"მეხუმრებიან, შენ რომ მღერი, კვარაცხელიას გოლი გააქვსო" - გზაპრესი

"მეხუმრებიან, შენ რომ მღერი, კვარაცხელიას გოლი გააქვსო"

ის დიუსელდორფისა და დუისბურგის ოპერის მომღერალია. ვიდეო, რომელიც სოციალური ქსელში ვირუსულად გავრცელდა და რომელშიც მამუკა მანჯგალაძე ხვიჩა კვარაცხელიას უძღვნის სიმღერას, ბევრმა ადამიანმა ნახა და, როგორც უთხრეს, თავად ხვიჩასაც მოუსმენია.

- დავიბადე ქალაქ თელავში. ჩემი დიდი პაპა და მისი ძმა, სიკო და გიორგი ალადაშვილები, არაჩვეულებრივად მღეროდნენ თურმე, მათზე დღემდე ლეგენდები დადის. პაპაც, დომენტი მანჯგალაძე, კარგად მღეროდა და მამაჩემსაც კარგი სმენა და ხმა აქვს. ბავშვობაში მეც ვმღეროდი ბიჭუნათა გუნდში, რომელსაც პავლე დემურიშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალი ხელმძღვანელობდა. მამასავით იყო ჩვენთვის, გუნდის წევრები დღემდე ვმეგობრობთ ერთმანეთთან. ეს იყო 1985-88 წლები. მაშინდელ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არაერთი გასტროლი გვქონდა და არაერთხელ გავხდით ლაურეატები.

პატარაობისას ოპერა არ მიყვარდა. მამიდაჩემს ხშირად დავყავდი ელისო ვირსალაძის ფესტივალზე, რომელსაც ჩვენ ვხსნიდით ხოლმე „მრავალჟამიერით“, მერე კი აღარ ვუსმენდით, პატარები ვიყავით და ისე ვცელქობდით, რომ შენიშვნებს ვიღებდით პოლიციელებისგან. საბედნიეროდ, ელისო ვირსალაძეს დღეს ვიცნობ და კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან. ერთხელ ჩემმა ნათლიებმა, გივი და ლეილა იანქოშვილებმა, მაჩუქეს რობერტინო ლორეტის დისკი. 10-11 წლის ვიყავი მაშინ და რომ მოვისმინე „სანტა ლუჩია“, „ავე მარია“, ძალიან მომეწონა. იქიდან დაიწყო კლასიკური მუსიკით გატაცება.

მახსოვს, ზურაბ ანჯაფარიძის სიმღერა რომ მოვისმინე პირველად ფესტივალზე, მაშინაც აღტაცებული დავრჩი. ბიცოლაჩემმა, ელისაბედ (ლიზი) ოთარაშვილმა, რომელიც კვარტეტ „რონდოს“ ხელმძღვანელობდა, თელავის მუსიკალურ სასწავლებელში ვოკალის პედაგოგ იზა ცერცვაძესთან მიმიყვანა. რამდენიმე წელი მასთან ვიარე. უფრო საესტრადო სიმღერები მომწონდა და დიდი ძალისხმევა დასჭირდა მას, რომ კლასიკური მუსიკა შეეყვარებინა ჩემთვის. 17 წლისამ ჩავაბარე მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ - კონსერვატორიაში. გამოცდაზე ვანო სარაჯიშვილსა და ჰამლეტ გონაშვილსაც კი შემადარეს, მეორედაც მამღერეს. მოვხვდი ჯემალ ლორთქიფანიძესთან, ლადო ათანელის პედაგოგი გახლდათ. ნოდარ ანდღულაძე იყო მაშინ კათედრის გამგე, მას მოვეწონე და, შეიძლება ითქვას, მიშვილა, რადგან გარკვეული ხანი მასთან ვცხოვრობდი. დავამთავრე ასპირანტურაც. მქონდა სოლო კონცერტები. რაც კი მთავარი როლი იყო საოპერო სტუდიაში, თითქმის ყველა შესრულებული მაქვს, ვმღეროდი თბილისის ოპერის, ასევე - სამების საპატრიარქო გუნდში.

აგვისტოში ჰოლანდიელ მევიოლინესა და დირიჟორს, ანდრე რიუს კონცერტები ჰქონდა მაასტრიხტში. თვე-ნახევარში ჩაატარა 15 კონცერტი, რომელშიც 8 ქართველი მომღერალი მონაწილეობდა და მათ შორის მეც ვიყავი. ეს პროექტი 10 წელიწადში ერთხელ იმართება და გრანდიოზულია.

- ბატონო მამუკა, როგორ მოხვდით დიუსელდორფისა და დუისბურგის ოპერაში?

- კულტურის სამინისტრომ გაუკეთა ორგანიზება კონკურსს, რომლის საშუალებითაც კარგ ხმებს იძიებენ. 2013 წელს აგენტი ურსულა იოხმუსი ჩამოვიდა საქართველოში და 3 ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოუსმინა საოპერო მომღერლებს. მე და ერთი ჩემი მეგობარი, ხვიჩა ხოზრევანიძე აგვარჩია, რომელიც ახლა დარმშტადტის ოპერაშია. 2014 წელს დიუსელდორფში პირველსავე მოსმენაზე ამიყვანეს. დიუსელდორფის და დუისბურგის - 2 ოპერის თეატრია გაერთიანებული. ძალიან ცნობილი ოპერაა არა მარტო გერმანიაში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო ოპერების ათეულში შედის.

საქართველოში ოპერის თეატრში მუშაობა მინდოდა და თავდაპირველად უარი ვთქვი გერმანიაში წამოსვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსში გავიმარჯვე. არადა, აგენტმა მითხრა, როგორც კი სალაპარაკო გერმანულს ვისწავლიდი, უკვე იზრუნებდა ჩემს დასაქმებაზე. პატრიარქი ყოველთვის გვეუბნებოდა, არ დატოვოთ სამშობლოო, და რაღაცნაირად არც მე მინდოდა საქართველოსგან შორს ყოფნა. საარსებო წყარო რომ მქონოდა, რითიც შევძლებდი ჩემი ოჯახის რჩენას და მასზე ზრუნვას, დარჩენას ვფიქრობდი. მომღერალმა ალა სიმონიშვილმა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, მირჩია, ამ ეტაზე შენს პროფესიასა და განვითარებაზე იზრუნე, უცხოეთიდანაც შეგიძლია შენი ქვეყნის პატრიოტი იყოო. ამან მიმაღებინა საბოლოო გადაწყვეტილება. 8 წელია უკვე, ამ ოპერის ანსამბლში ვარ, საინტერესო რეპერტუარი გვაქვს - საბავშვო ოპერები, ოპერეტები. ზოგჯერ დღეში ორი სპექტაკლი გვაქვს, დილით - დიუსელდორფში, მერე - დუისბურგში. ახლახან მქონდა „მფრინავი ჰოლანდიელის“ პრემიერა დუისბურგში. გერმანიის მოქალაქეც გავხდი, სწორედ ჩემს დაბადების დღეს, 17 აგვისტოს მომივიდა პასუხი. მეშვიდე წელია, რაც ოჯახიც ჩამოვიყვანე. 8 წლის იყო მაშინ ჩემი გოგონა მარიამი, რომელიც ახლა უკვე რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია - ფორტეპიანოზე უკრავს, ხატავს კიდეც. მეუღლეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ აქ ვცხოვრობ და წარმატებებს მივაღწიე. ფაქტობრივად, კარიერა დათმო ჩემ გამო. ფოლკლორისტია, განათლების მენეჯმენტში კითხულობდა ლექციებს საზღვარგარეთ. ლინცის უნივერსიტეტში ონლაინჩართვები აქვს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტშიც ჰქონდა საათები, მაგრამ უარი თქვა მოუცლელობის გამო. შედარებით მითოლოგიაში საბერძნეთში არისტოტელეს უნივერსიტეტში და ამერიკაში, კანზასის და კენტუკის შტატებში კითხულობდა ლექციებს და ბევრი პროექტი ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. აქ ჩამოსვლის შემდეგ გერმანული ისწავლა და ამჟამად ენების უნივერსიტეტში გერმანულსაც ასწავლის.

- რამდენად რთულია წარმატების მიღწევა საზღვარგარეთ?

- თუ გაქვს მონაცემები, გაქვს დიდი შანსიც, რომ დასაქმდე, მით უმეტეს, როდესაც საქართველოში არაჩვეულებრივი სკოლა გაქვს გავლილი - ნოდარ ანდღულაძის, თენგიზ მუშკუდიანის, გოჩა ბეჟუაშვილის, რომელი ერთი ჩამოვთვალო?! რაც თვალში საცემია, ისაა, რომ განწყობა აქ სხვანაირია, გემეგობრებიან, ხელმძღვანელებს ძალიან უბრალო და უშუალო დამოკიდებულება აქვთ ყველასთან. რთული უფრო სამშობლოდან მოწყვეტაა. რაც დრო გადის, ნოსტალგია მიმძაფრდება, ძალიან სენტიმენტალური გავხდი, სულ მანდეთ მომიწევს გული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნეგატიური რამ გვესმის საქართველოდან. გვინდა, ქართული კულტურაც გავაცნოთ აქაურებს. ამიტომაც შევქმენით კვარტეტი და ცოტა ხნის წინ გვქონდა პრეზენტაციაც - თბილისობა აღვნიშნეთ რესტორანში. ამ კონცერტს ესწრებოდნენ ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები, ასევე გვესტუმრნენ კონსულიც, კიოლნის მერიც. გვიხარია შეკრება და ერთად სიმღერა, ასე გვგონია, საქართველოში ვიმყოფებით. სხვათა შორის, გვქონდა ოპერასთან არსებული ანსამბლიც და ქართული სიმღერაც კი ვიმღერე ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად. რამდენიმე წლის წინ ანსამბლის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა და შენარჩუნება ვეღარ შევძელით. ვნახოთ, შეიძლება, ისევ აღვადგინოთ. სხვათა შორის, მათ ძალიან მოსწონთ ჩვენი ფოლკლორიც, ქალაქური სიმღერებიც, საგალობლებიც, განსაკუთრებით - პატრიარქის საგალობლები.

- საინტერესოა, როგორ აფასებთ დღევანდელობას, იმას, რაც საქართველოში ხდება? შორიდან ალბათ უფრო სწორი დასკვნების გაკეთება შეიძლება.

- აქედან უფრო მძაფრად აღიქმება, რაც მანდ ხდება. ღმერთმა და ერთად დგომამ უნდა გადაგვარჩინოს. არ მინდა ჩემი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ საუბარი, თავს ვიკავებ ჩემი პოზიციის დაფიქსირებისგან. ერთადერთს ვიტყვი, რაც საქართველოსთვის უკეთესი მგონია, ის არის, რომ ერთმანეთის მოსმენა ვისწავლოთ და არ შევიძულოთ ერთმანეთი. პატრიარქიც მუდამ ამას გვიმეორებს. რა სჯობია საქართველოში ცხოვრებას, არც არასდროს მინდოდა მანდედან წამოსვლა, მაგრამ მაინც ისე მოხდა, რომ ემიგრანტებად ვიქეცით. რომ ჩამოვიდე, არ ვიცი, რა გავაკეთო ან რა ანაზღაურება უნდა მქონდეს? აქაც გაძვირდა ყველაფერი, მაგრამ გერმანია ზრუნავს, რომ ყოველმხრივ დაცული იყო. გეგმებიც ისეთი მაქვს, რომ ჯერჯერობით ვერ შევძლებ დაბრუნებას, თუმცა…რატომღაც მგონია, შეიძლება მალე ისეთი დრო მოვიდეს, ყველა საქართველოსკენ გამოვრბოდეთ...

კარგი იქნება, თუ საქართველოში სოფლის მეურნეობას მიხედავენ და ფულს ისეთ რამეში ჩადებენ, რაც სახელმწიფოს განვითარებულ და წარმატებულ ქვეყნად აქცევს. გავცივდით ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ერთი ადამიანის ქცევა არ განსაზღვრავს ერის ხასიათს. ემიგრაციაში ბევრი წარმატებული ქართველია, რომლებიც უცხოელებს ჩვენს ქვეყანას აყვარებს. იცით, რამდენმა იყიდა სახლი მანდ და რამდენი გეგმავს საქართველოში ცხოვრებას მომავალში?!

309707788-1621010301627066-2372439466113491494-n-copy-1666595444.jpg

- ერთი ასეთი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო და რომელსაც თქვენ სიმღერა მიუძღვენით. ექსპრომტად მოხდა ეს ყველაფერი?

- არის ასეთი ქალბატონი - ჰაიდი შმახთენბერგი, რომელიც 83 წლისაა. თუ დააკვირდებით ვიდეოს, ჩემ გვერდით ზის. ამ ქალბატონს აქვს ორგანიზაცია, რომელიც შშმ პირებზე, ბავშვებსა და მოხუცთა თავშესაფრებზე ზრუნავს. ააშენა რამდენიმე თავშესაფარი რუსთავში, მარნეულში; ერთი სიტყვით, ძალიან უყვარს საქართველო. ჩემი მეუღლის მეგობარმა თამილა ხეთაგურმა გაგვაცნო ეს ქალბატონი. ჩემს სიმღერას რომ მოუსმინა პირველად, იტირა. იმის შემდეგ ჩამრთო კონცერტებში. რაც შეეხება ამ ვიდეოს, ქალბატონმა ჰაიდიმ ქართულ რესტორანში დაგვპატიჟა. მე გიტარა წავიღე თან, შემოგვიერთდა კიდევ ერთი ქართველი და „სანტა ლუჩიას“ ვასრულებდით სუფრასთან, გიტარაზე თანხლებას მიწევს ნინო ვინცი. უცებ გამახსენდა, რომ მეორე დღეს ხვიჩას თამაში ჰქონდა და წავიმღერე: „ ო დოლჩე ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია“. ვიდეო თამილა ხეთაგურმა ატვირთა "ფეისბუკზე", მეც გავაზიარე და ბევრმა ჩემმა ახლობელმა ნახა. ჩემმა მეგობარმა ირაკლი ზოსიაშვილმაც ნახა და მითხრა, რომ სპორტულ გვერდზე განათავსებდა და ასე გავრცელდა უცებ. ბევრს იტალიელი ვეგონე, ქართველებსაც მათ შორის, და მე ვწერდი, იტალიელი არ ვარ, ქართველი ვარ-მეთქი. ექსპრომტად შესრულებულ ამ სიმღერას, როგორც მითხრეს, ხვიჩამაც მოუსმინა. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მეხუმრებიან, შენ რომ მღერი, კვარაცხელიას გოლი გააქვსო... საერთოდ, ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ადრე ვთამაშობდი მინიფეხბურთს და საკმაოდ წარმატებულადაც. ვისაც არ უყვარდა, ხვიჩამ მათაც კი შეაყვარა სპორტის ეს სახეობა. საოცრად თავმდაბალი ადამიანია და ყველა გაგვახარა თავისი წარმატებით, მთელი მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდები აალაპარაკა.

ნინო ჯავახიშვილი