„საქართველოში არის ტაძრები, მაგრამ ჩვენს ტაძარში არის საქართველო“ - გზაპრესი

„საქართველოში არის ტაძრები, მაგრამ ჩვენს ტაძარში არის საქართველო“

საქართველოში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ ბევრი ქართველი გახადა იძულებული, დაეტოვებინა ქვეყანა და სამშობლოსგან შორს, ოჯახებს მონატრებულს, უცხო მიწაზე დაეწყო ახალი ცხოვრება. რთულია ემიგრანტის ხვედრი, მათ განსაკუთრებულად სჭირდებათ იმის შეგრძნება, რომ სამშობლოსთვის საჭირონი არიან და ახსოვთ. ადგილი, სადაც სამშობლოზე საუბარი შეუძლიათ, წმინდა ნინოს ტაძარია, რომელიც ბარსელონაში მდებარეობს.

პატარა რკინის კარს რომ შეაღებ და აღმართს აივლი, თითქოს უკვე შენს ქვეყანაში ხარ. ამ ტაძარში ნამდვილად ტრიალებს ქართული სული. კართან თბილად მოღიმარი მოძღვარი დაგხვდებათ, რომელიც დაგლოცავთ, გულში ჩაგიკრავთ და დიდი სიყვარულით შეგიპატიჟებთ ტაძარში. ტაძართან არსებულ „წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლაში“ ჩვენს პატარა ემიგრანტებს სამშობლოსა და ქართული კულტურის სიყვარულს უნერგავენ. არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი, რომელიც ეკლესიის წინამძღვარია, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, არასდროს ავიწყდება ემიგრანტები და მათ სიხარულსა თუ გასაჭირს ყოველთვის იზიარებს. შეიძლება ითქვას, რომ აქ ერთი დიდი ოჯახია შეკრებილი, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს და ყველა ერთმანეთს ეხმარება.

312528794-775201816908087-9205197171686991056-n-1667288119.jpg

ყოველწლიურად რამდენჯერმე იმართება ღონისძიება, რომელიც ემიგრანტებს საშუალებას აძლევს, ერთი დღით მაინც დაბრუნდნენ სამშობლოში. წელს არც თბილისობის დღესასწაული დაავიწყდათ - 9 ოქტომბერს ბარსელონაში, საქართველოს გენერალური საკონსულოს მონაწილეობითა და დიასპორული ორგანიზაციების ინიციატივით გამართული ღონისძიება თბილისობას მიეძღვნა. ამ ღონისძიებას დაესწრო საგარეო საქმეთა სამინისტროდან სპეციალურად ჩამოსული დელეგაცია მინისტრის მოადგილის, ბატონი ვლადიმერ კონსტანტინიდის ხელმძღვანელობით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ქართული ხალხური საკრავების ანსამბლი „ვაზი“, ცეკვის ანსამბლი „ქართველო“ და წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის 1000-მდე წარმომადგენელი და მოწვეული უცხოელი სტუმრები. მათ სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჭკუასელმა. აღინიშნა დიასპორის უდიდესი წვლილი ესპანეთში საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაში, ასევე ხაზი გაესვა მსგავსი მასშტაბური კულტურული ღონისძიების მნიშვნელობას, გამოხატეს მადლიერება დიასპორის წარმომადგენლების მიმართ ბარსელონაში თბილისობის პირველად ჩატარებისთვის.

310543145-1235521000352012-8058227329366290845-n-copy-1666687246.jpg

განცხადება ღონისძიების შესახებ ტაძრის სოციალურ გვერდზე დაიდო, რომელსაც არც ისე ცოტა გამომწერი ჰყავს, მაგრამ ამან მაინც გამოიწვია საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულისწყვეტა, რომელსაც ტაძართან შეხება არ ჰქონდათ. „მზადება ამ ღონისძიებისთვის დიდი ხნის წინ დავიწყეთ და უფლის შეწევნით, რომ არა იმ ადამიანების მონდომება და მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენი მრევლია, მხოლოდ ორგანიზატორები ამდენს ვერ შევძლებდით“, - გვითხრა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ქალბატონმა ირმა სიხარულიძემ.

- ყოველთვის მქონდა სურვილი, ბარსელონაში თბილისობის დღესასწაული აღგვენიშნა, მაგრამ კარგად ვიცოდი, რომ ეს დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვდა. მამა ლუკასა და ჩვენი ცენტრის თანადგომით, ერთ-ერთ შეკრებაზე გავამჟღავნეთ ეს იდეა და ერთობლივი გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბრისთვის დაინიშნა თბილისობის დღესასწაული ბარსელონაში. იდეამ სამრევლოს დიდი ინტერესი გამოიწვია, მონდომებით ჩაერთო ყველა. ჩვენი სამრევლო ამ დროს ყოველთვის ერთიანდება და დასახულ მიზანსაც ვაღწევთ.

- რა დახვდათ ღონისძიებაზე მოსულ ემიგრანტებს, რა შესთავაზეთ მათ?

- ჩვენი მიზანი იყო, საქართველოს ყველა კუთხე წარმოგვეჩინა თავისი ადათ-წესებით, აქ დაბადებული ბავშვებისთვის გაგვეცნო საქართველოს ყველა კუთხე და კულტურა, თუნდაც ერთი დღით გვეგრძნო ქართული სული და ენერგია (შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბევრ ზრდასრულ ადამიანსაც არ ჰქონდა ძირფესვიანი ინფორმაცია ამა თუ იმ კუთხის შესახებ); უცხო ქვეყანაში კიდევ ერთხელ გაგვეწია საქართველოს პოპულარიზაცია, რაც ვფიქრობ, შესანიშნავად გამოგვივიდა. ბევრი ესპანელი და ფრანგი სტუმარი გვყავდა.

312364486-871190674239989-633193733028821181-n-1667288134.jpg

- უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა შედიოდა პროგრამაში?

- პროგრამაში შედიოდა ყველა კუთხის შესახებ ინფორმაცია, ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება, შემდეგ კი გაიმართა საკვირაო სკოლაში არსებული ცეკვისა და სიმღერის წრის ბავშვების კონცერტი. პარალელურად, როგორც იცით, ეკლესიის ეზოში გავახარეთ ქართული ვაზი, რომელიც უკვე ორი წელია გვაძლევს ნაყოფს. საქართველოდან ჩამოვიტანეთ სპეციალურად ჩვენთვის დამზადებული საწნახელი და ტრადიციის მიხედვით, პირველად ბარსელონაში საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა დაწურეს ყურძენი, ამას თან ერთვოდა ქართული ხალხური სიმღერების ჯგუფ "ჯორჯიან ფოლკის" მრავალჟამიერი. ეს ყველაფერი საოცრად ლამაზი და გულისამაჩუყებელი იყო, თავს საქართველოში გაგრძნობინებდა.

310893246-3244140329191749-4302241473212967514-n-copy-1666687260.jpg

- როგორც ვიცი, ღონისძიებაზე დასწრება იყო უფასო და თავისუფალი.

- ღონისძიებისთვის სამი თვე ვემზადებოდით. ძირითადად, საქართველოდან ჩამოტანილი პროდუქტები და ნივთები გვქონდა. გვინდოდა, ყველა კუთხე უნაკლოდ წარმოგვეჩინა. ხალხმა ძალიან ისიამოვნა, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

- გყავდათ თუ არა სპონსორები და ვისი მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება?

- საჭირო ინვენტარი საქართველოს კუთხეების წარმომადგენლებზე განაწილდა, ამისთვის საკუთარი ხარჯები გავიღეთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ფულის ინტერესი არავის ჰქონია - მთავარი იყო, ყველა კუთხე ლამაზად წარმოგვეჩინა. საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერა გვქონდა, სამინისტროდან ჩამოსული სტუმრებიც ბრძანდებოდნენ ღონისძიებაზე, თან ახლდათ გადამღები ჯგუფიც. სამწუხაროდ, ბევრისთვის ის უფრო საინტერესო აღმოჩნდა, თუ ვინ გვაფინანსებდა და ვინ იდგა ჩვენს ზურგს უკან. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, ჩვენ გარშემო ერთი ფრთის ქვეშ გაერთიანებული სამრევლოს დამსახურებაა. „როცა უფალი შენთანაა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის შენს წინააღმდეგ?"

ხარჯზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო მსგავსი ღონისძიების ჩასატარებლად. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც შევძლებთ, რადგან, როგორც ყოველთვის, ჩვენს სამრევლოში ერთსულოვნება იმარჯვებს და კვლავაც ასე იქნება. ვფიქრობ, კარგ საქმეს ვაკეთებთ. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მსგავსი ღონისძიებები ერთმანეთთან გვაერთიანებს და გვაბედნიერებს სამშობლოდან შორს მყოფებს. ბედნიერებაა, როდესაც შენც შეგიძლია, მცირედი წვლილი შეიტანო საქართველოს კულტურის პოპულარიზაციაში. როდესაც ჩვენი შვილები უყურებენ ჩვენს ასეთ ჩართულობას, ისინიც ჩვენს გზას აგრძელებენ. შეინარჩუნო ქართველობა - არ არის ადვილი. დამქანცველი დღის შემდეგ სამუშაოდან დაბრუნებული მშობლისთვის რთულია, შვილებს დაუჯდეს და საქართველოს ისტორია ან ვაჟა და ილია ასწავლოს. როდესაც ფიზიკურმა ჯაფამ დაგასუსტა და დარდმა აზროვნების უნარი წაგართვა, სწორედ ამ დროს უნდა მოიკრიბო ძალა და შენს შვილს ასწავლო, ვინ არის და საიდან მოდის. სწორედ ეს მიზანი აქვს ბარსელონაში ქართულ ტაძარს, რომლის წინამძღვარიც არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილია. აღარ დავიწყებ მოძღვრის ქებას, მისი საქმეები ისედაც ისე „ბრწყინავს, რომ თვალს სჭრის ადამიანებს“, უბრალოდ, ვიტყვი, რომ „საქართველოში არის ტაძრები, მაგრამ ჩვენს ტაძარში არის საქართველო“!

ფიქრია რობაქიძე