამხმარეებს ეძებენ. საკუთარ სახლში უცხო ადამიანის შეყვანა, ცხადია, ბევრ რისკთან და გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამიტომ ურჩევნიათ, კომპანიას მიმართონ, რადგან ჩვენ მიერ შეთავაზებულ კადრებს, გარდა იმისა, რომ პროფესიულ უნარ-ჩვევებს ფლობენ, მოწესრიგებული აქვთ დოკუმენტები, წარმოდგენილი აქვთ ცნობა ნასამართლობის შესახებ, ანალიზები გადამდებ დაავადებებზე, რეკომენდაციები... ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ახალი ვაკანსია ჩნდება კომპანიაში და ყველას მოთხოვნა ინდივიდუალურია. უნდა შეძლო დროის მცირე მონაკვეთში შეისწავლო დამკვეთი; გაიგო, რა სჭირდება და, უფრო ხშირად, რა არ სჭირდება. ზოგჯერ კომიკურ სიტუაციამდე მივდივართ: უმეტეს შემთხვევაში, დედებს სურთ, ძიძა ლამაზი არ იყოს. ზოგჯერ უფრო კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, მაგალითად: არ უნდა ჰქონდეს ჟღალი თმა ან არ ატარებდეს ხვეულ ვარცხნილობას... ვიღაცებს სურთ, ძიძამ ისეთი უცხო ენა იცოდეს, რომელიც არ იცის არც ერთი მისი მეგობრის ძიძამ... ბევრი რამის გათვალისწინება გვიწევს, რადგან საერთოდ, ძიძების მიმართ ძალიან მაღალი მოთხოვნებია და ეს სწორი მიდგომაა: მოგეხსენებათ, დრო აჩქარდა. მშობლები თითქმის მთელ დროს სამსახურში ატარებენ, ამიტომ, შვილებთან ხშირი ურთიერთობა არა აქვთ და ბავშვის ფიზიკური თუ სულიერი ფორმირება ძიძის უშუალო მონაწილეობის შედეგია. ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს ძიძის მიმართ მიჯაჭვულობა უჩნდებათ. არის შემთხვევები, როდესაც მშობლისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო, ძიძა მისაღები აღარ არის ან საჭირო აღარაა, მაგრამ ბავშვები ვერ ძლებენ მათ გარეშე. ნებისმიერი მშობელი იმისთვის მუშაობს, რომ საკუთარ შვილს მატერიალური კეთილდღეობა შეუქმნას, თუმცა პატარასთვის ხშირად პრიორიტეტული ადამიანური ურთიერთობებია.

- თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დედას ძიძაზე უეჭვიანია?

- ვფიქრობ, ეჭვიანობა არასრულფასოვნების კომპლექსის შედეგია. შესაბამისად, მიზეზი არ სჭირდება. თუ პარტნიორში ეჭვი გეპარება, რაც საკუთარი თავის უნდობლობიდან მომდინარეობს, მიზეზი არ გჭირდება, ნებისმიერ დროს შეიძლება წარმოიდგინო ყველაზე უარესიც კი. ძიძების მხრიდან ურთიერთობის გაბმის მცდელობა არ ყოფილა, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრები ავიწროებენ ჩვენს კადრებს და ასეთ დროს ვცდილობთ, მათ ახალი ოჯახი მოვუძებნოთ.

gabinashvili-copy-1666595261.jpg

- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ქართველი ძიძა უცხოეთში წაუყვანიათ?

- ასეთი მოთხოვნა ძირითადად, უცხოეთში მცხოვრებ ქართულ ოჯახებს აქვთ, განსაკუთრებით, ეს ეხება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ასეთ ოჯახებს სურთ ქართველი ძიძა.

ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც ქართველი ქალები უცხოეთში მიდიან სხვების სახლების დასალაგებლად, სხვების შვილების გასაზრდელად, სხვების ბებიების მოსავლელად და აქ, საქართველოში აჰყავთ კადრები, რომლებიც მათი ქმრების პერანგებს დააუთოებენ, მათ შვილებს აღზრდიან ან მათ საწოლს მიჯაჭვულ მშობლებს მოუვლიან. რა თქმა უნდა, ეს დიდი ტრაგედიაა! ამავდროულად, არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ 90-იანი წლების ეკონომიკური კრიზისიდან ემიგრანტებმა გამოიყვანეს საქართველო, ისინი ინახავენ უცხოეთში ქართულ სულს და მათ მიღმა დგას ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ვერ გადარჩებოდა, რომ არა ამ ადამიანების თავგანწირვა, მათი გადაწყვეტილება - დაეტოვებინათ ქვეყანა და უცხოეთში უმძიმეს პირობებში ეშრომათ.

- ხომ არსებობს ემიგრაციის უარყოფითი შედეგებიც?

- მგონი, დროა, ამ შედეგების გაანალიზება დავიწყოთ. სწორედ ამ საკითხს ეხება ჩემი რომანი "ზარდახშის ბალერინა" - ამ რომანის გმირი სახეა იმ ათასობით ქართველი ქალისა, რომელიც მიდის ოჯახის გადასარჩენად, მაგრამ გაცილებით მეტს კარგავს, ვიდრე შეუძლია მიიღოს. ცხადია, ეკონომიკურად ძლიერ, განვითარებულ ქვეყნებში გაცილებით მაღალი შრომის ანაზღაურებაა, მაგრამ ჩემი აზრით, მაღალი ხელფასი ვერ აკომპენსირებს საყვარელი ადამიანებისგან შორს გატარებულ წლებს, ადამიანურ სითბოს, რომელსაც ვერ გავცემთ და უკან ვერ ვიღებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაღალ ხელფასთან ერთად, დასავლეთში ცხოვრების ხარჯებიც მაღალია. კიდევ ერთი ფაქტორი იკვეთება: ზოგიერთი საქართველოში იმ სამსახურს არ შეასრულებს, რაზეც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სიამოვნებით მუშაობს. შეიძლება, ჩემი სიტყვები ძალიან ბევრი ადამიანისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს, მაგრამ უმჯობესია, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ უმუშევრობაზე, მაგრამ გვავიწყდება, რა რთულია დღეს ჩვენთან პროფესიონალი კადრის მოძებნა, რომელსაც გააზრებული აქვს, რომ თანხას მუშაობაში უხდიან. მე მაინც მგონია, რომ სამშობლო და ის ღირებულებები, რომლებსაც აქ ვტოვებთ, ფულზე გაცილებით მნიშვნელოვანია. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ყველა თუ გავიქცევით, ჩვენს სამშობლოში არსებულ პრობლემებს ვინ მოაგვარებს?! გაქცევა გამოსავალი არასდროს ყოფილა...

ხათუნა ჩიგოგიძე